Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძველი სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

“ქრისტე აღდგა! ეშმაკს გეწყინება, ანგელოზო გიხარია!”

საქართველო  ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ქრისტიანობა IV საუკუნის დასაწყისში მიიღო, მაგრამ აღდგომის ტრადიციები კიდევ უფრო შორს — კულტურული მეხსიერების სიღრმეებში იღებს სათავეს, სადაც წმინდა ცეცხლი, წინაპართა კულტი და ბუნებრივ ციკლებთან დაკავშირებული რიტუალები ღმერთის შეცნობის გზად მიიჩნეოდა. აქ აღდგომა იყო შეხვედრის წერტილი — ძველისა და ახლის, პაგანური მოწიწებისა და ქრისტიანული რწმენის, სიკვდილისა და აღორძინების მარადიული ციკლის.

საინტერესოა, ძველად როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას საქართველოში, როგორი ტრადიციები ჰქონდათ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით და როგორ განსხვავდებოდა ეს ტრადიციები სხვადასხვა კუთხეში[1].

სვანეთში აღდგომას ანუ თანაფს ყველა ოჯახი სულგუნით იხსნილებდა. სვანები დიდმარხვაში გასახსნილებლად პატარ-პატარა სულგუნებს აკეთებდნენ, თითოს თითო ადამიანისათვის. პირის გახსნის შემდეგ ოჯახი დიდ ხუთშაბათს მონაწველი რძის ყველისაგან აცხობდა ხაჭაპურს, რომელიც მწველავ ქალს შესაწირად მიჰქონდა მაცხოვრის საყდარში. ხაჭაპური შინაური ცხოველის გასამრავლებლად და დასაცავად იწირებოდა. მისი ჭამა მხოლოდ ქალებს შეეძლოთ, ლოცვასაც ისინი ასრულებდნენ და ასე ილოცებდნენ: “მაცხოვარო, უფალო, სულდგმულები გაგვიმრავლე და მგელი ააცდინე”. აღდგომა სვანებისთვის ზამთრიდან ზაფხულზე გარდამავალი დღე იყო. ამ დღეს მათთვის ბუნება იღვიძებდა და სიცოცხლე ძალებს იკრებდა. სოფელ ლახამულაში სვანები ზეცისკენ ძახილის წესს ასრულებდნენ. როდესაც აღდგომას ეკლესიაში ყველაფერი დასრულდებოდა და ხალხი ალიონზე ეზოში გამოვიდოდა, ყველაზე ძლიერი ხმის პატრონი მთელი ძალ-ღონით ზეცას ასძახებდა: “ქრისტე აღდგა! ეშმაკს გეწყინება, ანგელოზო გიხარია!”

რაჭაშიც აღდგომას იგივე წესები სრულდებოდა. ოჯახში, სუფრაზე ყველას 4-5 წითელი კვერცხი ეწყო. ვიდრე სადილად დასხდებოდნენ, უფროსი დიასახლისი აიღებდა საოჯახო განატეხს, ჭიქა ღვინოს, განატეხს წაღმა შეატრიალებდა და დაილოცებოდა (ამ დროს კედელზე ანთებული სანთელი იყო მიკრული): “აღდგომის ძალო და მადლო, კაი წელიწადი დაგვიყენე, ბევრი აღდგომა მოასწარი ყველა ჩვენიანს”. განატეხი ოჯახის ყველა წევრს უნაწილდებოდა. იგი სადილამდე უნდა შეეჭამათ. ამ დღეს ხალხს წითელი კვერცხები სახლშიც  და ეკლესიაშიც მიჰქონდა.

სამეგრელოში აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულად მიაჩნდათ. სააღდგომო ღვთისმსახურება შუაღამეს იწყებოდა. მას უამრავი ხალხი ესწრებოდა. ზოგან ცხენით ეკლესიის ეზოში შესვლა იკრძალებოდა.  ახალი მიცვალებულის პატრონს ეკლესიაში ელეგია მიჰქონდა ანუ ცხვრის, ღორის, საქონლისა და ფრინველის ხორცი, პასკა, კვერცხები. წირვის დამთავრების შემდეგ, ჯერ კიდევ გათენებამდე, მღვდელი გარეთ გამოდიოდა და ხალხს სამჯერ ულოცავდა. ამის შემდეგ მლოცველები, რომლებსაც ანთებული სანთლები ეჭირათ, პირით აღმოსავლეთისაკენ დგებოდნენ. მღვდელს და დიაკვანს ახალი მიცვალებულის ჭირისუფლები ელეგია-ტაბლის საკურთხებლად იწვევდნენ. კურთხევის შემდეგ ელეგიას ყველას უნაწილებდნენ. მღვდელს კურთხევაში ფულად გასამრჯელოსთან ერთად პასკას და ხორცის ნაჭრებს აძლევდნენ.

გურიაში ლიტანიობისას ყველა თითო კენჭს ისროდა და თან ამბობდა: “ვაი ურიას!” წირვის შემდეგ ხალხი ერთმანეთს ულოცავდა და კვერცხებს უცვლიდა. ვისაც ეკლესიის ეზოში მიცვალებული ჰყავდა დაკრძალული, საფლავზე სანთელს ანთებდა და წითელ კვერცხებს დებდა, რომ ამგვარად მიცვალებულებიც აღდგომის თანამონაწილეებად გაეხადა. ძველად ამ კუთხეში წითელი კვერცხებით და ბატკნით იხსნილებდნენ. რაც შეეხება პასკას, ის ამ კუთხეში XIX საუკუნის 90-იან წლებში ახალი შესული ყოფილა. გახსნილების შემდეგ ცეკვა, სიმღერა, კრივი, ჭიდაობა იმართებოდა. ამგვარი თამაშობები მთელი გაზაფხული გრძელდებოდა.

იმერეთში აღდგომას ბურთაობა სცოდნიათ. შეიყრებოდა დიდძალი ხალხი და ორად გაიყოფოდა. ვეებერთელა წითელ ბურთს ააგდებდნენ და რომელი მხარეც მას ხელთ იგდებდა, გამარჯვებულიც ის იყო. თურმე ამ გართობაში თავად მეფეებიც მონაწილეობდნენ. ძველად თბილისში, მას შემდეგ, რაც მეფე და დედოფალი ხორცით გაიხსნილებდა, იმართებოდა ასპარეზობა.

მესხეთში სააღდგომოდ აცხობდნენ ქადას, შაქარლამას და რძით შემზადებულ ნაზუქს. ზოგჯერ ნაზუქს კარაქსაც უკეთებდნენ, აცხობდნენ პასკას. ნაზუქის ფორმის ტკბილი შაქარლამა ყველაზე საპატივცემულო მისართმევი იყო. რა თქმა უნდა, სააღდგომოდ ღებავდნენ კვერცხებს. როგორც წესი, კვერცხები პარასკევს იღებებოდა. თუ რაღაცის გამო ეს ვერ მოხერხდებოდა, კვერცხის შეღებვა შაბათს მზის ჩასვლამდე უნდა მოესწროთ.

კახეთში ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები საფლავზე გადიოდნენ, საფლავებზე კვერცხებს აგორებდნენ. ეკლესიაში პასკის კურთხევა იცოდნენ, სახლში კი აუცილებლად ღორი უნდა დაეკლათ. კლავდნენ ქათმებს, ინდაურს, მიცვალებულს უჭრიდნენ ზურგიელს, ეპატიჟებოდნენ ერთმანეთს და ქეიფობდნენ.

საინგილოში, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, სააღდგომო სამზადისი წითელი პარასკევიდან იწყებოდა. კვირას მამლის ყივილზე მთელი ოჯახი იღვიძებდა და მარხვას ღორის ხორცით იხსნილებდა. ერთ ნამცეც ღორის ხორცს დაღეჭავდნენ, გადმოაფურთხებდნენ და იტყოდნენ: “ლეკო, დაგხეჩ!” ოჯახის წევრები ღმერთს და ქურმუხის ტაძარს ევედრებოდნენ: “ღმერთო და ქურმუხის საყდარო გახსნილებას მუდამ დაგვასწარი”. ამის შემდეგ კლავდნენ ყოჩს, ბატკანს ან ქათამს (ვარიას).

ხევსურეთში აღდგომას ანუ ახვსებას, როგორც მას ხევსურები უწოდებდნენ, არხოტის თემში, ერთი გამორჩეული წესი სრულდებოდა. მას მარიამწმინდობას ეძახდნენ. ამ დღეს არხოტის ჯვარში სადღეობოდ ყველა ბავშვს ერთი ქუდი ხიფხოლა (მიწის ვაშლის მსგავსი მცენარის ტკბილი ძირი) და ორი ტყვია მიჰქონდა.

თუშეთშიც აღდგომას ახვსებას ეძახდნენ. აღდგომის წინა ღამეს ბავშვებმა აქაც მარხვის ჩატკეცა, ანუ მარხვის გოდრის დაგორება იცოდნენ. ძველ გოდორს პირუტყვის ბაგიდან აღებული ჩალით, თივით ავსებდნენ, თავს წნელებით უკრავდნენ, სოფლის გარეთ გაჰქონდათ, ცეცხლს უკიდებდნენ და აგორებდნენ. თან მისდევდნენ, ჯოხებს ურტყამდნენ, ბოლოს ქვებსაც უმატებდნენ და დასასრულს ამბოდნენ: “მარხვა ჩავტკეცეთო.”

 

[1] გამოყენებული ლიტერატურა: ღამბაშიძე ნინო „ ქართული ხალხური და საეკლესიო დღესასწაულები“, თბილისი, 2011.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული