Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სარესტორნო კრიტიკა – ნაბიჯ-ნაბიჯ “მედიტერანიაში”

გიგო მესხიშვილი
 
რესტორანი ვაკეში ვაკური ამაოების გარეშე
 
ახვლედიანისა (პეროვსკაიას) და შარდენის ქუჩების გარდა ბოლო 2 წლის მანძილზე აშკარად გამოიკვეთა აბაშიძის (ბარნოვის) ქუჩის როლიც ქართული სარესტორნო საქმის განვითარებაში. მართალია ამ “განვითარებაში” რაიმე განსაკუთრებული ძვრები არ შეინიშნება, მით უმეტეს კრიზისის ფონზე, თუმცა აშკარაა, რომ ზოგიერთი რესტორანი ინდომებს და არ სურს მხოლოდ რაღაც სნობური თბილისური აურის ხარჯზე არსებობა.
ვაკეში რამდენიმე კაფე თუ რესტორანია ასეთი აურით შემოსილი, რომელსაც სრულიად უფერული სამზარეულო აქვს და ვერც მომსახურებით დაიკვეხნის. აქ მხოლოდ პერსონალური ლეგენდები ითხზვება და გასტრონომიასთან, მით უმეტეს, გასტრონომიულ კულტურასთან, მათ ცოტა რამ აქვთ საერთო. ამ ტიპის დაწესებულებებზე სხვაგან შევჩერდებით, იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა ბოლომდე ამოვიკითხავთ მათი “ხიბლის” მიზეზებს და იქაური ფილოსოფიის ძირითად ცნებებსაც ჩამოვაყალიბებთ. ამათ გარდა, აბაშიძის ქუჩაზე, და მის პარალელურ ფალიაშვილზე მაინც შეიძლება რამდენიმე საინტერესესო, გემოვნებიანი და მრავალფეროვანი რესტორნის გამორჩევა, სადაც აშკარად ცდილობენ ჭირვეული ქართული პირის გემოს მორჯულებას. ერთ-ერთი ასეთი რესტორანია “მედიტერანეა”, რომელიც, როგორც სახელიდან ჩანს, მთლიანად ხმელთაშუაზღვისპირულ სამზარეულოს მოიცავს და ფრანგულ ან იტალიურ სამზარეულოსთან ერთად, აქ ბერძნული და ესპანური კულინარიის კვალსაც იპოვით.
რესტორნის ადგილმდებარეობაში არაფერია ხმელთაშუაზღვისპირული, 50-60-იან წლებში აშენებულ საბჭოთა სახლის პირველი სართული, გრძივი, გაერთიანებული ოთახებით და შიდა ეზოში გასასვლელით, რომელიც, გარეგნობა რომ არ უშლიდეს ხელს, უფრო ამსტერდამული სახლისთვის შეგვეძლო შეგვედარებინა, ვიდრე მედიტერანულისთვის. ამ მყუდრო რესტორანში ვერ ნახავთ დარბაზს, ვერც ხედებით დატკბებით, რესტორანი ერთი ვიწრო გასასვლელია, კედლებთან მაგიდებით, თუმცა სწორედ ამის გამო და კიდევ ერთიორი ატრიბუტის წყალობით, იქმნება ის შინაურული ატმოსფერო, რომელიც რესტორანში შესვლისთანავე იგრძნობა.
ამ რესტორნისთვის ასევე უცხოა ის “ვაკური ამაოება”, რომელიც ზოგჯერ ძალიან თვალში საცემია ხოლმე სხვაგან. მე პირველ რიგში სიგრილე ვიგრძენი, რადგან ჯერ კიდევ 17:00 იყო, როცა “მედიტერანიაში” შევაბიჯე და იმდღევანდელი სიცხით დაქანცულმა, ვრცელი მენიუს თვალიერებით დავიწყე ძალების აღდგენა, რადგან ინტერიერში არაფერი იყო განსაკუთრებული, ისეთი, რომ ყურადღება მიექცია და ცოტა ხნით მაინც გავეტაცე.
რესტორანში საკმაოდ მკრთალი განათებაა, სადაც ქაღალდის სანათურებიდან წითელი ფერი იღვრება. არის დამატებითი შუქიც, თუმცა მაინც აჯობებს სინათლის ბუნებრივ წყაროსთან ახლოს დაიკავოთ ადგილი. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ის მაგიდა, რომელთანაც ჩვენ მოვხვდით, ფანჯარასთან.
“მედიტერანიაში” ძალიან კარგი მენიუა, რომელიც à la carte მენიუს პრინციპითაა გაკეთებული და საქმის ცოდნითაა შედგენილი, სადაც ამათუიმ კერძის თუ ღვინის დასახელების ქვეშ მოკლე დახასიათებებიც შეგიძლიათ წაიკითხოთ, ძირითადი შემადგენლები, მთავარი საკმაზები. მენიუში შეცდომებიც არის (მაგ. სუფრის ღვინის ნაცვლად მაგიდის ღვინო წერია რამდენიმეგან, და სხვ.), თუმცა მისი თვალიერება იმდენად საინტერესოა, რომ ამ უმნიშვნელო დეტალებს აღარ აქცევ ყურადღებას.
პირველ რიგში აღნიშვნის ღირსია სპეციალური შემოთავაზებები, ორბიჯიანი ბიზნეს-ლანჩ პაკეტი (11.95 ლარად), სადაც შესაბამისად სტარტერსა (წვნიანი ან სალათი) და ძირითად კერძს გთავაზობენ და სამბიჯიანი ლანჩ-პაკეტი (14.95 ლარად), დესერტის თანხლებით. შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ ლანჩ-რაპიდოზე (4.75 ლარიდან - 12.95 ლარამდე) ან მენიუ-ფიქსზე, რომელიც ძირითად, à la carte მენიუზე დაყრდნობით დგება და ისიც, ასევე შეიძლება იყოს ორბიჯიანი (25.55 ლარად) და სამბიჯიანი (29.95 ლარად). მენიუსვე ერთვის დესერტების ჩამონათვალი და ღვინის ბარათი, სამარხვო მენიუ კი ცალკე მოაქვთ.
რა კერძს არ ნახავთ აქ: სხვადასხვა წვნიანს, სალათ კაპრეზეს მოცარელას ყველით, პომიდვრით, პესტო ჯენოვეზეს სოუსით და ბაზილიკით,
მოცარელას სალათს ტკბილი წითელი და მწვანე წიწაკით, ზეითუნის ზეთითა და ბაზილიკით. მრავალნაირ პიცას, რომელსაც შეფ პიცა “მედიტერანეა” აგვირგვინებს, მდნარი ყველით, სულგუნით, გაუდათი, პარმეზანით, შებოლილი სამეფო ორაგულით, კრევეტებით, ფრანგული მდოგვითა და ლიმონით,
კარტოფილის ტკბილი სალათი თაფლში შემწვარი კარტოფილით, ტკბილი წითელი წიწაკით, თეთრი ლობიოთი, ისპანახით, ჭარხლით, ნაღების დრესინგით და გოგრის თესლით გაწყობილი. შეგიძლიათ ასევე შეუკვეთოთ ეკზოტიკური Niçoise salad სალათის ფურცლებით, შემწვარი კარტოფილით, კიტრით, პომიდორით, მწვანე ხახვით, თინუსით, თეთრი ლობიოთი, მოხარშული კვერცხით, ანჩოუსებით, შავი ზეთისხილითა და მდოგვი-ბალზამიკოს დრესინგით გაწყობილი.
არის სენდვიჩების დიდი არჩევანც, თუმცა აბა რა ნამუსით უნდა გაიხედო სენდვიჩებისკენ, როცა გრეიპფრუტიან ან ავოკადოიან კრევეტების კოკტეილს მოკრავ თვალს, ბრენდის, ტაბასკოსა და ვორჩესტერის ნაღების დრესინგით გაწყობილს, ანდა ფრანგულად მომზადებულ ბაყაყის ბარკლებზე გაგექცევა მზერა, რომელიც კარაქშია შემწვარი და ტარხუნიანი ნაღების დრესინგთან და ორთქლზე მოთუშულ ვაშლთან ერთად მოაქვთ. იგივე შეიძლება ითქვას პასტების დიდ არჩევანზე: Farfalle con pancetta - ბეკონით, ნუშით, სავოის კომბოსტოთი, სულგუნით, პარმეზანითა და ნივრით შეკაზმული,
Lasagna al Forno ისპანახითა და ხაჭოთი, ოთხი ყველის სოუსით შეკაზმული, ბოლონიეზეს რაგუთი, ბეშამელის სოუსით, სულგუნითა და პარმეზანით. ხორცეულის გვერდებმა გასტროტერორიზმის მსხვერპლად შეიძლება გაქციოს: შემწვარი ქათმის ღვიძლი – ტკბილ და ცხარე წითელ წიწაკასთან, ხახვთან, მწვანე ხახვთან, ფორთოხალსა და არაყთან ერთად. ნაირნაირი სტეიკები, კარაქთან და სულგუნის ყველთან ერთად, ბადრიჯნით, ბეკონით, ფრანგული ყავისფერი სოუსითა და ბადაგით შეკაზმული, ნივრიანი კარაქით დარბილებული, გრილზე შემწვარი ბოსტნეულისა და კარტოფილ ფრის გარნირთან ერთად და მრავალი სხვ.
როგორც ხედავთ, უზარმაზარი არჩევანის წინაშე დავდექით და გარწმუნებთ, ჩემს მიერ ჩამოთვლილი, მხოლოდ ნაწილი გახლავთ იმისა, რისი თვალის გადავლებაც ჩვენ მოვასწარით. ამიტომ, კიდევ უფრო დიდხანს რომ არ გაგრძელებულიყო წაკითხვა-გამოკითხვები, გადავწყვიტეთ სასწრაფოდ შეგვეკვეთა.
აპერიტივზე მწვანეს ჯიშიდან დაყენებული ღვინო შევუკვეთე, თუმცა დამთავრებულიც არ მქონდა იმის თქმა, რომ GWS-ის მწვანე მოეტანა, ოფიციანტი გავარდა და ცოტა ხანში უკვე გახსნილი ბოთლით დაბრუნდა, ხელში კი, როგორც ვეჭვობდი, “თელავის მარნის მწვანე” ეჭირა, რომელიც 7 ლარით უფრო ძვირი ღირდა GWS-ისაზე. თან GWS-ის “მწვანე” ორი დღის წინ მქონდა დალეული, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ახლა კიდევ მინდოდა გადამემოწმებინა ცალკე პირის გემო და ცალკე “ჩამოსხმა”. სხვათა შორის, ეს სუფრის ღვინო (“თელავის მარნის მწვანე”) არასდროს ასეთი უინტერესო არ მომჩვენებია, არადა აქამდე ხშირად ამართლებდა ხოლმე ცოცხალი სიმჟავითა და საღი ხილის არომატებით. დასაწყისისთვის ნივრიანი კარაქი, მდნარი ყველი და რვანაირი პურეული მოგვიტანეს, თბილი, ფუმფულა და გემრიელი. აქაც, შეკვეთისას, ტრადიცულად ყველაზე ძვირიან კერძებს გვირჩევდნენ, ისევე როგორც სხვა თბილისურ მაღალი კლასის რესტორნებში. სხვათა შორის, ამაზე ადრეც ვწერდი და როგორც ჩანს, ეს ჩვეულება კიდევ დიდხანს დარჩება ქართველი მიმტანების მარაგში.
17.30 წუთზე შეკვეთის მიცემაც დავასრულეთ და 15 წუთში პირველი კერძიც მოიტანეს, წვნიანი.
 
სოკოს კრემ-სუპი (7,75 ლარი)
 
ეს იყო სოკოს კრემ-სუპი, იტალიური სოკო პორჩინით, ალპებიდან, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ დათვის სოკოს. მოტანისთანავე ნაღების სუნი დატრიალდა გარშემო, თუმცა გემოზე ისეთი პიკანტური იყო წვნიანი და სოკოს გემო იმდენად ეფექტურად იკითხებოდა (განსხვავებით ქამა ან ზოგიერთი სხვა სოკოს წვნიანებისგან), რომ ვერანაირმა ნაღებმა თუ მწვანილ-სუნელეულმა ვერ გადაფარა. წვნიანი ძალიან მდიდრული, მთის გემოებით ხასიათდებოდა, და დასავლური ეკზოტიკის გარდა რაღაც ნაცნობი და მშობლიურიც ჩანდა კერძში. მე ვისურვებდი, რომ სამომავლოდ რაჭული სამზარეულო გამდიდრებულიყოს ამ ტიპის კრემ-სუპებით. კერძს საკმაოდ მოუხდა “თელავის მარნის მწვანე”, თუმცა უფრო კარგად წავიდა GWS-ის მწვანეზე, რომელიც სავსე იყო მუხის ტონებით და შესაბამისად, მეტი საერთო ნახა სოკოს სპეციფიურ, მძაფრ გემოსთან. სხვათა შორის, GWS-ის მწვანემ ცოტათი გამაკვირვა, რადგან ორი დღის წინ რომელიც დავლიე, ის მწვანე აბსოლუტურად სხვა ღვინო იყო, უფრო ცოცხალი, მეტი ხილის ტონებით, ხალასი მჟავიანობით, აქ კი ძალიან ბევრი მუხა იგრძნობოდა, რომელიც, მართალია ძალიან მოუხდა სოკოს სუპს, მაგრამ მაინც დამაფიქრა იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, ერთი ეტიკეტით ჩამოსხმული ორი აბსოლუტურად განსხვავებული ღვინის დალევა მომიწია.
 
შეფის დელიკატესი (22,95 ლარი)
 
ზღვის ნობათის ეს სტარტერი არაჩვეულებრივი გაგრძელება აღმოჩნდა. თბილი კრეპი შებოლილი ნორვეგიული ორაგულით, კრევეტებით, მდოგვით, მდნარი ყველით, ლიმნის ცედრით, წითელი ხიზილალით, ორი ყველითა და ნაღების სოუსით გაწყობილი. კრეპის ტომსიკაში მოქცეული და დაუნანებლად ხიზილალით გაფორმებული ეს კერძი პირველივე გემოზე გატყვევებს, განსაკუთრებით, თუკი პირველივე ლუკმაზე ერთად მოგხვდათ ლიმნის ცედრის სიმწარე, ორაგულის თუ კრევეტების სინაზე და კიდევ ობიანი იტალიური ყველის სიღრმე და პიკანტურობა. ამას დაუმატეთ მცირეოდენი მდოგვი და ეფექტი სახეზეა. მუხამრავალი GWS-ის მწვანე ნაკლებად მოუხდა, სამაგიეროდ ექსტრამშრალი ღვინოები წავა კარგად. ქართულებიდან თელავის მარნის კონდოლი მოუხდა თავიდან, თუმცა, როცა ხიზილალა შეერია, ღვინო მოდუნდა და დაიჯაბნა, რასაც ვერ ვიტყვით შაბლიზე ან ძალიან მშრალ სოვინიონ ბლანზე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ნაღებისა და გორგონცოლას არაჩვეულებრივი სოუსი, ამ ლომბარდიული ობიანი ყველით შეგემებულმა საწებელმა სრულიად სხვა კუთხით დაგვანახა ეს კერძი.
 
ფრუტი დი მარე (19,95)
 
მართალია ცურვა არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი ძალიან მიყვარს, რაც ზღვაში დაცურავს, ამიტომ მიდიების, კრევეტების, კალმარების, მოლუსკებისა და რვაფეხას პასტა პომიდვრის კლასიკური სოუსით, ისპანახის და ტომატის ფეტუჩინებით, თეთრ ღვინოსთან ერთად, ჩემი საყვარელი კერძების რიცხვს მიეკუთვნება. ესაა კლასიკური სპაგეტი ზღვის პროდუქტებით. კერძი სასიამოვნო სიმწარის იყო, ღვინოსაც ბლომად იტანდა და თან სხვადასხვანაირ ღვინოს ითხოვდა შესაჯერებლად. მუხაში დავარგებული თეთრი მშრალი ღვინოებიც მოუხდა და ცოცხალიც. თბილღვინოს წინანდალი, თელავის მარნის წინანდალი, კონდოლი. ამ კერძთან სპეციალისტები თეთრ იტალიურებს გვირჩევენ, საუკეთესოა პინო გრიჯიო, ასევე შესაძლებელია ზოგიერთი წითლებიც, ნაკლებტანინიანი და შედარებით მაღალმჟავიანი, მაგ. ბარბერა.
 
რიზოტო თხის ყველით (18,95)
 
თხის ყველი და პარმეზანი არბორიოს ჯიშის ბრინჯით, პარმული ლორით, ლიმნის ცედრითა და ბეგქონდარათი ყველაზე გვიან გამოიტანეს, თუმცა აჯობებდა ცოტა ადრე შემოეტანათ, ყოველ შემთხვევაში, სტეიკამდე მაინც. ამ კერძს განსაკუთრებულად ველოდი, მე ხომ თხის ყველი ყველა სხვა სახეობის ყველს მირჩევნია, მან შეიძლება უკეთესობისკენაც შემიცვალოს კერძზე შთაბეჭდილება და ზოგიერთი წესის დარღვევის შემთხვევაში კი, მთელი შრომა წყალში ჩაყაროს. ეს რიზოტო არაფრით გამოირჩეოდა, თუმცა თხის ყველმა და თელავის მარნის კარგად ჩაციებულმა ვარდისფერმა ღვინომ მაინც თავისი ქნა. რიზოტო ასევე ძალიან მოუხდებოდა თელიანი ველის ვარდისფერსაც, ღვინის ბარათში რომ ყოფილიყო.
 
ფილე მინიონი (23,95)
 
ტაფაზე შემწვარი საქონლის სტეიკი ფლამბირებით - კარაქთან და სოკოსთან ერთად, შეკაზმული ბრენდით და ფრანგული ყავისფერი “ბორდოს” სოუსით. გარშემო ფრანგული ბოსტნეულის ბაღჩით - ბროკოლი, ბარდა, მწვანილეული, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო. ასევე ინდური ბრინჯი, ფრანგული ქამა სოკოს სოუსი და ზედ მოხეხილი პარმეზანი. ფასიდან და შემადგენლობიდან გამომდინარე ფილე მინიონი თავი კერძი უნდა ყოფილიყო და დანარჩენები უნდა დაეჩრდილა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ აღმოჩნდა. საკმაოდ მდორედ კერძი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პირველ გასინჯვაზე ნედლი ბროკოლი ძალიან მოუხდა ნედლსავე ხორცს, თუმცა საბოლოოდ ყველა შემადგენელი ცალკ-ცალკე დაიშალა. ერთად-ერთი, რასაც ყურადღება მივაქციე, ის გახლავთ, რომ ამ კერძთან კახური ტიპის, ქვევრის ღვინოებიც კარგად წავიდოდა, თუმცა ვერც ამ ტიპის ღვინოებს ნახავთ “ბარათში”, არადა იტალიაში უკვე საკმაოდ აქტიურად იყენებენ კახურ ტექნოლოგას, ქვევრებიც ბლომად წაიღეს ჩვენი ქვეყნიდან და როგორც ჩემი მეგობრებმა მითხრეს, მედიტერანულ სამზარეულოსაც საკმაოდ ოსტატურად მოარგეს ეს ღვინოები, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, აქ შემოტანილ მედიტერანულ კერძებსაც კი ვერ ვუხამებთ. ფილე მინიონთან “თბილღვინოს საფერავი” მოვატანინეთ, მაგრამ ღვინო როგორც ჩანს წინა დღის გახსნილი იყო, კარგად ვერ შეინახეს და ჩვენამდე უკვე გადაჟანგული მოვიდა.
 
დესერტი კრესტელე (10,75)
 
სამაგიეროდ საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენი ნადიმის დამაგვირგვინებელმა კერძმა, ტკბილმა ბლინმა მასკარპონეს ყველთან და ჟოლოს სოუსთან ერთად, რომელსაც თავზე თხლად დაჭრილი მოხალული ნუში ჰქონდა მოყრილი. დესერტი შესანიშნავია მწვანე ჩაისთან, ულუნის ჩაისთანაც შესანიშნავი იქნება, გარდა ამისა ტკბილი ვარდისფერი ღვინის მიყოლებაც არ აწყენდა ან სოტერნის ტკბილი ღვინოები. 
 
რესტორანიმედიტერანეა
 
ირაკლი აბაშიძის ქ. 5,
ტელ: [+995 32] 22 10 15
 
შეფ-მზარეული: ნანა ჯმუხაძე
სამზარეულო: ევროპული, უმეტესად ხმელთაშუაზღვისპირული, ძალზე მრავალფეროვანი. რესტორანში à la carte მენიუა, საკმაოდ მდიდარი სეზონური კერძებით, სადაც ასევე გათვალისწინებულია ბიზნეს-ლანჩის, ასევე სწრაფი ლანჩის პაკეტი და სხვა სპეც-შემოთავაზებები.
ღვინის ბარათი: წარმოდგენილია მხოლოდ სამი ქართული ღვინის კომპანია, რაც ძალიან ცოტაა ასეთი მრავალფეროვანი სამზარეულოსთვის. მითუმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ კარგი ევროპული ღვინის დალევა ჩვენთან ძალზე ძნელია. მართალია ბარათში გაცილებით მეტია ევროპული თუ ახალი სამყაროს ღვინოები, თუმცა ვერც ერთი უცხოური ღვინო ვერ ვნახე, რომელთაც მაღაზია “ვინოსიმოდან” ან “ვინოშოკიდან” არ ვიცნობდი. კარგი იქნება თუკი რესტორანი თავად იზრუნებს თავისი ღვინოების არჩევაზე და არ იქნება დამოკიდებული ერთად-ერთ შემომტანზე, რომელიც სულაც არ ითვალისწინებს ამათუიმ სარესტორნო სპეციფიკას.
პარკინგი: რესტორანს, შეიძლება ითქვას, არ აქვს პარკინგისთვის ადგილი, მის წინ მხოლოდ ერთი მანქანა თუ შეიძლება დაეტიოს, შესაბამისად, უმჯობესი იქნება, თუკი მანქანას რომელიმე პარალელურ ქუჩაზე დააყენებთ.
მუსიკა: ძალიან დაბალ ხმაზე ჩართულია კარგი ევროპული პოპულარული მუსიკა, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით კი 8-დან 10 საათამდე სასიამოვნო ცოცხალი მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ. პარასკევ-შაბათს ვიოლინო და არფაა პროგრამაში, ხუთშაბათსა და კვირას კი ფორტეპიანო და ფლეიტა.
ფასი: ზემოთ აღწერილ ვახშამში მე გადავიხადე 180 ლარი.
 
 © ცხელი შოკოლადი/vinoge.com


180 ლარი ... :(


im fonze Tu shemosavali tveshi 5 000 lari geqneba ,180 laris datoveba dzalin iafia :)


თხის ყველი არის ფანტასტიური რამე! ვერსად ვერ ვიშოვე თბილისში და თქვენ ხომ არ იცით სად შეიძლება იშოვოს კაცმა?


გეთანხმებით, თხის ყველი მართლა საოცარი რამეა, ყველაფრისგან გამორჩეული. იმედია საქართველოში ოდესმე დააფასებენ თხის ყველს და ფერმერებიც მოჰკიდებენ ხელს ამ კარგ საქმეს. უცხოური თხის ყველები თუ არ ვცდები იყიდება გუდვილის და ჯორჯიტას ჰიპერმარკეტებში. შესაძლოა პოპულიშიც.



გუდვილში ვიყავი და არ ჰქონდათ, არც პოპულში არ არის.. ჯორჯიტას იმედზე ვართ! :)


არადა ნამდვილად იშოვებოდა თბილისში უცხოური თხის ყველი, დიდ მარკეტებში. სხვათაშორის, იმერეთში, აჭარაში და სამეგრელოში ბაზრებშიც შეიძლება გადაეყაროთ სოფლურ თხის ყველს. მაგალითად, ამასწინათ სიდედრმა მომიკითხა თხის (ალბათ შერეული) იმერული ყველი, ძალიან გემრიელი. 3 თავ ყველში სრულიად შემთხვევით ერთი თხისა აღმოჩნდა.



არც ჯორჯიტაში აღმოჩნდა :( გვქონდა მაგრამ გათავდაო. თქვენ თუ იცით ფეტას ყველს ჰგავს, ცხვრის ყველია ეგეც, მაგრამ ფეტასავით რბილი ფაქტურაა, მდნარი ყველივითაა.. cream cheese რო უწოდებენ ეგეთი.


ვაჰ, ნეტა რა ეტაკათ! :) კრემ ჩიზი ფეტაზე უფრო მდნარი არაა? არ გამისინჯავს.



:) მართალია, კრემ ჩიზს პურზე ადვილად წაუსვამ, იგივე ფაქტურის თხის ყველი გავსინჯე აშშ-ში და ძალიან საინტერესო და პიკანტური გემო აქვს!


დაახლოებით მაგდაგვარი ფრანგული თხის მდნარი ყველი მაქვს გასინჯული, ოღონდ სახელი არ მახსოვს.



ყველაზე კარგი ფრანგული (და ალბათ საერთოდ მსოფლიოში)თხის ყველი არის Crottin de Chavignol,რომელსაც დნობადი ალბათ არ ეთქმის, მაგრამ მისი ფაქტურიდან გამომდინარე, მაინც შეიძლება პურზე წაუსვა. ტოსტერში გახუხულ ხარისხიან პურზე მიდის ძალიან კარგად და წითელ ღვინოს უხდება. აქ შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ გამოიყურება. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/27/Crottin_de_Chavignol.jpg


დამავიწყდა: თეთრ Sancerre -თანაც (ოღონდ კარგ Sancerre-თან)ძალიან მაგარია.


უჰ, სანსერი რო მახსენდება, მაჟრიალებს. სასწაული ღვინოა.

ლაშა, მიხარია აქ რომ გხედავ :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული