Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სიცხარე. მარცხი

დავით პაიჭაძე

Facebook
 
ფოთში, საქალაქო სასამართლოს წინ არის, როგორც ძველი მეგრელები იტყოდნენ, ერთი ტორჩკა (< რუს. точка), სადაც ნამგზავრი სასადილოდ შეველ აუდიტორიასთან გამოსვლის წინ. დრო თითქოს ცოტა არ იყო – დაახლოებით ერთი საათი. ყველა გათვლით, უნდა მყოფნოდა მცირე სადილისათვის.
ზავიძენიაში ორადორი ადამიანი ტრიალებდა – დამლაგებელი და მეორე, რომელსაც აღმოაჩნდა ყველა ფუნქცია მზარეულის გარდა. მკრთალყვითლად დაფერილი თმები სრულიად ზედმეტი იყო საიმისოდ, რომ მასში სლავური წარმოშობა ამოგეცნო. საინტერესოდ ლაპარაკობდა – ქართულ ენაზე, მეგრული მელოდიკით, რუსული აქცენტით.
ალბათ იმიტომ, რომ მშიოდა, მომეჩვენა – შეკვეთა (და მე ვიყავი ერთადერთი კლიენტი) იგვიანებდა. გამოვთქვი სიმკაცრენარევი ეჭვი და მივიღე თავდაჯერებული ნუგეში. მაინც გამიჭირდა, გამეზიარებინა ორგანიზაციის ტაქტიკა, რადგან ველოდი, რომ პირველი თაობის მოსატანს – სულგუნსა და ორდინალურ სალათას მალე მოიტანდნენ, რასაც ასევე მალე მოჰყვებოდა არა კეცზე გამომცხვარი ცხელი მჭადი.
მწვადის შეკვეთამდე საუბრისას შეფარული შეშფოთებით ვიკითხე, თუ ძარღვიანი ხორცია, საერთოდ არ მინდა და რასაც მირჩევთ, იმას გეახლებით–მეთქი. არაო, ჩვენთან ფრანგები დადიან მწვადის საჭმელადო. ეს არ იყო კულინარული არგუმენტი, მაგრამ განვიარაღდი მისი უჩვეულობის გამო. მოკლედ, ყველაფერი ერთად მოიტანეს.
კიტრი რომბულ–ოვალურ ნაჭრებად დაეყოთ, პამიდორთან ერთად მრგვალად შემოეწყოთ თეფშზე, ხოლო სალათის შუაში აღმოეცენებინათ ოხრახუშის განტოტილი ღერო, რომლის პაწია და ხშირ ფოთლებზე ცეცხლისფრად დაფიფქულიყო მოუხეშავად დაფქული წითელი პილპილი. ფოთლები თვლემდნენ, მაგრამ წიწაკის სიმძიმე იმდენადაც ვერ დრეკდა მათ, რომ მბუგავი ფხვნილი კიტრსა და უმისოდაც წითელ პამიდორს დაფრქვეოდა. ყველაზე გაცვეთილი ხატი, რაც ამ დროს გახსენდება, დამოკლეს მახვილია – სწორედ ასე „ეკიდა“ წიწაკა განუყრელი სასალათე წყვილის თავზე. წინდაწინ ვიტყვი – მოვახერხე და მთელი სალათი ისე მივირთვი, მას მისხალი პილპილისა არ დასცემია.
პატარა, ტუჩიანი თასით მოიტანეს წითელი საწებელი. ეს იყო ძველი ფერი – საბჭოთა წითელი 06–ისა. საწებელი პირველი გავსინჯე დასარწმუნებლად, რომ საერთოდ არ უნდა გავკარებოდი. და მართლაც, მისი მხურვალება მიეფერა თხემს. გავწიე და მთელი ის დრო, გვერდითი მსაჯის მსგავსად, მოშორებით იდგა. ხანდახან მზერას ვაპარებდი – არ ვიცი, რატომ.
თავი კერძი კი ჩემ წინ თუხთუხ–შიშხინებდა – ხბოს ჩაშუშული, კეცზე. დავცქეროდი გახვითქულ თიხის თეფშს და ველოდი, ცოტათი მაინც როდის დაცხრებოდა ეს მინიატურული ლავა, რათა მასში ინგრედიენტები ამომეცნო. ბუშტუკები უწყვეტად სკდებოდნენ, წარმოიშვებოდნენ და ქრებოდნენ. არ მსურდა დამეჩქარებინა პროცესი ჩაშუშულში რაიმეს ჩაწობით. ჩანგლით ავიღე პირველი მოკლე ლუკმა. ჩაშუშულმა გაიბრძოლა და ორიოდ შხეფი სამოსზე მომასხა.
...ხბოს ხორცი, წვრილად დაჭრილი – ჩაკლული, სახიჩარი, ნაწამები, სახედაკარგული – აქა–იქ მიმოფანტულიყო კერძში. ვგრძნობდი, მაგრამ ამ დღემდე არ ვიცოდი სიცხარეს ასიმილაციის ასეთი უნარი თუ შესწევდა. ხახვი, პამიდორი, ცხიმი, ხორცი და კიდევ ვერ ვცნობდი რა – ყველაფერი ქცეულიყო დინამიურ, აგრესიულ, მთუთქავ პლაზმად. ამ მეტამორფოზის მთავარ შემოქმედთაგან ერთს სრულად შეენარჩუნებინა არათუ ფერი – იერიც კი: ერთადერთი, რასაც ჩაშუშულში უტყუარად ამოიცნობდით, წითელი წიწაკის გრძივი ნაჭრები გახლდათ. მეორეს, ცეცხლს (resp. თერმულ დამუშავებას) კი თითქოს მთლიანად დაეთმო თავისი უნარები პირველისათვის. ვერ გაარჩევდი, რომელი სიმხურვალე იყო ცეცხლის და რომელი – წიწაკის.
მე ვერ გავუმკლავდი მას. მივმართე ნაცად და უღირს ხერხს – გამოვწევრე ხბოს ხორცის დაუძლურებული ნაჭრები და შევექეც. შიშხინი თანდათან მიინავლა, მაგრამ სიცხარის მეუფება არ განლეულა. აქ ყველაფერი მიწევდა მოკავშირეობას – მჭადი, კიტრი, პამიდორი, სულგუნი. მწვადზე მიმოყრილი ხახვითაც კი ვლამობდი პირის ღრუს მოტყუებას. თავისას ცდილობდა „ნატახტარის“ ძალიან ცივი, მაგრამ უნდილი ლიმონათი. არაფერი გამოვიდა. ყველა დავმარცხდით.
მწვადი კი რა.... მეტწილად ქონიანი ნაჭრები იყო და ქონი ისე მოეწვათ, ერთი შეხედვით ხორცი რომ გგონებოდა. თუმც, ფრაგმენტულად მაინც შევიგრძნობდი მის ავთენტურ გემოს.
შეხვედრაზე 15 წუთით დავიგვიანე. წასვლამდე კი გავუგე სტოკჰოლმის სინდრომის მსხვერპლთ: მაგიდაზე რჩებოდა უხორცო კეცი ზედ ჭარბად შერჩენილი, მაგრამ მაგმად ეგრეც ვერქცეული ჩაშუშულით. მოვაქუჩე წიწაკით ნაზავი უსახელო ნაშთები. დანა მივაშველე ჩანგალზე ასაგროვებლად. ეგ იყო ჩემი ბოლო ლუკმა.
 
© დავით პაიჭაძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული