Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ვაზის გენოფონდს განადგურება ემუქრება

ჩვენი კორესპონდენტი ნუგზარ მჭედლიშვილი ესაუბრა მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს, ცნობილ ქართველ მევენახეს ვაჟა გოცირიძეს.

- ბატონო ვაჟა, საქართველოში მევენახეობას დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს. ამ სფეროში არაერთი ნიჭიერი ადამიანი მოღვაწეობდა. ალბათ, სიამოვნებით გაიხსენებთ თქვენს პედაგოგებს, კოლეგებს, იმ ადამინებს, რომლებიც წლების მანძილზე გულმოდგინედ ემსახურებოდნენ, იცავდნენ და ამდიდრებდნენ ქართული ვაზის გენოფონდს.

- ორმოცდახუთი წელია მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობ. ამ ხნის მანძილზე ბევრ ისეთ შესანიშანავ პიროვნებას შევხვდი, რომლებთან ურთიერთობაც ჩემთვის ცხოვრების სკოლა გახდა. ამ ადამიანებზე საუბარი ერთ ინტერვიუში შეუძლებელია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე პიროვნებას გავიხსენებ: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სოფელში - გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში გამანაწილეს. იმ დროს იქ მოღვაწეობდა ცნობილი აგრონომი ალექსანდრე იობიძე, რომელმაც გულთბილად მიმიღო და ბევრი რამ მასწავლა, მერე კი პირადად იზრუნა ჩემს დაწინაურებაზე, თავისი ადგილი დამითმო და კოლმეურნეობის მთავარი აგრონომის თანამდებობაზე წარმადგინა. ეს ადამიანი მეცნიერულ კვლევასა და პრაქტიკულ საქმიანობას საუკეთესოდ უთავსებდა ერთმანეთს: აფხაზეთში მევენახეობის აღორძინება სწორედ ალექსანდრე იობიძის დამსახურებაა - სამამულო ომის მძიმე წლებში მან აფხაზური აბორიგენული ვაზის ჯიშები დაღუპვას გადაარჩინა, ომის დამთავრების შემდეგ კი გულმოდგინედ დაიწყო ზრუნვა მევენახეობის აღორძინებაზე და ასეულობით ჰექტარი ცოლიკოური და ჩხავერი გააშენა... ბატონ ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ გუდაუთელებმა ძეგლი დაუდგეს. ამ საქმის ინიციატორები იყვნენ დავით გოგობერიშვილი, პეტრე კივილაძე, მაშინდელი გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანი ხარიტონ ავიძბა და აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი მიხეილ ბღაჟბა. სამი წლის წინ მშობლიურ სოფელში მომიწია ჩასვლა - აფხაზების უბანში, იქ, სადაც მისი გაშენებული ვენახის ზვრები იყო, ახლაც დგას ალექსანდრე იობიძის ბარელიეფი.

1963 წელს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩავირიცხე და სამეცნიერო ხარისხის დაცვის შემდეგ ამ ინსტიტუტის თანამშრომელი გავხდი. ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი დიმიტრი ტაბიძე იყო, განათლებული, ერუდირებული და ქართული მევენახეობისთვის თავდადებული მეცნიერი. მის კალამს მრავალი სამეცნიერო შრომა თუ მონოგრაფია ეკუთვნის. ეს ნაშრომები მომავალი თაობებისთვისაც სამაგიდო წიგნები იქნება. დიმიტრი ტაბიძე საკავშირო ამპელოგრაფიის სარედაქციო კომისიის წევრი იყო და დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ვაზის ჯიშების აღწერასა და გამოქვეყნებაში. ჩემი მასწავლებლებიდან არ შემიძლია არ გავიხსენო აკადემიკოსი ნიკოლოზ ხომიზურაშვილი, პროფესორი ვალერიან ქანთარია, მაქსიმე რამიშვილი, ნიკოლოზ ახვლედიანი, ნადია ჩახნაშვილი, ბიძინა იაკობიშვილი და სხვები. მათი დამსახურება სამეცნიერო თუ სასწავლო კადრების მომზადების საქმეში განუზომელია. ეს ადამიანები მარტო სპეციალობას როდი გვასწავლიდნენ, მათი ცხოვრების წესი, საქმისადმი ერთგულება, თავდადება და შრომისმოყვარეობა საუკეთესო გაკვეთილი იყო ახალგაზრდებისთვის. ქართველ მევენახეთა წრეში ყველას კარგად ახსოვს, რა შრომისა და თავდადების ფასად შეძლო პროფესორმა მაქსიმე რამიშვილმა აგრარული უნივესიტეტის ამპელოგრაფიული ლაბორატორიის მოწყობა და ვაზის კოლექციის გაშენება. იქ მან თავი მოუყარა 3000-ზე მეტ ჯიშს, მათ შორის 400-მდე ქართული ვაზის ჯიში იყო. საწყენია, რომ ბოლო წლებში კოლექცია განადგურდა, შენობა დანგრევის პირასაა, პატრონი კი არ ჩანს.

- თქვენი პროფესიის ადამიანებს ვაზის სიყვარული აერთიანებს. ეს სიყვარული აერთიანებდა ქართველობას უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე. და მაინც, საიდან მოდის და რა არის ამ კულტურისადმი ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიზეზი?

- ქართული ვაზი ჩემთვის, ისე, როგორც ყველა ქართველისთვის, საამაყო კულტურაა. ვაზი განსაკუთრებული მცენარეა, მისი მოშინაურება ხალხის დიდი კულტურულ ცოდნას მოითხოვს. ჩანს, საკმაოდ შორეულ წარსულში ჩვენი ხალხი მზად აღმოჩნდა ამისთვის და ახლა ქართველი და უცხოელი მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ ვაზის და ღვინის სამშობლო საქართველოა. ეს განაცხადი ბოლო წლებში უცხოელ მეცნიერებთან ერთად მოპოვებულ და გაანალიზებულ არქეოლოგიურ მასალას ემყარება. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული ველური ვაზი, რომელსაც მეცნიერები კულტურული ვაზის წინაპრად თვლიან. მისი გავრცელება იწყება კოლხეთის დაბლობებიდან და ზღვის დონიდან 1200 მეტრს აღწევს. მეცნიერთა მიერ გამოვლენილია ჯიშთა წარმოქმნის ორი კერა: კოლხეთისა და ალაზნის. ამ კერებში მიმდინარეობდა ვაზის კულტურის დამკვიდრება და ღვინის წარმოებისა და მოხმარების ტრადიციების ჩამოყალიბება. ჩვენი წინაპრების გონიერებისა და თავდადებული შრომის შედეგად საქართველოში ხალხური სელექციის მეთოდებით მიღებულია საერთაშორისო მნიშვნელობის 500-ზე მეტი ვაზის აბორიგენული ჯიში. ასეთი რაოდენობის ჯიშები არ გააჩნია იმ ქვეყნებსაც კი, რომელთა ვენახების ფართობი მილონ ნახევარს აღემატება. ქართული ჯიშებიდან ზოგიერთი იმდენად სრულყოფილია, უკეთესის წარმოდგენაც ძნელია. მაგალითად, რქაწითელი - ის ისეთივე შედევრია, როგორც პოეზიაში "ვეფხისტყაოსანი". რქაწითელისგან აყენებენ თითქმის ყველა ტიპის ღვინოს, ამიტომაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს ჯიში მილიონამდე ჰექტარ ფართობზეა გაშენებული და ამჟამადაც ინტენსიურად შენდება.

- ძველი და სრულყოფილი ჯიშები მართლაც საამაყოა, მაგრამ ვიცი, ქართველი მევენახეები მხოლოდ წარსულით არ კმაყოფილდებიან. რა სიახლეებია სელექციაში?

- ვაზის სელექცია ისეთი დარგია, რომ არ შეიძლება მიღწეულით დაკმაყოფილდე. ამას ჩვენი წინაპრებიც ამტკიცებენ - ამდენი საუკუნის ჯიში გვაქვს, მაგრამ ხალხური სელექცია მაინც გრძელდება. უკეთესის ძიება დაუსრულებელი პროცესია. სელექციონერები ზოგჯერ ძველი ჯიშის ნაკლის გამოსწორებას ცდილობენ, ზოგჯერ კი სრულიად ახალი მიმართულების ჯიში გამოყავთ. ახალი ჯიშების გამოყვანა ხანგძლივი პროცესია, ტრადიციული მეთოდებით 20-30 წელი მაინცაა საჭირო. ამჟამად შემოსულია მცენარეთა ბიოტექნოლოგიის ახალი მეთოდები, რომლებიც ამ პროცესს დააჩქარებს და შესაძლებელს გახდის ახალი ჯიშის უფრო მოკლე დროში გამოყვანას. მე თვითონ, ჩემს თანამშრომლებთან ერთად, მიღებული მაქვს თორმეტი სასუფრე და საღვინე ვაზის ახალი ჯიში. უკვე მომზადებულია მასალა და მალე ეს ჯიშები ოფიციალურად დარეგისტრირდება. ასპირანტ სოსო მუმლაურთან ერთად გამოვლენილი გვაქვს ჩხავერის და ოჯალეშის მაღალმოსავლიანი კლონები.

- უცხოეთში გაფანტული უძველესი ქართული ვაზის ჯიშების მოძიება არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს. თქვენი უკრაინაში მოგზაურობაც ამ მიზანს ემსახურებოდა. როგორი შედეგებით დამთავრდა ექსპედიცია?

- გასული საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის პერიოდში, ვაზის კოლექციებისათვის აღარავის ეცალა. კვლევით დაწესებულებებს დაფინანსება შეუწყდათ და კოლექციები განადგურების პირას დადგა. საბედნიეროდ, 2001 წლიდან გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის საქართველოს ფილიალის დაფინანსებით ჩვენმა ინსტიტუტმა ვაშლიჯვრის ბაზაზე ახალი კოლექციის გაშენება დაიწყო. ამ საქმეში ჩაერთნენ ნოდარ ჩხარტიშვილი, ნუგზარ ცერცვაძე, ლევან უჯმაჯურიძე, კახა გოგიშვილი და სხვები. ფეხდაფეხ შემოვიარეთ საქართველოში არსებული კოლექციები, ყველა გადარჩენილი ჯიში შევაგროვეთ და გავაშენეთ ვაშლიჯვარში. აღმოჩნდა, რომ ნახევარზე მეტი ქართული ჯიშებისა აღარ იყო საქართველოს კოლექციებში. მაშინ გადავწყვიტეთ, ძებნა მეზობელ ქვეყნებში გაგვეგრძელებინა. მე და ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ კახა გოგიშვილმა შემოვიარეთ კიშინოვის, სიმფეროპოლის და ოდესის კოლექციები, გამოვავლინეთ იქ დაცული ქართული გენოფონდი და დავაბრუნეთ საქართველოში - 150-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში დაუბრუნდა საქართველოს და გაშენდა კოლექციაში. ეს ცოტა როდია. მსგავსი ექსპედიციები ჩასატარებელია აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში...

- რა დატვირთვა აქვს ვაზის ჯიშების კოლექციას?

- ვაზის ჯიშების კოლექცია ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა, ცოცხალი მუზეუმია. იმ ექსპონატებისაგან განსხვავებით, რომლებიც ჩვენს ეროვნულ მუზეუმებშია დაცული, ვაზის კოლექცია ყოველდღიურად გამოიყენება - ქართული ვაზის უძველესი ჯიშების მონაწილეობით სხვადასხვა ქვეყნებში ასობით ახალი ჯიშია მიღებული. ამ ჯიშებს ქართველი მეცნიერები სასელექციო მასალად იყენებენ. სელექცია ჯიშთა შერჩევის და გაუმჯობესების უწყვეტი პროცესია. ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ კაცობრიობა იარსებებს, ამიტომ საკოლექციო ნარგაობის შენარჩუნება და მათი მომავალი თაობისთვის გადაცემა ისევე აუცილებელია, როგორც მშობლიური მიწა-წყლისა და კულტურის დაცვა. ბევრს ეს არ ესმის. ახლა ვაშლიჯვრის ვაზის კოლექციის რაიონებში გადატანა მოინდომეს, ამ ტერიტორიაზე კი საცხოვრებელი კორპუსის აგებას აპირებენ. მინდა ავუხსნა ამ იდეის ავტორებს, რომ კოლექციის გადატანა ერთი ხელის მოსმით არ ხდება, არ შეიძლება საკოლექციო ჯიშები ამოთხარო და გადაიტანო. ამას წლები ჭირდება: ჯერ საკოლექციო ჯიშების ნერგი უნდა ვაწარმოოთ და ახალ ადგილზე გავაშენოთ; მესამე-მეოთხე წელს როცა მსხმოიარობაში შესვლას დაიწყებს ჩავატარებთ შედარებას სადედე კოლექციასთან და, თუ დავრწმუნდებით, რომ ყველა ჯიში წარმატებითაა გადატანილი, მხოლოდ ამის მერე მოხდება ძველი კოლექციის ლიკვიდაცია. იმ 500 ჯიშიდან, რომელიც ჩვენს კოლექციაში აღირიცხება, ერთიც რომ დაიკარგოს, აუნაზღაურებელი ზარალი იქნება ქართული მევენახეობისათვის. სამწუხაროდ, კოლექციის რაიონში გადატანის იდეის ავტორებს არ სურთ სპეციალისტებთან საუბარი, რათა ინფორმაცია მიიღონ და უფრო სწორი პოზიცია დაიჭირონ. ისინი ცდილობენ ადმინისტრირების გზით გადაწყვიტონ საერთო ეროვნული ინტერესების დონის საკითხები. მინდა შევახსენო მათ, რომ ქართული ვაზის კოლექცია ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი იქნება ტურისტებისათვის. ასეთივე კოლექციები ევროპის ბევრ ქალაქში არსებობს და მათ არავინ ეხება. მაგალითად პარიზის ცენტრში არსებულ ფირმა "ვერმორელს" მოვიყვან. ეს ფირმა ვაზის ნამყენ ნერგს აწარმოებს და დღემდე არავის მოსვლია თავში მისი ქალაქგარეთ გადატანის იდეა.

- რას აპირებთ სამომავლოდ?

- სამომავლო გეგმები, რაც უნდა ხანდაზმული იყოს კაცი, მაინც აქვს. გულზეხელდაკრეფილი ჯდომა ქრისტიან კაცს არ ეპატიება. მინდა აქტიური მონაწილეობა მივიღო და სხვა კოლეგებთან ერთად ქართული ვაზის გენოფონდი განადგურებას გადავარჩინო. ამის საფრთხე კი, როგორც ხედავთ, არსებობს. საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესში ევროპაში ბევრი კულტურის გენოფონდი განადგურდა ან მინიმუმამდე შემცირდა, რადგან ევროპის მაგალითი სახეზე გვაქვს, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ვაზის ჯიშთა გენოფონდი.

2007

© “ქვევრი”

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული