Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოზურგეთელი ანდრო ვაშალომიძე გურული ვაზის სადარაჯოზე

ლევან სეფისკვერაძე

ალბათ უცნაური იქნებოდა, გურიაში განხორციელებულ ღვინოსთან და მეღვინეობასთან დაკავშირებულ პროექტში გურული ვაზის ცნობილი კოლექციონერი, მევენახე-მეღვინე ანდრო ვაშალომიძე რომ გამოკლებოდა. ბატონი ანდრო სიხარულით შეუერთდა „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ დაფინანსებულ „ღვინის კლუბის“ პროექტ „ღვინის სოფელში“ მონაწილე მეგრელ და გურულ მეღვინეებს და ოზურგეთში ჩასულ პროექტის ბენეცფიციარებს საკუთარი ხელით გაშენეული გურული ვაზის საკოლექციო ვენახი აჩვენა და ამ ვენახში მოწეული ყურძნისგან მის მიერ დაყენებული ღვინოებიც გაასინჯა.

ბატონი ანდრო პროფესიით ინჟინერია. იგი წლების მანძილზე ოზურგეთის ჩაის ფაბრიკაში მუშაობდა და ერთი შეხედვით მეღვინეობასთან ბევრი არაფერი აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის აინტერესებდა ქართული ვაზის ისტორია და რაც მთავარია ძალიან უყვარდა ღვინოზე და ვაზზე წიგნების კითხვა.

ანდრო ვაშალომიძე, საკოლექციო ვენახის მფლობელი, პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ბენეფიციარი: „როდესაც სადღაც პირველად ამოვიკითხე, რომ ადრე გურიაში არც მეტი, არც ნაკლები, 64 ვაზის ჯიში ხარობდა, თავიდან ძალიან გამიკვირდა, მერე მივხვდი, რომ ეს ჩვენი უდიდესი მონაპოვარი იყო. საკუთარ თავს ვკითხე: განა ვერ ვიზამ ისე, რომ ამ 64-დან რამდენიმე ვაზის ჯიში მაინც რომ მოვიძიო - მეთქი. ჰოდა, ასე შევუდექი ძველი გურული ვაზის ჯიშების მოძიებას და ნერგების ჩემს პატარა საკოლექციო ვენახში დარგვას და მთელს გურიაში გავრცელებას.

- მივიწყებული ვაზის ჯიშების ნერგებს ძირითადად გურიის მოსახლეობაში პოულობთ?

- ეს პროცესი ახლაც გრძელდება. დავდივარ სოფელ-სოფელ და საკმარისია გავიგო, რომ ვინმეს რაიმე გამორჩეული ვაზი უდგას, მივდივარ მასთან და ვახდენ დაკვირვებას ვაზზე, იმის დასადგენად რა ჯიშია და რამდენად საინტერესოა მეღვინეობისათვის.  მოგეხენებათ, გურია დიდი ხნის მანძილზე ჰიბრიდულმა ვაზმა „წალეკა“ და მუდამ არის საფრთხე, რომ „ნაქები“ ვაზი სწორედ რომელიმე ჰიბრიდი - ნოე, ადესა, იზაბელა, თეთრი ადესა ან რამე სხვა იყოს. თუმცა, ჩემი მცდელობები მაინც ხშირად იღებს შედეგს, რასაც ამ საკოლექციო ვენახში საკუთარი თვალითაც ხედავთ. ვაზის ნერგების და ე.წ. კვირტების მოძიებაში რასაკვირველია თავისი წვლილი აქვთ შეტანილი ცნობილ სანერგეებს, თუმცა გურიაში ძველი ვაზის ჯიშები ძირითადად მაინც ადგილობრივმა გლეხებმა შეინარჩუნეს.  

- პროფესიით ინჟინერი კაცისთვის როგორ და რატომ გახდა ვაზი და ღვინო ასეთი მნიშვნელოვანი?

- მე პროფესიით მეღვინე არ ვარ და არც მაქვს პრეტენზია ამაზე. ისე მოხდა, რომ ჩემი მთავარი საქმე სწორედ გურული ვაზის მოძიება და გადარჩენა გახდა. ყველაფერთან ერთად, გურული საღვინე ყურძნის დიდი ნაწილი განსაკუთრებით მარგებელია ადამიანის ჯანმრთლეობისათვის. მარგებელია გურული ღვინოც. ამ მხრივ მინდა გამოვყო ვაზის ჯიში ჯანი და ჯანისგან დაყენებული ღვინო. როგორც მისი დასახელებიდან ჩანს, ადამიანი მხნეობაზე (ჯანზე) მოჰყავს. ამ ჯიშის მოსავლანობა სამწუხაროდ მცირეა, თუმცა ღვინის ხარისხი და პოტენციალი ყველა კითხვაზე სცემს პასუხს. ასევე მცირე მოსავლიანია მტევანდიდი, სხილათუბანი, მაგრამ ხარისხი არც მათ დაეწუნებათ.

- საინტერესოა თუ გაქვთ ე.წ. ფავორიტი ჯიშები?

- დაახლოებით 40-ზე მეტი ვაზი მაქვს მოძიებული. მათგან ცხადია ყველა არაა კარგი და ღვინისთვის გამოსადეგი. ამ საქმეში ძალიან მეხმარებოდა პროფესორი ნოდარ ჩხარტიშვილი და ამ ადამიანის ხსენება აუცილებელია. რთულია ფავორიტი ჯიშები დავასახელო. ყველა თავისებურად საინტერესო და გამორჩეულია. დიდი ისტორიის ვაზია მაგალითად კლარჯულა, რომელიც კლარჯეთის საქართველოს ჩამოშორების და გამუსულმანების  შემდეგ იქაურებმა გურიაში წამოიღეს და გააშენეს.

უნდა გამოვყო ალადასტური, რომელიც გურული ჯიშია და სამწუხაროდ ის რასაც დღეს ბევრი ალადასტურად ასაღებს, არათუ ალადასტური არაა, საერთოდ არა გურული საღვინე ვაზის ჯიში და მოლდოვური ჰიბრიდია. ასევე გურული ვაზის ჯიშია მთელს დასავლეთ საქართველოში ცნობილი და პოპულარული ოცხანური საფერე. სოფელი ოცხანა როგორც იცით გურიაშია და მეცნიერულადაც დადასტურებულია, რომ საფერეს სამშობლო გურიაა, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო მოხდა ისე, რომ გურიაში ეს ჯიში თითქმის ბოლომდე გაქრა და მხოლოდ იმერეთში გადარჩა. გადარჩა კი არა, ისე გავრცელდა და იმხელა ფართობებზე გაშენდა, რომ დღეს ბევრი ადამიანი მას იმერულ ვაზის ჯიშად მოიხსენიებს. წიგნებშიც კი წერენ, რომ ასეა. მაშინ ჯიშის სახელს რა ვუყოთ?
დიდი სიყვარული მაქვს ჩვენი უმთავრესი ჯიშების - ჩხავერისა და საკმიელასადმი. რა თქმა უნდა ყველა ეს ჯიში ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა ჩხავერი და შემდეგ საკმიელა ემოციურად განსაკუთრებულად ბევრს ნიშნავს.

- თქვენს ცნობილ საკოლექციო ვენახში ტურისტებს თუ მასპინძლობთ და უცხოელი თუ ქართველი ტურისტების მხრიდან თუ არსებობს კოლექციისადმი ინტერესი?

- მე ყველას დიდი სიხარულით ვუღებ კარს, ვინც ჩემი ვენახების ნახვას და ამ ვენახებიდან დაწურული ღვინის გასინჯვას მოინდომებს. ეს ჩვენი - ქართველების სიამაყეა და მზად ვარ რაც შემეძლება მეტ ადამიანს გავაცნო. გურიის მეღვინეობა მომავალში კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას საქართველში თუ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ამ საქმეში დიდი იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარება „ღვინის კლუბი“ და პროექტი „ღვინის სოფელი“. პროექტის მესვეურების გვერდით დგომით და დახმარებით, უკეთ მოხდება გურიის, როგორც მეღვინეობის მხარის პოპულარიზაცია“.

პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოსა და გურიაში ახორციელებს. პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული