Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართულმა ღვინომ და ყველმა მცხეთაშიც იქორწინეს

ლევან სეფისკვერაძე

ყველა აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოში ღვინოსა და კულინარიასთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებები შესამჩნევად მომრავლდა. პრაქტიკულად თვე ან სეზონი არ გავა ისე, რომ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებმა ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული რაიმე აქტივობით არ დაამახსოვრონ თავი საზოგადოებას. საერთო აზრით, ასეთი აქტივობები მთლიანობაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე დადებითად მოქმედებს და ეს კიდევ ერთხელ, 16 ოქტომბერს მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძრის წინ, ღია ცის ქვეშ გამართულ “ქართული ღვინისა და კულინარიის დღეზეც“ დადასტურდა.

“სქიბუს“ დაბრუნება

საქართველოს ტურისტული ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გამართული ეს ღონისძიება ვერც შემოდგომის წვიმიანმა დღემ გააფუჭა და ვერც მისმა არცთუ მასშტაბურობამ. “ქართული ღვინისა და კულინარიის დღეზე“, ქართული კულინარიული შედევრების გარდა, გამოფენილი იყო როგორც ოჯახური ტიპის მარნების, ასევე დიდი კომპანიების მიერ წარმოებული ქართული ღვინის ნიმუშები. განსაკუთრებული მოწონება ქვევრში დაყენებულ ნატურალურ ღვინოებს ხვდა წილად, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქართული ქვევრი თანდათან უფრო პოპულარული ხდება. ღონისძიებაზე მისული ნატურალური ღვინის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოყვარულები უპირველეს ყოვლისა სწორედ იმ დახლებისაკენ იღებდნენ გეზს, სადაც ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი.

“ქართული ღვინისა და კულინარიის დღეზე“ მისული ადამიანებისათვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის, რომ ყველისა და ღვინის ნიმუშების დაგემოვნება ყველას უფასოდ შეეძლო და ამას გარდა, მოწონებული ღვინის ადგილზე შესყიდვაც შეიძლებოდა. თვალშისაცემი იყო წარმოდგენილი ყველის მრავალფეროვნებაც. გამოფენილ 40-მდე ყველის ნიმუშს შორის, განსაკუთრებით ახლადაღმოჩენილ მეგრულ ყველს – “სქიბუს“ ხვდა მოწონება. ასევე პოპულარული იყო მეგრული რბილი ყველი, “ლაგუჯი“ და საფერავში დავარგებული კახური ყველი – “ტიბაანური“. პროექტ “ქართული ყველისა“ და ფერმა “ჰამოს“ წარმომადგენელი, მანანა ტრენკლე ამბობს, რომ ქართველი მომხმარებელის მხრიდან ხარისხიანი ყველისადმი ინტერესი თანდათან იზრდება.

მანანა ტრენკლე: “დღევანდელ ღონისძიებაზე საკმაოდ ბევრი დასახელების ყველი გვაქვს წარმოდგენილი. რამოდენიმე სახეობა სამწუხაროდ ვერ წამოვიღეთ, რადგან ისინი ამჟამად დავარგების პროცესში არიან. ზოგიერთი ყველი კი მაცივარს თხოულობს და ღია ცის ქვეშ ამის პირობების არ არის. განსაკუთრებული მოწონებით ჭაჭამოდებული და საფერავში დავარგებული ყველი სარგებლობს. ასევე დიდად საინტერესოა სხვადასხვა ტიპის ვარირებული სულგუნი. (პიტნაში, თაფლში, მარილწყალში ჩადებული და სხვ.) ძალიან მიხარია, რომ ჩვენს მაგიდასთან ბევრი ხალხი დგას და ასეთ დიდ ინტერესს გამოხატავენ აქამდე მათთვის უცნობი ყველის მიმართ. ადრე მეც ნაკლებად ვიყავი ჩახედული ქართული ყველის საიდუმლობებეში, მაგრამ ერთხელ, როდესაც გერმანიაში წასაღებად ცუდი ყველი შემომაპარეს, გადავწყვიტე, რომ თავად მომეკიდა ხელი ყველის წარმოებისათვის. გადავწყვიტე თუ არა, გავიცანი “ქართული ყველის დედა“, ანა მიქაძე თავისი იდეებით, თავისი პროექტით და ახლა უკვე მეც მთლიანად ამ საქმეში ვარ ჩართული“.

“პრივატულობა“ დასრულდა

“ქართული ღვინისა და კულინარიის დღე“ აქამდე, როგორც წესი, შედარებით მოკრძალებურ და პრივატულ გარემოში იმართებოდა. როგორც ამ წამოწყების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე ამბობს, ღვინისა და გასტრონომიული ელემენტები საქართველოში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წყაროა და უცხოელების ჩვენს ქვეყანაში მოსაზიდად ქართულმა ღვინომ და სამზარეულომ შესაძლებელია ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

მაია სიდამონიძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი:“როგორც ხედავთ ჯერ მხოლოდ დღის პირველი საათია და უკვე ამდენი სტუმარი გვყავს. ეს მეტყველებს იმაზე, თუ ყველა ადამიანში როგორ დიდ ინტერესს იწვევს ქართული ღვინო და სამზარეულო. ამ ღონისძიების გამართვის იდეა მართალია ჩვენს სააგენტოს ეკუთვნის, მაგრამ გვერდში რომ არ დაგვდგომოდა სხვადასხვა დიდი თუ პატარა კომპანიები, ღონისძიება ასეთი კარგი ნამდვილად არ გამოგვივიდოდა. როგორც ხედავთ, აქ წარმოდგენილი პროდუქტები ძირითადად არის ეკოლოგიურად სუფთა, რაც დღეს დასავლეთის ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება. ჩვენი ქვეყნის სტუმრები დიდ ყურადღებას აქცევენ არამხოლოდ ღვინისა და ყველის ფასს, არამედ მათ ხარისხს. აქ კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაღალხარისხიანია. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ”ქართული ღვინისა და კულინარიის დღე“ ყოველ წელს გავმართოთ და როგორც ქართველებს ასევე უცხოელებს ქართულ კულინარიის სფეროში არსებული ნოვაციები მუდამ გავაცნოთ”.

ღონისძიებაზე თითქმის ყველა ცნობილი ქართული ღვინის დიდი თუ საშუალო კომპანია იყო წარმოდგენილი. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ სხვადასხვა მეთოდით დაყენებული როგორც მშრალი და ნახევრადმშრალი, ასევე ტკვბილი და ნახევრადტკბილი ქართული ღვინოები. ასევე ნახავდით ცქრიალა ღვინის მეტად საინტერესო ნიმუშებს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ყველაზე დიდი ინტერესი ქვევრის ღვინომ გამოიწვია და უკვე 14 საათისათვის, (ღონისძიება დღის 12 საათზე დაიწყო და 18 საათამდე გაგრძელდა) ქვევრის ნატურალური ღვინის მწარმოებელ მეღვინეებს ღვინის რაოდენობრივი დეფიციტი შეექმნათ.

სადღეგრძელო იაპონურად

”ანთაძეების მარნის” მფლობელის, მეღვინე ნიკოლოზ ანთაძის თქმით,  “ასოციაცია ქვევრის ღვინის“ მიერ წარმოდგენილი ექვსი დასახელების ღვინისადმი განსაკუთრებული ინტერესი მათთვის დიდი სტიმულია, რადგან კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ის გეზი და მეთოდი, რაც ნატურალური ღვინის მწარმოებლებმა აირჩიეს, სწორი და გამართლებულია.

ნიკოლოზ ანთაძე, მეღვინე: ”ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ღვინის ის რაოდენობა, რომ მთლიანად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის ინტერესი. თუმცა, ვცდილობთ, რომ ყველას გავუღვივოთ ნატურალური ღვინის სიყვარული, რადგან მომავალი სწორედ ასეთი ღვინის არის. აქ წარმოდგენილი ნიმუშების დიდი ნაწილი ქართველმა ღვინის მოყვარულებმა მაისში გამართულ ”ახალი ღვინის ფესტივალზე”, ან სხვა ღონისძიებებზე უკვე გასინჯეს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მეღვინეს ყოველთვის სჭირდება საკუთარი თავის კონტროლი და სხვების კრიტიკის მოსმენა. სხვაგვარად ღვინის ხარისხი ვერ აიწევს და კონკრეტული ღვინის მარანი უბრალოდ ვერ განვითარდება. ასეთი ღონისძიებები კი პირველ რიგში თვითკრიტიკის უნარს უვითარებს იმ ადამიანს, რომელიც ღვინოს აყენებს”.

დაახლოებით იგივე აზრზეა, ნიკოლოზ ანთაძის სეხნია და კოლეგა, გერმანიაში მოღვაწე არქიტექტორი, ნიკა ბახია, რომელსაც “ქართული ღვინისა და კულინარიის დღეზე“ კახეთში საკუთარ ვენახში მოწეული 2010 წლის მოსავლის საფერავი ჰქონდა წარმოდგენილი. ნიკა ბახია ამბობს, რომ ქვეყანაში ცხოვრების დონის ხარისხი პირდაპირ უკავშირდება იქ წარმოებული ღვინის ხარისხს. ამ კუთხით კი, ქართული ღვინო ქვეყნის განვითარებასაც კი უსწრებს წინ. თუმცა, მეღვინეებს მაინც ბევრი პრობლემების დაძლევა უწევთ და ეს პრობლემები უპირველეს ყოვლისა, ღვინოსთან დაკავშირებით ზოგადი ცოდნის სიმწირეს უკავშირდება. 

საქართველოს ძველ დედაქალაქში გამართულ “ქართული ღვინისა და კულინარიის დღეზე“ მისულ უცხოელ სტუმრებს, დაგემოვნებული კერძისა და ღვინის გარდა, განსაკუთრებით ქართული სიმღერები მოეწონათ. სხვადასხხვა ქართული ანსამბლების წარმომადგენელმა ახალგაზრდა ბიჭებმა პირველად კომპანია ”თბილღვინოს” დახლთან ”მრავალჟამიერი” იმღერეს. შემდეგ შავნაბადას მონასტრის დახლთან გადაინაცვლეს და ”შენ ხარ ვენახი” დააგუგუნეს. იმ დახლებთან, სადაც ქართული ყველი იყო წარმოდგენილი, მომღერლებს ბანის მთქმელი ათეულობით მოხალისე ადამიანი შეურთდა და არც რამდენიმე გურული და იმერული სიმღერა დაამადლეს იქ მყოფთ. მომღერლებს უცხოელი სტუმრები გუნდ-გუნდათ დაჰყვებოდნენ და ყოველი ახალი სიმღერის დასრულების შემდეგ დიდ აღფრთოვანებას ოვაციებით გამოხატავდნენ.

”საქართველოში მეორედ ვარ. თქვენს ქვეყანას აქვს რაღაც განსაკუთრებული, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ და ეს რომ იგრძნო, პირველ რიგში აქ უნდა ჩამოხვიდე. ქართული ღვინო საოცარი სასმელია. მე არასოდეს ვმღერი, მაგრამ როდესაც ქართული წითელი ღვინო დავლიე, მეც მომინდა სხვებთან ერთად მემღერა, მაგრამ როგორც ხედავთ არაფერი გამომივიდა. იაპონიაშიც ბევრი სახალხო დღესასწაული გვაქვს და ძალიან მომწონს, რომ კარგ ტრადიციებს არამხოლოდ იაპონიაში აფასებენ. ქართველი ხალხი ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს და მე მჯერა თქვენი მომავლის!”. ჩვენი ქვეყნისადმი მიმართულ ამ თბილ სიტყვებს იაპონელმა სტუმარმა, ეშინესო მაზუკიმ თან კარგა გრძელი სადღეგრძელოც მიაყოლა

ტკბილი ღვინო და ჩირი

ღონისძიების განსაკუთრებული სიახლე იყო ახლადდარსებული მცირე ოჯახური კომპანია ”დოვლის” მიერ წარმოდგენილი ხმელი ხილი, რომელიც ქართულ ბაზარზე მოკლე ხანში გამოჩნდება. ატამის, გარგარის, ვაშლის, მსხლის, ლეღვისა და შავი ქლიავის სხვადასხვა ორიგინალური მეთოდით დამზადებული ჩირები ყველას, განსაკუთრებით კი ტკბილი ღვინის მოყვარულ უცხოელებს მოეწონათ და ჩირის შეძენის სურვილი მრავალმა სტუმარმა გამოთქვა. კომპანია ”დოვლის” დირექტორმა და დამფუძნებელმა, აიელდა ფანცულაიამ გაგვიმხილა, რომ ნამდგილად არ ეგონა, თუკი მათი ჯერაც ახალი პროდუქცია, მომხმარებლების ასეთ დიდ ინტერესს დაიმსახურებდა.  

აიელდა ფანცულაია, კომპანია ”დოვლის” დამფუძნებელი:”ეს არის ჩვენი საოჯახო ბიზნესი, რომელიც ხილის დაძველების ძველი ქართული ტრადიციული მეთოდების აღდგენას უკავშირდება. ბიზნესი სულ რამდენიმე თვის დაწყებული გვაქვს და ეს პირველი ღონისძიებაა, სადაც პროდუქცია წამოვადგინეთ. ჩვენს მიერ ძველი მეთოდებით გამომშრალ ხილს შენარჩუნებული აქვს ნატურალური ფორმა. ანუ რომ შეხედავთ ნახავთ, რომ ხილს ყუნწიც კი აქვს და უწინდელი ფორმაც. რაც მთავარია ეს ჩირი შიგნიდან გამოტენილია ნიგვზით. ამ ნოვაციამ უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია. დაახლოებით ერთ კვირაში ჩირს შევიტანთ მაღაზიებში და იმედი გვაქვს, რომ დაინტერესება კიდევ უფრო დიდი იქნება”.

შემთხვევით არ გვითქვამს, რომ ქართულ ღვინოსთან და კულინარიასთან დაკავშირებული ნებისმიერი დიდი თუ პატარა მასშტაბის ღონისძიება, მნიშველოვანი და კარგია ქართული კვების პროდუქტების და უპირველად ღვინის პოპულარიზაციისათვის. მათ შორის, მცხეთაში გამართული “ქართული ღვინისა და კულინარიის დღეც” მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა შეფასდეს. ღონისძიების ორგანიზატორები ასეთი დღეების გამართვას მომავალშიც აპირებენ და ჩვენ პირველ რიგში იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომდევნო ღონისძიებებზე წარმოდგენილი ღვინის, ყველისა თუ სხვა პროდუქტების ნიმუშები, წლევანდელზე უფრო მაღალხარისხიანი და საინტერესო იქნება.

© ღვინის კლუბი/Weekend



მთელი გულით ვულოცავ კომპანია "ქინძმარაულ მარანს" აღიარებას და დიდ წარმატვულოცავ ქართული ღვინის ყველა მოყვარულს. ბრავო !!!! http://www.asiasbestwinesandspirits.com/search2010/info/468/

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული