Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მსოფლიო კონგრესი - ტრადიციისა და ინოვაციის გზაჯვარედინზე

ნინა ახლოური

     იმისათვის, რომ ღვინის სფეროში ყველაზე პრესტიჟული მსოფლიო კონგრესისთვის ემასპინძლა, საქართველოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მისი წევრებისთვის ბევრი რაღაცის დამტკიცება მოუხდა. როგორც აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ივ ბენარმა ამ დღეებში აღნიშნა: "ბევრ ქვეყანას ჰქონდა სურვილი ამ კონგრესისთვის ემასპინძლა, მაგრამ ჩვენ შერჩევის საკუთარი კრიტერიუმები გვაქვს. ასეთი შანსი მხოლოდ ტრადიციული მეღვინეობის მქონე ქვეყნებს ეძლევათ". თუმცა მხოლოდ ეს უკანასკნელი ფაქტორი არ ყოფილა საკმარისი ამ საპატიო უფლების მოსაპოვებლად. ბენარმა ისიც თქვა, რომ სხვა პრეტენდენტ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანას შესაძლოა შექმნოდა გარკვეული პრობლემები სტუმრების დაბინავებასთან დაკავშირებით. "ამიტომ საქართველოს უნდა დაემტკიცებინა ჩვენთვის, რომ დედაქალაქს არ ექნებოდა სასტუმროების პრობლემა და ქვეყანა მზად იყო კონგრესის მასპინძლობისთვის."
     საქართველომ არა მხოლოდ დააკმაყოფილა აღნიშნული კრიტერიუმები, არამედ გადააჭარბა კიდეც სტუმრების მოლოდინს. ჩვენს დედაქალაქს არც ისე ბევრი სტუმარი ეწვია იმისათვის, რომ მათი დაბინავება პრობლემებთან ყოფილიყო დაკავშირებული - სულ 300 დელეგატი ჩამოვიდა მსოფლიოს ორმოცდაორი ქვეყნიდან. კონგრესის მონაწილე ყველა რესპონდენტი პირველივე დღიდან აღნიშნავდა იმას, რომ აღფრთოვანებული იყო ღონისძიებების შესანიშნავი ორგანიზებით, თანაც ისე, რომ ამ თემაზე თავად ლაპარაკი არასოდეს დამიწყია. უცხოელებს ქართველი ექსპერტებისთვის ისიც კი უთქვამთ, ბევრ კონგრესს დავსწრებივართ, მაგრამ ასე კარგად ორგანიზებული არ გვახსენდებაო. ცალკე აღსანიშნავია ის შთაბეჭდილებები, რომლებიც ჩვენი მეღვინეობის გაცნობას უკავშირდება, თუმცა, ამაზე მოგვიანებით.
     ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი 21 ივნისს თბილისში გაიხსნა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ ყოფილა ამ კონგრესის გამართვის პირველი შემთხევა ჩვენს დედაქალაქში. პირველად ღვინის მსოფლიო კონგრესი ჩვენთან 1962 წელს ჩატარდა. მაშინ ორგანიზაციის პრეზიდენტი ბატონი პიერ ლერუა გახლდათ. როგორც გიორგი სამანიშვილისგან (სამეცნიერო კომისიის წევრი) გავიგე, წლევანდელ კონგრესს თბილისში მისი შვილიშვილი ესწრებოდა. მასთან ფოტოს გადაღების იმდენი მსურველი ყოფილა, ლერუას შთამომავალი გაოცებულიც კი დარჩენილა, რომ მისი ბაბუა დღესაც ასეთი ცნობილი ადამიანია საქართველოში. მისი სახელი კი მართლაც დასამახსოვრებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის კონგრესი საბჭოთა სივრცისთვის საკმაოდ პომპეზურად აღინიშნა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა ადგილობრივ თუ უცხოურ პრესაში.
     წლევანდელ კონგრესზე განსაკუთრებული ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მნიშვნელობას. პირველ დღეებში ფედერიკო კასტელუჩიმ, ვაზის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ეს კონგრესი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევა ეძლეოდა უკეთ გაეცნო ქართული მევენახეობა და ღვინოები. "საქართველოს აქვს საშუალება მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებას ამ სფეროში, ვინაიდან ღვინოს ბევრი ქვეყანა აწარმოებს, მაგრამ ცოტას თუ გააჩნია ისეთი ორიგინალური მემკვიდრეობა, როგორიც საფერავია". ბაკურ კვეზერელმაც ინტერპრესნიუსისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: "ქართული ღვინოების უნიკალურობა არის ჩვენი ისტორია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ამბიციური, რომ ნებისმიერ მწარმოებელს, ნებისმიერ ქვეყანას გავუწიოთ კონკურენცია, მით უმეტეს, როდესაც ზოგიერთი ჩვენი კონკურენტი მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორიას თუ ითვლის. ღვინის წარმოებაში ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ეს კი ნამდვილად კონკურენციის გარეთ არის. ღვინოში ცოტა ვინმე თუ გაგვიწევს მსოფლიოში კონკურენციას. რაც შეეხება დღევანდელობას, უნდა განვავითაროთ ჩვენი ღვინო, დავხვეწოთ და გავყვეთ მსოფლიო ტენდენციებს." სწორედ ამ გარემოებების გამო, კონგრესის მთავარი ლოზუნგი გახდა "შეეხე ისტორიას", მთავარი თემა კი - "ვაზი და ღვინო, მსოფლიო მემკვიდრეობა: ტრადიცია და ინოვაცია." თემატიკა ორ ძირითად მიმართულებად დაიყო: მევენახებისა და მეღვინეობის გარემო – დაცვა და გაუმჯობესება და ახალი ტექნოლოგიები, ახალი გამოწვევები.
     ამ კონგრესზე მართლაც ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო თემები გახლდათ წარმოდგენილი. საკმაოდ პოპულარული საკითხი იყო კლიმატური ცვლილების ზეგავლენა მევენახეობაზე მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი ევროპის რეგიონში. უამრავი მოხსენება იყო წარმოდგენილი ტექნოლოგიებსა და მათ გამოყენებაზე, მათ შორის ქართული ღვინის სპეციფიკაზეც. სამწუხაროდ, ნაკლები თემები იყო გენმოდიფიცირებულ ვაზსა და მომხმარებლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. კონგრესის ოფიციალური ენები იყო: ინგლისური, ფრანგული, ქართული, ესპანური, გერმანული და იტალიური. ყველა პლენარული თუ პარალელური სამუშაო სხდომისათვის იყო უზრუნველყოფილი სინქრონული თარგმანი.
     კონგრესის სხდომა 21 ივნისს რუსთაველის თეატრში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. თავის მისასალმებელ სიტყვაში მან ბევრი ისაუბრა ღვინის ემბარგოსა და მის შედეგებზე. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის დამანგრეველმა პოლიტიკამ ქართულ მეღვინეობას არათუ ვერაფერი დააკლო, არამედ ხელი შეუწყო მისი ხარისხის გაუმჯობესებას. შესაძლოა ამის პასუხადაც იყო, რომ გენადი ონიშჩენკო სამშაბათს შეეხო ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე შესაძლო დაბრუნების თემას, გამოთქვა რა მზადყოფნა, მოუსმინოს ქართველ მეღვინეებს ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე.
     კონგრესის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო. პირველ დღეს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა მოეწყო, სადაც უცხოელი სტუმრები გაეცნენ ქართული მევენახეობის ისტორიას. იმავე დღეს მათ საპატივსაცემოდ გაიმართა გალა კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში. სტუმრები ასევე იყვნენ ტექნიკური ვიზიტით კახეთში, სადაც მოინახულეს თანამედროვე საწარმოები და ასევე გაეცნენ ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიასაც. ანა გოდაბრელიძემ, რომელიც კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ, მიამბო, თუ როგორი ცხოველი ინტერესი გამოიწვია სტუმრებში ჩვენმა ტრადიციულმა ღვინოებმა. ძალიან მოეწონათ ქისის ჯიშიდან დაყენებული ღვინოები, ქართული ბრენდი და ჭაჭა. სამხრეთ ევროპელი დელეგატების ფავორიტი წითელი ქართული ღვინოები იყო. ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება მაინც წინანდლის საგვარეულო მამულში გამართულმა გალა სადილმა მოახდინა, სადაც არა მარტო ჩვენი ღვინოების, არამედ ზოგადად ქართული კულტურის წარდგენა მოხდა. გიორგი სამანიშვილის აზრით, კახეთი კონგრესის მონაწილეებს მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.
     25 ივნისს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მერვე ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც მომავლისთვის ღვინის წარმოების პოლიტიკა იქნა შემუშავებული. კონგრესის დახურვის შემდეგ ანა გოდაბრელიძემ მასთან დაკავშირებული აზრი გამიზიარა: "კონგრესმა ჩაიარა ძალიან კარგად და ეს არ არის მარტო ჩვენი აზრი, ყველა სტუმარი კმაყოფილია როგორც ორგანიზების მხრივ, ასევე სამეცნიერო მიმართულებით. ის ძალიან წარმატებული იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ ჩვენი ქვეყანა გავაცანით. დღესაც აღნიშნეს, რომ ყურძნის ამდენი ჯიში, ანუ ხუთასზე მეტი სახეობის არ ეგონათ რომ რეალურად არსებობდა და უკვირთ, როგორ შეიძლება მთელმა მსოფლიომ ეს არ იცოდეს. ძალიან მოხარულები არიან და გამოთქვამენ სურვილს, რომ ჩვენთან ითანამშრომლონ. ამასთან, ღვინის მეცნიერებისთვის ეს არის ძალიან კარგი, რადგან ამ დარგში დღესდღეობით არსებული ყველა სერიოზული თემა თუ პოსტერი წარმოდგენილი იყო ამ კონგრესზე. ეს იყო ქართველებისთვის ძალიან დიდი გამოცდილება, რადგან შეეძლოთ მსჯელობა და ამ ხალხთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ყოფნა. ასევე საინტერესო იყო უცხოელებისთვის იმის გაგება, თუ რა ხდება ჩვენს მეღვინეობაში და განვითარების რა ეტაპზე ვიმყოფებით. ასამბლეის სხდომაც, კონგრესის მსგავსად, იმდენად კარგად იყო თავიდანვე ორგანიზებული, რომ დროზე ადრე დამთავრდა და თითქმის უპრობლემოდ გავიდა ყველა რეზოლუცია."
     ხელისუფლებას და ქართველ მეღვინეებს დიდი ხანია იმედი აქვთ, რომ აღნიშნული კონგრესი ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ბაკურ კვეზერელმა ასევე ისაუბრა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე. გოდაბრელიძეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია ის ფაქტიც, რომ აქ იყო ყველა სერიოზული ინსტიტუტის წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მათ გაიცნეს საქართველო, მოიხიბლნენ ტრადიციული ღვინით, ცეკვა-სიმღერით, კულტურით. უცხოელი სტუმრებისა და მათი თანმხლები პირთათვის უკვე დაგეგმილია კონგრესის შემდგომი ტურები ყაზბეგის რაიონში, ლაგოდეხის ეროვნულ პარკსა და შავი ზღვის სანაპიროზე.
     რას მოუტანს ღვინის კონგრესი ქართულ მევენახეობას, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით დარწმუნებით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ მეღვინეობის სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა აღიარეს ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება და უნიკალურობა, ასევე დადებითად შეაფასეს ჩვენი ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხი. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მასპინძელია და ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო ქვეყანაა. დიდი მნიშვნელობა ექნება კონგრესის შემდგომ ტექნიკურ ვიზიტებსაც. მანამ კი, სანამ ღვინის ექსპორტის მოცულობას რევოლუციური ცვლილებები შეეხებოდეს, ჩვენი მეღვინეები ხარისხის შენარჩუნებასა და როგორც პრეზიდენტმა მოუწოდა, ახალი ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობას უნდა ეცადონ. ცოტა ხანში კი რუსეთის საბაჟო კავშირიც შევა ძალაში, თანაც ონიშჩენკომ დიალოგის სურვილიც გამოთქვა. დღეისათვის კი ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება მდიდარი პოტენციალის სწორად გამოყენება და აღებული გეზის შენარჩუნება ხარისხის გაუმჯობესებისა და კვალიფიციური კადრების მომზადებისკენ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული