Home
ქართული | English
სექტემბერი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

მულტიმედია

კომენტარები

მონაკოელი ღვინის ოსტატების ვიზიტი საქართველოში

ლევან სეფისკვერაძე

რამდენიმე დღის წინ “საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ“ და “საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ“ უმასპინძლეს “მონაკოს სომელიეთა ასოციაციის“ პრეზიდენტის და სომელიეებისგან შემდგარ დიდ დელეგაციას, ასევე ჟურნალისტებს და გადამღებ ჯგუფს, რომლებსაც საქართველოში მონაკოს საუკეთესო სომელიეების ვიზიტი უნდა გაეშუქებინათ.

ეს იყო ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ინტენსიური სამუშაო ვიზიტი, რომლის დროსაც დელეგაცია სტუმრობდა კახეთის და ქართლის მეღვინეობებს. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, სტუმრებმა დაათვალიერეს დედაქალაქის ისტორიული ნაწილი და ესტუმრნენ სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარს მცხეთაში.

მონაკოდან ღვინის ესპერტების ჩამოყვანის იდეის სულისჩამდგმელს, ყოფილ მორაგბეს, ახლა კი უკვე მევენახე-მეღვინე ილია კახოიძეს 2013 წლიდან შეაქვს ფრანგულ ბაზარზე ქართული ღვინო. მანამდე ილიას ფაქტობრივად მარტოს უწევდა ფრანგებისთვის აეხსნა ქართული ღვინის რაობა და განსაკუთრებულობა. ახლა კი, როდესაც მისი უშუალო ძალისხმევითა და დიდი მონდომებით საქართველოში საფრანგეთიდან 17 ცნობილი სომელიე ჩამოვიდა, დიდი იმედი აქვს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში ყოფილ მორაგბეს ფრანგი ღვინის პროფესიონალებიც დაუდგებიან მხარში.

ილია კახოიძე, მევენახე-მეღვინე: “მონაკოდან ამ ადამიანების ჩამოყვანის მიზანი იყო ქართული ქვევრის ღვინის მათთვის გაცნობა და ისიც გვსურდა, რომ ქართული ღვინის ისტორიას ადგილზე, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში შეხებოდნენ. მინდა გითხრათ, რომ მათ პირველ დღეს უფრო გაუჭირდათ ქართული ღვინის აღქმა, მოგზაურობის ბოლოს კი ამბობდნენ, რომ ქართული ქვევრის ღვინო საუკეთესოა მსოფლიოში.

ფრანგი ღვინის სპეციალისტების აქ ჩამოყვანის იდეა საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაიბადა, როდესაც მონაკოელებთან საუბარში გავარკვიეთ, რომ იანვარი მათთვის თავისუფალი თვეა, რასაც ძირითადად უცხოეთში სამოგზაუროდ იყენებენ. ჩვენ არ დავკარგეთ დრო, ეს პერიოდი სათანადოდ გამოვიყენეთ და ვფიქრობ, რომ შედეგებიც სათანადო მივიღეთ.

დადასტურებულად ვიცი, რომ საქართველოში ნამყოფი ცნობილი სომელიეები სულ მალე გააკეთებენ შემაჯამებელ შეფასებებს. ამას მთელი მსოფლიო წაიკითხავს და გაეცნობა. როგორც იცით, ამ ჯგუფში ღვინის ჟურნალისტებიც ბევრნი იყვნენ, რომლებმაც უკვე დაიწყეს სტატიების მომზადება და მალე ტელესიუჟეტებსაც მოამზადებენ. რაც მთავარია, მთელს ვიზიტზე ფრანგი ჟურნალისტების მიერ ასევე მომზადდება დოკუმენტური ფილმი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხარისხიანი ღვინის ევროპაში პუპულარობისათვის“.

“შატო მერე“, “რუისპირის ბიოდინამიური მეღვინეობა“, “წინანდლის მამულები“, “ორგო“, “შალაურის ღვინის მარანი“, “შატო შუხმანი“, “მეღვინეობა შუმი“, “კორპორაცია ქინძმარაული“, “ვილა მოსავალი“, შატო მუხრანი“ - ეს ის ღვინის მარნები და მეღვინეობებია, რომლებსაც სომელიეები ესტუმრნენ, გაეცნენ კონკრეტული მეღვინეობის ისტორიას და დააგემოვნეს სხვადასხვა ღვინოები, რომლებსაც პროფესიულად აფასებდნენ. შეფასებები როგორც წესი, პოზიტიური იყო.

მონაკოელ სტუმრებს საქართველოში მოგზაურობის დროს ხელმძღვანელობას და დახმარებას ცნობილი ღვინის გიდი მაკა თარაშვილი უწევდა. მაკა ამბობს, რომ ეს ვიზიტი საბოლოოო ჯამში ქართული მეღვინეობისათვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება და ღვინის ტურიზმის განვითარების კუთხითაც ჩვენს ქვეყანას ძალიან წაადგება.

მაკა თარაშვილი, ღვინის გიდი, ტურიზმის სპეციალისტი: “გარდა სომელიეებისა, ამ დელეგაციაში იყვნენ ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფი, რომლებიც ჩამოსვლის წუთიდან მუშაობას შეუდგნენ და სტატიებს საქართველოს და მეღვინეობებში ვიზიტის შესახებ ამზადებდნენ და შემდეგშიც მოამზადებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მონაკოში და ფრანგულენოვან ქვეყნებში საქართველოს ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება და ეს ცნობადობა გამოიწვევს ფრანგულენოვანი ტურისტების რაოდენობის ზრდას ჩვენს ქვეყანაში, ღვინო და ტურიზმი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და შესაბამისად კიდევ სხვა სფეროებსაც მოიცავს, მაგალითად როგორიცაა გასტრონომია, კულტურა.

- რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ვიზიტმა ტურიზმის კუთხით?

- ღვინის ტურიზმი დღეს საქართველოში ტურიზმის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. უკვე დიდი ხანია აქტიურად ხდება ამ მიმართულების განვითარება სამთავრობო სტრუქტურების, კერძო ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ფონდების ხელშეწყობით. თუმცა ვიტყოდი, რომ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო, მეტი განათლება სჭირდებათ მეღვინეებს ღვინის ტურიზმში ჩასართავად, ასევე ტურისტულ გიდებს და მძღოლებს. ღვინის ტურიზმს საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი და განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს, მთავარია განვითარების სწორ გზას არ ავცდეთ და პროფესიონალებისაგან მივიღოთ ცოდნა, რეკომენდაციები და შეფასებები.

- რას გვეტყოდით ზოგადად ქართული ღვინის ტურიზმის შესახებ?

- ჩემთვის დიდი პატივი და დიდი გამოცდილება იყო ამ ჯგუფთან მუშაობა, მათი შეფასებების მოსმენა არა მხოლოდ ღვინოებზე, არამედ მომსახურების ხარისხზე, კულტურულ ძეგლებზე, ქვეყნის ისტორიაზე. თითოეული ასეთი ტური არის დასტური იმისა, რომ სწორად მივდივართ არჩეულ გზაზე, რაც უდიდესი სტიმულია ყველასათვის, ვინც ასეთი ვიზიტების ორგანიზება-განხორციელებაშია ჩართული. დიდი მადლობა ბატონ ილია კახოიძეს, “ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ და “ტურიზის ეროვნულ ადმინისტრაციას“. და რა თქმა უნდა “საქართველოს ღვინის კლუბს“ ამ ვიზიტით დაინტერესებისთვის“.

მონაკოელმა ღვინის პროფესიონალებმა და ჟურნალისტებმა, სანამ დიდი და მრავლისმომცველი სტატიები დაიწერება, მცირე კომენტარებიც გააკეთეს საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებიდან. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:

დომინიკ მილარდი - მონაკოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი: “საქართველოში მეღვინეობის დიდი ტრადიციები არსებობს და ამ ქვეყანას, ვფიქრობ რომ დიდი მომავალი აქვს. საქართველოში მოგზაურობით უზომოდ კმაყოფილი ვარ და ბევრ საინტერესო სიახლეს გავეცანი“.

ჯონათან დურანტე, სომელიე, ღვინის პროფესიონალი: “ქართლის ნიადაგი და კლიმატი განსხვავდება კახეთისგან და ეს განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ღვინოზე. ქარი ძალიან ეხმარება ვენახებს და განსაკუთრებულად კარგია ორგანული მევენახეობისთვის. სამწუხაროა, რომ ქართული ღვინო ძირითადად რუსეთსა და ჩინეთში იყიდება. ეს მაშინ, როდესაც მე ვხედავ დიდ პოტენციას, რომ ეს ღვინო ევროპაშიც პოპულარული იყოს“.

პატრის ფრანკი, სასტუმრო "ოტელ დე პარის" შეფ სომელიე: “შალაურის მარანში“ განსაკუთრებით მომეწონა "რქაწითელი 2013". ”ქარვისფერი ღვინოა, ინტენსიური და ნაზი, რომელიც სავსეა სანელებლების სურნელით (დარიჩინი, ზაფრანა), შემდეგ მოდის ეგზოტიკური ხილის ტონები (ანანასი). ძალზე მდიდარი ღვინოა და დაბოლოებაც ხანგრძლოვი აქვს. თეთრ ხორცს ფანტასტიურად უხდება და ამის მერე როდესაც თეთრ ხორცს გავსინჯავ, სულ ეს ღვინო გამახსენდება“.

შთამბეჭდავად გამოიყურება ფრანგი სტუმრების ჩამონათვალი და ჩვენი პორტალის მკითხველი ღვინის მოყვარულებისთვის ალბათ საინტერესო იქნება სტატიის ბოლოს მათ კონკრეტულად თუ გაგაცნობთ.

დომინიკ მილარდი (Dominique Milardi) - მონაკოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, საფრანგეთის სომელიეთა კავშირის ოსტატი სომელიე, მონაკოს “პირადი ეტიკეტის სანდო მრჩეველი“, ფრანგული სამზარეულოს ღვინის კონსულტანტი მონაკოში და სხვა...

ჟერარ ვეირა (Gérard Veyrat) - მონტე-კარლო ბეის მთავარი სომელიე მონაკოში, სომელიეთა ასოციაციის ბიუროს წევრი, საფრანგეთის სომელიეთა კავშირის ოსტატი სომელიე.

პატრის ფრანკი (Patrice Frank) - “ოტელ დე პარის“ შეფ სომელიე მონაკოში, სომელიეთა ასოციაციის ბიუროს წევრი, საფრანგეთის სომელიეთა კავშირის ოსტატი სომელიე, სომელიეთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, “ფრანკ-პინეოს ძმობის“ წევრი.

პატრიკ გუტიერესი (Patrick Guttierez) - სომელიე-კონსულტანტი მონაკოს სამთავროში, სომელიეთა ასოციაციის ბიუროს წევრი, საფრანგეთის სომელიეთა კავშირის ოსტატი სომელიე.

ჯონათან დურანტე (Jonathan Durante) - ცნობილი სომელიე მონტე-კარლოში, სომელიეთა ასოციაციის მთავარი ხაზინადარი.

ფრედი ვინაჟი (Fredy Vinaj) - სომელიე-კონსულტანტი მონაკოს სამთავროში, სომელიეთა ასოციაციის ბიუროს წევრი და სხვა...

სირილ ჟელი (Cyril Jaegle) - მონაკოში მდებარე "დიონისოს" ღვინის ქარხნის დირექტორი, სომელიე-კონსულტანტი, სომელიეთა ასოციაციის ბიუროს წევრი, საფრანგეთის სომელიეთა კავშირის ოსტატი სომელიე.

ნატალი აუსელო (Nathalie Ausello) - სომელიე მონაკოში მდებარე სასტუმრო Fairmont Monte-Carlo-ში, სომელიეთა ასოციაციის ბიუროს წევრი.

კატი ალბანო (Cathy Albano) - სომელიეთა საბჭოს წევრი.

პატრის ალბანო (Patrice Albano) - სომელიე-კონსალტინტი - სომელიეთა ასოციაციის ბიუროს წევრი, საფრანგეთის სომელიეთა კავშირის ოსტატი სომელიე.

ჟერარ რავერა (Gérard Ravera) - სომელიეთა ასოციაციის ბიუროს წევრი, წარსულში ტურიზმის დეპარტამენტის წევრი, "მონაკოს ეპიკური კლუბის" პრეზიდენტი, მონაკოს სამთავროს ეკონომიკური პალატის სენატორთა პრეზიდენტი, მონაკოს სამთავროს ორდენის კავალერი და სხვა...

გიიომ რობიიონი (Guillaume Robillon) - სომელიე კონსულტაცია მონაკოში, სომელიეთა ასოციაციის ბიუროს წევრი.

ჟან-მარკ რემონი (Jean-Marc Remond) - ცნობილი სომელიე მონაკოში, საფრანგეთის სომელიეთა კავშირის ოსტატი სომელიე, სომელიეთა ასოციაციის წევრი.

დევიდ ლიონი (David Lions) - სომელიეთა ასოციაციის წევრი.

მერლინ გუანი (Marlène Goin) - სომელიეთა ასოციაციის წევრი.

ფრედერიკ კრემერი (Frédéric Kremer) - ღვინის კონსულტანტი, სომელიეთა ასოციაციის ბიუროს წევრი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.