ლევან სეფისკვერაძე
გურიაში, ისევე როგორც მთელს დასავლეთ საქართველოში, წელს ნაადრევი რთველი იყო. თუკი ათწლეულების მანძილზე გურიაში ყურძენს უმეტესად ნოემბერში და ხშირად დეკემბერშიც კი კრეფდნენ, წელს მთიან გურიაშიც კი ყურძენი უმეტეს ადგილას ოქტომბრის ბოლოს უკვე დაკრეფილი და დაწურული იყო. ამის მიზეზად ზოგი გლობალურ დათბობას ასახელებს, ზოგი კლიმატის ცვლილებებს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც იხსენებენ, რომ ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევები და ჩვენი ქვეყნის ამ კუთხეში ნაადრევ რთველში განსაკუთრებული არაფერია.
როდესაც გურიის რთველზე და გურულ მევენახეობაზე ვსაუბრობთ, უმეტესად როგორც წესი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს განიხილავენ, რადგან გურიის ვაზის სამშობლოდ სწორედ ჩოხატაურის სოფლები: დაბლაციხე, ბუკისციხე, ერკეთი და საყვავისტყე ითვლებიან. გარდა ამისა, ცნობილი გურული ვაზის ჯიშები - ჩხავერი, სხილათუბანი, საკმიელა, ჯანი და სხვა, უმეტესად ჩოხატაურში შემორჩა და აქედან მთელს გურიაში გავრცელდა. უმნიშვნელოვანესია ოზურგეთის რაიონის სოფლებიც, სადაც ასევე აქტიურად აშენებენ ჩხავერის ვაზს.
გურიის უძველესი და უმთავრესი საღვინე ვაზის ჯიში ჩხავერი, დაახლოებით ათი წელია უბრუნდება რიგითი გურული გლეხის კარმიდამოს. თუმცა, მაინც შეგვიძლია თქვათ, რომ დღეს მთელს გურიაში უმეტესად ჯერ ისევ ვაზის ჰიბრიდული ჯიშები გვხვდება.
გასული საუკუნის, 90-იანი წლების მასობრივი გაჭირვების შედეგად მოხდა ისე, რომ ოზურგეთის კოლმეურნეობებში აქა-იქ გაშენებული ჩხავერის ვენახები მთლიანად ჩაანაცვლა სიმინდმა და თხილმა, რადგან მაშინ ელემენტარულად საკვების პრობლემა იდგა და ჩხავერის ანდა სხილათუბნის გადარჩენაზე არავინ ფიქრობდა. ამის შედეგად კი მოხდა ისე, რომ დღეს ოზურგეთში უძველესი გურული ვაზის ჯიშები ხელახლა შენდება და ბევრმა ადგილობრივმა ახლაღა გაიხსენა მევენახეობის ის წესები, რასაც მათი წინაპარი საუკუნეების მანძილზე იცავდა და იყენებდა.
ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც გურიაში ჩხავერის ახალი ვენახები გააშენა და ჩხავერისადმი ინტერესის დაბრუნებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა, მევენახე-მეღვინე ზურა თოფურიძეა. ზურა საკუთარი ახალშენი ვენახის წამოზრდამდე ყურძენს გურიის სოფლებში ყიდულობდა, ახლა კი საკუთარი ვენახიც გააჩნია და ღვინოსაც ბევრ ქვეყანაში ყიდის. ზურა თოფურიძე გურიის წლევანდელ რთველზე და ზოგადად ყურძნის მოსავალზე საკუთარ დაკვირვებებს გვიზიარებს.
ზურა თოფურიძე, მევენახე-მეღვინე მარანი “იბერიელი“: “მშვენიერი, თბილი წელი იყო. მაისი-ივნისი ცხელი და გვალვიანიც, თუმცა შემდეგ გვალვას არ შევუწუხებივარ. როგორც იცით კახეთშიც მაქვს ვენახი და იქ გვალვამ მართლაც ბევრი პრობლემა შექმნა. გურიაში რთველი ძალიან კარგად წარიმართა და ყურძენი ძალიან კარგი ხარისხის მოვკრიფეთ. სულ ჩხავერი 3600 კილოგრამი მოვკრიფე და ვფიქრობ ეს მისაღები რაოდენობაა.
ძალიან მახარებს რომ ბოლო წლებში მთელს გურიაში გაიზარდა ჩხავერის ყურძნის რაოდენობა, მაგრამ ყურძნის გაყიდვა გაძნელდა ეს ბოლო ორი წელია, ანუ მას მერე, რაც მე აღარ ვყიდულობ. ბოლო დროს გურიაში ბუნებრივი მეღვინეების რიცხვი გაიზარდა, “ასოციაცია ბუნებრივ ღვინოს“ უკვე ოთხი წევრი ჰყავს უკვე გურიიდან. როგორც ჩანს გურულები მიხვდნენ, რომ ყურძნის გაყიდვას, ბუნებრივი ღვინის დაყენება სჯობს“.
შარშან, “საქართველოს ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი გასვლითი ექსპედიციის ფარგლებში ოზურგეთის მთისპირა სოფლებში მოვინახულეთ შამბმოდებული ფერდობები, რომელსაც უკვე ათწლეულებია მოსახლეობა აღარ იყენებს. არადა, როგორც ადგილობრივების გადმოცემა, ასევე ამ ტერიტორიების მდებარეობა ნათლად მეტყველებს, რომ ამ ადგილებში მევენახეობა ძალიან მაღალ დონეზე უნდა ყოფილიყო განვითარებული და ეს, შუაგულ მდელოზე ჩვენ მიერ ნანახი ქვის საწნახელითაც დასტურდება, რომელიც საუკუნეების წინ კლდეზე ამოკვეთეს და მას სავარაუდოდ რთველის დროს აქტიურად იყენებდნენ. ვენახის ბოლოს ხელით ამოკვეთილი ქვის საწნახელი მევენახობა-მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე და ცოდნაზე მეტყველებს.
ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, რომ ბევრს სურს ძველი მევენახეობის ტრადიციების აღდგენა და ასევე, ბევრი ცდილობს თუნდაც რამდენიმე ათეული ძირი ჩხავერის გაშენებას. ამ სასიხარულო ტენდენციას ხელი იმან შეუწყო, რომ ღვინის დიდმა თუ მცირე მარნებმა დაიწყეს გურიაში ჩხავერის ყურძნის საკმაოდ მაღალ ფასში (კილოგრამი დაახლოებით 5 ლარი) შეძენა, რაც რიგითი გლეხებისათვის ხელსაყრელი ღირებულებაა. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ჩხავერისაგან ღვინოს გლეხები ტრადიციულად თავადაც დააყენებენ და რიგითი გურულის მარანს ჰიბრიდული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინის ნაცვლად, ჩხავერი დაიკავებს.
დადებით ტენდენციად უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ როგორც ჩოხატაურში, ასევე ოზურგეთში ბევრმა ადგილობრივმა დაიწყო მარნების და ეზოების სათანადოდ მოწყობა და ერთგვარი ტურისტული ცენტრების შექმნა. საქართველოში და ამ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოში ტურიზმის ზრდამ პარალელურად გამოიწვია ისეთ მარნებზე მოთხოვნა, სადაც, როგორც უცხოელ ღვინის მიყვარულებს, ასევე ქართველებს, შეეძლებათ ადგილობრივი ტრადიციული ღვინისა და კერძების დაგემოვნება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ის ნაწილი, რომლებიც სამცხე-ჯავახეთს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ესაზღვრებიან, სავენახედ ისტორიულად ფართოდ გამოიყენებოდა და ამ ტერიტორიებს დღესაც დიდი პერსპექტივები გააჩნია. ერთ-ერთ ასეთ სოფელში, ისტორიულ შემოქმედში მამა-პაპისეულ ნავენახარზე ახალი მარანი მოაწყო და ვენახი გააშენა ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ. ვახუშტი წლევანდელ რთველზე ამბობს, რომ წელს გურიაში ჩხავერის შაქრიანობა მოსალოდნელზე მაღალი იყო.
ვახუშტი მენაბდე, “მენაბდის მარნის“ მფლობელი: “წელს და შარშან ნაადრევი რთველი გვქონდა, ოქტომბერში მოგვიწია ყურძნის დაკრეფა, მაშინ, როცა ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში ვიღებდით ხოლმე მოსავალს. თუმცა შაქრიანობა ჩვეულებრივზე მაღალი, 24%-იყო. ეს ბევრ რამეს ცვლის ღვინის გემოვნურ თვისებებსა და სტრუქტურაში.
- თქვენი აზრით რას ცვლის ნაადრევი რთველი ხარისხის კუთხით?
- ადრე ყინვების შემდეგ კრეფდნენ ჩხავერს, ახლა კი ლამის ზაფხულის დამთავრებისთანავე გვქონდა რთველი. ეს არ ნიშნავს, რომ ამიერიდან ცუდი ღვინო დადგება გურიაში. უბრალოდ სხვა ღვინო დადგება. კლიმატის ცვლილებები ჩვენც შეგვეხო და მეღვინეობასაც ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.
ჩვენ მცირე მარანი ვართ, ამიტომ ჩვენთვის კიდევ უფრო რთულია ამ პირობებში ოპერირება. წელს დაახლოებით 2000 ბოთლი გვექნება ნახევარი ჩხავერი და ნახევარი ცოლიკაური. ორივე სოფელ ქვემო ერკეთიდან მივიღეთ, თავად ჩვენს ვენახში წელს პირველი ნიშანი გქონდა, ჯერ ახალია.
- გურიაში წელს როგორი ამინდები იყო?
- სეტყვა ჩვენთან ნაკლები პრობლემაა. უბრალოდ ახლა უფრო მეტი მზიანი ამინდებია და წელს ამან ის გამოიწვია, რომ ყურძენი დაგვეწვა“.
დღეს ჩოხატაურისა და ოზურგეთის არაერთ სიფელში შეხვდებით ახალ მარნებს, რომელთა შესახებ სხვა დროს დეტალურად ვისაუბრებთ.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი