Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო მსოფლიოს ღვინის გამოფენებზე - თებერვალი

საფრანგეთში ქართული ნატურალური ღვინოების წარმატებული მოგზაურობის შემდეგ, უახლოეს ხანებში საქართველო ღვინის სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც იქნება წარმოდგენილი. თებერვლის თვეში იგეგმება ორი განსხვავებული ტიპის გამოფენაში მონაწილეობა - ნატურალური ღვინოები  რომში (Vini Naturali a Roma) და ბოსტონის ღვინის გამოფენა 2015 (Boston Wine Expo 2015). 

Vini Naturali a Roma წელს უკვე მეშვიდედ იმართება პრესტიჟულ სასტუმრო Excelsior-ში, რომელიც ორგანიზატორების აზრით იდეალური სივრცეა სხვადასხვა ტიპის დეგუსტაციებისთვის. 

შვიდი წლის წინ, როცა ტიციანა გალოს, ფესტივალის ორგანიზატორის თაოსნობით პირველად ჩატარდა ღონისძიება, იტალიაში ორგანული ღვინოები არ სარგებლობდა იმგვარი პოპულარობით, როგორც დღეს. თავდაპირველად ფესტივალში სულ რამდენიმე მეღვინე იღებდა მონაწილეობას. დღეს მათი რიცხვი  საგრძნობლად გაიზარდა, რადგან იტალიაში ნატურალურ და ბიოდინამიკურ პრაქტიკებს სულ უფრო და უფრო მეტი მიმდევარი გამოუჩნდა. ეს ადამიანები მოღვაწეობენ არა იმდენად მოგებისთვის, რამდენადაც მათთვის ბუნებასთან უშუალო და არამომხმარებლური დამოკიდებულება ცხოვრების სტილი და მსოფლმხედველობაა.

Vini Naturalli A Roma-ზე წარმოდგენილი იქნება 82 კომპანიის ასეულობით დასახელების ღვინო მსოფლიოს მევენახეობა-მეღვინეობის სხვადასხვა კერებიდან. საქართველოდან ქვევრის ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანი იქნება - არჩილ გუნიავას მარანი, გოცაძეების საოჯახო მარანი, იაგოს მარანი, ჯაყელები, მანდილი, ჩვენი ღვინო და სხვა - სულ 12 მეწარმის ღვინოები. ღონისძიებაზე ქართველი მეღვინეების ესოდენ ფართო წარმომადგენლობა ცხადყოფს ქვევრის ღვინის მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან.  დაგეგმილია ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგიის გარშემო სპეციალური საუბრებიც. 

ცალკე აღნიშნვას იმსახურებს 5-6 თებერვალს იტალიური მედიისა და სავაჭრო წარმომადგენლობისთვის დაგეგმილი სპეციალური დეგუსტაცია -  "Meet the Winemaker", რომელიც, ასევე, იტალიის დედაქალაქში გაიმართება. მოწვეული სტუმრები დააგემოვნებენ ქვევრის ღვინოებს - ნიკა ბახიას მიერ წარმოებულ რქაწითელსა და საფერავს და "ლაგვინარის" რამდენიმე დასახელების ღვინოს - კრახუნას, ციცქას, ცოლიკოურს, გორულ მწვანეს, ალადასტურს, ოცხანურ საფერესა და საფერავს.

რომის ნატურალური ღვინის ფესტივალიდან ზუსტად, ერთი კვირის თავზე, 14-15 თებერვალს, ჩატარდება ბოსტონის ღვინის გამოფენა (2015), რომელიც გაცილებით მასშტაბური, მასობრივ სეგმენტზე გათვლილი ღონისძიებაა. მასში მონაწილეობენ ღვინის კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან - სულ 200-ზე მეტი მეწარმის 2 000-ზე მეტი დასახელების ღვინო. გამოფენა მხოლოდ ღვინის დეგუსტაციებით არ შემოიფარგლება, მისი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც მეღვინეებთან და შეფ-მზარეულებთან ინტერაქტიულ ღონისძიებებს, ასევე, სპეციალურ საგანმანათლებლო სემინარებს მრავალფეროვან თემებზე - ღვინის სფეროს აქტუალური პრობლემებიდან - ღვინისა და კერძების, ღვინისა და შოკოლადის, თუ ყველის შეწყვილებების ჩათვლით.

ღონისძიების ფარგლებში ერთ-ერთი სემინარი („საქართველოს რესპუბლიკა. ღვინოები უძველესი ვენახებიდან“) დაეთმობა ქართულ ღვინოს, რომელსაც ბოსტონის ფესტივალის აუდიტორიას წარუდგენს ღვინის დიდოსტატი (Master of Wine) ლიზა გრანიკი, ექსპერტი, რომელიც ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ეცნობა  საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებს. სემინარის ფარგლებში სტუმრები დააგემოვნებენ ბადაგონის, მეღვინეობა ხარებასა და ქინძმარაულის მარანის 8 დასახელების ღვინოს.

19 თებერვალს შვედეთის ქალაქ გეტებორგში მოეწყობა ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია. ღონისძიება გაიმართება შვედეთში მოქმედი ღვინის კლუბ "მარანისა" და მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი სხირტლაძის ორგანიზებით. ღვინის კლუბი „მარანი“ „საქართველოს ღვინის კლუბის“ მხარდაჭერით შეიქმნა შვედეთში, ორი წლის წინ. ეს პირველი აქტივობაა, რასაც ორგანიზაცია უძღვება ქართული ღვინისა და ზოგადად, ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვევრის ღვინოები და ქართული სამზარეულო. შვედი მოყვარულებისგან შემდგარი ანსამბლის შესრულებით გაიჟღერებს ქართული ხალხური სიმღერებიც. ღონისძიებას დაესწრებიან ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომელნიც დაინტერესებულნი არიან საქართველოთი და ქართული ღვინით. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.