Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

WinExpo 2009 - მოკრძალებული ხიბლი

ნანა კობაიძე

ფოტო: ბონდო დვალიშვილი

4-6 ივნისს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯია” - ში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo უკვე მესამედ გაიმართა. დღევანდელი რთული პოლიტიკური და სოციალურ- ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, მას არ ჰქონია შესაბამისი რეზონანსი. WinExpo 2009-მ მოკრძალებულად ჩაიარა, თუმცა, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის საქმეში თავისი როლი ითამაშა.

მომავალ წელს საქართველოში მასშტაბური ფორუმი იმართება. თბილისი ღვინის საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. ასეთ ვითარებაში ქვეყნისთვის აუცილებელია ღონისძიება, რომელიც ამ მოვლენის საფუძველს შეამზადებს. ჯერჯერობით, WinExpo ერთადერთია. ერთადერთი საერთაშორისო გამოფენა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც. მისი ორგანიზატორი გამოფენების ცენტრი “ექსპო ჯორჯია” გახლავთ, მხარდამჭერი - სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გამოფენის მიზანია ღვინის მწარმოებელთათვის საქმიანი გარემოს შექმნა, მათი პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და გაყიდვების გაზრდა.

პირველი WinExpo 2 წლის წინ გაიმართა. მანამდე ღვინო კვების მრეწველობის გამოფენის ფარგლებში იყო წარმოდგენილი. თუმცა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაწყდა, ეს სეგმენტი ცალკე გამოეყოთ. ორგანიზატორთათვის მთავარი მხოლოდ ღვინის კომპანიების თავმოყრა კი არა, მათთვის საქმიანი გარემოს შექმნაც იყო. ამაში კი ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები დაიხმარეს. ნინო გამრეკელი, პროექტის მენეჯერი: “უკეთესი შედეგებისათვის თანამშრომლობა დავიწყეთ გერმანიის ტექნიკური განვითარების ფონდ GTZ-სა და “სამტრესტთან”. სწორედ მათ უნდა ჩამოეყვანათ ცნობილი ევროპელი ღვინის ექსპერტები და ჟურნალისტები, რომლებიც არა მხოლოდ გააშუქებდნენ გამოფენას, არამედ შეხვდებოდნენ თითოეულ კომპანიას, რეგიონებში გაეცნობოდნენ ადგილობრივ ღვინოს, მისი წარმოების ტექნოლოგიებს და შემდეგ ამ ყველაფერზე თავიანთ გამოცემებში დაწერდნენ. შარშანდელი WinExpo-ს შედეგი იყო სტატიათა საკმაოდ ვრცელი ციკლი საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ, რომელიც ცნობილ ჟურნალ “სომელიეში” დაიბეჭდა. მოგეხსენებათ, დასავლეთში მსგავს ჟურნალებს ღვინის წარმოებით და რეალიზაციით დაინტერესებული ხალხი კითხულობს, ამიტომ ჩვენთვის ამ ფაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა”.

იმისათვის, რომ გამოფენის “წონა” გაეზარდათ, ორგანიზატორებმა შარშან მას ღვინის საერთაშორისო დეგუსტაცია დაამთხვიეს, რომელიც ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით გაიმართა. პირველ ჯერზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ორი კატეგორია: წითელი და თეთრი მშრალი ღვინოები. ღონისძიებაზე დასასწრებად ძალზე ცნობილი დეგუსტატორები ჩამოვიდნენ, მათ შორის, მსოფლიო მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ფედერიკო კასტელუჩი და “ღვინის ენციკლოპედიის” ავტორი, ანდრე დომინე.

კასტელუჩის ჩამოსვლა ღვინის სამყაროში იგივეა, რაც რობერტ დე ნიროს ვიზიტი კინომანებისთვის. მის სტუმრობას გამოფენაზე დასწრების გარდა სხვა დატვირთვაც ჰქონდა: ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ 2010 წელს საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონგრესი ტარდება, რომლის ორგანიზატორი სწორედ OIV-ია, ამიტომ კასტელუჩის მიზანი “ბაზის” მოსინჯვა და მასპინძელი ქვეყნის შეფასებაც იყო. WinExpo-ს ორგანიზატორთა თქმით, ამ ვიზიტით ჩვენი სტუმარი ძალიან კმაყოფილი დარჩა.

რაც შეეხება ანდრე დომინეს, დეგუსტაციის მონაწილეებს მასთან ხელმოსაწერად მისივე წიგნი მიჰქონდათ, რომელიც ქართველ მეღვინეებს შორის საკმაოდ პოპულარულია. დომინე წლევანდელი დეგუსტაციის ჟიურის წევრიც იყო და აქაურობა ისე მოსწონს, ალბათ, გაისადაც გვესტუმრება. მით უმეტეს, რომ მომავალ წელს ორგანიზატორები გამოფენას და დეგუსტაციას ღვინის საერთაშორისო კონგრესს ამთხვევენ.

ახლა უშუალოდ წლევანდელ WinExpo-ზე ვისაუბროთ. სამი დღის განმავლობაში მე-11 პავილიონი ღია იყო როგორც პროფესიონალი დამთვალიერებლების, ასევე ღვინის მოყვარულთათვის. 38 საგამოფენო სტენდზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და ამ სფეროსთან დაკავშირებული 50-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. მათ მიერ გამოფენილი პროდუქციის ნუსხა ასე გამოიყურებოდა: ღვინო, შუშხუნა ღვინოები, სპირტიანი სასმელები, საწარმოო დანადგარები, შესაფუთი ტექნოლოგიები, ინგრედიენტები, დანამატები, სასუქები, ვაზისა და ვენახის მოვლის ტექნიკა, ნერგები, აქსესუარები და ა.შ.

სამი დღის განმავლობაში სიმბოლურ ფასად ნებისმიერ მსურველს შეეძლო ქართული კომპანიების საუკეთესო ღვინოები გაესინჯა. არ ვიცი, ეკონომიკურმა კრიზისმა იმოქმედა თუ ქართველებმა კარგი ღვინის მიმართ ინტერესი დაკარგეს, ფაქტია, რომ გამოფენა დამთვალიერებელთა მრავალრიცხოვნებით ვერ დაიკვეხნიდა. სამაგიეროდ გაცილებით დახვეწილი, გემოვნებიანი პუბლიკა შეიმჩნეოდა, რომელიც თრობით კი არა, ღვინის დაგემოვნებით იყო დაკავებული.

ყველაზე მეტი ხალხი პირველ დღეს შეიკრიბა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოფენა საზეიმოდ გახსნა და რამდენიმე კომპანიის ღვინოც დააგემოვნა. იმავე დღეს აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის ექსპერტებთან, სადაც წაიკითხეს მოხსენებები თემებზე: რა სარგებელს მოუტანს საქართველოს მსოფლიო ღვინის სავაჭრო ჯგუფის წევრობა, ღვინის საიმპორტო რეჟიმი ამერიკაში, საგადასახადო და სავაჭრო ბიუროს როლი ამერიკაში ფალსიფიცირებული ღვინის შესვლისა და თავიდან აცილებაში და სხვ.

მეორე დღეს ღვინისა და ვაზის დეპარტამენტის, “სამტრესტის” ორგანიზებით საერთაშორისო დეგუსტაცია გაიმართა, რომელშიც უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ. ჟიური შემდეგი შემადგენლობით მუშაობდა: პეტერ სარკანი (ჟიურის თავმჯდომარე), იოხენ ერლერი, დარელ ჯოზეფი, ანდრე დომინე, ემანუელ ანდრეასი, ქევინ მური, ლევან მეხუზლა და ანა გოდაბრელიძე. დეგუსტაციას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა OIV-ის გენერალური დირექტორის მოადგილე იან ჟუბენი.

ჟიური ღვინოს OIV-ის სტანდარტით, ანუ 100-ბალიანი სისტემით აფასებდა. წელს წარმოდგენილი იყო წითელი მშრალი, თეთრი მშრალი და ნახევრდატკბილი წითელი ღვინოები. სულ – 52 ნიმუში. მედლები შემდეგნაირად განაწილდა:

კატეგორია “თეთრი მშრალი”

ოქრო

კომპანია “შუმი” - წინანდალი 2007

კომპანია “ხარება” - ციცქა 2008

კომპანია “თელიანი ველი” - შარდონე- რქაწითელი 2008

კომპანია “შუხმან ვაინ ჯორჯია” - ქისი 2006

ვერცხლი

კომპანია “შატო მანავი” - მშობლიური №8 2003

კომპანია “შუმი” - შუმი 2007

კომპანია “შატო მუხრანი” - რქაწითელი 2007

კატეგორია “წითელი მშრალი”

ოქრო

კომპანია “შუმი” - შუმი 2007

კომპანია “ხარება” - საფერავი 2008

კომპანია “კომპანია ქინძმარაული” - ყვარელი 2007

ვერცხლი

კომპანია “ბესინი” - მუკუზანი 2006

კომპანია “დუგლაძეების ღვინის მარანი” - საფერავი 2007

კატეგორია “წითელი ნახევრადტკბილი”

ოქრო

კომპანია “დუგლაძეების ღვინის მარანი” - ქინძმარაული 2008

კომპანია “ტიფლისი მარანი” - ქინძმარაული 2005

კომპანია “ხარება” - ახაშენი 2007

ვერცხლი

კომპანია “კორპორაცია ქართული ღვინო” - ქინძმარაული 2007

სხვათა შორის, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს არ გაცემულა გრანდ გოლდი, ანუ დიდი ოქროს მედალი. ეს ჯილდო მასშტაბურ გამოფენებზეც კი იშვიათად გაიცემა, ამიტომ შარშან უცხოელმა კონსულტანტებმა WinExpo-ს ორგანიზატორებს მისი დამზადება არცკი ურჩიეს. მაშინ ყოველი შემთხვევისთვის ერთი ეგზემპლარი ჩამოასხმევინეს და ორგანიზატორთა გასაკვირად, გასცეს კიდეც. წელს ეს ფაქტი არ განმეორებულა. თუმცა, გრანდ გოლდი თვითმიზანი არ არის. მთავარია, რომ საბოლოო ჯამში, ჟიური ქართული ღვინის ხარისხით კმაყოფილი დარჩა. მედლები და დიპლომები საუკეთესოდ შეფასებულ ღვინოებს “შერატონ მეტეხი პალასში” საზეიმო სადილზე გადასცეს.

WinExpo 2009-ს მოკრძალებული ხიბლი კიდევ ერთი მიმართულებით გამოიკვეთა. ეკონომიკურმა კრიზისმა გამოფენის ვიზუალურ მხარეზეც იმოქმედა. გასული წლებისგან განსხვავებით, სტენდების გაფორმებას ნაკლები ყურადღება დაეთმო. თუ შარშან და შარშანწინ დამთვალიერებელთა მისაზიდად კომპანიები საქმეში მომღერლებს, მოდელებს და მსახიობებს რთავდნენ, წელს ამ ყველაფერმა უკანა პლანზე გადაიწია. ერთადერთი, ვინც საკუთარი კუთხე განსაკუთრებულად მოაწყო, “თელიანი ველი” გახლდათ. კომპანიის წარმომადგენლები სტუმრებს XIX საუკუნის ქალაქური სტილის, ე.წ. ”თავადის სახლის” ინტერიერით გაფორმებულ სტენდთან უმასპინძლდებოდნენ. თავდაპირველად მათთან საკმაოდ ბევრი ხალხი ირეოდა, თუმცა, ნელ- ნელა დამთვალიერებელი პავილიონის სიღრმეშიც ინაცვლებდა და მისთვის ნაკლებად ცნობილი და ბაზარზე არცთუ დიდი ხნის წინათ გამოჩენილი კომპანიების სასმელს ინტერესით აგემოვნებდა. წლევანდელ WinExpo-ს სწორედ ასეთი კომპანიების სიმრავლე გამოარჩევდა. 20 ღვინის კომპანიიდან 8 პირველად იყო წარმოდგენილი. მათი უმეტესობა ბოლო 4-5 წელიწადში შეიქმნა და თავის პროდუქციას ძირითადად უცხოეთში ყიდის. კომპანია “ხარება” ერთ- ერთი მათგანია. წელს WinExpo-ზე პირველად გამოვიდა და საკმაოდ წარმატებულადაც: გარდა იმისა, რომ დეგუსტაციაზე გაიმარჯვა, ფართო საზოგადოებას საკუთარი პროდუქტიც უკეთ გააცნო. სხვათა შორის, მისმა წარმომადგენლებმა გამოფენის ორგანიზატორებისგან დამთვალიერებელთან ყველაზე ეფექტური კომუნიკაციისთვის სპეციალური დიპლომიც დაიმსახურეს.

კომპანიის გერმანელმა მეღვინემ, ინგო სიმონმა WinExpo-სთან დაკავშირებით თავისი შთაბეჭდილება გაგვიზიარა: “ჩემთვის ეს გამოფენა ხარისხის ჯანსაღი შეჯიბრია. პირადად მე სხვა მეღვინეებიც გავიცანი და ჟურნალისტებიც, რომელთაგან მწარმოებლები უამრავ საინტერესო ინფორმაციას ვიგებთ. ჩვენი კომპანიის ახალგაზრდა გუნდისთვის კარგი სტიმული იყო ისიც, რომ მედლები მოვიგეთ. მეღვინე გახლავართ და მიმაჩნია, რომ ღვინისთვის ყველაზე მთავარი ხარისხია. იმედი მაქვს, მომავალ წელს ქართული ღვინის ხარისხი მეტად გაუმჯობესდება”.

ჩვენთან საუბარში ბატონმა სიმონმა ერთ საინტერესო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. მისთვის უცნაური აღმოჩნდა, რომ გამოფენას არ ესწრებოდნენ რესტორატორები. არადა, მის სამშობლოში ცნობილი ProWine-ს ერთი დღე მხოლოდ სასტუმროების, ბარებისა და რესტორნების მფლობელებს ეთმობა. ამ სეგმენტის წარმომადგენელთათვის მსგავსი ღონისძიებები შესანიშნავი საშუალებაა გაამდიდრონ სასტუმროსა თუ რესტორნის ღვინის ბარათი, საქართველოში კი მსგავსი არაფერი შემხვედრიაო - გვითხრა ბატონმა სიმონმა. მართალია, ProWine-ს და WinExpo-ს მასშტაბები რადიკალურად განსხვავდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველ რესტორატორებსა და სასტუმროების მფლობელთ არ აწყენდა გერმანელი მეღვინის რჩევის გათვალისწინება და საკუთარი დაწესებულების სასმელის ხარისხზე ზრუნვა.

WinExpo 2009 დამთავრა. შედეგები ბოლომდე ჯერ არ შეფასებულა, თუმცა, ფიქრი მომავალ გამოფენაზე უკვე იწყება. იმედი ვიქონიოთ, სამომავლოდ ორგანიზატორები კიდევ უფრო უკეთესად მოემზადებიან. მოემზადებიან, რათა ღვინის საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს დაუმტკიცონ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.

© ნანა კობაიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული