Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვინ სვამს ევროპელებზე მეტ წითელ ღვინოს?

როგორც ირკვევა, ევროპელებს წითელი ღვინის სიყვარულში ჩინელებმა გადაასწრეს. გასულ წელს ჩინეთში 1 მილიარდ 865 მილიონი ბოთლი ღვინო დაილია, რაც იმის მაჩვენებლია, რომ  უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში წითელი ღვინის გაყიდვები ამ ქვეყანაში 136%-ით გაიზარდა. ამის გამო ჩინეთი წითელი ღვინის გასაღების უმსხვილეს ბაზრად მიიჩნევა. ასეთ შედეგებს იძლევა კვლევა, რომელიც ღვინის გამოფენის - Vinexpo-ს დაკვეთით ინგლისურმა კომპანია International Wine and Spirit Research-მა ჩაატარა. მათივე მონაცემებით, მეორე ადგილზე საფრანგეთი, მესამეზე კი იტალია გავიდა.

Vinexpo-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ წითელი ღვინო ჩინეთში მისი განსაკუთრებული არომატის გამო არ იყიდება. ასეთ მასშტაბურ გაყიდვებს ამ ქვეყნის კულტურულ ტრადიციებს მიაწერენ. “წითელი ფერი ჩინურ კულტურაში მეტად დადებითი ფერია. ის ასოცირდება სიმდიდრესთან, ძალასა და წარმატებასთან. ბიზნესის სფეროში ეს კულტურული ღირებულებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ ძალიან ხშირად საქმიან ბანკეტებზე საზოგადოებას, ძირითადად, წითელი ღვინით უმასპინძლდებიან.” გარდა ამისა, წითელი ფერი ხომ თავად ამ ქვეყნის სიმბოლოა, მათი დროშაზე ხომ სწორედ წითელი ფერი დომინირებს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თეთრი ფერი ამ საოცარ ქვეყანაში სიკვდილთან ასოცირდება. დაკრძალვის ცერემონიაზე ჩინეთში სწორედ თეთრი ფერი ჭარბობს.

ჩინეთში მოთხოვნა წითელ ღვინოზე განსაკუთრებით 2005 წლიდან გაიზარდა. 2005 წელთან შედარებით დღეისათვის 175%-ით მეტი წითელი ღვინო იყიდება. თუმცა საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში წითელი ღვინის გაყიდვები საფრანგეთში 18%-ით, იტალიაში კი 5,8-ით შემცირდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 2017 წლისათვის წელიწადში 4 მილიარდ ბოთლზე მეტი წითელი ღვინო გაიყიდება.

ეკონომისტები განმარტავენ, რომ ჩინელები ნელ-ნელა ცხოვრების ევროპულ სტილზე გადადიან და ღვინით გატაცებაც სწორედ ევროპულ ყაიდაზე გადასვლით აიხსნება. თუკი უწინ ჩინეთში ღვინოს მხოლოდ მაღალჩინოსნები და მდიდარი ბიზნესმენები აგემოვნებდნენ, დღეს ამ სასმელს საშუალო კლასის წარმომადგენლებიც თავისუფლად ყიდულობენ. გარდა ამისა, ჩინელები უკვე ევროპაშივე ყიდულობენ ვენახებს და არ იშურებენ ფულს ელიტური ღვინოების შესაძენად.

ღვინის პეკინელი ექსპერტი მა ჰუიცინი უკვე 10 წელია ხალხს ღვინის სწორად შერჩევას ასწავლის. მისი თქმით, ჩინეთში დღითიდღე იზრდება ამ შესანიშნავი სასმლით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი - “ჩინელებს სურთ, გასინჯონ რაღაც ახალი და საინტერესო”.

თუმცა ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგადად ჩინელები ძალიან ცოტას სვამენ. “უმრავლესობისათვის ღვინო ის სასმელია, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში შეიძლება მივირთვათ. მართალია, სამომავლოდ მომხმარებელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩინელები ღვინოს მიეძალებიან. ღვინო მათთვის მაინც რჩება ისეთ სასმელად, რომელიც მხოლოდ სადღესასწაულოდ უნდა დააგემოვნონ,” – განმარტავს ექსპერტი.  

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული