Home
ქართული | English
დეკემბერი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თუშური ჩანაწერები - ელენე ცინცაძის ბლოგი

როცა თუშეთის გზას დაადგებით, აუცილებლად გაიფიქრებთ, რომ წინ უბრალოდ მოულოდნელობებით სავსე მოგზაურობა გელით, თუმცა, დამერწმუნეთ, იქ სხვა რამ დაგხვდებათ, ნამდვილად იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგედგინათ. გზების თუ გეშინიათ, გულწრფელად გეტყვით, თუშეთი თავს ისე შეგაყვარებთ, სულ არ მოგაგონდებათ სახიფათო გზები. მეორე დღესვე აუცილებლად იგრძნობთ უცნაურ სიამაყეს, რომ იქაურობა თქვენც გეკუთვნით და როცა ასეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, შიშიც მაშინათვე გაქრება. სულ თავიდან, თითქოს ისე საშიშად აქვთ დაფჩენილი პირი უფსკრულებს ბარხატოვანი, მაღალი მთების ძირში, რომ მაღლა ასვლამდე გვერდზე ვერ იყურებით და შიშისგან სულმოუთმენლად ელით გზის დასასრულს. გომეწრიდან პირიქითა თუშეთში წოვათასკენ თუ გადახვალთ, თუშეთის ბოლო ნასოფლარში და ფიქალ ქვებზე ივლით, ცერამდე გზა არც არაფრად მოგეჩვენებათ. სანამ მანქანის კარზე წამომჯდარი არ იმგზავრებთ და იმ უფსკრულებს სულ თვალებში არ ჩახედავთ, სანამ იქაურობას თავიდან ბოლომდე არ შეიყვარებთ, იქამდე ყოველ ზაფხულს თუშეთს უნდა ესტუმროთ.

ვაკიძირამდე მიმავალ გზაზე მდელოებს შეხვდებით და ანწუხელიძის სოფელსაც მოჰკრავთ თვალს, მასპინძლად სახელგანთქმული მეცხვარე, ფრიდონ (ფიდო) გაფრინდაული დაგხვდებათ, რომელიც უკვე ვინ მოსთვლის რამდენი წელია თუშურ ყველს აკეთებს. იქ ფიდო ალბათ სუფრასაც გაგიშლით და თავის მოხარშულ ალუდს დაგახვედრებთ. თუშეთში ძალიან უყვართ მასპინძლობა, უყვართ სუფრები და დალევა, ყოველ სადღეგრძელოზე აუცილებლად უნდა თქვან “მთისა და ბარის სალოცავები” - და მოულოდნელად დასჭექონ -“გვწყალობდეს!” თავიდან გაოგნდებით, გაგიკვირდებათ კიდეც, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ თავადაც ხმამაღლა შესძახებთ, როცა კლდიდან გადმოსული პატარა ჩანჩქერის ქვეშ გაივლით ფანჯრებჩაწეული მანქანით უკანა გზაზე. ფიდოს ერთ დროს 2500-მდე ცხვარი ჰყავდა, ახლა უფრო ნაკლები ჰყავს. როგორც ის ამბობს, თუშეთში ცხოვრებაც გართულდა, ბევრი აღარც სახლობს აქ, თუმცა ყველაზე უარესი მაინც ისაა, რომ მიდიან, ძირითადად კი - ქვეყნიდან!

იქ ჩასულს, როცა თუში ხალხი მასპინძლად დაგხვდებათ, სულმოუთქმელად გამოჰკითხავთ ყველას იქაურ ამბებს, იქნებ მათაც აქვთ რაღაც ისეთი განსაკუთრებული, როგორიც თვითონ თუშეთს. გულს კი ნამდვილად გაგიხარებთ ის ამბავი, როცა თითო-ოროლა კაცისგან მაინც გაიგებთ მათი დაბრუნების ამბავს  და იმას, რომ წასვლას აღარ აპირებენ. ზურა საღილიძე ახალგაზრდა კაცია, სამ წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდა ირლანდიაში, მაგრამ დაბრუნდა! ის კი უკვე გეცოდინებათ, რატომ - აქაურობამ თავის შეყვარება ძალიან იცის. 

თუშეთში ალუდი იციან. ალუდს ქერისგან ხდიან. ჩაასხამენ წყალს “საალუდე ქვაბში”, შემდეგ ქერს ჩააყრიან, ქერი ფორად იქცევა, დალბება, დაშრება, დატკბება. შემდეგ მოხარშავენ ფორს, დაწმენდენ და ჭუეჭელში “ჩააფუვლებენ”, 3-4 დღეში ალუდიც მზად იქნება. უცნაური გემო აქვს, არც მთლად ლუდს ჰგავს, მაგრამ გემრიელია.

მგონია, რომ თუ თუშეთის მძაფრად აღქმა მოგესურვებათ, აუცილებლად უნდა წაიღოთ კარავი და თან რამდენიმე თქვენთვის ძვირფასი ადამიანიც გაიყოლოთ, რადგან იქ თქვენი აღტაცების გაზიარება აუცილებლად მოგინდებათ. კარავი კი იმიტომ, რომ დიკლოსთან სწორედ იმ ადგილას დაბანაკდეთ, სადაც დილას ახალგაღვიძებული თავს რომანტიზმის პერიოდის პეიზაჟში ამოყოფთ და კასპარ დავიდ ფრიდრიხის ერთი რომელიღაც ნახატი მოგაგონდებათ. იქ აუცილებლად დაგხვდებათ რემა, რომელიც განთიადისას ბალახს ისე მშვიდად შეექცევა, თავს დამნაშავედ იგრძნობთ, რომ მყუდროება დაურღვიეთ. კიდევ იმიტომ, რომ ორეთის ტბაზე დიდი ხნის ნამგზავრებმა იქ, სიცივეში, დეკით დაანთოთ ცეცხლი და მზის ამოსვლას შეეგებოთ. თუ ჩაგეძინათ, ესეც არაუშავს, ალბათ, დაღლილზე დილის 6-ზე ადგომა გაგიჭირდებათ, მაგრამ ცოტა ხანში მზე ისე შეგაწუხებთ, აუცილებლად გამოფხიზლდებით. 

ორეთის ტბამდე “სახეოზე” უნდა ახვიდეთ, ალბათ, ყველაზე ლამაზ ადგილას, საიდანაც მთელ თუშეთს დაინახავთ, დართლოს, დანოსა და კვავლოს სულ ზემოდან გადახედავთ და იფიქრებთ, რომ აქედან წასვლა ნამდვილად არ ღირს მანამ, სანამ სულ დეტალურად არ ამოიკითხავთ ფიქალ ქვებზე ამოკაწრულ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წარწერებს, სახელებსა და გვარებს, სანამ დიდი გულისყურით, ბოლომდე არ დაათვალიერებთ დურბინდით კესელოს ციხეს, შენაქოსა და ჯვარბოსელს.

რომ ამბობენ, რაც უფრო დიდია შიში, შვებაც მით უფრო მეტიაო, თუშეთზეა ნათქვამი, ხანდახან ძალიან მოგინდებათ იქ წასვლა და დარჩენა. და თუ ოქტომბერში, უკვე სიცივეშემოპარულ ქალაქში მოგონებები არ მოგასვენებთ და დიდი ამბებით დაიწყებთ მომავალი ზაფხულისთვის ისევ თუშეთზე ოცნებას და მოგზაურობის დაგეგმვას, ესე იგი, სწორედ ისე მოხდა ყველაფერი, როგორც მოსალოდნელი იყო. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.