Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ გავაახალგაზრდავოთ ქართული ღვინო

მალხაზ ხარბედია

მემგონი დამეთანხმებით, რომ დღეს ქართული ღვინის კომპანიები განსაკუთრებულად გულგრილნი არიან ადგილობრივი ბაზრის მიმართ. ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში ბოთლის ღვინო პოპულარულ პროდუქტად იქცეს. არ წარმოებს სარეკლამო კამპანიები, ღვინო ვერა და ვერ იქცა მიმზიდველი, რადგან ზოგიერთს ხელოვნურად გაბერილი ფასი აქვს, ხარისხთან შეუსაბამო, სხვებს კი შეფუთვა არ უვარგათ. ამ, და კიდე სხვა მიზეზების გამოა, რომ ბოლო მონაცემებით, 2010 წელს, საქართველოში მხოლოდ 1,5 მილიონი ბოთლი ღვინო გაიყიდა, რაც ქვეყანაში წარმოებული ღვინის მხოლოდ 2,3% შეადგენს.

ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია ღვინის ქვეყნისთვის. ნუთუ მთელი ქვეყანა მხოლოდ თავის დაყენებულ ღვინოს მოიხმარს? იქნებ ყველა ლუდზე და არაყზე გადავიდა? ანდა ვინ იცის, იქნებ კომპანიებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი ადგილობრივ ბაზარზე?... ბევრი ასეთი კითხვის დასმა შეიძლება და ის, რომ დღეს საქართველოში ღვინო ძალიან ცუდად იყიდება, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ცხადია, ერთ-ერთი სერიოზული შემაფერხებელი ამ თვალსაზრისით, იაფიანი ღვინის ძალზე მწირი არჩევანია - დღეს საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ 2-დან 5 ლარამდე საფასო კატეგორიის ღვინოს, რომელიც სასიამოვნო დასალევი იქნება, თუმცა არანაკლები მნიშვნელობის პრობლემად მიმაჩნია ქართული ღვინის ბრენდების ცნობადობა და ამ პროდუქტის მიმზიდველობა ფართო მასებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ ღვინოს ხალისი და მომხიბლავობა აკლია, უფრო კონკრეტულად კი, ახალგაზრდული სული.

სწორედ ამის გამოცაა, რომ საქართველოში ახალგაზრდებს ხშირად წარმოდგენაც კი არა აქვთ ქართულ ღვინოზე, ძირითად ჯიშებზე, ღვინის ტიპებზე და მათ თვალში ღვინო ხშირად რაღაც დრომოჭმულთან და ფსევდო-ტრადიციულ რიტუალებთან ასოცირდება. არადა, მე ვფიქრობ, კომპანიებმა პირველ რიგში სწორედ ახალგაზრდებზე უნდა დაამყარონ იმედები და რაც შეიძლება თანამედროვე გახადონ ქართული ღვინის იმიჯი. ერთიორი მცდელობა იყო ამ თვალსაზრისით ბოლო ორი წლის მანძილზე, თუმცა მთლიანობაში ქართული ღვინო ჯერ კიდევ ინარჩუნებს უცნაურ სტატუსს. ეს უცნაური სტატუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ბოთლის ღვინოს ძირითადად სტუმრებისთვის ყიდულობენ, საჩუქრად.

გასაგებია, რომ ბევრისთვის ღვინო ჯერ კიდევ ფუფუნების საგანს წარმოადგენს, მაგრამ ხომ შეიძლება ამ თემის დემოკრატიზება? ნუთუ ასეთი ძნელია ადამიანებამდე მივიტანოთ პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით მზადდება საქართველოში და რომელზედაც ყველაზე დიდ იმედებს ვამყარებთ? იმედები მომავალს უკავშირდება, მომავალი კი ახალგაზრდების ხელშია, მათი, ვინც ხვალ ქართული ღვინის ელჩები შეიძლება გახდნენ აქაც და უცხოეთშიც, იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ისწავლიან ან იმუშავებენ. ნუთუ კომპანიები არ უნდა იყვნენ დაინტერესებული ადამიანებით, რომლებიც მოდურს გახდიან მათ ღვინოს? ეს ახალგაზრდები ხომ ზოგადად, ქართული ღვინის სახის ჩამოყალიბებაში, მის გახალისებაში მიიღებენ მონაწილეობას და მათთან, როგორც გათვითცნობიერებულ (და არა ზერელე) მომხმარებელთან აქტიური და ნაყოფიერი ურთიერთობით სულ მალე მართლა შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა.

გული მწყდება ხოლმე, როცა ვხედავ, რომ ყველაზე ახალგაზრდული ღვინოებიც კი, მაგ. ვარდისფერი ღვინოები, ძალიან ძველმოდურად და მოსაწყენად იფუთება. იგივე შეიძლება ითქვას ღვინის ტურიზმზეც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ტურისტის, პირველ რიგში კი ახალგაზრდა, ცნობისწადილით სავსე ადამიანების გარეშე საქართველოში არაფერი ეშველება ღვინის ტურიზმს. განუწყვეტლივ მიწევს იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ უცხოელი ტურისტის იმედად ყოფნა სისულელეა, უფრო მეტიც, დანაშაული, ისევე, როგორც აბსურდულად მეჩვენება ქართული ღვინის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა, როდესაც ჩვენი ბოთლის ღვინის ყველაზე ფართო მომხმარებლად უკრაინელები და ყაზახები ითვლებიან და ისინი გაცილებით მეტ ქართულ ღვინოს სვამენ, ვიდრე თავად ქართველები.

© tabula



ჩვენი "წარაფი" ზუსტად 5 ლარი ღირს 1 ლიტრი.თქვენ გინდათ თქვათ, რომ სასიამოვნო დასალევი არ არის? :}


ქალბატონო მარიკა, სტატიაში ხაზგასმით წერია: "დღეს საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ 2-დან 5 ლარამდე საფასო კატეგორიის ღვინოს, რომელიც სასიამოვნო დასალევი იქნება"

თითქმის :) აი პლასმასში როცა აღარ ჩაასხამთ ღვინოს, საერთოდ მაგრები იქნებით :)


ხუმრობა იქით იყოს, ორიოდე სიტყვა პლასტმასის თაობაზე. წელს SIMEI-ზე ერთ-ერთ ფრანგულ ფირმას www.wine-and-tools.com წარმოდგენილი ჰქონდა პოლიეთილენის ჭურჭელი ღვინის დასაძველებლად, სხვათაშორის კვერცხის ანუ ქვევრის ფორმის. ისინი ამტკიცებენ, რომ პოლიეთილენის გამტარობა ჟანგბადისთვის დაახლოებით ისეთივეა როგორც მუხის კასრის და შესაბამისად ღვინო ისევე ძველდება, როგორც მუხის კასრში. პირადად მე მომეჩვენა, რომ აფერისტებს არ ჰგავდნენ. რაც შეეხება პლასტმასს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ შეკვეთილი ღვინის მომხმარებლამდე ტრანსპორტირებისთვის, ეს არის პოლიეთილენტერაფტალატი PET(კომერციული სახელწოდებაა "ლავსანი"), რომელიც იმდენად ინერტულია, რომ მისგან სისხლძარღვთა პროტეზებს ამზადებენ. თუ ამ ინფორმაციამ ვერ დაგარწმუნათ, ყოველთვის შეგიძლიათ მიირთვათ ჩვენი ღვინო მინის 3 ლიტრიან და 0,75 ბოთლებში.


თქვენს ღვინოს ყოველთვის სიამოვნებით მივირთმევ, თუკი დაავადებული არაა ხოლმე. სამწუხაროდ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დაავადებული ღვინო შეგვხვდა :( თითოეული შემთხვევა მახსოვს. ბევრს აღარ გავაგრძელებ, იცით ჩემი დამოკიდებულება თქვენი კომპანიის მიმართ და გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს. პლასტმასზე კი არ ღირს ჩემთან ვრცლად საუბარი, მაინც ვერ დამარწმუნებთ :)(ტრანსპორტირებას არ ვგულისხმობ ცხადია, მეც პლასტმასით ჩამომაქვს ხოლმე ღვინო). 2009 როდის ასხამთ? წიგნმა მოაღწია თქვენამდე?



დაახლოებით წელიწადნახევარი დაგვჭირდა იმისთვის, რომ 3 ლიტრიანი ბოთლის ჰერმეტულობისთვის მიგვეღწია. ალბათ მანამდე შეგხვდებოდათ დაავადებული ნიმუში. 2009-ს ცოტა აგვიანდება. რაც შეეხება წიგნს მშვენიერი გამოვიდა, მაგრამ სადღაც შემხვდა ტირაჟი - 3000. ეს ძალიან ცოტაა, ალბათ გაცილებით მეტი გაიყიდებოდა. მომავალ წელს ახლად ამუშავებულ "კარდენახის მარნის" ევროპული ღვინოც გვექნება. პლასტმასის 3 ლიტრიანში უნდა ჩამოვასხათ. სხვანაირად დაგეგმილ ფასს - 1 ლ. 2,5 ლარი ვერ შევინარჩუნებთ.ფალსიფიკატთან ბრძოლა რთული საქმეა.


ჯერ–ჯერობით ამ ტირაჟის ნახევარია დაბეჭდილი, როგორც მე ვიცი.



პლასტმასის სამლიტრიანებს ბეგინბოქსი არ ჯობია? თუ ეგეც ძალიან აძვირებს?



რატომღაც მგონია ბაგინბოქსი პოპულარული ვერ გახდება. თან ეგეც პლასტმასი არ არის შიგნიდან?


ჯობია ბეგინბოქსი გახდეს პოპულარული ვიდრე ეს პლასტმასი. გასაგები მიზეზების გამო, ღვინოც უკეთესად ინახება იქ. 



ბესინის ბეგინ ბოგსი მშვენიერი შეთავაზებაა მომხმარებლისთვის...დაბალი ფასი მაღალი ხარისხი...3 ლ თეთრი სულ რაგაც 13ლარი ღირს..გალაქტიონის 14..ახალ გახსნილ ღვინის მაღაზიაში


გალაკტიონის 14–ში რომელი ახალი მაღაზიაა? იქნებ ზუსტი მისამართი, სახელი და ტელეფონიც დაწეროთ. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული