Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მომავლის ღვინო - ინტერვიუ გიორგი გუნცაძესთან (1)

ღვინის კლუბი და vinoge.com კომპანია „თბილღვინოს“ მხარდაჭერით ახალ რუბრიკას გთავაზობთ. მომავლის ღვინო“, ასე ქვია ციკლს, სადაც დამწყებ მევენახეებს, მეღვინეებს, სომელიეებს, ბარმენებს, ისტორიკოსებს, ღვინის ჟურნალისტებსა და მარკეტინგის ახალგაზრდა სპეციალისტებს გაიცნობთ. ქართული ღვინისთვის ბოლო წლებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ზრუნავს, ეს რუბრიკა კი სწორედ მათ აღმოჩენაში დაგვეხმარება.

- მოკლედ თქვენს შესახებ.

- მე ვარ აგრარული მეცნიერების პირველი კურსის სტუდენტი აგრარულ უნივერსიტეტში, პარალელურად ვმუშაობ 8000 მოსავალში. ჩემი ინტერესის სფერო ადრიდანვე მეღვინეობა/მევენახეობა იყო. ბავშვობიდანვე მქონდა აქტიური შეხება ღვინოსთან, რადგან მამაჩემი დიდი ხანია ღვინოს აყენებს და მეც ხშირად მიწევდა ღვინის დაწურვის პროცესისთვის თვალყურის დევნება. გარდა ამისა, მაინტერესებს სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოება/დამზადება და ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრება ამ სფეროს დავუკავშირებ.

- რატომ დაინტერესდით ღვინის სფეროთი?

- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ღვინოსთან ხშირი შეხება მქონდა, მეღვინეობით უფრო აქტიურად მე-9-10 კლასებიდან დავინტერესდი. ქიმია სკოლის პერიოდიდან ძალიან მიყვარდა. მომწონდა, რომ ყველა პროცესი, რაც ჩვენს გარშემო მიმდინარეობს, ქიმიით მარტივად აიხსნებოდა. თუმცა ჩემს განსაკუთრებულ ინტერესს მაინც ალკოჰოლის წარმოების პროცესი იწვევდა. შესაბამისად, აგრარული მეცნიერებები ყველაზე საინტერესო ფაკულტეტად მესახებოდა მაშინ, როცა ვაბარებდი. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან დიდი გასაქანი აქვს ამ სფეროს და ეს გახდა კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც მიბიძგა მეღვინეობა/მევენახეობაზე გამეკეთებინა არჩევანი. მუშაობის სფეროსაც ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე ვარჩევდი, შესაბამისად, სწავლასთან შეთავსებადი სამსახური და მით უმეტეს ისეთი, რომელიც ჩემს სფეროსთან იქნებოდა კავშირში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი კარიერული წინსვლისთვის. 8000 მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ იქ მუშაობა ძალიან ბევრს მაძლევს, სწავლასაც იგივენაირი ინტენსივობით ვახერხებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- რა არის ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება თქვენთვის 8000 მოსავალში მუშაობის განმავლობაში?

- პირველ რიგში, ალბათ ის, რომ ღვინის დეგუსტაციისა და ნებისმიერი ღვინის უკეთ გაცნობის საშუალება მაქვს. გვყავს სომელიე, რომელიც გვეხმარება უკეთ გავიცნოთ ღვინო, გვაძლევს სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას ღვინის არომატებისა და დაყენების შესახებ, რაც, ვფიქრობ, ყველამ, ვინც ამ სფეროშია, აუცილებლად უნდა იცოდეს.

- რომლებია ის ღვინოები, რომლებსაც სხვებისგან გამოარჩევდით?

- გამოვარჩევდი ადგილწარმოშობის ღვინოებს, რადგან ეს ღვინის უნიკალურობას უფრო აშკარად წარმოაჩენს. გარდა ამისა, გამოსარჩევია ბიო-მეღვინეობები, რომლებიც თანდათან უფრო და უფრო მომრავლდა, რაც გასახარია. ბიო-ყურძნის დაწურვით, ქიმიური დანამატების მინიმალური გამოყენებით ვიღებთ ბევრად უფრო სუფთა და ნატურალურ პროდუქტს, რაც, ვფიქრობ, ძალიან დასაფასებელია და, რა თქმა უნდა, ეს ხარისხზეც აისახება.

- რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენთვის ღვინის სფეროში მოხვედრის შემდეგ?

- სირთულე, პირველ რიგში, იყო ის, რომ ბევრად უფრო აქტიურად და დიდი ინტენსივობით მომიწია ღვინის შესახებ იმ დიდი მასალისა და ინფორმაციის გაცნობა, რაც ღვინის ხარისხსა და ტიპზე ახდენს გავლენას. რამხელა მნიშვნელობა აქვს თუნდაც ნიადაგს, ყურძნის მწიფობის დონეს, ყურძნის დაწურვის სხვადასხვა მეთოდსა და დაყენების პრინციპებს, დუღილის ტემპერატურის სხვაობას. ამ ყველაფრის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება იმ თვალსაზრისით, რომ მყიდველს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიაწოდო თითოეული ღვინის ტიპზე, რაღაც მხრივ, გამოწვევა იყო ჩემთვის, თუმცა, ეს ასევე, სასიამოვნო გამოცდილებაცაა.

- რას აქცევენ მყიდველები ყველაზე დიდ ყურადღებას ღვინის შეძენისას?

- ძირითადად ღვინის შეძენისას მყიდველები ფასს აქცევენ ყურადღებას. უფრო ხშირად თეთრი, ქარვისფერი ღვინოები იყიდება. აღსანიშნავია, რომ უცხოელი მომხმარებლები ქვევრის ღვინოებით უფრო აქტიურად ინტერესდებიან, რადგან ქართული ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი მათთვის ძალიან უცხოა.

- რა მოგწონთ და რას შეცვლიდით ქართული ღვინის ინდუსტრიაში?

- მომწონს ის, რომ ბევრი საოჯახო მარანია, რომლებიც მივიწყებული და ნაკლებაც ცნობილი ვაზის ჯიშებიდან დაყენებულ სხვადასხვა ტიპის ღვინოებს სთავაზობენ ღვინის მოყვარულებს. გარდა ამისა, ძალიან აქტუალურია ბიო-მეღვინოებები, რომლებიც თანდათანობით უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს საქართველოში. აქტუალურია ღვინის აქსესუარების წარმოების პრობლემა, მაგალითად, კორპის, რომელიც უცხოეთიდან შემოდის და საქართველოში არ იწარმოება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული საექსპორტო ღვინოების მაღალი კონტროლი იყოს, რათა ექსპორტზე არ გავიდეს მდარე ხარისხის ღვინო. ეს დიდ გავლენას ახდენს ქართული ღვინის ცნობადობაზე საზღვარგარეთ, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული