Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქორწილო ტორტების მოკლე ისტორია

ნათია ჯინჯოლავა

ჯვრისწერისა და ხელმოწერის ძირითადი თემა თუ პატარძლის კაბა, ვარცხნილობა და თაიგულია, საქორწილო წვეულების მთავარი მოქმედი გმირი და უდიდესი ინტერესის საგანი ყველაზე გამოსაჩენ ადგილას გამოდგმული ტორტია. ალბათ საქორწილო სუფრის უმეფე-დედოფლოდ წარმოდგენა უფრო ადვილია, ვიდრე საქორწილო ტორტის გარეშე, რაც სულაც არაა გასაკვირი, იმიტომ რომ  ტორტს ოდითგანვე რიტუალური დატვირთვა ჰქონდა და მექორწინეთა რწმენით, ახალდაქორწინებული წყვილის მომავალი ბედი თუ უბედობა უნდა განესაზღვრა.

მეფე-დედოფლის ხელით ტორტის ერთად გაჭრის ისტორია სათავეს ხუთი ათასი წლის წინ იღებს და საფუძვლად პურის ერთად გატეხვის და ამ გზით დამეგობრების ტრადიცია უდევს. დიახ, დიახ, თანამედროვე საქორწილო ტორტის წინაპარი სწორედ უბრალო ხმიადი გახლდათ. კონკრეტულად კი, რომის იმპერიაში საქორწილო პურს ქერის ან ხორბლის ფქვილისგან აცხობდნენ, რომელსაც სიძე დედოფლის თავს ზემოთ ამტვრევდა და ნატეხებს სტუმრებს ურიგებდა - ამ გზით, სიმბოლურად, საკუთარ ბედნიერებას და იღბალს სხვებსაც უნაწილებდა. პატარძლის თავზე დაყრილ ნამცეცებს ისევ სიძე აგროვებდა და თანამეცხედრესთან ერთად მიირთმევდა. ამ ტრადიციის მთავარი იდეა ქმრისადმი ახალგაზრდა ცოლის მორჩილებაში მდგომარეობდა: ქორწილის დღესვე სტუმრების თვალწინ თავზე ლავაშს რომ გადაგატეხავენ და ხმას არ ამოიღებ, მერე აბა რა ვეღარ უნდა მოითმინო!

მსგავსი ტრადიცია შოტლანდიაშიც არსებობდა, ოღონდ იქ პურს შვრიისაგან ამზადებდნენ და საბრალო დედოფლის ხვედრს იმითი ამსუბუქებდნენ, რომ პატარძლის მეგობრები ქალს თავზე ტილოს ხელსახოცს აფარებდნენ და ზედ შვრიის პურიან კალათას ადგამდნენ. თავად წარმოიდგინეთ რა სანახავი იქნებოდა საპატარძლოდ მოკაზმული ქალი თავზე პურით სავსე ხონჩით. ასეთი პური უფრო კვერს წააგავდა, ვიდრე პურს და ტორტზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და მსგავსი ცერემონიების შესახებ ცნობები მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით გვხვდება.

კიდევ უფრო შემზარავია პატარძლის თავზე პურის გადატეხვის წინამორბედი ტრადიცია: ჩვენს ერამდე დაახლოებით 100 წელს რომაელები პატარძალს პურის კვერებს ესროდნენ. შემდეგ, როგორც ჩანს, კომპრომისამდე მივიდნენ და პურის თავსზემოთ გადატეხვასა და ნამცეცების დაყრას დაჰყაბულდნენ, რასაც „conferratio“ ანუ „ერთად ჭამა“ უწოდეს. მოგვიანებით სწორედ ეს „conferratio“ იქცა დღეისათვის ასე პოპულარულ ფერად-ფერად ქაღალდის „კონფეტებად“, რომლებსაც მთელ მსოფლიოში აყრიან თავზე ახალდაქორწინებულებს.

საქორწილო პური ძალიან ბევრი ქვეყნის ჩვეულებებში არსებობდა. მაგალითად ჩინეთში სიძის ოჯახი პატარძალს ოთხ ცალ პურს უგზავნიდა, რომლებსაც ჰაერში სათითაოდ ისროდნენ და პატარძლის თავს ზემოთ გაშლილი ზეწრით იჭერდნენ, რომელიც თითოეული კვერის ტყორცნისას გათხოვებაზე ლექსებს კითხულობდა და ასე აღნიშნავდა მშობლების ოჯახთან განშორებას. ქრისტიანობამდელ რუსეთში ქორწილისთვის საგანგებო „კარავაის“ აცხობდნენ და საკმაოდ რთულ რიტუალს ატარებდნენ. პურისთვის ცომს გათხოვილი ქალი ზელდა, აცხობდა კაცი და ჭრიდა ბავშვი. მის ნაჭრებს კი სტუმრებს მაჭანკალი ურიგებდა. თანაც მთელი ეს პროცესი სპეციალური სიმღერების თანხლებით მიმდინარეობდა. თან ქორწილის ცერემონიამდე კარავაის ახალდაქორწინებულები სახით უნდა შეხებოდნენ და საკუთარი ცრემლებით დაენამათ.

შუასაუკუნეების ინგლისში  სტუმრები საგანგებოდ გამოყოფილ მაგიდაზე სახლიდან მოტანილ ტკბილი ფუნთუშებოს გორას ახვავებდნენ (რაც უფრო შეძლებული იყო ოჯახი, მით უფრო მაღალი გორა უნდა ყოფილიყო), რომლის თავზე კოცნაც ახალდაქორწინებულების უღრუბლო მომავლისა და უხვშვილიანობის საწინდრად ითვლებოდა და ეს პროცესი ხშირად ცოლ-ქმრის ფუნთუშებში თავით ჩარჭობით მთავრდებოდა. სხვათა შორის, ინგლისელებს დღესაც საკმაოდ უცნაური ტრადიაცია აქვთ - საქორწილო ტორტს საშობაო პუდინგის მსგავსი ჩირიანი და ცუკატებიანი კექსისმაგვარი მასისაგან ამზადებენ, რომელიც ძალიან დიდხანს არ ფუჭდება. ქორწილის მერე ტორტის ერთ ნაჭერს ინახავენ და პირველი შვილის ძეობაზე მიირთმევენ!

1660-ინ წლებში ერთი ფრანგი კონდიტერი ლონდონს გაემგზავრა და ერთმანეთზე უთავბოლოდ დაყრილი ფუნთუშები რომ ნახა, მართალია დაიზაფრა, მაგრამ იდეა გადაათამაშა და შესანიშნავი საქორწილო ტორტი „კროკემბუში“ შექმნა. დაშაქრული ყვავილებითა და კაკლით მორთული პირამიდასავით დაწყობილი უგემრიელესი კრემიანი „შუების“ ტორტი იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ დღემდე უზარმაზარი მოწონებით სარგებლობს მთელ ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში.

მრავალიარუსიანი საქორწილო ტორტები ევროპელ არისტოკრატებში მე-19 საუკუნიდან გახდა პოპულარული. მათ ავტორად ერთ ლონდონელ მებაყლეს, ბობ სმიტს მიიჩნევენ, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული შექმნა სურდა და არაფერი გამოსდიოდა, სანამ ფანჯრიდან ფლიტ-სტრიტზე მდებარე სენტ-ბრაიდის ეკლესიის გუმბათი არ დაინახა.

მე-17 საუკუნის ევროპაში ტრადიციად იქცა ორი საქორწილო ტორტის აუცილებლობა - ერთი პატარძლისთვის (თეთრი ფერის, როგორც სისპეტაკისა და უმანკოების სიმბოლო) და ერთიც სიძისთვის (ჩვეულებრივი ხილის ნამცხვარი). დედოფლის ტორტში შუშის ბეჭედს მალავდნენ, რომლის მპოვნელიც, როგორც უკვე ხვდებით, უახლოეს მომავალში ბედს უნდა წეოდა. ნეფის ტორტს უფრო მოკრძალებულად რთავდნენ, მაგრამ ზომით საცოლის ტორტზე ბევრად დიდი იყო. სიძის ტორტს წინასწარ ჭრიდნენ, გაბაფთულ თეთრ კოლოფებში აწყობდნენ და დარბაზის გასასვლელში ალაგებდნენ. ქორწილის დასასრულს კი შინისკენ მიმავალი სტუმრები კოლოფებს სამახსოვროდ ხელს აყოლებდნენ და დილას ჩაისთან მიირთმევდნენ. თანამედროვე მსოფლიოში სიძის ტორტს ზედმეტ ხარჯად თვლიან და აღარ აცხობენ, მაგრამ მაინც თუ გადაწყვისტეს მისი გაკეთება, მაშინ აუცილებლად თემატური ხასიათისაა და სიძის გატაცებებს ასახავს.

მე-20 საუკუნეში სამსართულიანი მრგვალი ტორტები შომოვიდა მოდაში, რომლის თითო იარუსიც ნიშნობის, საქორწილო და მარადჟამობის ბეჭდების სიმბოლოს წარმოადგენდა. ტორტის ერთდროულად გაჭრის ტრადიცია კი 1930 წლიდან აღდგა, როცა კონდიტერებმა ტორტის მოსარკალება ერთგვარი მეტისმეტად მაგარი „სამეფო მინანქრით“ დაიწყეს და რომელსაც  პატარძლის მოკრძალებული მარჯვენა ვერ ერეოდა.

თანამედროვე საქორწილო ტორტები ნამცხვარზე მეტად ხელოვნების ნიმუშებია. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა საქორწილო ტორტად თავისი პორტრეტი შეუკვეთა. სულ უფრო და უფრო ხშირად აკეთებენ შენობების, ადამიანებისა და ცხოველების ფორმის ტორტებს, ათასგვარი ჩანართებითა და მოძრავი მექანიზმებით. თბილისში ასე პოპულარული მრავალიარუსიანი, კოლონებზე შემომდგარი ტორტები დიდი ხანია დანარჩენ მსოფლიოში კლასიკად ითვლება და მოდიდან გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც ძალიან პოპულარულია მარციპანის თუ დაშაქრული ყვავილებითა და ხილით მორთული საქორწილო ტორტები, მათი ფორმა, დიზაინი და ფერები ბევრად უფრო მრავალფეროვანი, ექსტრავაგანტული და ხშირად თემატურიც გახდა. უცხოეთში საქორწილო ტორტის დიზაინს ძირითადად საქორწილო დარბაზის ინტერიერს, მეფე-დედოფლის ჩაცმულობასა და მათთვის რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას ან თარიღს უხამებენ. ფორმა იცვალა ტორტის მოსართავმა მეფე-დედოფლის კლასიკურმა ფიგურებმაც, მათი არჩევა უკვე ნებისმიერი გემოვნებით და შინაარსით შეიძლება. ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი მოთხოვნილება ე.წ. „ქაფქეიქებისგან“ შედგენილ ტორტებზეა. ანუ ტორტებზე, რომელიც ცალ-ცალკე გამომცხვარი თოთო პორციიანი რამდენიმე ათეული (ხანდახან ასეული) ნამცხვრისგან შედგება.

მსოფლიოში ყველაზე დიდი საქორწილო ტორტი 2003 წლის 12 ივნისს ორლანდოელმა კონდიტრებმა შექმნეს. ექვსი მეტრი და სამოცდაათი სანტიმეტრი სიმაღლის ტორტი-გიგანტი ხუთი სართულისგან შედგებოდა და 2420 კილოგრამს იწონიდა. ალბათ დაგაინტერესათ ამხელა ტორტი ვისი ქორწილისთვის გამოაცხვეს - ტორტი მულტფილმის გმირების შრეკის და ფეონას ბედნიერ შეუღლებას ეძღვნებოდა..

ყველაზე ძვირფასი ტორტი 2006 წელს ბევერლი ჰილზის საქორწილო გამოფენაზე გამოიტანეს. მისი ავტორები საქორწილო ტორტების დიზაინერი Nahid La Patisserie Artistique  და იუველირი Mimi So გახლდნენ. ტორტი ძვირფასი ქვებით იყო მორთული, იგი მხოლოდ თვალსასეიროდ დაამზადეს და მისი გემო არავის გაუსინჯავს. გამოფენის დროს მას  შეიარაღებული მცველების მთელი ჯგუფი იცავდა - იმ დროისათვის ტორტის ფასი 20 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2010 წელს დალასელმა კონდიტრებმა „Delicious Cakes“ და იუველირულმა ფირმებმა „Dallas Gold“-ი  და „Silver Exchange“-ი 1,3 მილიონად შეფასებული 1200 კარატი საფირებითა და ბრილიანტებით მორთული მორიგი 73 კილოგრამიქნი საქორწილო შედევრი შექმენს. 360 სტუმარზე გათვლილი ტორტის ერთი ნაჭერი 3125 დოლარი დაჯდა. ტორტის ნაჭრის ინტერნეტით ან ტელეფონით შეკვეთა და პირის ჩაგემრიელება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

2011 წლის ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო ტორტი 4 თებერვალს იტალიაში “Bride Villa”-ს ფესტივალის ფარგლებში გამოფინეს. ამ შედევრის შექმნაზე კონდიტრებმა და დიზაინერმა Laura Aguglia-მ 36 საათი და სვაროვსკის 500 კრისტალი დახარჯეს. მისი ფასი კი 6000 ოყო.  ტორტი ოთხი იარუსისაგან შედგებოდა და ზევიდან მწვანე-ლურჯი კრისტალისგან შესრულებული ერთმანეთში გადახლართული ჩიტების ფიგურა ამშვენებდა...

დინალდ ტრამპის საქორწილო ტორტს სამი ათასი თეთრი შაქრის ვარდი ამშვენებდა, უინძორის ჰერცოგინიასა და ჰერცოგის 1937 წლის საქორწილო ტორტის ნაჭერი სოთბის აუქციონიდან 1998 წელს 29, 900 დოლარად გაიყიდა. საინტერესოა რა ეღირება Fiona Cairn-ის მიერ პრიცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის ქორწილში დამზადებული ტრადიციული ხილის ტორტის ნარჩენები სამოცი წლის შემდეგ?

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული