Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ადგილწარმოშობის ღვინოები - ახალი პრობლემები

ალეკო ცქიტიშვილი

ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ხარისხი ბოლო დროს შესამჩნევად გაუმჯობესდა. თუმცა, ენოლოგები და ღვინის გურმანები თანხმდებიან, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის იდეალური ვითარება და მეღვინეებს საფიქრალი ბევრი აქვთ. დისკუსიის თემად რჩება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი (ადკ) ღვინოების დამზადების მეთოდები, სპეციფიკური ზონების საზღვრები და კანონმდებლობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადკ ღვინოების უმაღლესი ხარისხიც და ფალსიფიკაციისგან დაცვაც.

კამათს იწვევს რამდენიმე საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ასეთი ტიპის ღვინოების ჩამოსხმა-რეალიზაციას არეგულირებს. მათ შორის, ყველაზე მტკივნეულია საკითხი - აიკრძალოს თუ არა ადკ ღვინოების დამზადება სპეციფიკური ზონების ფარგლებს გარეთ. კომპანიების წარმომადგენლებს ასეთი რადიკალური ცვლილება ამ ეტაპზე ნაადრევად ეჩვენებათ.

ბოლო დროს გეოგრაფიული დასახელებების მქონე ქართული პროდუქტების დაცვის მიმართულებით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ გააქტიურდა. სწორედ „საქპატენტი“ ცდილობს 18 ადგილწარმოშობის დასახელების ქართული ღვინის დარეგისტრირებას უცხოეთში, რათა ეს პროდუქტები დაცული იყოს ფალსიფიკაციისგან.

პარალელურად „საქპატენტისა“ და ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ ინიციატივით, დაიწყო ქართული კომპანიების მიერ წარმოებული ადკ ღვინოების რეგისტრაცია „საქპატენტში“ შესაბამისი მოწმობის გაცემით (ერთი წლის ვადით). ამ გზით „საქპატენტში“ იქმნება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების მწარმოებელი კომპანიების რეესტრი. ამ რეესტრში დარეგისტრირებული კომპანიების სია შემდგომში დაეგზავნება სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებს (მათ შორის - საბაჟოს) და ასევე - ქვეყნებს, სადაც ქართული ღვინოების ექსპორტი ხორციელდება. რეესტრის მონაცემები, ფაქტობრივად, იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ყოველწლიურად ზუსტად აჩვენებს, იმ წელს რომელ კომპანიას აქვს და რომელს არა აქვს ამა თუ იმ ადკ ღვინის ჩამოსხმის უფლება.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების მწარმოებელთა რეესტრში მოხვდებიან კომპანიები, რომლებიც 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინიდან ერთს მაინც აწარმოებენ.

მეღვინეები ამ ცვლილებას მიესალმებიან და მიაჩნიათ, რომ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების კონტროლის მექანიზმების დახვეწა აუცილებელია. „კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორის, ნუგზარ ქსოვრელის თქმით, კომპანიების საქმიანობაში ამ ცვლილებას განსაკუთრებული კორექტივები არ შეუტანია. თუმცა, რეესტრი ბაზრის მოწესრიგებისკენ და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოებას სახელმწიფო აქამდეც აკონტროლებდა. კომპანიებს სისტემატიური ურთიერთობა გვაქვს „სამტრესტთან“. არსებობს ვენახების კადასტრი, რითაც მუნიციპალიტეტებმა ზუსტად იციან, რომელ მიკროზონაში რა ფართობის ვენახია. „სამტრესტი“ ასევე აკონტროლებს, ამა თუ იმ მოსავლისგან რა რაოდენობის ღვინოს ვაწარმოებთ, რას ვასხამთ ბოთლებში და რა ღვინის ნაშთები გვაქვს წლის დასაწყისში. კონტროლის ეს მექანიზმები აქამდეც იყო. ამას ახლა დაემატა რეესტრი, რითაც იხელმძღვანელებს „საქპატენტი“ როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე. საქართველო არის ლისაბონის ხელშეკრულებას მიერთებული, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო დონეზე ავალდებულებს ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვას. ამ მხრივ რეესტრი სახელმწიფოს საქმეს გაუადვილებს“, - ამბობს ნუგზარ ქსოვრელი.

ბოლო დროს საზოგადოება შეშფოთებით ისმენს ახალ-ახალ ინფორმაციებს უცხოეთში ქართული ღვინის ფალსიფიკაციის, ან ადგილწარმოშობის დასახელებების სადავო გამოყენების შესახებ. გზადაგზა ისეთი ფაქტები ხდება ცნობილი, რაზეც ადრე წარმოდგენაც არ გვქონდა. ეს სიახლეები, ერთგვარად, უცხოეთში „საქპატენტის“ გააქტიურებასაც უკავშირდება.

18 ადგილწარმოშობის დასახელების ქართული ღვინის დაცვის თაობაზე ევროკავშირთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მალევე მოჰყვა მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან. მოულოდნელად გაირკვა, რომ ამერიკის ორივე კონტინენტსა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ყველაზე ცნობილი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების - „ხვანჭკარისა“ და „ქინძმარაულის“ შეტანის, ჩამოსხმისა და გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას ვინმე ევგენი დოზორცევი ფლობს. მას ეს დასახელებები საკუთარ სასაქონლო ნიშნად აქვს დარეგისტრირებული. როგორ და ვისგან მიიღო ოდესელმა ემიგრანტმა ამ ღვინოებზე ამხელა უფლებები, დიდი სკანდალისა და გამოძიების თემაა. თუმცა, ევგენი დოზორცევი აცხადებს, რომ იგი კანონს არ არღვევს და უკვე ათ წელზე მეტია, თვითონვე ებრძვის ქართული ღვინის ფალსიფიკაციას. იგი ამტკიცებს, რომ მხოლოდ  საქართველოში წარმოებულ „ხვანჭკარას“ და „ქინძმარაულს“ ყიდის.

ქართული კანონმდებლობით 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის საზღვარგარეთ ჩამოსხმა აკრძალულია. თვითონ საქართველოში კი ასეთი ღვინოების წარმოების არეალი შეზღუდული არ არის. მაგალითად, არ არის აუცილებელი, „ტვიში“ მაინცდმაინც სოფელ ტვიშში ან ლეჩხუმის რეგიონში ჩამოასხა. შეგიძლია, იქიდან ყურძენი ან ღვინომასალა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში წაიღო და იქ ჩამოასხა.

საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ ადგენს იმ პირობებს, რასაც ადგილწარმოშობის დასახელების ნებისმიერი პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს. ხოლო საქართველოს კანონში „ვაზისა და ღვინის შესახებ“ 2008 წელს შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით განისაზღვრა შემდეგი წესი: „სპეციფიკურ ზონაში მოწეული ყურძნის გადამუშავება, ღვინის წარმოება და ჩამოსხმა დასაშვებია ამ სპეციფიკური ზონის გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით“.

დარგის სპეციალისტები, რომლებსაც ამ თემაზე ვესაუბრეთ, კანონის ასეთ ლიბერალურ მიდგომას ამ ეტაპზე ამართლებენ. იშვიათად ნახავთ მეღვინეს, რომელიც გეტყვით, რომ დღესვე უნდა აიკრძალოს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ჩამოსხმა შესაბამისი მიკროზონების ფარგლებს გარეთ.

„ღვინის კლუბში“ ამ საკითხზე დისკუსია განახლდა „ხვანჭკარების“ დეგუსტაციის შემდეგ. დეგუსტაციაზე გაირკვა, რომ „ხვანჭკარას“ ხარისხი გაიზარდა, მაგრამ ზოგიერთი კომპანიის ღვინო არატიპურია. ეს პრობლემა დეგუსტაციის მონაწილეებმა სწორედ იმით ახსნეს, რომ კომპანიები „ხვანჭკარას“ ძირითადად კახეთში აწარმოებენ, სადაც დიდია ცდუნება, ამ ღვინის დასამზადებლად დიდიი რაოდენობით საფერავიც გამოიყენო. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ დეგუსტაციაზე იმ კომპანიების ღვინოებმაც ვერ დაიმსახურა დიდი მოწონება, რომლებიც „ხვანჭკარას“ რაჭაში აწარმოებენ.

მცირე მარნის მფლობელს, იაგო ბიტარიშვილს მიაჩნია, რომ ადკ ღვინოების შესაბამისი მიკროზონების გარეთ ჩამოსხმა ხელაღებით არ უნდა აიკრძალოს, რადგან ეს დარგს პრობლემებს შეუქმნის. მართალია, ყურძნის ან ღვინომასალების შორ მანძილზე ტრანსპორტირებაც დიდ რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს რისკი თვითონ კომპანიების არჩევანზეა დამოკიდებული. მათ თუ უნდათ, მიკროზონებში საწარმოების გახსნასაც არავინ უკრძალავს. მეორე მხრივ, თუკი „ხვანჭკარის“ ან „ტვიშის“ ჩამოსხმა სენაკში, ყვარელში ან ბათუმში გარკვეულ უხერხულობას ქმნის, მიკროზონების ფარგლებს გარეთ ადკ ღვინოების წარმოების აკრძალვის შემთხვევაში, სირთულე შეექმნება ისეთი ღვინოების მწარმოებლებს, რომლებსაც ნედლეული და ღვინომასალა შორს სულაც არ მიაქვთ. მაგალითად - „მუკუზნის“, „ქინძმარაულისა“ და კახეთის პრაქტიკულად ყველა ადკ ღვინოების მწარმოებლებს, რომელთა უმრავლესობა სწორედ კახეთის რეგიონში საქმიანობს.

ენოლოგი გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ორი-სამი წლით ადკ ღვინოების ნედლეულის გატანა მიკროზონის ფარგლებს აკრძალული იყო, მაგრამ ამ ნორმამ პრაქტიკაში არ იმუშავა და მალევე შეიცვალა.

გიორგი სამანიშვილი: „ჩემი აზრით, ადგილწარმოშობის თითოეულ დასახელებას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. სხვაგან ჩამოსხმას თუ ავკრძალავთ, უნდა დავფიქრდეთ, რა მოხდება ძალიან პატარა მიკროზონებში, სადაც  ყველა კომპანიამ საწარმო უნდა ააშენოს. მანავსა და ტვიშში, ალბათ, ვენახებისთვის ადგილი აღარ დარჩება. ან ერთი მარანი უნდა ავაშენოთ და ყველა კომპანიამ იქ უნდა ჩამოასხას „მანავი“ და „ტვიში“. ამას კი ცოტა თუ დათანხმდება. მეორე მხრივ, ყველა „ხვანჭკარა“ რომ რაჭაში ჩამოისხას, ეს ძალიან სარგებლიანი იქნებოდა რაჭისთვის. თუმცა, მათ ჰქონდათ ასეთი შანსი წლების განმავლობაში, მაგრამ არ გამოიყენეს. პირიქით ძალიან აზარალეს „ხვანჭკარის“ სახელი“. თუ ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებენ, ეს უნდა მოხდეს სამოქმედო გეგმის საფუძველზე, სადაც გაწერილი იქნება რა დროს რა უნდა მოხდეს და აუცილებლად ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდით“.

ინდივიდუალური მიდგომის მომხრეა ნუგზარ ქსოვრელიც. მისი თქმით, ამ მიმართულებით ნებისმიერ საკანონდებლო ცვლილებას დიდი აწონ-დაწონვა სჭირდება. გასაზიარებელია ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნების გამოცდილებაც, სადაც სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელებები სხვადასხვა დროს გაჩნდა და მათი კონტროლისა თუ დაცვის წესებიც განსხვავებულია: „საფრანგეთში ბორდოს ზოგიერთი ღვინის ჩამოსხმა ქვეყნის გარეთაც ნებადართულია, მაგალითად - ბელგიაში (რა თქმა უნდა - ნედლეული ბორდოდან უნდა იყოს), ზოგიერთ რეგიონში კი უფრო მკაცრი წესებია. მაგალითად, მედოკის რეგიონის ღვინოები ადგილზე უნდა ჩამოისხას. ვფიქრობ, საქართველოშიც ასევე უნდა იყოს დიფერენცირებული მიდგომები ადგილწარმოშობის დასახელებებთან დაკავშირებით“.

ნუგზარ ქსოვრელის თქმით, ამ საკითხს სოციალური კუთხით რომ შევხედოთ, მიკროზონებიდან ნედლეულისა და ღვინომასალების აკრძალვა ამ რეგიონების განვითარებაზე დადებითად იმოქმედებდა. თუმცა, როცა რაღაცის შეცვლა გვინდა, მარტო სოციალურ საკითხებზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი და დარგის მომავალზეც უნდა ვიფიქროთ. შესაძლოა, საუკეთესო გამოსავალი იყოს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ჩამოსხმა არა რეგლამენტით განსაზღვრული მიკროზონის, არამედ მხარეების არეალში. ანუ - „სვირი“ ჩამოისხას იმერეთში, „ტვიში“ - ლეჩხუმში, „ხვანჭკარა“ - რაჭაში, „მანავი“ - კახეთში და ა. შ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული