Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სტადიონიდან სარესტორნო იმპერიამდე

მზარეული კომპლექსების გარეშე

რუსუდან სავანელი

როდესაც ეკრანზე გორდონ რემზი გამოდის, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ – რაც არ უნდა გულგრილი იყოთ კულინარიის მიმართ, მაინც არ მოიწყენთ!
პროვოკაციული, ექსტრავაგანტული, სკანდალური, ქარიზმატული – ასე ახასიათებენ გორდონ რემზის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მზარეულია მსოფლიოში არა მხოლოდ თავისი კულინარიული მოღვაწეობით, არამედ სატელევიზიო, კულინარიული შოუებითა და წარმატებული ბიზნესითაც. ზოგი მის უხეშ და ექსცენტრულ გამოხდომებს საზოგადოებაზე მოქმედების საშუალებად მიიჩნევს და მის მიღმა სრულიად განსხვავენულ პიროვნებას ხედავენ, რომელმაც წარმატების მიღწევამდე დიდი გზა განვლო. გორდონ ჯეიმს რემზი 1966 წელს დაიბადა შოტლანდიის ქალაქ ჯონსტოუნში. 1976 წლიდან მისი ოჯახი სტრატფორდში გადავიდა საცხოვრებლად და იქ დამკვიდრდა. 12 წლის გორდონი უირკშირის საფეხბურთო გუნდში თამაშობდა, 18 წლისამ კი რეინჯერსში დაიწყო თამაში, თუმცა მძიმე ტრავმამ მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და საბოლოოდ უარი ათქმევინა საფეხბურთო კარიერაზე. ამ დროს, როგორც თავად ამბობს, ეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო...
სკოლის დამთავრების შემდეგ ხელმოცარულმა ფეხბურთელმა სხვა გზით სიარული გადაწყვიტა და სპონტანური გადაწყვეტილების შედეგად North Oxfordshire Technical College-ში აღმოჩნდა, სადაც რესტორნისა და სასტუმროს მართვის პროფესიას დაეუფლა. რემზის წარმატების მწვერვალის დაპყრობამდე კულინარიის ნამდვილ კორიფეებთან მოუწია მუშაობა, რომელთაგანაც ბევრი რამ ისწავლა. პირველად ლონდონის პრესტიჟულ რესტორანში ,,Harvey’s” -ში დაიწყო მუშაობა, 2 წლის შემდეგ გადავიდა ,,Le Gavroche”-ში, სადაც ტრადიციული ფრანგული კერძების მომზადებაში დახელოვნდა. ეს რესტორანი ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორნად ითვლება და მიშლენის სამ ვარსკვლავს ფლობს. ერთი წლის შემდეგ, როდესაც რესტორნის შეფ-მზარეული სახელგანთქმული ალბერ რუ სხვაგან გადავიდა სამუშაოდ, გორდონ რემზიც თან წაიყვანა.
პარიზში გადასვლის შემდეგ სამი წლის განმავლობაში რემზი ჯერ მსოფლიოში სახელგანთქმულ გი სავასთან, შემდეგ კი ჟოელ რუბუშენთან იღებს სამუშაო გამოცდილებას. გარკვეული პერიოდი მუშაობს კერძო იახტაზე მზარეულად, ამის შემდეგ იგი ბრუნდება ლონდონში და იწყება, როგორც იტყვაინ, რემზის ოქროს წლები.
1998 წელს გორდონ რემზიმ თავისი პირველი რესტორანი, ,,Gordon Ramsay at Royal Hospital Roa’’, გახსნა, რომელმაც 2001 წელს მიშლენის სამი ვარსკვლავი მოიპოვა. რემზი იმ პერიოდში უმაღლესი რეიტინგის ბრიტანელ მზარეულად დასახელდა, რომელსაც მიშლენის სამი ვარსკვლავი ერგო.                                    

რემზის სარესტორნო იმპერია დღესაც ვითარდება. ბრიტანეთში მის მფლობელობაში 10 რესტორანია, რომელთაგან 6-ს მინიმუმ 1 ვარსკვლავი აქვს. ასევე 3 პაბი და 12 რესტორანი გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში. რემზის იმპერიის Gordon Ramsay Holdings Limited–ის მიახლოებითი ღირებულება 163 მილიონი დოლარია, ხოლო 69% უშუალოდ მას ეკუთვნის.
    რემზის რესტორნებს შორის ყველაზე მეტად პრესტიჟული მაინც მისი პირველი რესტორანია (,,Gordon Ramsay at Royal Hospital Roa’’). იგი მდებარეობს ლონდონის რესპექტაბელურ ცენტრში. ელეგანტური და თანამედროვე დიზაინის ინტერიერი გემოვნებით და სადად არის გაფორმებული. რესტორნის უმთავრეს ღირსებას არაჩვეულებრივი მომსახურება წარმოადგენს. აქ მყოფი ყველა გურმანი აღტაცებაში მოდის კერძის დახვეწილობითა და მათი მოწოდების განსაკუთრებული კულტურით. აქ მოხვედრა არც ისე ადვილია. ადგილი რამდენიმე კვირით, ზოგჯერ თვეებით ადრე უნდა დაიჯავშნოს, თუმცა კულინარიის ნამდვილი მაესტროს შემოქმედების დაგემოვნება ამად ნამდვილად ღირს. რესტორნის მუდმივი კლიენტები გვირჩევენ, ლობსტერის გულსართიანი რავიოლი, სტეიკი შავი ხიზილალით ან შემწვარი იხვი დავაგემოვნოთ. კერძთან შესაბამისი ღვინის არჩევაში გამოცდილი სომელიე დაგეხმარებათ. გორდონ რემზის ეს რესტორანი მსოფლიოს ძვირადღირებულ რესტორანთა ხუთეულში შედის. აქ ვახშმობა მინიმუმ 180$ დაგვიჯდება.
რემზი ფართო მასებისთვის სატელევიზიო შოუებით გახდა ცნობილი. პირველად იგი 1998 წელს გამოჩნდა სატელევიზიო გადაცემაში Boiling Point, რომელსაც მოჰყვა დოკუმენტური სერიალი Ramsay’s Kitchen Nightmares. ყველაზე მეტად პოპულარული მათ შორის გახდა Hell's Kitchen - ჯოჯოხეთური სამზარეულო. რეალითი შოუს მონაწილეები იბრძვიან, რათა ელიტურ რესტორანში შეფ-მზარეულის ადგილი მოიპოვონ. ამისთვის მათ უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. გორდონის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ რეალურ ცხოვრებაში ბრიტანული კულინარიის გურუ სულაც არ არის ისეთი უხეში, როგორც ეკრანზე გამოიყურება. ექსპრესიულობითა და მომეტებული ტემპერამენტით იგი მონაწილეებს არ აძლევს მოდუნების საშუალებას და უფრო მობილიზებულს ხდის. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 1993 წლიდან მოყოლებული 2005 წლამდე მან გაათავისუფლა თავისი თანამშრომლების მხოლოდ 15%.
ცნობილი შეფმზარეული ვეგეტარიანელობის პირველი მოწინააღმდეგეა, თუმცა თანხმდება იმაზეც, რომ ეს ადამიანის პირად არჩევანს უნდა წარმოადგენდეს. პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი შეფმზარეულის კულინარიული პალიტრა მრავალფეროვანია როგორც ხორცით, თევზითა და ბოსტნეულით მომზადებული კერძებით, აგრეთვე მრავალი დახვეწილი დესერტითაც, რომელთა დიდი ნაწილიც ტრადიციულ ევროპულ კულინარიას ემყარება. რემზი მიიჩნევს, რომ გემრიელი კერძისთვის ხუთი ინგრედიენტი სრულიად საკმარისია. როდესაც მათი რაოდენობა 7-8-მდე იზრდება, მისი თქმით კერძი სისადავეს კარგავს, გემრიელი კერძის საიდუმლო კი უბრალოებაშია. გორდონს შინ ორი სამზარეულო აქვს, ერთს მისი მეუღლე ხელმძღვანელობს, მეორე კი თავად შეფმზარეულის ე. წ. შემოქმედებით ლაბორატორიას წარმოადგენს. საოჯახო სადილზე სიამოვნებით აგემოვნებს მეუღლის მომზადებულ კერძებს, რომელსაც, მისი თქმით, სულაც არ ესმის ეს საქმე.
 რემზის ხშირად ადანაშაულებენ ზედმეტ კომერციაში. პოლიციასთანაც უამრავჯერ ჰქონია უსიამოვნო ინციდენტები. საყვედურობენ, რომ ცოლს ღალატობს, მიუხადავად მათი 4 საერთო შვილისა. გორდონ რემზი გამოსცემს წიგნებს, დაკავებულია ქველმოქმედებითაც. რაც არ უნდა თქვას, ის ნამდვილად უნდა უმადლოდეს იმ სპორტული ტრავმას, რომლის გამოც მსოფლიოს საუკეთესო შეფმზარეულად გადაიქცა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული