Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჰილარიუს პიუტცი - გახსნილი გულის ფილოსოფია

"ვიდრე რაიმეს გაკეთება უკეთესად შეიძლება, "კარგი" საკმარისი არ არის!"

ალეკო ცქიტიშვილი

სამუშაო მაგიდაზე ორნაირი ქვა უდევს – ერთი ფიქალისა, მეორე – კლდისა. "ეს ქვები ჩემი ვენახიდანაა", - გვიხსნის და ინტერნეტით მშობლიური სოფლის - ვილთინგენის ულამაზეს ვენახებს გვიჩვენებს: "მამაჩემი ამბობდა და მაშინ არ მჯეროდა, რომ ასეთი ქვები ნიადაგიდან დიდ გავლენას ახდენს ღვინის გემოვნურ თვისებებზე. ამ ჭეშმარიტებაში როცა დავრწმუნდი, მამა უკვე ცოცხალი აღარ იყო. ჩემს რისლინგს სულ სხვა გემო აქვს იმ ვენახში, სადაც ეს ფიქალებია და სრულიად სხვა გემო აქვს იქ, საიდანაც აი, ეს მეორე ქვა წამოვიღე".

ჰილარიუს პიუტცს ახლა კომპანია "ბაგრატიონი 1882"-ის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებები აბარია. ცქრიალა ღვინოების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ იგი ოთხი წლის წინ მოიწვია გერმანიიდან და მეტად რთული მისია დააკისრა – რუსეთის ემბარგოს შემდეგ "ბაგრატიონის" ცქრიალა ღვინოების ხარისხის ამაღლება და ევროპულ ბაზარზე დამკვიდრება. მევენახეობის, მეღვინეობისა და მარკეტინგის მიმართულებებზე პასუხისმგებელი სამი გერმანელი სპეციალისტი კონკურსის წესით შეირჩა. აქედან საქართველოში დღეს მხოლოდ ჰილარიუს პიუტცი აგრძელებს საქმიანობას.

ამ ოთხ წელიწადში მან ქართული საუბარიც ისწავლა და წერაც. ინტერვიუს დროს შესაშური კალიგრაფიით ნაწერი "ვენახის წამლობის სქემა"  გვანახა. გერმანელი სპეციალისტის ყველაზე სახასიათო თვისებები - დისციპლინა, პუნქტუალობა და სიბეჯითე მის ხელწერაშიც ჩანს. თვითონ თავს უფრო ფრანკოფონად თვლის, ვიდრე გერმანელად. ამ თემაზე თუ უფრო ჩაეძიებით, გიპასუხებთ: "მე ევროპელი ვარ!" თუმცა, მისეულ კოსმოპოლიტიზმში ხაზგასმულად იგრძნობთ მშობლიური სოფლის - ვილთინგენისადმი მომეტებულ პატივისცემას და პატრიოტიზმს. კარგა ხანს ამ სოფლის საკრებულოს წევრიც იყო და მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებზე ახლაც ეკითხებიან რჩევებს.

სოფელი ვილთინგენი, სადაც ჰილარიუს პიუტცი გაიზარდა, მართალია, გერმანიის ფედერაციას, კერძოდ - რაინლანდ-პფალცის ადმინისტრაციულ მიწას ეკუთვნის, მაგრამ ისტორიულად 9 საუკუნის განმავლობაში ლუქსემბურგის შემადგენლობაში შედიოდა. მერე ნაპოლეონმა დაიპყრო და საფრანგეთს მიუერთა, ბოლოს კი საფრანგეთს პრუსიამ წაჰგვარა. დღეს ვილთინგენის გერბზე გამოხატულია ლუქსემბურგის გერბიდან ნასესხები ლომი და ვაზი, რაც ამ სოფლის ისტორიას და მთავარ სიმდიდრეს უსვამს ხაზს. პატარა სოფელში, სადაც სულ რაღაც 1500 მოქალაქე ცხოვრობს, მევენახეობა-მეღვინეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ლეგენდარულ "ტიტანიკზე", თურმე, უფრო მეტი ღვინო იყო ვილთინგენიდან, ვიდრე ბორდოდან.

ჰილარიუს პიუტცი ბავშვობიდან ვენახშია. მისი მამა პროფესიონალი მევენახე იყო. თვითონ კი, მევენახეობის გარდა, მეღვინეობის საიდუმლოებებსაც დაეუფლა. "5-6 წლის ბავშვი როცა ვიყავი, უკვე ვიცოდი, რომ მეღვინე უნდა გამოვსულიყავი", - ამბობს იგი.

სოფელი ვილთინგენი მდინარე მოზელის ხეობის სიახლოვესაა გაშენებული. პიუტცის ოჯახური მარნის ღვინოს ეტიკეტზე ეწერა: "მოზელი, ზაარის რისლინგი". რისლინგი გერმანული მევენახეობის წამყვანი ჯიშია. საქართველოში ნაკლებად არის გაშენებული, ფრანგული ჯიშებისგან განსხვავებით, რომელთაც თითქმის ყველა კუთხეში ნახავთ (მერლო, კაბერნე სოვინიონი, პინო ნუარი, შარდონე და სხვ).  

"თავიდან რისლინგის საქართველოში გაშენების იდეა მქონდა, რაკი ამ ჯიშთან ბავშვობიდანვე მაქვს ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ეს ჯიში საუკეთესო ღვინოს მოგვცემს ყვარელში, განსაკუთრებით - ქინძმარაულის ზონაში, სადაც ფიქალი ნიადაგებია. თუმცა, აქ თანდათან გამიმყარდა რწმენა, რომ ყველა ქვეყანამ მსოფლიო ასპარეზზე თავისი ძლიერი მხარეები უნდა წარმოაჩინოს. ქართული ვაზის ჯიშები უნიკალურია და არც ერთ სხვა ქვეყანას არა აქვს. რისლინგი კი უკვე ყველგანაა – აშშ იქნება ეს, არგენტინა, ავსტრალია, თუ სხვა ნებისმიერი ე. წ. ახალი სამყაროს ქვეყანა", - ამბობს ჰილარიუს პიუტცი.

ასეთივე პოზიცია აქვთ "ბაგრატიონი 1882"-ის მფლობელებს, რომლებმაც 2006 წლიდან ვაზის ქართული ჯიშების გაშენება დაიწყეს. ახლა კომპანია ფლობს 150 ჰექტარს ვენახს ქართლში - მუხრანსა და ქსოვრისში, 35 ჰექტარს კი - იმერეთში. "ბაგრატიონის” ცქრიალა და შუშხუნა ღვინოების წარმოებაში ახლა რამდენიმე ქართული ჯიში გამოიყენება: ჩინური, ციცქა, მწვანე კახური, საფერავი და თავკვერი. ყურძნის გარკვეულ რაოდენობას კომპანია მოსახლეობისგანაც ყიდულობს, მაგალითად - რქაწითელი შუშხუნა ღვინოებისთვის დედოფლისწყაროს ზვრებიდანაა.

"ბაგრატიონში" გერმანელი სპეციალისტის მიწვევის შემდეგ გადაწყდა, რომ ამიერიდან კომპანია ნედლეულად მხოლოდ ყურძენს შეისყიდდა და არა ღვინომასალას. ღვინომასალის ხარისხის კონტროლი და ჯიშური კომპონენტის შემოწმება პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ხარისხიანი ყურძნის შესყიდვით და ეროვნულ ჯიშებზე აქცენტით კი "ბაგრატიონმა" ორ-სამ წელიწადში შეძლო ქართული ცქრიალა ღვინოების შერყეული რეპუტაციის გამოსწორება. ამ ღვინოებში უკვე კარგად იგრძნობთ ციცქას, ჩინურისა და მწვანე კახურის განუმეორებელ არომატებს. კომპანიამ საწარმოო ნაკვეთებიც გააშენა, სადაც ამერიკულ საძირეზე დამყნობილი ვაზის ნერგები გამოყავს.

"ბაგრატიონთან" თანამშრომლობის წლებს ჰილარიუს პიუტცი ორი კულტურის დისკუსიის რაკურსში იხსენებს: "გერმანიაში მეღვინეობის პროფესია პირველ რიგში პრაქტიკას გულისხმობს, საქართველოში კი წინ თეორიული ცოდნა უფროა დაყენებული. გერმანიაში მევენახეობა და მეღვინეობა ერთმანეთისგან, ფაქტობრივად, არ იმიჯნება და არავინ დავობს, რომ ღვინო ვენახიდან იწყება. საქართველოში კი არსებობენ მევენახეები, რომლებსაც მეღვინეობა არ აინტერსებთ და მეღვინეები, რომლებსაც ვენახთან შეხება არ ჰქონიათ. ასეთი რამ გერმანიაში სრულიად წარმოუდგენელია".

თავისი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით, ჰილარიუს პიუტცს შეუძლია ღვინის კომპანიის მართვა ყველა ეტაპზე - ვენახის მოვლით და ყურძნის მოსავლის დაბინავებით დაწყებული, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმით და დისტრიბუციით დამთავრებული. ვილთინგენში თავისი ოჯახის მარნის ღვინო კლიენტებამდე თვითონვე მიჰქონდა, ესაუბრებოდა მათ, უსმენდა შენიშვნებს.

"ვფიქრობ, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, თუკი დაინერგება სწავლების ისეთი სისტემა, რომელიც დარგის სპეციალისტებს უნივერსალურ ცოდნას შესძენს. მეღვინემ ყველაფერი უნდა იცოდეს - ვაზის გაშენება, მისი მოვლა, სავენახე ტექნიკასთან ურთიერთობა, ყურძნის დაკრეფისა და დაწურვის ნიუანსები, ღვინის დაყენების ტექნოლოგიები და სხვა პროფესიონალური საიდუმლოებები. ყველაფერში თვითონ უნდა მონაწილეობდეს, თუ უნდა, წარმატებას მიაღწიოს. ისეთ სისტემაში, სადაც თეორია და პრაქტიკა ერთმანეთისგან დაშორებულია, მეღვინეები უფრო მეტად გონებით მუშაობენ, ვიდრე გულით. მეღვინეობაში კი მთავარი სწორედ გულია! ვაზს და ღვინოს გული უნდა გაუხსნა, ალერსიანად შეეხო და გულის სითბო გადასცე. ცივი გონებით და ცარიელი ქიმიური ფორმულების ცოდნით ბევრს ვერაფერს მიაღწევ", - გვიხსნის თავის სამუშაო პრინციპებს და კედელზე გაკრულ მთავარ სამოქმედო დევიზსაც გვაცნობს: "ვიდრე რაიმეს გაკეთება უკეთესად შეიძლება, "კარგი" საკმარისი არ არის!"

იგი ახლა მთლიანად "ბაგრატიონს" ეკუთვნის - არა მარტო კონტრაქტით, არამედ გულით და შემოქმედებით. ამიტომაც დიდი ფიქრის შემდეგ უარი თქვა, კარდენახში, სახელგანთქმულ წარაფის ნაკვეთში ვენახის გაშენებაზე და ქვევრებში ღვინის დაყენებაზე: "ერთხელ კარდენახში შემაღლებული ადგილიდან ვუყურებდი ალაზნის ველს და წავედი ოცნებებში. მერე ოჯახურ მარანში ქვევრის "წარაფი“ დავლიე და ისე მომეწონა, გადავწყვიტე, მეც გამეკეთებინა ჩემებურად. კარგად დაყენებულ ქვევრის ღვინოს დიდი მომავალი აქვს და ევროპის ბაზარზე ვხედავ კიდეც ნიშას მისთვის. ახლა ერთმა ცნობილმა ავსტრიელმა მეღვინემ წაიღო ქვევრები საქართველოდან და ის თუ წარმატებას მიაღწევს, ქვევრის ღვინის ცნობადობა ძალიან აიწევს, საქართველოდან ბევრი ქვევრი გავა ექსპორტზე. დიდი ფიქრისა და აწონ-დაწონვის შემდეგ ჩემი გეგმების განხორციელებისგან თავი შევიკავე, რადგან ერთდროულად ვერ მოვახერხებდი ცალკე ცქრიალა ღვინოებზე მეზრუნა და ცალკე "წარაფზე".

საქართველოში მუშაობისას დარწმუნდა, რომ დარგს პრაქტიკული სახელმძღვანელო სჭირდება - არა აკადემიური სტილით დაწერილი, მხოლოდ პროფესორთა ვიწრო წრისათვის გასაგები, არამედ მარტივი ენით მომზადებული, რათა ეს წიგნი ყველამ გამოიყენოს - ოჯახური მარნის მეღვინემაც და ენოლოგმაც. წიგნის სათაურია – "ყურძნიდან ღვინომდე". მალე ქართულ ენაზეც ითარგმნება და დაისტამბება.

"ბაგრატიონში" მუშაობა მისთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ თავისი მისია დიდ სიამოვნებასაც ანიჭებს. მიაჩნია, რომ ახლა ეს კომპანია განვითარების სწორ გზაზე დგას და შორს არ არის ის დრო, როცა "ბაგრატიონის" ცქრიალა ღვინოები ევროპის ბაზარზე სტაბილურად დაიმკვიდრებს ადგილს: "ფეხბურთის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, კომპანიის მიზანია, საბოლოოდ დამკვიდრდეს ბუნდესლიგაში, ტრადიციული ქართული ვაზის ჯიშებით".

მთლად მასზე არ არის დამოკიდებული, რამდენ ხანს დარჩება კიდევ საქართველოში, მაგრამ აღიარებს, რომ სიამოვნებით გააგრძელებდა იმ გეზს, რაც ახლა აქვს აღებული "ბაგრატიონს". ამჟამად კომპანია მუშაობს შამპანის რეგიონის კანონის -  CIVC (Comite Interprofessionell de Vin du Champagne)მოთხოვნების შესაბამისად, რაც განსაზღრავს მისი პროდუქციის მაღალ ხარისხს. საკუთარი ვენახებიდან პირველი მოსავალიც გასულ წელს მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაზიდან ღვინომდე წრე სრულყოფილად ახლაღა შეიკრა. ესე იგი ის დრო დადგა, როცა ღვინის ხარისხი არა ნედლეულზე, არამედ მეღვინის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

ჰილარიუს პიუტცის მისია, რეალურად, ახლა უნდა დაიწყოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული