Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაფერი ტოლმის შესახებ

ვახო ელერდაშვილი
 
დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს კამათი ტოლმის და მისი წარმომავლობის შესახებ. შეიძლება ითქვას, ეს ერთ–ერთი ყველაზე სახალისო დროის გასაყვანი საშუალებაა კავკასიაში – იდავონ იმაზე თუ სადაური კერძია ტოლმა (დოლმა). აზერბაიჯანელებისგანაც მომისმენია არგუმენტები და სომხებისგანაც, თუმცა სიმართლე რომ ითქვას დამაჯერებელი და ფაქტებით გამყარებული არგუმენტი არც ერთს არ აქვს.
ერთ–ერთ ფორუმზე წავაწყდი უზარმაზარ განხილვას სათაურით – “а где же долма?”. სადაც ორივე მხარის წარმომადგენლები იყვნენ შეყრილნი და ბჭობდნენ. საერთო ჯამში, ბევრ მასალასთან გაცნობის შემდეგ, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს კერძი ისეთივე ძველია, როგორც თავად ის ხალხები, რომლებიც მასზე პრეტენზიას აცხადებენ. ისტორიული წყაროების მოშველიებით სულაც არ არის ძნელი და უსაშველო ამბავი იმის დადგენა და შემდეგ დაჯერება, რომ დოლმა (ასე უწოდებენ მას თურქები) ოსმანთა იმპერიაში და მის მახლობელ რეგიონში, ძალიან გავრცელებული კერძი ყოფილა. ერთი, ზემოხსენებული ფორუმის მომხმარებელი იმასაც კი ამბობდა, რომ ტოლმა შუამდინარეთში მოიგონეს ძველმა შუმერებმა და მის შესახებ ცნობებს ლურსმნულ დამწერლობაშიც კი ვხვდებითო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ტოლმა, როგორც კერძი, ძველია და ე.წ. ზიარი კულტურული რესურსია მახლობელ აღმოსავლეთში და კავკასიაში მცხოვრები ხალხების.
სხვისი არ ვიცი და მე ეს კამათი მართობს, ყოველთვის როდესაც მსგავს კამათს ვაწყდები, ხან რას გავიგებ და ხან რას ხოლმე. ასე მაგალითად, სომხურ–აზერბაიჯანულ კულინარიულ კამათში ტოლმის გვერდით სხვა კერძების ჩამოთვლა რომ დაიწყეს იქვე კამათის ქვე–პუნქტი გაიხსნა თუ სადაური წარმოშობისაა ხაში, რაზეც ერთმა არგუმენტად ის მოიყვანა რომ “ხაშლამაქ” თურქულად ხარშვას ნიშნავს და “ხაშ”–იც ზუსტად რომ თურქული (ანუ აზერბაიჯანულიც) სიტყვააო, მე კი ამასობაში, ჩემი ახლად ნაყიდი დიდი თურქულ–რუსული ლექსიკონი გადავშალე, ინფორმაცია გადავამოწმე, ჩემთვის ხაშთან ერთად ხაშლამის წარმომავლობაც დავადგინე და განვაგრძე კითხვა…
იმ ქვე–პუნქტს რომ თავი დავანებოთ და ტოლმას რომ დავუბრუნდეთ, ასევე ძალიან საინტერესოა ორივე მხარის არგუმენტები, თუ როგორ იჩემებენ ისინი ამ კერძს. ასე მაგალითად თურქები და ძმანი მისნი ამბობენ, რომ “დოლმაქ” თურქულად გატენვა/დატენვა/გავსებას ნიშნავს და “დოლმა” შესაბამისად “გატენილსო”. აზერბაიჯანელები ამბობენ “დოლ” ჩვენს ენაზე გავსებაა და “–მა” ბოლოსართიო (აქვე ჩიხირთმა, ბასტურმა და კიდევ ბევრი “მა”–ზე დაბოლოებული კერძი იყო ჩამოთვლილი ამ თეორიის გასამყარებლად). ახლა სომხებს მოვუსმინოთ. მათი ყველაზე სერიოზული არგუმენტი, მე რაც მოვისმინე თუ წავიკითხე, ის იყო, რომ ყოვლად ალოგიკურია მომთაბარე თურქების მხრიდან ტოლმის დაჩემება, როდესაც მის მოსამზადებლად საჭიროა ვაზის, ან კომბოსტოს დარგვა, მოვლა, მოყვანა, ფოთლების შეგროვება… ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რაც მიწათმოქმედი ხალხისათვისაა დამახასიათებელი – თურქები და აზერბაიჯანელები კი მომთაბარე ხალხი რომ იყო, ყველასათვის ცნობილი ამბავია ისტორიაშიო. ყველაზე “ჟელეზნი” არგუმენტი სომხების მხრიდან კი აზერბაიჯანელებისათვის ნათქვამი – “у вас не умеют готовить долма!” – იყო. ერთი სიტყვით, აზერბაიჯანელები ლინგვისტურ არგუმენტებს იშველიებენ, სომხები ეთნოგრაფიულ/კულინარიულს და მე ამასობაში იმ ფორუმის კითხვა მომბეზრდა და გადავინაცვლე ვიკიპედიაში…
ვიკიპედიაში კი ერთი მეტად საგულისხმო ამბავი გავიგე. შვედებს ჰქონიათ კერძი სახელწოდებით “კოლდოლმარ” (Kåldolmar), რომლის რეცეპტიც 1755 წელს გამოცემულ, კაისა ვარგის კულინარიულ წიგნში გვხვდება (ეს კაისა ვარგი შვედი ბარბარე ჯორჯაძე ყოფილა). არ დავიზარე და კოლდოლმარის რეცეპტს გავეცანი და გავოცდი… ეს ის ჩვეულებრივი, კომბოსტოს ტოლმაა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ასე ძალიან უყვარს (…ნუ ზოგს არ უყვარს). ისმის შეკითხვა, თუ როგორ აღმოჩნდა ტოლმა შვედეთში? – რაზედაც თავად შვედები ჰყვებიან ლეგენდას კარლოს XII-ზე, რომელიც 1709 წელს პოლტავას ბრძოლაში დამარცხების შემდგომ მოლდავეთის ქალაქ ბენდერიში გაქცეულა და იქ 2 წელიწადი აფარებდა თავს. იმ დროს ეს ქალაქი ოსმანთა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და შესაბამისად შვედი მონარქი ადგილობრივ ოსმალო ჩინოვნიკს სტუმრობდა და ოსმალოებს პეტრე I-ის წინააღმდეგ აქეზებდა. წაქეზება რომ არ გამოსვლიათ, სამშობლოში დაბრუნებულ კარლოსს და მის თანხმლებ პირებს თან ტოლმის რეცეპტიც გაუყოლებიათ და ასე მოვლენია შვედურ სამზარეულოს კერძი “კოლდოლმარ”.  ასევე აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შვედურ ენაზე Kål კომბოსტო ყოფილა და შესაბამისად “კოლდოლმარ” პირდაპირ თარგმანში კომბოსტოს ტოლმას ნიშნავს.
გუგლში ძებნის დროს ისიც გავარკვიე, რომ სიტყვა “დოლმა” (ნუ ჩვენებურად “ტოლმა”) კრებითი სახელი ყოფილა კერძების, სადაც ფარშირებულ და შეკაზმულ ცხვრის და ძროხის ხორცს რაიმე ბოსტნეულ–კონტეინერში ტენიან: ასე მაგალითად ვაზის ფოთლის ტოლმა, კომბოსტოს ტოლმა, ბადრიჯნის ტოლმა, პომიდვრის ტოლმა, ბულგარული წიწაკის ტოლმა (უკანასკნელ სამს თბილისში, როგორც წესი, ერთად ამზადებენ ხოლმე და ერთ ქვაბში ყრიან).
ინტერნეტში დიდი ხნის ბოდიალის შემდეგ, როდესაც ის ფორუმიც დავხურე, ვიკიპედიიდანაც რომ გამოვედი და საერთოდ ტოლმის შესახებ “კვლევაც” დასრულებულად რომ ჩავთვალე, ცოტა არ იყოს დავნაღვლიანდი. ყველა იჩემებდა ტოლმის გამომგონებლობას, ასახელებდნენ ბერძნულ ტოლმას, არაბულ ტოლმას, სომხურ ტოლმას, აზერბაიჯანულ ტოლმას, თურქულ ტოლმას და… ნუთუ ჩვენ არაფერი შევმატეთ ტოლმას და კავკასიელი ხალხების ამ საერთო კულტურული ნიშნის შექმნაში არანაირი წვლილი არ მიგვიძღვის?! ჰოდა, პასუხიც იქვე ვიპოვე – ჩვენი შენამატი “იხვის ტოლმაა”!!! ეს რომ გამახსენდა კარგ ხასიათზე დავდექი და ”წიგნის სახლში” ამასწინათ ნანახი რომანი გამახსენდა, “იხვის ტოლმა”, რომელიც მაკა მიქელაძემ და ბესო ხვედელიძემ ერთად დაწერეს. ამ რომანზე შეგიძლიათ ლიბ.გე–ზე წაიკითხოთ გიორგი კაკაბაძის რეცენზიაში “შეშლილი, შეშლილი სამყარო“. მე კი მხოლოდ ჩემთვის საინტერესო ადგილს მოვიტან ციტატად ამ რეცენზიიდან:
„იხვის ტოლმა ის კერძია, რომლის შესახებაც ყველას სმენია, მასზე ყოველდღიურ საუბარში ხშირად ლაპარაკობენ, მაგრამ მისთვის გემო არავის გაუსინჯავს, იმიტომ, რომ ასეთი კერძი რეალურად არ არსებობს, იგი აბსტრაქტული სივრცის საკუთრებაა. შეუთავსებლის შეთავსება და არარსებულის არსებობა რასაკვირველია შესაძლებელია, მაგრამ იგი აბსურდულ ხასიათს ატარებს. რომანში “იხვის ტოლმა” კი აბსურდი რეალობად გასაღებული ის ფორმაა, რომელიც საღი აზროვნების ხაზგასასმელად გამოიყენეს ავტორებმა.“
ამით დავასრულებ ტოლმაზე საუბარს. პირზე ნერწყვი მომადგა და ცოტა არ იყოს მომშივდასავით…
 
©linguistuss.wordpress.com
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული