Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2015 წელი - ღვინის კლუბის ახალი ინიციატივები

2015 წელს საქართველოს ღვინის კლუბი დაინტერესებულ პირებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას შესთავაზებს. ამჯერად ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განსახორციელებელ პროექტებზე შევაჩერებთ ყურადღებას. საქართველოს ღვინის კლუბსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის დაგროვებასა და პოპულარიზაციას და, რაც მთავარია, საზოგადოებაში ღვინის განათლების ხარისხის ამაღლებას, დარგში მოღვაწე პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

გასულ წელს კლუბის ბაზაზე სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი შესრულდა. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა გაზეთი „მარანი“, რომელიც ერთადერთი სპეციალიზებული პერიოდული გამოცემაა მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში. გაზეთი 8 წელია, რაც არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტია ქართული ღვინის ინფოგრაფიკები - ქართული ვაზის ჯიშებზე, ადგილწარმოშობის კონტროლირებად ზონებზე, ქართული ღვინისა და კერძის შეხამებასა და სხვ. თემებზე.

2015 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ღვინის კლუბის თანამშრომლობა გაგრძელდება და ითვალისწინებს სხვა არაერთი საყურადღებო პროექტის განხორციელებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის საინფორმაციო ცენტრის  შექმნა, რომელიც ყოველდღიურად უზრუნველყოფს მკითხველის ინფორმირებას საქართველოში ღვინის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. სააგენტო გაავრცელებს უახლეს ამბებს, მოამზადებს ბლიც–ინტერვიუებს, ანალიტიკურ წერილებს, სტატისტიკას, ფოტომასალას. ცენტრი შეისწავლის და გააშუქებს დარგის აქტუალურ გამოწვევებს, ასახავს შიდა ბაზარზე და ექსპორტში არსებულ სიახლეებს, საინფორმაციო სააგენტოს ოფიციალური ონლაინ პლატფორმები იქნება vinoge.com, wineclub.ge, georgianwine.gov.ge.

იანვარში პირველად  გამოჩნდება სპეციალური საგანმანათლებლო, პოპულარული ვიდეორგოლები (ინგლისური ტიტრებით), რომელიც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებს დაეთმობა. ვიდეორგოლებში მონაწილეობას მიიღებენ დარგის ცნობილი სპეციალისტები – მევენახეები, ენოლოგები, სომელიეები, ღვინის ჟურნალისტები და სხვ.

ღვინის კლუბმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აგრეთვე, ითავა ღვინის საკონსულტაციო ცენტრის დაარსება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დამწყებ მევენახე–მეღვინეთათვის. ცენტრს უხელმძღვანელებს მეღვინე, ახალი ღვინის ფესტივალის დირექტორი - იაგო ბიტარიშვილი, რომელიც რეგიონებში გასვლითი ღონისძიებების ფარგლებში, ასევე თბილისში გამართულ შეხვედრებზე, საჭიროებისამებრ, გაუწევს კონსულტირებას დამწყებ მევენახეებსა და მეღვინეებს სხვადასხვა დონეზე -  მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკების სპეციფიკიდან, კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებამდე.

საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი სპეციალურ ღონისძიებებს გეგმავს ქართული ღვინის ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლებისთვის - მათთვის ჩატარდება საგანგებო დეგუსტაციები. აქტივობის მიზანიც იქნება, ერთი მხრივ, ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მეორე მხრივ კი ის კვლევით ფუნქციასაც შეასრულებს - მიღებული უკუკავშირის საფუძველზე ცენტრის თანამშრომლები შეაფასებენ მომხმარებლებისა და ინვესტორების მოთხოვნებს, რაც უდაოდ გასათვალისწინებელი იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოსათვის სამომავლო პოლიტიკის შემუშავებისას.

2015 წელს ღვინის კლუბი აგრძელებს სრულფასოვანი წვრთნების ციკლს, რომელსაც ის ჯერ კიდევ 2011 წლიდან უძღვება. აღნიშნულ პერიოდში (2011-2014 წწ.)  გადამზადდა 300-ზე მეტი სტუდენტი. კლუბი დაინტერესებულ მსმენელებს სთავაზობს შემდეგ მოდულებს: მევენახეობის ზოგადი კურსი, მეღვინეობის ზოგადი კურსი, ღვინის ზადები და დაავადებები, როგორ დავაგემოვნოთ ღვინო, ღვინისა და კერძის შეხამება, ღვინის შეთავაზება და მომსახურება. ტრენინგებს დარგის პროფესიონალები და WSET–ის (Wine & Spirit Education Trust) სერტიფიცირებული სპეციალისტები გაუძღვებიან.

ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ღვინის კლუბის უმთავრესი დღესასწაულის, ახალი ღვინის ფესტივალის მხარდაჭერას.

დაბოლოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითვე, საქართველოს ღვინის კლუბი გააგრძელებს უფასო ლექცია-სემინარების ჩატარებას. მოეწყობა სამუშაო შეხვედრები და მრგვალი მაგიდები, რომელსაც გაუძღვებიან  მეღვინეები, მევენახეები, ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, სომელიეები და ჟურნალისტები. აღნიშნული ღონისძიებები შექმნის ექსპერტებს, პრაქტიკოს მეღვინეებსა და საკითხით დაინტერესებულ პირებს შორის უწყვეტი კომუნიკაციის უდავოდ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისათვის.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული