Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დამბალ-ხაჭოობა და ფშაური ლხინი

ქეთი ადეიშვილი      

11 ოქტომბერს სოფელ არაგვისპირში, რესტორან “თეთრ დუქანში” ძალიან საინტერესო ღონისძიება მოეწყო – დამბალ-ხაჭოს ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო ფშავური სუფრა თავისი დამახასიეთებელი კერძებითა და სუფრის ატრიბუტიკით. ამ ღონისძიების გამართვა შედარებით ადრე იგეგმებოდა სოფელ მაღაროსკარში, თუმცა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ პირველ ეტაპზე დამბალხაჭოობის დღესასწაული შედარებით მცირე მასშტაბით გაემართათ და ძალები მოესინჯათ.

ორგანიზატორებად მოგვევლინენ კავშირი “ჩვენი ფშავი” ქალბატონი მარიამ ხუცურაულისა და ბატონი ელიზბარ ელიზბარაშვილის ხელმძღვანელობით, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები. ფესტივალზე მოეწყო რამდენიმე კონკურსი საუკეთესო დამბალ-ხაჭოს გამოსავლენად და მისადმი მიძღვნილი საუკეთესო ლექსისთვის. ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ჟიურის თავმჯდომარე – ბატონები ივანე ბერიძიაშვილი, ბატონები: გია სვანიძე, ვახტანგ კურცხალია, ზურაბ ოტიაშვილი და პროექტ ქართული ყველის ხელმძღვანელი, ქალბატონი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, პრიზი საუკეთესო დამბალ-ხაჭოსთვის გადაეცა თამარ ნავროზაშვილს, პროდუქტის ლამაზად წარმოდგენისათვის – ქეთევან შარმიაშვილს, საუკეთესო შეფუთვისთვის – ირმა ცქიფაშვილს, საუკეთესო ლექსისთვის – ზაურ წოწკოლაურს, ხოლო გრან-პრი და მაყურებლის სიმპატია კი სრულიად სამართლიანად სანათა მაჩურიშვილმა დაიმსახურა. ქალბატონმა მარიამ ხუცურაულმა დანაპირები შეასრულა და დამსწრეთ წარმოუდგინა ფშავის არსებული და ალტერნატიული ტურისტული მარშრუტები, რომლებიც სამომავლოდ კარგ სამსახურს გაუწევს მთლიანად ქართულ ტურიზმს.

"სტუმარ-მასპინძლის" სამშობლოში მასპინძლობა არ ესწავლებათ, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ფშაველებმა დამბალ-ხაჭოსთან ერთად სტუმრებს ტრადიციული კაფიები, ლექსები და სიმღერები შესთავაზეს. მოხუცები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები საოცარი ხალისით ცეკვავდნენ, მღეროდნენ და კაფიობდნენ. როგორც თავად მათგან შევიტყვე, სტუმრის დახვედრის ამგვარი ფორმა ჩვეული წესია. შეიძლება ფშავური სუფრა არ გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, მაგრამ ამ დანაკლისს ფშავური კაფიები და სიმღერა ავსებს.

დავუბრუნდეთ ფესტივალის გასტრონომიულ მხარეს – მთავარი მოქმედი პირი დამბალ-ხააჭო იყო და მონაწილეთა მაგიდებზეც სწორედ ეს პროდუქტი ჭარბობდა. ძალიან საინტერესო იყო ძობანებითა და ქოთნით წარმოდგენილი დამბალ-ხაჭოს გუნდები, რომლებსაც ზემოდან სხვადასხვა ფერის ობი ქონდა მოკიდებული. მონაწილეებმა დამბალ-ხაჭოს ერბოიანი გულსართით მომზადებული უგემრიელესი ქადები, ყველი, კეცეულები, მოცვის მურაბა, ვაშლი და კაკალი შემატეს. ქალბატონმა ციცინო ჭყრუნიშვილმა ისიც მითხრა – რაც არ უნდა იყოს, ფშავური სუფრა არ არსებობს ხილისა და კაკლის გარეშეო! ყოველთვის მითქვამს და კიდევაც გავიმეორებ - ისეთ გემრიელ ქადას, როგორსაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ამზადებენ, ვერსად შეხვდებით და მისი საიდუმლო კი ჯანსაღი პროდუქტებია, უპირველესად – ერბო. აქაური ქადა უფრო ცხიმიანია და არომატული. უშაქრო ქადა კი დელიკატესად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომლის გემოც ან ძალიან მოსწონთ, ან პირიქით – ვერაფრით ეგუებიან. მსგავსი დამოკიდებულებაა დამბალ-ხაჭოს მიმართაც. ჟურნალისტისა და ფოლკლორისტის, ბატონი ივანე ბერიძიაშვილის თქმით, ვინც დამბალ-ხაჭოს სინჯავს, პირველად შეიძლება დაიწუნოს, მაგრამ შემდეგ უფროდაუფრო მოსწონს. ეს არის საოცრად უწყინარი პროდუქტი, რომელსაც ახლავს კეთილშობილი ობი და ძალიან სასარგებლოცაა.

საქართველოში ხაჭოს შენახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ მიეკუთვნებაAკალტიც, მაგრამ კონსერვაციის, ანუ დალბობის მხრივ დამბალ-ხაჭო ცალკე დგას. რაც შეეხება ფესტივალს, ბატონ ივანეს მიაჩნია, რომ ამ ღონისძიების მიზანი სწორედ ისაა, ეს უნიკალური პროდუქტი ჯერ საქართველოს ფარგლებში გახადოს პოპულარული, შემდეგ კი მის საზღვრებს გარეთაც. საქართველოში რაც ძველი და ტრადიციული გვაქვს შემონახული, ჯერ თავად უნდა ვიცოდეთ და შემდეგ გავაცნოთ სხვას.

არ შეიძლება არ აღვნიშნო ქალბატონი ქეთევან შარმიაშვილის ულამაზესი ექსპოზიცია. ეს არის მაგალითი, იმისა, თუ როგორ უნდა წარმოვაჩინოთ ტრადიციული პროდუქტები და კერძები ახლებურად, შევუხამოთ ძველი თანამედროვე ტენდენციებს.

ქეთევან შარმიაშვილი – “თიანეთი ნამდვილად აქტიურად არის ჩაბმული ფშავის წარმოჩენის საქმეში. ეს ღონისძიება პირველად ტარდება და დიდი ენთუზიაზმით შევხვდი. ჩვენ გვაქვს წამოღებული დამბალხაჭო, პირველადი და დამუშავებული სახით – ცხელი და ცივი ფორმით. ეს არ არის მარტო სანახაობრივი ღონისძიება, არამედ უკავშირდება დამბალ-ხაჭოს პოპულარიზაციასაც. ასევე ჩართულია ტურიზმის სფეროები, წამოღებული გვაქვს ტურისტული მარშრუტები, რომლებსაც შევთავაზებთ ტუროპერატორებს.“

დაჭრილ ნიორთან და არომატულ პანტის არაყთან ერთად მდნარი დამბალ-ხაჭო განსაკუთრებული აღმოჩნდა. ყველა პროდუქტი, რაც გავსინჯე, საოცრად გემრიელად მეჩვენა. კომპოტებიც კი განსხვავდებოდა ჩვეულებრივ, სახლში მომზადებულისაგან. არ ვიცი, ეს ამაღლებულმა განწყობას მივაწერო თუ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილ ჯანსაღ პროდუქტებს. ფშავლები ხაჭო-ერბოთი და დამბალ-ხაჭოს კეცეულებით, ანუ ფშაური ხაჭაპურებითაც გაგვიმასპინძლდნენ. კეცეულები ძალიან თხელი და ცხიმიანია. გულსართი უფრო ნაზია და სასურველია ცხელ-ცხელი გასინჯო. ასე უკეთ გაუგებ გემოსაც და არომატსაც. ხაჭო-ერბო ტიპიური ზამთრის ნოყიერი საჭმელია, კონსისტენციით თხელ ფაფას გავს და ერთი შეხედვით, შეიძლება არც დაგაინტერესოს. ნაკლებად ცხიმიანი კერძების მოყვარულები მისით ვერ აღფრთოვანდებიან, თუმცა ნაზი და მაწიერი კერძია, რომელიც შვეიცარულ ფონდიუს არაფრით ჩამოუვარდება თავისი გემოვნური თვისებებით.

გარდა დაგემოვნებისა, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ წარმოდგენილი პროდუქტები შეეძინათ კიდეც. დამბალ-ხაჭოზე ისეთი აჟიოტაჟი შეიქმნა, გაკვირვებული დავრჩი, მითუმეტეს, რომ მას ყიდულობდნენ ადამიანები, რომლებმაც ფესტივალზე პირველად გასინჯეს ეს პროდუქტი. ფესტივალის ნორვეგიელი სტუმარი, სვენ ვოგე, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აღფრთოვანებული დარჩა – ძალიან გემრიელი პროდუქტია და აუცილებლად უნდა გაეწიოს სათანადო რეკლამაო, განაცხადა მან. ბატონმა ვოგემ პირად საუბარში ისიც გამიმხილა, რომ გარდა დამბალ-ხაჭოსი, ძალიან მოეწონა ქართული ხალხური სიმღერა.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული