Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პანდემია ტურისტულ მარნებში

ლევან სეფისკვერაძე

2020 წელი მთელს მსოფლიოში პანდემიის წლად აღინიშნა. კორონავირუსის მასობრივად გავრცელებამ მრავალ სფეროს და მათ შორის ცხადია ღვინის ტურიზმსაც თავისი დაღი დაატყო. დაზარალდნენ როგორც ტურიზმში ჩართული ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები, ასევე ღვინის ტურიზმზე ორიენტირებული მცირე საოჯახო მარნებიც, რომლებიც ღვინის რეალიზაციის გარდა, ძირითადად ტურისტების მოზიდვაზე იყვნენ ორინტირებულნი. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, როგორც საკუთრივ მარნების წარმომადგენლების ნაწილი, ასევე მეღვინეობის ექსპერტები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ.

USAID-ისა და ღვინის კლუბის ახალ ერთობლივ პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ექსპერტს, მეღვინე ვანო შიუკაშვილს მიაჩნია, რომ მიუხედავად პანდემიის მართვისას დაშვებული მრავალი შეცდომისა, ამ ყველაფერმა უარყოფითთან ერთად ღვინის ტურიზმისთვის შესაძლოა დადებითი ძვრებიც  მოიტანოს. კერძოდ, მცირე მარნებმას სწორედ პანდემიამ დაანახოს მათ მიერ აქამდე დაშვებული შეცდომები და მომავალი საქმიანობები უფრო სწორად დაგეგმონ. 

ვანო შიუკაშვილი, მეღვინე, ღვინის ექსპერტი: „პანდემიის კვალი სამწუხაროდ მცირე მარნებს სწრაფად დაეტყო. მარტიდან გავრცელდა პანდემია და ამას  შეზღუდვებიც მალე მოჰყვა. ბრუნვის შემცირება პირველყოვლისა დაეტყო ღვინის მაღაზიებს და შემდეგ უკვე ღვინის ტურიზმსაც. მძიმე იყო მთავრობის გადაწყვეტილებები. კონკრეტულად ვგულისხმობ ქვეყნის ჩაკეტვას. როდესაც პანდემიის პირველმა ტალღამ გადაიარა, გვქონდა იმედი, რომ პირველი ივნისისადან გაიხსნებდა საერთაშორისო ფრენები. იგივე იმედი მოგვცეს პირველი ივლისიდან, შემდეგ პირველი აგვისტოდან უნდა განახლებულიყო ფრენები. მოვიდა შემოდგომის ბოლო და ისევ იქა ვართ, სადაც ვიყავით. არადა, როცა იყო ქვეყნის გახსნის საშუალება (სხვა ქვეყნები როგორც მოიქცნენ) ჩვენთანაც უნდა გახსნილიყო ტურისტული მიმოსვლა და ეს ზაფხულში გადაარჩენდა ღვინის ტურიზმსაც.

შუა ვეგეტაციის პერიოდში მევენახეს ვენახში მუშის წაყვანა რომ სდომოდა, მანქანაში ვერ სვამდენენ 2 კაცზე მეტს და თუკი მევენახეს დიდი ვენახი ჰქონდა და 20 კაცი ყავდა დასაქმებული, 10 რეისი უნდა გაეკეთებინა მხოლოდ იმისთვის, რომ ელემენტარულად მუშა ვენახამდე მიეყვანა და მერე კიდევ 10 რეისი ეს მუშები უკან რომ წამოეყვანა. ესაა ჩემი აზრით სრული უაზრობა და დღემდე ვერ გამიგია რა აზრი და ლოგიკა იდო. შეზღუდვას უნდა ჰქონდეს საფუძველი საღი აზრიდან გამომდინარე.

- თქვენი აზრით, არსებული სიტუცია საბოლოოდ როგორ აისახება ღვინის ტურიზმზე?

- არსებული სიტუციიდან რასაც პოზიტიურს ვხედავს ისაა, რომ პანდემიამ დააჩქარა იმ სისუსტეების გამოვლენა, რაც ჩვენთან მცირე მარნებს ახასიათებს. თეორიულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთავარი პროდუქტი არის ღვინო და ტურიზმი არის დანამატი. ეს სამწუხაროდ ბევრს არა აქვს გააზრებული და ამ გაუაზრებლობით ბევრი აკეთებს მარანს, ინვესტიციას დებს, სესხები გამოიტანეს, სახლიც ჩადეს ბანკში და არა აქვთ არც ხედვა და არც რაიმე მომავლის ზუსტი გეგმები. არავინ გადაირევა შენს ღვინოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ააშენე კარგი მარანი. ასე მარტივად არ ხდება ყოველივე. ნაჩქარევად და სხვისი მიბაძვით წამოწყებული ბიზნესი ხშირად არ ამართლებს, არის მყიფე და პირველივე ფუნდამენტურ ძვრაზე „გადატყდება“. მე პანდემიაში ვხედავ შესძლებლობას, რომ სანამ ბევრს დაუშვია მსგავსი შეცდომები, იქნებ ღვინის ტურიზმში ჩართულმა მარნებმა სხვანაირად გადაიაზრონ მათი ქმედებები. ჩვენ პარალელურად ვხედავთ მცირე მარნებს, რომლებმაც ბიზნესი შეინარჩუნეს პანდემიის დროსაც და ეს ხალხი სხვებისთვის მაგალითი უნდა გახდეს“. 

ახლა მოვუსმინოთ ღვინის ტურიზმში ჩართულ მემარნეებს, რომლებიც 2020 წელს დაკარგულად მიიჩნევენ და ამის მიუხედავად იმედს არ კარგავენ, რომ მომავალ წელს მაინც შეძლებენ ტურისტების მოზიდვას. ამ ადამიანების ნაწილს უკვე დაწყებული აქვს მარნის აშენება, ახალი ვენახების გაშენება და ტურისტული სივრცეების კეთილმოწყობა. მემარნეების ნაწილი შემდეგში აპირებდა განვითარებისთვის ინვესტიციების მოძიებას.  

ლაშა გურული, მარანიენკენი“: „როგორც მთელს ქვეყანაში, ჩვენს სფეროშიც გაჭირდა მუშაობა. ჩვენ მაინც არ გავაჩერეთ საქმიანობა. ისე კი ძალიან გვაშინებს თუ რა იქნება მომავალ ზაფხულს. ამჟამად სოფელ ახალთერჯოლაში მდებარე მარან „ენკენში“ მიდის მიწის სავენახედ მომზადება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამას დაემატა ისიც, რომ 2020 წლის მოსავლის ღვინოები უკვე დასრულების გზით წავიდა და მათ ბოლომდე უნდა მიყვანა. დალუქული გვაქვს ქვევრები და ველოდებით მომავალ სეზონს. პანდემიის შემდეგ კი გაჭირდა შიდა ბაზარზე ჩვენი ღვინის რეალიზაცია, თუმცა დაწყებული გვქონდა გარე ბაზრების მოძიება და ძალიან გაგვიმართლა, რომ ინვესტორმა ჩვენი 2019 წლის  მოსავლის ღვინო აშშ-ში (1100 ბოთლი) მთლიანად წაიღო“.

შმაგი ავალიშვილი, „ავალიშვილების მარანი“: “ხარაგაულში ვაშენებდით პატარა მარანს, რომელიც თითქმის დასრულებული იყო, ვერანდაც ფაქტობრივად დასრულებული გვქონდა და გვინდოდა ტურისტები წელსვე მიგვეღო, მაგრამ ეს პანდემიის გამო ვერ შევძელით. იმედია შემდეგ ზაფხულს, როდესაც ტურისტული სეზონი დაიწყება, მორჩება პანდემიაც და რაღაც გვეშველება. მე გადაწყვტილებას მაინც არ შევიცვლი და გაორმაგებული მოტივაცია მაქვს, რომ ტურისტული კუთხით განვავითარო ჩემი მარანი“.

აკაკი სირაძე, რაჭველი მევენახე-მეღვინე: „პანდემიამ ძირითადად საქართველოს ბაზარზე შეგვაფერხა. მოგეხსენებათ, მაღაზიები აღარ  მუშაობენ, რეგულაციები შემოვიდა და ეს პრობლემური იყო. თუმცა, მე ღვინოს ძირითადად ჰოლანდიაში ვყიდი. ევროპაში ჩვეულებრივად გავიტანე ჩემი ღვინოები და ახლა 2019 წლის მოსავლიდან პრაქტიკულად ერთი ბოთლიც კი აღარ მაქვს დარჩენილი. ამას გარდა, პანდემიამ ვერ შეგვიშალა ხელი ახალი მარნის დასრულებაში და 2021 წელს ტურისტებს იმედია ახალ მარანში მივიღებ“.

ოტია ისელიანი, მარანიოტიას ეზო“: „პანდემიამდეც, სანამ ჩვენს მარანს დავიწყებდით, ბაბუაჩემის, ცნობილი მწერლის სახლ-მუზეუმი გვქონდა და იქამდეც სტუმრებზე გვქონდა ორიენტირი. ჩვენთან ტურისტები ისედაც დადიან როგორც ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმის სტუმრები. უკანა ეზოში დაწყებული გვქონდა იმერული ტრადიციული ოდას მშენებლობა და მისი აშენება დროში სწორედ პანდემიის გამო გაიწელა. თავისი მცირე პიზიტიური მხარეც ქონდა ამ სიტუაციას. უფრო მეტად გადავერთეთ სოფელზე, სოფლის მეურნეობაზე და მივხვდით, რომ არ შეიძლება მარტო ტურიზმზე აწყობა და იმასაც მივხვდით, რომ ტურისტს უნდა დავახვედროთ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია“.

მათე დოლიძე, „მათეს მარანი“: „სოფელ ბანოჯაში მაქვს მცირე მარანი და მახლობელ სოფელში გავაშენე პატარა ვენახიც. მეუღლე ტურიზმის სფეროშია დასაქმებული და უკვე ვიღებდით ტურისტებს. საქმიანობას ხელი დიდი იმედებით მოვკიდეთ, მაგრამ ეს წელი ჩვენთვის კოშმარული გამოდგა. სულ მესამე წელია რაც ჩვენი მცირე ტურისტული მარანი გაიხსნა და უკვე იქამდე ვიყავით მისული, რომ ჩვენთან წელს ავტობუსის ტურები უნდა მოსულიყო. საქმე მთლიანად ჩაგვივარდა და ახლა მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ ეგებ მომავალი წლის გაზაფხულისთვის ცოტა მაინც გამოსწორდეს სიტუცია. მადლობა ღმერთს, რომ კრედიტის აღება არ დამჭირვებია მარნის მოსაწყობად და მარანში ყველაფერი საკუთარი ხელით შევქმენი. ესაა ჩემი დიდი პლიუსი“.

პროექტ „ღვინის სოფლი“-ს მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტი გიორგი ბარისაშვილი პოსტპანდემიურ პერიოდში ქართული მცირე მარნების ტურისტულ მომავალს ხელისუფლების უფრო ქმედით ნაბიჯების გადადგმასთან აკავშირებს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც ღვინის ტურიზმის არსებული სიტუაციიდან გამოყვანის გეგმას მომზადებს. იგი ფიქრობს, რომ რაკი მარნებს უკვე დაწყებული საქმის შეჩერება მოუწიათ და არა საქმის ნულიდან დაწყება, წესით ადვილად უნდა შეძლონ პანდემიის შემდეგ საქმიანობის განახლება.

გიორგი ბარისაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტი: „ახლა პირვეელყოვლისა უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც იმსჯელებს პანდემიის გამო გაჩენილ პრობლემებზე ქართულ მევენახეობა-მეღვინებაში და მათ შორის ღვინის ტურიზმში. ამ კომისიაში სახელმწიფოს უნდა წარმოადგენდეს პარლამენტარებიც და ხელისუფლების აღმასრულებელი შტოებიც. კომისიაში ასევე უნდა შევიდნენ დიდი და მცირე ტურისტული მარნების წარმომადგენლები, ღვინის მაღაზიის მფლობელები და მომხმარებლებიც. ამ ადამიანებმა უნდა იმსჯელონ ყველა დეტალზე და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილებები. ეს კომისია ახლავე უნდა შეიქმნას, რომ როდესაც მორჩება პენდემიის მეორე ტალღა, მარნებმა მალევე განაახლონ მუშაობა. თუკი წინდაწინ არ გვექნება ნაფიქრი, ჩვენ ყოველთვის წავაგებთ.

- თქვენი აზრით, როგორ გადალახავს ქართული ღვინის ტურიზმი პოსტპანდემიურ პრობლემებს?

- ვინც იღებდა ტურსტებს, მათთვის ეს გამოცდილება ისევ არსებობს. გამოცდილება და ცოდნა არსად დაკარგულა და არც არავის დავიწყებია. კაცმა რომ თქვას ეს შეზღუდვები მცირე მარნებისთვის შედარებთ ნაკლებად მტკივნეულიც იყო. როდესაც შეზღუდვები ქალაქიდან წესდება და გადაწყვეტილების მიმღებნი რეალობას „ზემოდან“ უყურებენ, ყოველთვის სხვანაირად ჩანს არსებული რეალობა. იმის თქმა მინდა, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ქალაქში მართლა ძალიან დიდი პრობლემა იყო, რასაც ვერ ვიტყვით სოფელზე“.

ღვინის კლუბმა“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. აღნიშნული პროექტი ერთწლიანია და ამჯერად იგი იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული