Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თბილისობა 2013 კვლავ ღვინის კლუბთან ერთად!

ლევან სეფისკვერაძე

გასულ კვირას, თბილისის ისტორიულ ცენტრში, მეიდანზე, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. თბილისობა 2013-ს ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, ღვინის ფესტივალი წელს უკვე მესამედ გაიმართა და ამ ღონისძებამ წელსაც ტრადიციულად ღვინოს მრავალი მოყვარული ჩვენი თანამოქალაქე და უცხოელი სტუმარი დააინტერესა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო პრაქტიკულად ყველა ცნობილი და პოპულარული ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია. უფრო კონკრეტულად კი ის კომპანიები, რომელთა პოპულარობა ჩვენს ქვეყანაში თანდათან იზრდება. ფესტივალზე დასწრება ღვინის სასურველი ნიმუშების დაგემოვნება ტრადიციულად უფასო იყო და ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება,ისევე როგორც ღვინის კლუბის მიერ გამართულ სხვა ამგვარ ღონისძიებებში, ამჯერადაც ყოველგვარი საშვებისა და ბილეთების გარეშე ხდებოდა.

ფესტივალის სტუმრებისა და მონაწილეების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ერთმანეთი გასულ ფესტივალებზე გაიცნეს და 6 ოქტომბერს, მეიდანზე გამართულ ფესტივალშიც მრავალი ახალი ნაცნობობა შედგა. როგორც 24 წლის, ფოლოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტმა, კოტე ღვინიანიძემ აღნიშნა: “ფესტივალზე გაცნობილ ხალხს ღვინის სურნელი ასდის და ეს ხალხი შემდგომში კარგ ღვინოებს გვახსენებს”.       

თბილისობის ფარგლებში ღვინის ფესტივალი, ღვინის კლუბის ორგანიზებითაა  და თბილისის მერიის პატრონაჟით, უკვე მესამედ იმართება. ეს ღონისძიება ერთგვარი მცირე მასშტაბის “ახალი ღვინის ფესტივალია”, რომელიც ყოველ მაისის თვის მეორე შაბათს იმართება (სულ ოთხჯერ გაიმართა) თუმცა, ამ ორ ღონისძიებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ “ახალი ღვინის ფესტივალზე” ძირითადად მხოლოდ წინა წლის მოსავლის ღვინოებია გამოტანილი, თბილისობის ფარგლებში გამართული ღვინის ფესტივალი კი ღვინის მწარმოებელ კომპანიებს არ ზღუდავს და წლევანდელ თბილისობაზე ღვინის მოყვარულებს ძველი და დავარგებული ღვინის დალევაც შეეძლოთ.

თბილისობის ღვინის ფესტივალში მონაწილე მრავალი ადამიანი საუბრობდა ღვინის კლუბის დამსახურებაზე, რომ საქართველოში ღვინის ფესტივალების კულტურა დაინერგა. დღეს თბილისში იშვიათად ნახავთ ღვინის მოყვარულ ადამიანს, რომელიც ღვინის კლუბის მიერ გამართულ რომელიმე ფესტივალზე ერთხელ მაინც არ იყოს ნამყოფი. ჩვენ შევხვდით ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც ფესტივალიდან-ფესტივალამდე დღეებს ითვლიან.

ზაზა ზედგინიძე, თბილისის მკვიდრი: “დღეს თბილისობაა, ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა მოძრაობს და მუხიანიდან აქამდე ძლივს ვნახე ცარიელი სამარშრუტო ტაქსი, სადაც ასვლა შეიძლებოდა. პირველად ღვინის ფესტივალზე შარშანწინ წამიყვანეს ჩემმა მეგობრებმა და იმის შემდეგ, ასეთ ღონისძიებას აღარ ვაკლდები. წელს შვილების წამოყვანაც მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ უტრანსპორტობამ შემიშალა ხელი. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ამ საოცარი ღონისძიების ორგანიზატორებს. სულ გაფაციცებული ველოდები მსგავს ღონისძიებებს და მიხარია, რომ ბოლო დროს ღვინის ფესტივალები თბილისისათვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა”.

ფესტივალის ორგანიზატორები სიამაყით აღნიშნავენ, რომ ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები თანდათან ჭეშმარიტად სახალხო ზეიმების სახეს იღებს და ამ კუთხით თბილისში (შემდგომში მსგავსი ტიპის ღონისძიებები შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც მოეწყოს) გამართული ფესტივალები, ფესტივალის ევროპულ ანალოგებს ბევრ რამეში არ ჩამოუვარდება.

ავთო კობახიძე, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი:”წლევანდელი ღვინის ფესტივალი უპირველეს ყოვლისა იმით გამოირჩევა, რომ წელს ღვინის კლუბს თბილისობაზე აქციის სახით განსხვავებული ჩამოსასხმელი ღვინო აქვს წარმოდგენილი. 5 ლარად ნებისმიერ მყიდველს ბოთლში აქვე ჩამოვუსხამთ ტრადიციული კახური მეთოდით, მწვანე კახურის ჯიშისაგან დაყენებულ ღვინოს. ამ ღვინის შეძენა მხოლოდ აქ, ჩვენს ფესტივალზე, ღვინის კლუბის კარავშიაშესაძლებელი. G

გარდა ამისა, მყიდველს შეუძლია, ნაყიდ ბოთლზე სამახსოვროდ თავისი სახელი და გვარიც მიაწეროს, ამ ღონისძიების დასახელებასთან ერთად. ასევე სიახლეები გვაქვს მონაწილეების მხრივაც. გამოჩნდა რამდენიმე ღვინის ახალი კომპანია, რომლებიც თანდათან იმკვიდრებენ ადგილს ქართული ღვინის ბაზარზე და ასეთი ფესტივალები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიახლეებია წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების მხრივაც. ასევე გვყავს მეთუნე, რომელიც თიხისგან ფიალებსა და დოქებს ამზადებს. სიახლეები ყოველწლიურად გვექნება, რადგან ჩვენი ფესტივალები უპირველეს ყოვლისა სიახლეებზეა ორინტირებული და გვინდა, რომ ქართველ ღვინის მოყვარულებს ყოველთვის დროულად და ზუსტად მივაწოდოთ ყველა ის ნოვაცია, რაც ჩვენს მეღვინეობაში იქნება”.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისობის ფარგლებში გამართულ ღვინის ფესტივალზე უმეტესწილად ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიების მიერ დამზადებული ღვინის ნიმუშები იყო წარმოდგენილი, ღვინით დაინტერესებული ადამიანები მცირე მარნებსა და ე.წ. საოჯახო ღვინის ავტორებსაც ნახავდნენ. ახალგაზრდა მეღვინის, ზაზა გაგუას მიერ, სამეგრელოში, მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში ოჯალეშის ჯიშისგან წარმოებული, მშრალად დაყენებული წითელი ღვინო, ღვინის კლუბის მიერ გამართულ უკვე მეორე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი და ამჯერადაც დიდი მოწონება და ინტერესი ხვდა წილად. მეგრულ ღვინოს გვერდს ახალბედა კახელი მეღვინე ძმების მიერ დაყენებული არანაკლებ საინტერესო ღვინო უმშვენებდა, რომელიც ძმებმა ნეშუმაშვილებმა კახური ტრადიციული მეთოდით დააყენეს.   

ბექა ნეშუმაშვილი, მცირე მარნის, “ნაოტრების” თანამფლობელი: “წარმოდგენილი გვაქვს, რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო, სახელწოდებით “ნაოტრები”. ნაოტრები არის ადგილი კახეთში სოფელ ჭიკაანთან, რომელიც კირქვიანი ნიადაგითა და მზიანი ფერდობებითაა ცნობილი (ნაოტრები სულ დაახლოებით 100 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს) და აქ მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინო ყოველთვის გამორჩეულად ითვლებოდა. ეს ტერიტორია მდინარე ავანის სანაპიროზეა და ადგილობრივი ვენახები მთლიანად გლეხებზეა გადანაწილებული (დაახლოებით 100 ოჯახს გააჩნია იქ ვენახები).

შარშან ძმებმა ნეშუმაშვილებმა ჩამოვაყალიბეთ მცირე მარანი, ამ მარნის ბაზაზე კახური ტრადიციული მეთოდით დავაყენეთ ღვინო ქვევრშიც და უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებულ ჭურჭელშიც. ვაპირებთ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი მეურნეობა და უკვე ჩავყარეთ ახალშენი ვენახი - ძირითადად საფერავის ჯიშის ვაზი და 2-3 წელიწადში ბოთლში უკვე საფერავსაც ვაწარმოებთ. ჩვენთვის მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. ჩვენი ვენახის ფართობი 2 ჰექტრამდეა. სრულად მოსავლის მომცემი აქედან არის დაახლოებით 1 ჰექტარი. ვენახში ასევ გვაქვს ქისის სანიმუშე ვაზის ძირები და მალე ამ ჯიშის უფრო ფართოდ გაშენებაზეც ვიფიქრებთ”.

როგორც უკვე ვთქვით, თბილისობის ღვინის ფესტივალზე, პოპულარული ქართული ღვინის კომპანიების გარდა, შედარებით ახალი ღვინის კომპანიებიც იყვნენ წარმოდგენილი. მაგალითად, კომპანია “ქომერიონი”, რომელიც 2 წლის წინ დაარსდა და ქართულ ღვინის ბაზარზე ღვინის ახალი ნიმუშებით მხოლოდ შარშან გამოჩნდა. კომპანიამ ღვინის კლუბთან თანამშრომლობა პრაქტიკულად დაარსებისთანავე დაიწყო და განსაკუთრებულად დასაფასებელი კომპანიის სწორი მარკეტინგული გეზი, რაც პირველ რიგში ღვინის ფესტივალების საშუალებით, საკუთარი ღვინის მომხმარებლისათვის გაცნობას გულისხმობს.

ქეთი ჯურხაძე, კომპანია “ქიმერიონის” უფროსი მენეჯერი: “ჩვენი კომპანია ჯერ ახალია - 2011 წელს დაარსდა და 2012 წლიდან დავიწყეთ ბაზარზე გამოჩენა. ჩვენი ღვინის ხალხისათვის გაცნობის ყველაზე კარგი საშუალება, მსგავსი ტიპის ფესტივალებია. ამიტომ, ასეთ ღონისძიებებში ყოველთვის სიხარულით მივიღებთ მონაწილეობას. ჯერჯერობით გვაქვს 17 დასახელების ღვინო. ასევე ვაწარმოებთ ჭაჭასაც. გვაქვს ტრადიციულად ცნობილი დასახელების ღვინოები: “ქიმძმარაული”, “წინანდალი” და სხვა... ასევე გვაქვს პრემიუმ კლასის ღვინოები: “ჩქერა”, “მარულა” და სხვა...”.  

როდესაც ღვინის ფესტივალზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია ვგულისხმობთ ღონისძიებას, სადაც ღვინოც ბევრი დაილევა და ამის პარალელურად, ბუნებრივად ჩნდება საფრთხე, რომ შეზარხოშებულ ადამიანებს შორის შესაძლებელია კონფლიქტი წარმოიშვას. სასიამოვნო უცნაურობა კი ის გახლავთ, რომ ღვინის კლუბი ფესტივალებს ოთხი წელია მართავს და მსგავს ღონისძიებებზე ჩხუბი პრაქტიკულად არასოდეს მომხდარა. ამ საინტერესო ფენომენს, ღვინის ფესტივალების ერთ-ერთი მუდმივი სტუმარი, 34 წლის გიგა ხავთასი მეტად საინტერესოდ ხსნის.

გიგა ხავთასი, ყოფილი ფეხბურთელი: “ღვინის ფესტივალებზე ყოველთვის განსაკუთრებული განწყობით მოვდივარ და ვფიქრობ, რომ სხვებიც ჩემსავით არიან. ხალხი აქ ზეიმზე მოდის და არა მხოლოდ ღვინის დასალევად და საქეიფოდ. ამ ქალაქში საქეიფო ადგილის მეტი რა არის?! ალბათ სწორედ ამიტომაც არის, რომ ღვინის ფესტივალებზე მოჩხუბარი ხალხი მე არასოდეს მინახავს”.

როდესაც საღამოვდება და ღვინის ფესტივალი დასასრულისაკენ მიდის, ფესტივალის ორგანიზატორებს ერთ-ერთი ყველაზე რთული მისიის შესრულება უწევთ ხოლმე და წინა კვირას გამართულ ფესტივალზეც ასე მოხდა. კერძოდ, ფესტივალის ორგანიზატორებს ყოველთვის უწევთ სტუმრების დარწმუნება იმაში, რომ ღვინის ფესტივალები შემდგომშიც აუცილებლად გაიმართება. საინტერესო და ლამაზი დღეები ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას მართლაც ძალიან აკლია და ჩვენს თანამოქალაქეებს ალბათ სწორედ ამიტომაც აქვთ დიდი სურვილი, რომ ღვინის ფესტივალების ლამაზი ტრადიცია არასოდეს დასრულდეს. ღვინის კლუბი ღვინის მოყვარულებს გარწმუნებთ, რომ მომავალშიც არაერთი ღვინის ფესტივალი მოეწყობა!   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.