Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„მთავარია მეღვინეების დიდი სურვილი, იშვიათი ქართული ჯიშები შეინარჩუნონ“ - ინტერვიუ გია ჩუბინიძესთან

ესაუბრა ელენე ცინცაძე

გია ჩუბინიძე იმერელი მეღვინეა, უკვე წლებია, იშვიათ ვაზის ჯიშებს აგროვებს და ზოგისგან ამზადებს კიდეც ღვინოს, მისი ეზო საკოლექციო ნაკვეთივითაა. როგორც ის ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ იშვიათ ჯიშებსა და მათ ისტორიებზე საუბარი განახლდეს, ბევრმა მეღვინე-მევენახემ დაუთმოს დრო ამ საქმეს და უფრო მეტად წინ წამოიწიოს მივიწყებული, საინტერესო ჯიშების საკითხმა. კონკრეტულად რომელი ჯიშები აქვს გაშენებული გიას და რა არის მისი მთავარი მოტივი, ჩვენს ინტერვიუში წაიკითხავთ.

-როგორ მოხვდით მეღვინეობაში და როდის გაგიჩნდათ ძველი ჯიშების გაშენების ინტერესი?

-მცნარეები, ხეები და ვაზი, ზოგადად, ბავშვობიდან მაინტერესებდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მიმართულებით ვმუშაობდი ადრე, დროთა განმავლობაში მევენახეობა/მეღვინეობა ჩემი ძირითადი საქმე გახდა. როცა ამ საქმეს ხელი მოვკიდე, განსაკუთრებით სხვადასხვა გემოები, სხვადასხვა ჯიშები მაინტერესებდა და მათი მოძება დავიწყე. შემდეგ უკვე ინფორმაციაც მეტი მივიღე, გავიარე სხვადასხვა ტრენინგი და დროთა განმავლობაში აღმოვაჩნე, რომ მართლა ბევრი რამ გვაქვს დაკარგული, მივიწყებული. გავიგე, რომ ბევრი „მარგალიტი“ გვქონია, რასაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.  ჩემი ძირითადი მოტივაცია კი ის იყო, რომ ვაზის და ღვინის სამშბლოში, სადაც სამწუხაროდ მხოლოდ 10-15 ჯიშია ძირითადი, მივიწყებული გამეცოცხლებინა. ჯიშის ჩამოყალიბებას საუკუნეები სჭირდება, დიდი წვალება და შრომა, რაც ჩვენმა წინაპრებმა გაიღეს და ახლა მისი შენარჩუნების საკითხი დგას. ყველა ჯიშს თავისი დანიშნულება ჰქონდა, ახლა საჭიროა ის, რომ კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც ესა თუ ის ჯიში იყო გავრცელებული, გავიგოთ, რა რისთვის, როგორ და რანაირად მოიხმარებოდა, როგორ უვლიდნენ, როგორ აყენებდნენ ღვინოს და ა.შ. თითქმის ყველა ჯიშის ძალიან კარგად გამოყენება შეიძლება. მთავარია, მეღვინეებმა ამას მხოლოდ ბიზნესის კეთების საშუალებას არ შეხედონ.

ამ ჯიშებზე ძალიან მწირი ინფორმაციაა, ბევრი შემთხვევა ყოფილა ისეთი, როდესაც ინფორმაცია მოიძებნება, მაგრამ ბევრად მეტი პოტენციალი გამოუვლენია სინამდვილეში, ვიდრე ამას მასალები გვეუბნება. კლიმატი შეიცვალა 40—50-იანი წლებიდან მოყოლებული, შეიცვალა გემოებიც, მოთხოვნილებაც.

- თქვენს ვაზის ჯიშებზე გვიამბეთ, რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და  რა ღვინოებს აწარმოებთ?

- თეთრი კამური იყო ჩემთვის პირველი ის იშვიათი ჯიში, რომლისგანაც ღვინო დავწურე და მას შემდეგ ყოველ წელს ვამზადებ. თეთრი კამურის კვირტი ჯიღაურადან მაქვს წამოღებული, შემდეგ მე თვითონ ვამყნე და როცა შევხედე მის ზრდის ტემპს, ინფორმაციასაც ამპლელოგრაფიაში, ახასიათებენ, როგორც მაღალი ხარისხის საღვინე ყურძენს და მისგან შემაგრებული ტიპის ღვინოების დამზადებაც შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი დიაპაზონი აქვს. სანამ ღვინოს დააყენებ, იქამდე თვითონ ვენახი გკარნახობს, რა შეიძლება მისგან გამოვიდეს. იმდენად მომეწონა ეს ჯიში, რომელიც ძალიან ნაზი და საკმაოდ ფაქიცია, რომ მისგანგადავწყვიტე ღვინის დამზადება. პირველად 2018 წელს მოვსინჯე და ცოტაოდენი ციცქა შევურიე, სულ 45 ბოთლი გამოვიდა, თუმცა ისეთი კარგი და უცხო იყო, რომ მის მერე სულ ასე ვაყენებ.

- მას შემდეგ თეთრ კამურს ციცქასთან ერთად აყენებთ? ღვინო როგორია, რითაა გამორჩეული და თუ არის ინტერესი მის მიმართ?

- თავიდან მხოლოდ ვცადე, მაგრამ შემდეგ, როცა დავფიქრდი, მივხვდი, ციცქა აუცილებლად სჭირდებოდა, რადგან იმდენ შაქარს ღებულობს, ნახევრადმშრალი მისგან ვერ დადგებოდა, მას შემდეგ ვურევ ციცქას და ღვინო არაჩვეულებრივი გამოდის. მეგობრებს ვაძლევ და ვდილობ ცოდნა გავავრცელო მის შესახებ. თეთრ კამურს ადრე თუ მოკრიფავ, ღვინო სხვანაირი დადგება, მე გვიან ვკრიფავ, როგორც წესი, სრულ სიმწიფეში. ღვინოს აქვს ჩირების და ზოგჯერ წიწვოვანი ტონები, საბოლოოდ მშრალი ღვინო გამოდის.

-მამუკას საფერეზეც გვიამბეთ, როგორც ვიცი, თქვენ მასაც აწარმოებთ უკვე რამდენიმე წელია?

-მამუკას საფერე იმერული ჯიშია და მასზე შედარებით მცირი ინფორმაციაა ამპელოგრაფიაში. ეს ჯიში ჩემს სოფელში, საზანოში, ბევრს ჰქონდა ადრე, შემდეგ მეს დავიწყე მოძიება, დამაინტერესა, თუმცა ბევრს მისი ვენახები უკვე აჩეხილი ჰქონდა, სამწუხაროდ. მივაგენი ერთ ადამიანს, რომელსაც შემორჩენილი ჰქონდა ეს ჯიში, მასთან ვერაფრით მივაღწიე, შემდეგ, როგორც იქნა, გამოჩნდა ერთი ადამიანი, კვირტი გავამრავლე და მისი შესწავლა დავიწყე, ღვინოც დავაყენე და ძალიან კარგი გამოვიდა. სახელს რაც შეეხება, როგორც ჯავახიშვილი ვარაუდობს, ეს უკავშირდება სოლომონ II-ეს ნახევარძმას, მამუკა ბატონიშვილს. მამუკა ბატონიშვილი სწორედ საზანოში ცხოვრობდა, სადაც სასახლის მემარნეების სწორედ ჩემი წინაპრები იყვნენ. ამიტომ მე ორმაგად პატივისცემით ვეპყრობი და მიხარია, რომ იმ ჯიშს ვაწარმოებ, რომლებზედაც ჩემი წინაპრები ზრუნავდნენ.

- კაპისტონზე რას გვიამბობდით?

-კაპისტონი რამოდენიმე სახელით გვაქვს, მაგალითად, შავი კაპისტონი, თეთრი კაპისტონი, რომელიც იმერულია და სკამაოდ მაღალი ღირსების ჯიშია, გვაქვს ასევე წიწილიანი კაპისტონი, არის ასევე გაღომოური კაპისტონი და ზეკროულა კაპისტონი. ამპელოგრაფიაში მხოლოდ თეთრი და შავი კაპისტონია აღწერილი, ზეკროულად კი სულ შემთხვევით წავაწყდი. ზეკროულად ასე ხარაგაულში მოიხსენიებდნენ, ზეკროულას ზოგი ფიქრობდა, რომ მტევნის შეკრულობიდან გამო დაერქვა ასე, თუმცა ზეკროულა გულისხმობს „ზეკრიდან“. „თეოფილე დეიროლში“ რამოდენიმე ჯიშის მოკლე აღწერაა, მათ შორის არის „მთის კაპისტონი“ რომელსაც მარცხვალი უყავისფერდება სიმწიფეში, ზუსტად ასე ემართება ხარაგაულის კაპისტონსაც. ამ მონათხრობის მთავარი მიზანიც ის არის, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა დაიწყოს, დავა, ბევრმა გაიგოს უცხო ჯიშების შესახებ, დაიწყონ ინფორმაციის მოძიება, ინტერესი გაღვივდეს და მათი მნიშვნელობა გაიზარდოს მეღვინეობაში.

- ინტერესი რამდენად დიდია ამ უნიკალური ჯიშების მიმართ მეღვინეებში და ასევე მომხმარებლებშიც?

- ინტერესი უფრო და უფრო იზრდება განსაკუთრებით მეღვინეების მხრიდან. ძირითადად აინტერესებთ მამუკას საფერე და თეთრი კამური, შარშან პირველად გავიტანე ექსპორტზე ბელგიაში.

- რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ასეთი იშვიათი ჯიშების გაშენება?

- იმისთვის, რომ ადამიანებმა მიიღონ გადაწყვეტილება, დარგონ თუ არა ესა თუ ის იშვიათი ჯიში, ჯერ მისი ღვინო უნდა ჰქონდეთ გასინჯული, ცოდნა უნდა ჰქონდეთ, ინფორმაცია, როგორ მოუარონ ვენახს, რა კლიმატი უხდება ამა თუ იმ  ჯიშს და ა.შ. თუ ადამიანმა დგადაწყვიტა, მაგალითად, ადანასურის გაშენება, პრობლემა ის არის, რომ საკვირტე მასალა არ არსებობს დიდი ვენახის გაკეთების. უნდა გაკეთდეს სადედე რამდენიმე ათეული, ასეული ძირის, რათა ამ საქმის მსურველებმა კვირტი გაახარონ და ვენახი შექმნან.

თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ იშვიათ ჯიშებზე ინტერესიც გაიზარდოს და უფრო გამარტივდეს მათი გაშენება/მოპოვება?

- სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ნარგაობების გაშენება. თითოეული ნერგი და კვირტი საკმარისი არაფრისთვის არის, ამ საკითხს ზრუნვა სჭირდება. მაგალითად, თითოეულ რეგიონში უნდა იყოს ეს სადედე ნაკვეთები, სადაც გამრავლებული იქნება სხვადასხვა პერსპექტიული ჯიში და ვისაც სურვილი ექნება, მათ გაშენებას შეძლებს. მნიშვნელოვანი მაინც ის არის, ხალხმა ამ საკითხზე დაკავშირებით საუბარი დაიწყოს, ინტერესი გაღვივდეს და მიუხედავად ყველაფრისა, მთავარია ადამიანს დიდი სურვილი ჰქონდეს, რომ ეს უძველესი, იშვიათი ჯიშები შეინარჩუნოს და სირთულეებს აუცილებლად გადალახავს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.