Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბეხრეკი ძროხის გაახალგაზრდავება ქართულად

ანუ, სად და როგორ ვიყიდოთ თბილისში კარგი ხორცი

ლევან სეფისკვერაძე
 
"ხორცს თუ ვერ მამიხარშამდი,
რას მპატიჟებდი მძახალო?
უნდა წახვიდე, იშოვნო...
თავი უნდ კედელს ახალო"
 
ფშავური კაფია
 
არ იფიქროთ, რომ ასეთი ლირიული წანამძღვარის გაკეთება მხოლოდ სტატიის გამხატვრულებისათვის დაგვჭირდა. უბრალოდ, ფაქტია, რომ თბილისში კარგი ხორცის შოვნა მართლაც რთული ამბავია და როგორც ბევრი სხვა რამის, კარგი ხორცის შეძენასაც ნაცნობობა, ახლობლობა და თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად ტელეფონზე დარეკვა და წინასწარ შეთანხმებაც კი ესაჭიროება. ზოგჯერ კი, როგორც ფშავურ კაფიაშია, ვერაფერს გააწყობ და ამ დროს თავი კედელს უნდა ახალო.
თბილისის ცენტრალურ უბნებშიც და გარეუბნებშიც, თითქმის ყველა ბაზარსა თუ მაღაზიაში ნახავთ სპეციალურად გასაყიდი ხორცისათვის გამოყოფილ ადგილს, სადაც ძირითადად საქონლისა და ღორის ხორცით ვაჭრობენ. ძველი ტრადიციისამებრ, ყველა გამყიდველი ირწმუნება, რომ მისი პროდუქციის დარი მაღალი ხარისხის ხორცს მთელს ქალაქში ვერსად იშოვით. ცხვრის ხორცი, როგორც წესი, ძალიან ცოტაა და ამის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს. პირველი ის, რომ ცხვარს თბილისში საკლავის სახით, ანუ ცოცხლად ყიდულობენ და ეს ძირითადად დღესასწაულებზე, ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ხდება. მეორე მიზეზი კი ცხვრის ხორცისადმი ცხვირის აბზუება გახლავთ.
 
გლეხურიდან ბრაზილიურამდე
 
ბოლო წლებში, ქართული ხორცის ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი დაიკავა ბრაზილიიდან შემოტანილმა, ძვლისგან გასუფთავებულმა ღორის ხორცმა, რომლის ფასი 6-დან 8 ლარამდე მერყეობს და სწორედ ამ ბრაზილიური ხორცის არსებობამ განაპირობა ისეთი ტერმინების წარმოშობა როგორიცაა: “ნაღდი ღორის ხორცი”, “ბრაზილიური ხორცი” და “ოჯახში გაზრდილი ღორის ხორცი”. მაინც რა განსხვავებაა “ნაღდსა” და “ოჯახში გაზრდილ” ღორს შორის.
პირველ შემთვევაში, ღორის ხორცი ძვლიანი, და ხშირად ტყავგაუცლელი გახლავთ. ამ ტიპის ხორცის ფასი 9 ლარამდეა და საკმაოდ საინტერესო ვიზუალური მხარეც აქვს. ეს გახლავთ ფერმაში, სტანდარტული საკვებით გაზრდილი ღორი, რომლის ხორცის გემური თვისებებიც ნამდვილად არ არის განსაკუთრებული. ყველაზე ძნელად თბილისში ოჯახში გაზრდილი ღორის ხორცს მოძებნით და სწორედ ასეთი ტიპის ხორცის საშოვნელად ხდება აუცილებელი მეგობრებისა და ახლობლების ჩარევა.
თბილისში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც სოფლებიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ღორის ხორცით ვაჭრობენ. მაგალითად, სამტრედიის ქუჩაზე პატარა მაღაზიაში, ხორცი საკმაოდ ძვირად, 11-13 ლარად იყიდება, მაგრამ ამ მაღაზიაში დღის რომელ მონაკვეთშიც კი არ უნდა მიხვიდეთ, მომსახურე პერსონალის პასუხი ერთია: ხორცი უკვე გაიყიდა და თუ ყიდვა გინდათ, წინასწარ გადაიხადეთ ფული, დაგვიკონკრეტეთ, რომელი ნაჭერი გსურთ, შემდეგ 3-4 დღეში მოდით და ხორცი დაგვხვდებათო. ანალოგიურად ვაჭრობენ ორთაჭალაშიც, ძველ ბაზართან, ხორცის მაღაზიაში და გლდანშიც, სადაც ხორცი თიანელ გლეხებს მაშინ ჩამოაქვთ, როცა კლიენტების შეკვეთები დაგროვდება და გარანტია აქვთ, რომ ხორცი ჩამოტანისთანავე გაიყიდება. ანუ, შეიძლება ვთქვათ, რომ თბილისში უმაღლესი ხარისხის ღორის ხორცის შეძენა მხოლოდ მაღაზიაში ან ბაზარში მისვლით და “ეს ნაჭერი გამიხვიეთ” თხოვნით არ ხერხდება. ნანატრი ხორცის სახლამდე მიტანამდე საკმაოდ დიდი წვალება გველის.
 
როგორ საღდება ბეხრეკი ძროხა ხბოდ
 
საქონლის ხორცის არჩევანი თბილისში საკმაოდ დიდია. დაახლოებით 2 წლის წინ ადგილობრივი გლეხების პროდუქციას კონკურენციას აზერბაიჯანიდან შემოტანილი საქონლის ხორცი უწევდა, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის და სხვა მიზეზების გამო, აზერბაიჯანიდან ხორცის შემოტანა შეწყდა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში ქართული ძროხის ხორცი უკონკურენტოა. საქონლის ხორცის ფასი თბილისის თითქმის ყველა უბანში სტანდარტულია და დაახლოებით 7-8 ლარს შეადგენს. ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მარკეტში საქონლის ხორცი 6.5 ლარადაც ვნახეთ, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, ხორცის ხარისხმა საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა.
სუპერმარკეტ “პოპულისა” და “გუდვილის” ქსელში საქონლის ხორცი 9 ლარი ღირს, თუმცა იმის გამო, რომ ამ მაღაზიებში ხორცს საკმაოდ კარგად ამუშავებენ და მათში ძვლის შემცველობა მინიმალურია (შეფუთვაზე და სათანადო გაფორმებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ხორცის ფასის მცირედი სიძვირე ამ შემთხვევაში გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს. თბილისში მაღაზიებისა და ბაზრების დახლებზე გამოფენილ საქონლის ხორცს ხშირად აწერია, რომ თითქოს ხბოს ხორცია და შესაბამისად ფასსაც მაღალს ადებენ. არადა, საკმაოდ სანდო წყაროებიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ თბილისში ხბოს ხორცი ძალიან იშვიათად და მინიმალური რაოდენობით შემოაქვთ.
სწორედ ამიტომ, განთიადისას ვეწვიეთ ნავთლუღის ბაზარს, სადაც დილით გლეხები ჩამოტანილ ხორცს ვაჭრებს აბარებენ. იმის გამო, რომ  გლეხები ვაჭრებს არ და ვერც მოატყუებენ, ძალიან მარტივად გაირკვა, რომ 2010 წლის 13 და 14 მაისს, ნავთლუღის ბაზარში 1 დაკლული ხბოს ხორციც კი არ შესულა. შუადღის დადგომისა და ვაჭრობის დაწყების შემდეგ კი, აღნიშნულ ბაზარში ბევრ დახლს ნახავდით, სადაც დიდი ასოებით ეწერა: “ახალი ხბოს ხორცი”. როგორც ჩანს, ქართველ მოვაჭრეებს უნიკალური თვისებები აქვთ და შეუძლიათ მომაკვდავ, ბეხრეკ ძროხას ახალგაზრდული სული შთაბერონ. ქართლისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სოფლებში 3 თვის ხბოს დაახლოებით 200 ლარად ყიდიან, მაშინ როდესაც, დიდი ძროხის ფასი 300-350 ლარიდან იწყება. ეს ფაქტიც ნათელყოფს იმას, თუ რატომ არ იშოვება თბილისში ხბოს ხორცი ასე ადვილად.
 
ცხვარი და დედაქალაქი
 
როგორც ვთქვით, თბილისში ცხვრის ხორცს არცთუ ბევრ ადგილზე იყიდით, თუმცა თითქმის ყველა ბაზარში ნახავთ ერთ დახლს მაინც, სადაც ცხვრის ხორცის შეძენა შეიძლება. ახალი წლის დღესასწაულის დროს, თბილისში ცხვრის ფასმა არნახულად აიწია და 17 ლარი გახდა. ამის მიზეზი წინასაახალწლოდ ხორცზე მოთხოვნილების ბუნებრივად გაზრდის გარდა, არაბი ბიზნესმენების კახეთში ვოიაჟიც იყო. არაბებმა თუში მწყემსებისაგან ათასობით ცხვარი იყიდეს და ცხვრის შემცირების პარალელურად, მისმა ფასმაც აიწია. ამჟამად, კილოგრამი ცხვრის ხორცი თბილისში 9-10 ლარი ღირს.
დედაქალაქი ცხვრის ხორცით ძირითადად ქვემო ქართლიდან და თიანეთიდან (ასევე მთიულეთიდან) მარაგდება. დიღომში და ავჭალაში ცოცხალი ცხვრის ყიდვაცაა შესაძლებელია. საინტერესო ის გახლავთ, რომ თოხლი და ბატკანი პრაქტიკულად ერთი ფასი ღირს (120-140 ლარი). თუკი თიანელ მწყემსს, ვასილ მელითაურს დავერწმუნებით, მაისის თვეში ყველაზე მეტად იზრდება ცხვარზე მოთხოვნა. იგი იმასაც ამბობს, რომ ბოლო დროს არის შემთხვევები, როცა მეგობრები, მეზობლები ან თანამშრომლები შეამხანაგდებიან, აგროვებული ფულით ყიდულობენ ერთ ცხვარს, მწყემსებსვე აკვლევინებენ და შემდეგ ამ ხორცს იყოფენ. ცხვრის ხორცის ყიდვის ეს მეთოდი გარდა იმისა, რომ ფინანსურად მომგებიანია, შეძენილი ხორცის ხარისხის გარანტიასაც იძლევა. ჩვეულებრივ თბილისურ მაღაზიებში ცხვრის ხორცს ფაქტობრივად ვერსად იშოვნით. ამიტომ ხორცი ან ბაზრებში უნდა ეძებოთ, ან ჰიპერმარკეტ “გუდვილში”, ანდა ისევ და ისევ მწყემსებს მიაკითხოთ.
ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, გამოგვერკვია, თუ სად შეიძლება თბილისში თხის ხორცის შეძენა. ჯერ კიდევ მე-19-ე საუკუნის თბილისში თხის ხორცისაგან მომზადებული კერძები ძალიან პოპულარული იყო და ეს ტრადიცია დედაქალაქში მზარეულად მომუშავე იმერლებმა დაამკვიდრეს. თუმცა, დღეს, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ჩვენი მცდელობის მიუხედავად, თბილისის ვერც მაღაზიებში და ვერც ბაზრებში თხის ხორცს ვერსად გადავაწყდით. როგორც დავადგინეთ, თუკი ადამიანს თხის ხორცის შოვნა სურს, ბაზრის მოვაჭრეებთან უნდა მივიდეს და მოელაპარაკოს, რომ მოვაჭრეებმა გლეხებს შეუკვეთონ თხის ხორცის შემოტანა. ამ გზით ნაშოვნი ხორცი რომ ძვირი დაჯდება, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება.
როგორც ვარაუდობენ, პეტრე-პავლობის მარხვის დაწყებამდე შესაძლოა თბილისში ხორცის ფასმა (განსაკუთრებით ღორისა და ცხვრის ხორცის) კიდევ მოიმატოს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ახლა დგას ჩაქაფულისა და ბუნებაში მწვადის შეწვის სეზონი, ნაკლებად სავარაუდოა, ამის გამო, საქართველოში ხორცი არ გაიყიდოს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული