Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ახალი ღვინის ფესტივალი” ბრუნდება!

ლევან სეფისკვერაძე

უკვე მეორე წელია, რაც ღვინის კლუბი ”ახალი ღვინის ფესტივალს” ატარებს. პირველმა ფესტივალმა, რომელიც 2011 წლის მაისში გაიმართა, მოლოდინს ბევრად გადააჭარბა და ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი, ხარისხიანი ღვინისადმი საქართველოში ინტერესი მართლაც დიდია. როგორც ფესტივალის დასახელებიდან ჩანს, 2011 წლის ”ახალი ღვინის ფესტივალზე”, 14 მაისს, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იქნება შარშან, ანუ 2010 წელს მოწეული ყურძნისგან დაყენებული ღვინოები.

როგორ, სად, როდის...

ეს ფესტივალი ერთად-ერთი ადგილია, სადაც ოჯახური მარნები და დიდი კომპანიები ერთად იღებენ მონაწილეობას. შარშანდელის მსგავსად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეებიც თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში აგებულ სპეციალურ კარვებში განთავსდებიან (დასწრება თავისუფალი იქნება).

გლეხებს, და მევენახეებს, რომლებსაც სურთ, რომ 2011 წლის ”ახალი ღვინის” ფესტივალში მონაწილეობა მიიღონ, (ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელიც თვითონ აყენებს ხარისხიან, ნატურალურ ღვინოს) უპირველეს ყოვლისა უნდა შეავსონ სპეციალური ბლანკი, სადაც საკუთარი პირადი მონაცემები გარდა, ჩაწერენ წარსადგენი ღვინის შესახებ ინფორმაციას და ასევე მოუთითებენ თუ რატომ გადაწყვიტეს აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა. M

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალში მონაწილეთა მსურველები საკმაოდ ბევრია, ამ ეტაპზე ღვინის კლუბმა გადაწყვიტა, რომ საფესტივალოდ მხოლოდ 50 საუკეთესო ღვინო შეირჩეს. ღვინის კლუბის შიდა დეგუსტაციაზე გამოვლენილი საუკეთესო ღვინოები კი აუცილებლად წარსდგება ფესტივალზე და ღვინის მფლობელებს ღვინის კლუბი უსასყიდლოდ გამოუყოფს ფესტივალზე ადგილს.

ღვინის კლუბი მსოფლიოს კვალდაკვალ

გაამართლა თუ არა შარშანდელმა ფესტივალმა? - ეს კითხვა ალბათ უპირიანი იქნება, რომ შარშანდელი ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს დავუსვათ. შარშანდელ ფესტივალზე მოსული პრაქტიკულად ყველა სტუმარი გამოთქვამდა დიდ სურვილს, რომ ეს ფესტივალი ტრადიციული გამხდარიყო. ამავე აზრზე გახლდათ მონაწილე მეღვინეებიც, რომლებმაც შეძლეს, რომ თავიანთი ღვინო საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის გაეცნოთ და საერთოდ - ხალხს წარმოდგენა შეექმნა, როგორი ღვინო მზადდება დღეს საქართველოში და რისი იმედი შეიძლება გვქონდეს სამომავლოდ.    

ასეთი ფესტივალები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავს ღონისძიებებს სახალხო ზეიმის სახე ეძლევა ხოლმე. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ: Beaujolais Nouveau, რომელიც საფრანგეთში ტარდება, და ახალი ღვინის სხვა დღესასწაულები.

ცნობილი ამბავია, რომ ბოლო დროს, ჩვენს ქვეყანაში არცთუ სახარბიელო მდგომარეობა შეიქმნა ღვინის წარმოების სფეროში. მოძალებულმა ფალსიფიკაციამ და სხვა მრავალმა პრობლემებმა თანაბრად დააზარალა გლეხებიცა და დიდი ღვინის კომპანიებიც.

ღვინის კლუბის წევრების თქმით, ”ახალი ღვინის ფესტივალის” უმთავრესი მიზანი ხარისხიანი ღვინის პოპულარიზაცია და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაა. შარშანდელ ფესტივალს უამრავი უცხოელი სტუმარი დაესწრო და აქ მიღებული შთაბეჭდილებები მათი თქმით, იმაში დაეხმარათ, რომ თავიანთ სამშობლოში ქართულ ღვინოს უფრო მეტად გაუწევენ პოპულარიზიაცია. ღვინის კლუბელები ასევე უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ იმასაც, რომ ”ახალი ღვინის” ფესტივალში” მონაწილეობით მოხდება მცირე მარნების ერთგვარი სტიმულირება, რადგან კარგი ღვინის მწარმოებელი მცირე მარნის მფლობელი ნათლად დაინახავს, რომ მის გვერდით დგანან ადამიანები, რომლებიც აფასებენ მათ შრომას და გარკვეულწილად ეხმარებიან კიდეც.

თითქმის მთელი საქართველო

როგორც ღვინის კლუბის პრეზიდენტი – მალხაზ ხარბედია ამბობს, უკლებლივ ყველა მეღვინე ღვინის კლუბმა თავიდანვე თანაბარ პირობებში ჩააყენა. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება მეღვინე გამოცდილია თუ დამწყები და არც მის მიერ წარმოებული ღვინის რაოდენობაა განსაზღვრული. ფესტივალზე მონაწილეობის მსურველთა მიმართ მხოლოდ ერთადერთი პირობა არსებობს: წარმოდგენილი ღვინო უნდა იყოს ჯანსაღი, ნატურალური, ხარისხიანი და თუკი გემური თვისებებითაც გამორჩეული იქნება, ეს განსაკუთრებით იქნება მისასალმებელი და დაფასებული.

კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, სამეგრელო, მესხეთი, ქვემო ქართლი... ჩვენი ქვეყნის მევენახეობისათვის ხელსაყრელი თითქმის ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი ღვინის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი 2011 წლის ”ახალი ღვინის ფესტივალზე”... იმ მეღვინეებს, რომლებმაც მონაწილეობა შარშანდელ ფესტივალში მიიღეს, წელს სხვა მეღვინეებიც დაემატნენ, რაც იმის იმედს იძლევა, რომ წლევანდელი ღონისძიება ბევრად უფრო მასშტაბური და წარმოდგენილი ნიმუშების მხრივ მრავალფეროვანი იქნება.

რეზო გეთიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სენის” წარმომადგენელი: “შარშანდელ ფესტივალზეც მინდოდა, კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მამაჩემისა და ჩემს მიერ დაყენებული კახური ტიპის რქაწითელის ღვინის წარდგენა, მაგრამ გასულ წელს მრავალმა ფაქტორმა შეგვიშალა ხელი. წელს კი ეს სურვილი ავისრულე და სხვა ღვინოებთან ერთად, ჩვენი ღვინოც იქნება ფესტივალზე, იმედია. ასეთი ფესტივალები პირველ რიგში მაინც გლეხებისთვის არის კარგი, რადგან ღვინის კომპანიებისგან განსხვავებით, გლეხებს არა აქვთ საშუალება, რომ მათ მიერ დამზადებული ღვინო ნათესავებისა და მეგობრების გარდა ფართო საზოგადოებსაც გააცნონ. არადა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ჩვეულებრივი კახელი გლეხის მიერ დაყენებული კონკრეტული ღვინო არაფერში ჩამოუვარდებოდეს ე.წ. ქარხნულ ღვინოს და შეიძლება სჯობდეს კიდეც. ვნახოთ, როგორც მოეწონება ჩემი ღვინო ამ ფესტივალზე ხალხს და თუ ჩვენი მოლოდინები გამართლდა, შეიძლება ”ახალი ღვინის ფესტივალის” მუდმივი მონაწილეც კი გავხდეთ”.  

ფესტივალის ხელმეორედ გამართვის (და საერთოდ, ფესტივალის ტრადიციულობის) მიზეზი ყველაფერთან ერთად ისიც გახდა, რომ გასულ წელს ”ახალი ღვინის ფესტივალზე” დაახლოებით 7 ათასამდე ადამიანი მოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ აქამდე ერთ კონკრეტულ ღვინოსთან დაკავშირებიულ ღონისძიებაზე ამდენი ადამიანი არასოდეს მისულა და თუკი აგრეთვე გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შარშანდელი ფესტივალი ჯერ ”ახალი ხილი” იყო, მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე დასწრების სავარაუდოდ უფრო ბევრი მსურველი აუცილებლად იქნება.

იმის გამო, რომ ფესტივალზე დასწრებაცა და მონაწილეობაც აბსოლუტურად ღიაა და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელსა და განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანს ეძლევა უნიკალური საშუალება, რომ თავად გასინჯოს და სხვებთან ერთად დაასკვნას, თუ რომელი ტიპისა და დასახელების ღვინოს მიანიჭებს უპირატესობას. ღვინის კლუბის წევრის – ავთანდილ კობახიძის აზრით, ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინის მრავალფეროვნებამ მონაწილეებს შესაძლებელია ხარისხიანი ღვინისადმი სულ სხვანაირი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს. მაგალითად შარშანდელ ფესტივალზე, ბევრი ახალგაზრდა იყო რომლებიც ღვინის კლუბის წევრებთან საუბარში არ მალავდნენ, რომ სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინის შესახებ მხოლოდ სხვათა საუბრიდან, ტელევიზორიდან ან წიგნებიდან თუ იცოდნენ და მხოლოდ ”ახალი ღვინის ფესტივალზე” გასინჯეს ეს ”ლეგენდარული” ღვინოები.

შარშანდელმა ფესტივალმა ღვინის მოყვარული ”ისტებიც” გამოავლინა. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრი – ბაკურ კვეზერელი – ”საფერავისტი” აღმოჩნდა, მეცნიერი იულონ გაგოშიძე კი ქართლური ღვინოების მოტრფიალე. უცხოელი სტუმრების უმეტესობას კი როგორც წესი იმ კარვებთან ნახავდით, სადაც რაჭველ გლეხებს ხვანჭკარა ჰქონდათ გამოტანილი.

მოკლედ. სულ მალე, კონკრეტულად კი 14 მაისს, საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ”ახალი ღვინოების ფესტივალი 2011” გაიმართება. (ფესტივალის შესახებ კონკრეტულ ნიუანსებში გარკვევა შეგიძლიათ ვებ-პორტალზე: www.vinoge.com) ამ წამოწყებას უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ფესტივალისადმი დიდ ინტერესს ახალგაზრდები იჩენენ. ფესტივალის ძირითადი პარტნიორია თბილისის მერია. ასევე პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, "ღვინის ისტორიის ფონდი", "ღვინის კლუბის" ყოველკვირეული გაზეთი "მარანი-Weekend", ღვინის კლუბი ყველას გელოდებათ ეთნოგრაფიულ მუზეუმში!

© ღვინის კლუბი/Weekend



უმნიშვნელოვანესი და მეტად სასიამოვნო ტრადიცია ყალიბდება რასაც მივესალმები!!!მიგულეთ თკვენს გვერდით !!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული