Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვიმოქმედოთ ჩვენივე კომპეტენციის ფარგლებში

გამოხმაურებისრუბრიკით დაბეჭდილი სტატიები შესაძლოა არ ასახავდნენ გაზეთმარანისრედაქციის პოზიციას.

მიუხედავად 8000 წლოვანი ისტორიისა, ქართული ქვევრი და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული წესი მსოფლიო მეღვინეობისათვის მხოლოდ უკანასკნელ წლებში იქცა აღმოჩენად. მართლაც დიდია ინტერესი ქვევრისა და ქვევრის ღვინისადმი, უფრო და უფრო მრავლდება ქვევრის შეძენის და ქვევრში ღვინის დაყენების მსურველთა რიცხვი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ქვევრი და ქვევრში ღვინის დაყენების წესი წმინდად ქართული მოვლენაა, ამდენად, სავსებით ბუნებრივია სხვადასხვა ენაში "ქვევრის” ისეთივე ფონეტიკური შესატყვისობით დაწერა, როგორც ეს გამოითქმის და იწერება ქართულად. ინგლისურმა ენამ, როგორც ძირითადმა საერთაშორისო საკომუნიკაციო ენამ, კარგად შეითავსა ქართული ტერმინი, ამდენად, ინგლისურად ტერმინ - "ქვევრის” დაწერილობის საკითხი მიღებულად და მოქმედ ნორმად უნდა ჩაითვალოს. 2013 წლის 9 იანვარს ევროკავშირმა დაარეგისტრირა "ქვევრი - Qvevri” როგორც ევროკავშირის თანამეგობრობის სასაქონლო ნიშანი (Community Trade Mark). რომლის ერთადერთი მფლობელია საქართველო. სწორედ ამ დაწერილობით მოიხსენიება ქვევრი საერთაშორისო სპეციალურ ლიტერატურაში, კონფერენცია-სიმპოზიუმებსა თუ ცალკეულ სამეცნიერო და პოპულარულ გამოცემებში.

ამდენად, ერთგვარად მოულოდნელი იყო გიორგი ბარისაშვილის პუბლიკაცია "ტერმინ ქვევრის დაწერილობის ტრანსლიტერაციის შესახებ” (გაზეთი მარანი, 2013 წ. 8 თებერვალი, №4 (123)), რომელშიც გამოთქმულია მოთხოვნა "Qvevri”-ის "Kvevri”-ით შეცვლის აუცილებლობის შესახებ. რამდენად მართებული, აქტუალური და საჭიროა დღეს ამგვარი მოთხოვნა? "ვიკიპედიის”, თავისუფალ ინგლისურენოვან ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: "Qvevri” (Georgian: "ქვევრი”, Alternate spelling „Kvevri”). როგორც ვხედავთ, ტერმინ "ქვევრი”-ს ინგლისურად დაწერილობის უმთავრეს ფორმად "Qvevri” მოიაზრება, ხოლო "Kvevri”-ის ფორმა მისი ალტერნატიული ვარიანტი ყოფილა.

ჩვენ არ შევეხებით იმას, თუ რაოდენ მართებული და კომპეტენტურია ავტორის ენათმეცნიერული წიაღსვლები, ამის შეფასება ენათმეცნიერთათვის მიგვინდვია, თუმცა ერთ გარემოებას მაინც შევეხებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ლათინური ანბანიდან განვითარებულ ევროპულ ენებში ასობგერა "Q”-ს იბერიულ-კავკასიურ ენებში არსებული ასობგერა "ყ”-სთან ფონეტიკური შესატყვისობის საკითხი უფრო სამეცნიერო სფეროში გამოსაყენებლად არის დადგენილი, ამ ენებში იბერიულ-კავკასიური ენებისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი სპეციფიკური ასობგერების არარსებობის გამო. ჩვენი შეშფოთების უმთავრესი მიზეზია წერილის ავტორის არაკოლეგიალურობა და ქვევრის ფონდის გვერდის ავლით საკითხის ამგვარი დაყენება.

რამდენად კოლეგიალური და ეთიკურია "ქვევრის ფონდის” ხელმძღვანელობასთან, დამფუძნებლებთან და წევრებთან გაზეთის ფურცლებიდან საუბარი? თუმცა ეს წერილის ავტორის არჩევანია და ჩვენც მას გაზეთის ფურცლებიდან ამიტომ ვეპასუხებით.

"ქვევრის ფონდის” შეკრებებზე თუ "ქვევრის ღვინის I საერთაშორისო სიმპოზიუმზე” გ. ბარისაშვილის პოზიცია ერთსახა იყო: ის მხარს უჭერდა "Qvevri”-ს დამკვიდრებას ინგლისურ ენაში. მაშ, რად შეიცვალა გ. ბარისაშვილმა აგრე მოულოდნელად აზრი და მოითხოვა "Kvevri”-ს ფორმის დამკვიდრება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის თანამეგობრობაში "Qvevri”-ის, სასაქონლო ნიშნად დაპატენტება გახდა ცნობილი? როგორ უნდა ავხსნათ ეს ყოველივე? რა არის ეს, თვითდამკვიდრების მცდელობა თუ მავანისა და მავანის ინტერესების გახმიანების მცდელობა? უკეთუ წერილთან ერთად გამოქვეყნებული ღვინის ეტიკეტს დავეყრდნობით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საკითხის ამგვარად დაყენება გერმანელ მწარმოებელთა ინტერესებს გამოხატავს, ეტიკეტზე გერმანული ღვინოა წარმოდგენილი და მისი დასახელებაა "Kvevri”, ანუ გამოყენებულია ქართული ტრადიციული სახელდება. ევროკავშირში "ქვევრის” სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაში გატარებამდე მასალები გაცნობა-განხილვის, შენიშვნებისა თუ პრეტენზიების გამოთქმის თვალსაზრისით 3 თვის განმავლობაში განთავსებული იყო ინტერნეტსივრცეში, თანახმად არსებული დებულებისა. მაგრამ პრეტენზია ან შენიშვნა "Qvevri”-ს საწინააღმდეგოდ არავის გამოუთქვამს. უნდა ვიფიქროთ, რომ გერმანული ღვინო "Kvevri” 2012 წლამდეა შექმნილი, ბუნებრივია, გერმანელებს გაუჩნდებოდათ გარკვეული პრობლემები. ერთი მხრივ, "Kvevri” არ მოდის შესატყვისობაში ევროკავშირის თანამეგობრობის სასაქონლო ნიშან "ქვევრი-Qvevri”-თან, მეორე მხრივ კი შესაძლოა, მათ აეკრძალოთ ღვინის დასახელებად ტერმინ "Kvevri”-ს გამოყენება.

დროულია გავიხსენოთ ერთი საინტერესო და ანგარიშგასაწევი ამბავი. 1960-იანი წლებიდან ბულგარეთში დიდი რაოდენობით შეიტანეს რქაწითელის ვაზის ნერგი, გააშენეს ვენახი და შემდგომ იწყეს ევროპული ტიპის ღვინის გამოშვება დასახელებით: "რქაწითელი”. მოგვიანებით, როცა საქართველოში დაყენდა შესანიშნავი სამარკო კახური ღვინო "რქაწითელი” და მან მალევე მოიპოვა ავტორიტეტი, ბულგარელებმა გვიჩივლეს, დასახელება "რქაწითელი” ჩვენი კუთვნილებააო. მართალია, შემდგომში საქართველომ მოიგო ეს დავა, მაგრამ თავად წარსულის ეს მაგალითი, ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღები და ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს. მსგავსი შემთხვევა "Kvevri”-ის  მიმართაც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ უკვე ევროკავშირის თანამეგობრობის სასაქონლო ნიშანი "ქვევრი-Qvevri” გვიცავს.

მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ გ. ბარისაშვილი ქართულ ინტერესებს უფრო დაუდგებოდა ქომაგად, ვიდრე უცხოელებისას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. თუ რამდენად წაადგება ქართულ სინამდვილეს გ. ბარისაშვილის წერილში ასახული პოზიცია, ამის განსჯა მკითხველისათვის მიგვინდვია.

ალბათ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ თითოეული ჩვენი ქმედება ჩვენივე კომპეტენციის ფარგლებს არ სცილდებოდეს.

თეიმურაზ ღლონტი

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,

მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი

16 თებერვალი 2013 წელი

© ღვინის კლუბი/Weekend



განა ასე დიდი მნიშვნელობა აქ ერთ ასოს რომ ჩვენ ერთმანეთს შეურაწყოფა მივაყენოთ???? სანამ ასეთი დამოკიდებულება და სიბნელე იქნება ჩვენ შორის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას დაარეგისტრირებს და რას დააფიქსირებს ევროპა. რა უბედურებაა ეს???? ასე არაფერი გვეშველება! რას ამტკიცებთ ამ წერილით ნამდვილად ვერ გავიგე. რამდენი წელია რაც ქვევრი არსებობს???? აქამდე რატომ არ გაგხსენებიათ მის შესახებ??? თუნდაც დამწერლობას ვგულისხმობ. ხოდა ეხლა თუ გაგვახსენდა მოდით ერთმანეთის ჭამას და შეურაწყოფას შევეშვათ და ერთად მივხედოთ!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული