Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახეთის მეღვინეობის რაიონები

ნიკოლოზ გელაშვილის წიგნიდან, “მეღვინეობა” (1961)
 
ზოგადი ცნობები. კახეთი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი საზღვრებია: ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან – კავკასიონის ქედი, დასავლეთიდან-ქართლის ქედი, სამხრეთით – გარეჯის მაღლობი და შირაქის ზეგანი, აღმოსავლეთით – აზერბაიჯანის სსრ.
კახეთში შედის: გურჯაანის, თელავის, სიღნაღის, ყვარელის, საგარეჯოს, ახმეტის, ლაგოდეხისა და წითელწყაროს ადმინისტრაციული რაიონები.
კახეთში მევენახეობა-მეღვინეობა მეტწილ რაიონებში წამყვანი დარგია. ვაზის ჯიშთა შემადგენლობით და ღვინის ღირსებით კახეთი მეტად მნიშვნელოვანია საბჭოთა კავშირის მეღვინეობის რაიონთა შორის; ვაზის ნარგაობათა მიხედვით მას აღმოსავლეთ საქართველოში პირველი ადგილი უკავია.
კახეთს ცივგომბორის მთა ყოფს ორ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ნაწილად: 1) შიგა კახეთი (ალაზნის ხეობა) და 2) გარე კახეთი (იორის ხეობა).
ისევე, როგორც საქართველოს სხვა დანარჩენი მხარეები, კახეთის ცალკეული რაიონების რელიეფის სხვადასხვაობა აპირობებს კლიმატურ და ნიადაგობრივ თავისებურებებს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მიღებული პროდუქციის ხარისხზე.
კლიმატური პირობების მხრივ კახეთი ხარისხოვანი მეღვინეობის რაიონად უნდა ჩაითვალოს. აქ ნალექების წლიური რაოდენობა 600-800 მმ უდრის. ცალკეულ რაიონებში წლის მარაგის სიმცირის გამო ვაზის ვეგეტაციის პერიოდში ვენახების მორწყვა აუცილებელია, მეტწილად კი ზაფხულის მეორე ნახევარში გვალვიან წლებში. ვაზის სავეგეტაციო პერიოდი 210 დღეა, ხოლო ამავე პერიოდში საშუალო ტემპერატურა 18,5o-ია. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ზოგჯერ სეტყვა ძლიერ აზიანებს მოსავალს. ხანგრძლივი ყინვები (-18-200), რომელიც ვაზის კულტურაზე ძლიერ უარყოფითად მოქმედებს, იშვიათია.
კახეთის ნიადაგები მნიშვნელოვანი სიჭრელით ხასიათდებიან. ალაზნის მარჯვენა მხარესა და გარე კახეთის მევენახეობის ძირითად ზონაში გვხვდება: ყავისფერი ტყის, ნეშომპალა-კარბონატული და ალუვიურ-კარბონატული ნიადაგები, ხოლო მარცხენა მხარეში – ალუვიური ტყის კარბონატები; ძლიერ ღარიბი ნიადაგები, ყავისფერი ტყის ნიადაგები დამახასიათებელია შემდეგი სოფლებისათვის: წინანდალი, ქვემოხოდაშენი, კურდღელაური, ვარდისუბანი, მუკუზანი, გურჯაანი და ანაგა, რაც აპირობებს დასახლებულ პუნქტებში არა მარტო უხვ მოსავალს, არამედ მიღებული პროდუქციის მაღალ ხარისხს. მეტად მნიშვნელოვანია ვაზის კულტურისათვის ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, რომლებიც საკმაოდ აუმჯობესებენ პრუდუქციის ღირსებას. ამ მხრივ საყურადღებოა სოფლები: მუკუზანი, ვაზის უბანი, ახაშენი, ჩუმლაყი, წინანდალი, ნასამხრალი და იყალთო. ალაზნის მარცხენა მხარეზე უმთავრესად ჭარბობს ალუვიური ტყის ნიადაგები. ამ ზონაში საკმაოდ სახელგანთქმული ნაზი ღვინოები მიიღება: ნაფარეულში, ყვარელში, ენისელში და გავაზში. გარე კახეთის ნიადაგები თავიანთი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობით ძლიერ ახლოსაა ალაზნის მარჯვენა მხარის ნიადაგებთან. უმთავრესად აქ გვხვდება წაბლისფერი შავმიწა, ტყის ყავისფერი და ალუვიურ-კარბონატული ნიადაგები. ამ მხარეში ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე რქაწითელი და მეტადრე მწვანე იძლევიან საკმაოდ ნაზ, მაღალხარისხოვან ღვინოებს.
1)შიგა კახეთი მდებარეობს ალაზნის ხეობაში. იგი ჩრდილოეთიდან, ჩრდილოეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთის მხარეებიდან შემორკალულია კავკასიონისა და ცივგომბორის მთებით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ის გაშლილია. მთებისაგან წარმოქმნილი რკალი მდ. ალაზნის ქვემო წელში თანდათან შორდებიან ერთიმეორეს და ამის შედეგად შიგა კახეთი კონფიგურაციით მოგვაგონებს სამკუთხედს, რომლის წვერი მიმართულია ჩრდილოეთისაკენ და ფუძე სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ამ სამკუთხედის სიმაღლე 110 კილომეტრია ხოლო სიგანე ფუძესთან – დაახლოებით 40 კილომეტრი. საერთოდ შიგა კახეთი წარმოადგენს კავკასიონისა და ცივგომბორის მთების დაქანებას, რომელიც თანდათან ვაკდება და დასერილია ხევებით. შიგა კახეთის მთიანი ნაწილი უკავია ალპურ მდელოებს, რომლებიც თანდათან იცვლება ტყის ზონით. ამ უკანასკნელს მოსდევს მცირე ფერდობები, სადაც უმთავრესად განლაგებულია მაღალხარისხოვანი ღვინოების მომცემი ვენახები.
ფერდობების ზონის შემდეგ ვაკე ადგილებია, სადაც მეტწილად დგება ორდინარული ღვინოები. ვაკის უდიდესი ნაწილი დაკავებულია მარცვლეული კულტურითა და სათიბებით.
შიგა კახეთს მეღვინეობის თვალსაზრისით სამ მხარედ ყოფენ: 1. ზემო მხარე – ახმეტიდან მუკუზნამდე, 2. ქვემო მხარე – მუკუზნიდან ხირსამდე და 3. გაღმა მხარე – პანკისის ხეობიდან კაბალამდე.
თითოეული მხარე იყოფა მიკრორაიონებად.
 
1. ზემო მხარეში შედის 4 მიკრორაიონი:
 
ა) ახმეტის მიკრორაიონი მდებარეობს კახეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აქ ვენახები მეტწილად გაშენებულია 350-650მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ამ მიკრორაიონის შუა ზონაში (450-540მ ზღვის დონიდან) ღებულობენ მაღალი ღირსების კახური ტიპის ღვინოებს ბითანის, ნაზვრევის, კიაზოანთეულ, რაფიელაანთეულ, რიყისპირის, როსტომაანთეულთ და დადიანიძისეულ ადგილებში.
ზედა ზონაში (560-650მ ზღვის დონიდან) სოფლებში: მიტანი, მარელისი და სხვ. მიიღება ხარისხოვანი ღვინომასალა ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინოებისათვის.
ქვედა ზონაში (350-360მ ზღვის დონიდან) მეტწილად მიიღება ორდინარული ღვინომასალები.
ბ) იყალთოს მიკრორაიონი, რომელიც მდინარე ახშნისა და თურდოს შორისაა მოქცეული, მდებარეობს ახმეტის მიკრორაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ამ მიკრორაიონში შემავალი სოფლებია: ახშანი, ახშანის ველები, ხორხელი, ალავერდი, ჩაბინანი, არაშენდა, ოჟიო, კოღოთო, ზემო ხოდაშენი, ჩარექაული, აწყური, იყალთო და რუისპირი. მიღებული პროდუქციის შინაარსის მიხედვით მიკრორაიონს ყოფენ ზედა, შუა და ქვედა ზონებად.
ზედა ზონაში (600-780მ ზღვის დონიდან) მიიღება საკმაოდ მაღალ ხარისხოვანი ღვინომასალები ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინოებისა და შამპანურის დასამზადებლად.
შუა ზონაში (400- 600მ ზღვის დონიდან) მიიღება როგორც ხარისხოვანი ევროპული და კახური ტიპის, ასევე შამპანურის ღვინომასალები.
ქვედა ზონაში (350-450მ ზღვის დონიდან) მიიღება ხარისხოვანი კახური და ევროპული ტიპის ღვინომასალები. ზოგიერთ უბანში აქ შეიძლება შამპანურის ღვინომასალების დამზადებაც.
გ) კურდღელაურის მიკრორაიონი მდებარეობს მდინარე თურდოსა და კისის ხევს შორის, იყალთოს რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აქ ვენახები ძირითადად გაშენებულია ცივგომბორის მთის კალთებზე (400-780მ ზღვის დონიდან). ამ მიკრორაიონში მიიღება მაღალხარისხოვანი ღვინომასალები ევროპული ტიპის სუფრის თეთრი და წითელი ღვინოების დასამზადებლად. აქვე შეიძლება დამზადდეს კახური ტიპის მსუბუქი ღვინოებიც.
ზედა ზონაში (580-780მ ზღვის დონიდან) მიიღება ევროპული ტიპის ხარისხოვანი ღვინოები. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა კურდღელაურის, ვარდისუბნისა და შალაურის ღვინოები.
შუა ზონაში (540-580მ ზღვის დონიდან) მიიღება საკმაოდ მაღალი ღირსების ევროპული და კახური ტიპის სუფრის ღვინოები.
 
ქვედა ზონა (400-450მ ზღვის დონიდან) ძირითადად იძლევა მასობრივი მოხმარების სუფრის ღვინოებს.
დ) წინანდლის მიკრორაიონი მდებარეობს მდინარე კისისხევისა და წილიანახევს შორის. ამ მიკრორაიონში შემავალი სოფლებია: წინანდალი, ქვემო ხოდაშენი, ბუშატი, ვანთა, აკურა, შრომა და კალაური. წინანდლის მიკრორაიონი განთქმულია მსოფლიოში საკმაოდ სახელმოხვეჭილი სუფრის თეთრი და წითელი მაღალხარისხოვანი სამარკო ღვინოებით. აქ მზადდება ისეთი მაღალი ხარისხის სუფრის წითელი ღვინოები როგორიცაა "ქართული ღვინო №2 თელიანი" და "ქართული ღვინო №4 მუკუზანი".
ზედა ზონაში (500-630მ ზღვის დონიდან), რომელიც მდებარეობს ცივგომბორის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე, ამზადებენ მაღალხარისხოვან ევროპული ტიპის სუფრის სამარკო ღვინოებს.
შუა ზონაში (500-530მ ზღვის დონიდან) ღებულობენ საკმაოდ მაღალხარისხოვან ევროპული და კახური ტიპის სუფრის ღვინოებს.
ქვედა ზონა კი განკუთვნილია ძირითადად მასობრივი მოხმარების ღვინოების დასამზადებლად.
 
2) ქვემო მხარე მოიცავს 4 მიკრორაიონს:
 
ა) მუკუზნის მიკრორაიონში – ვენახები მეტწილად გაშენებულია 400-650მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მიკრორაიონში მიიღება ხარისხოვანი კახური და ევროპული ტიპის ღვინოები. ამ მხრივ გამოირჩევა დედოფლის ზვრის, ფაფრის მინდვრების, დამარჩინეს და სხვა მიდამოები.
ამ მიკრორაიონების ზედა ზონაში (450-650მ ზღვის დონიდან) მიიღება საკმაოდ სახელმოხვეჭილი "ქართული ღვინო №4 მუკუზანი". აქვე შეიძლება დამზადდეს ხარისხოვანი ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინომასალებიც.
შუა ზონაც (400-500მ ზღვის დონიდან) იძლევა მაღალხარისხოვანი ვეროპული ტიპის თეთრ და წითელ ღვინოებს, რომელნიც აღჭურვილი არიან ყველა იმ თვისებით, რაც უნდა ახასიათებდეს ამ ტიპის სუფრის ღვინოებს (სხეული, ჰარმონიულობა, სიმაგრე, ფერი და სხვ).
ქვედა ზონაში ვენახების ნარგაობა განლაგებულია 300-400მ ზღვის დონიდან და უმთავრესად მიიღება მასობრივი მოხმარების ღვინოები.
ბ) გურჯაანის მიკრორაიონი მდებარეობს 250-700მ ზღვის დონიდან და იძლევა საუკეთესო ღვინომასალებს კახური ტიპის თეთრი და წითელი ღვინოების დასაყენებლად.
ზედა ზონაში (450-700მ ზღვის დონიდან) ღებულობენ ევროპული ტიპის სუფრის თეთრ ღვინომასალებს, რომლებიდანაც მზადდება საკმაოდ მაღალხარისხოვანი "ქართული ღვინო №3 გურჯაანი".
შუა ზონა (350-450მ ზღვის დონიდან) ცნობილია ხარისხოვანი კახური ტიპის ღვინოების მომცემი უბნებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია შალიკოანთზვრის, გოძიანთეულის, ბარბარეს მინდვრის, დუბეების, ნაყორუღალის, დიდშარების, ახოებისა და გვერდის მიწების მიდამოები.
ქვედა ზონაში (250-350მ ზღვის დონიდან) ღებულობენ ხარისხოვან მასალებს კახური ტიპის სუფრის და სადესერტო ღვინოებისათვის.
გ) კარდანახის მიკრორაიონში ვენახები გაშენებულია 350-750მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ეს მიკრორაიონი იწყება სოფ. ბაკურციხიდან და გრძელდება სოფ. ვაქირამდე. აქ ღებულობენ მეტად ძვირფას მასალას კახური ტიპის თეთრი და წითელი ღვინოების დასაყენებლად. ამ მხრივ მნიშვნელოვანია წარაფის, ახოების, ძოღალებისა და გულისწარაფის მიდამოები. ამავე მიკრორაიონში მზადდება მაღალხარისხოვანი ტკბილი და მაგარი ღვინოები – ხიხვი, საამო და კარდანახი, რომლებიც საკმაო კარგი რეპუტაციით სარგებლობენ მომხმარებელთა შორის.
ამ მიკრორაიონის ზედა ზონაში (450-750მ ზღვის დონიდან), ბაკურციხესა და ვაქირის მიდამოებში, განსაკუთრებით "ახოების" ადგილმდებარეობაში მიიღება საკმაოდ მაღალი ხარისხის წითელი ღვინოები.
შუა ზონაში (350-450მ ზღვის დონიდან) მზადდება ხარისხოვანი მასალები კახური ტიპის ღვინის დასაყენებლად. აქ განსაკუთრებით გამოირჩევა "წარაფების" მიდამოები, რომლებიც იძლევიან მეტად მაღალხარისხოვან პროდუქციას კახური ტიპის ღვინოებისათვის.
ქვედა ზონაში (240-350მ ზღვის დონიდან) მიიღება შედარებით კარგი ხარისხის თეთრი და წითელი კახური ტიპის ღვინოები, მაგრამ შინაარსით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან შუა და ზედა ზონაში მიღებულ ღვინოებს.
დ) ანაგა-ტიბაანის მიკრორაიონი მდებარეობს 300-500მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მას უკავია კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. ამ მიკრორაიონში შედის სოფლები: საქობო, ვაქირი, მაშრაანი, ბოდბისხევი, წნორი, ტიბაანი, ძველი ანაგა, მირზაანი და გუმბათა. ღვინოების ხარისხით გამოირჩევა ქორბულაყებისა და ჭიანტყის ბოლოების ადგილები. ეს მიკრორაიონი პერსპექტიულია ხარისხოვანი კახური და სადესერტო ღვინოების წარმოებისათვის. ხარისხოვანი ღვინოების წარმოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შუა და განსაკუთრებით ზედა ზონა (400-500მ ზღვის დონიდან), ქვედა ზონა კი (300-400მ) იძლევა ორდინარულ ღვინომასალებს. აქვე შეიძლება დამზადდეს სადესერტო ღვინოების მასალებიც.
 
3) გაღმა მხარეში შედიან ყვარლისა და ლაგოდეხის ადმინისტრაციული რაიონები და თელავის რაიონის ნაწილი. ვენახები ძირითადად გაშენებულია კავკასიონის ქედის კალთებზე და მის დავაკებულ ადგილებზე 300-600 მეტრზე ზღვის დონიდან. ბუნებრივი პირობების თავისებურებანი: თბილი ზომიერი, რბილი ჰავა, გამოღმა მხარესთან შედარებით ნალექების მეტი რაოდენობა, მჩატე ქვიშნარი, რამდენადმე ლამიანი და მეტწილად სარწყავი ნიდაგები და სხვ., მოსავალს ძლიერ ზრდიან, მაგრამ მიღებული პროდუქცია, ზოგიერთი ადგილის გარდა მეტწილად მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ხარისხით გამოღმა მხარისას. პროფ. გ. ი. ბერიძე გაღმა მხარეს ყოფს 8 მიკრორაიონად:
პანკისის ხეობაში ვენახები გაშენებულია 450-800მ ზღვის დონიდან. აქ ღებულობენ ხარისხოვან ღვინომასალას ევროპული ტიპის სუფრის ღვინისათვის. პერსპექტიულია შამპანური ღვინომასალების წარმოებისთვისაც. კახური ტიპის ღვინოები დგება დაბალხარისხოვანი.
ალვანის მიკრორაიონში შედიან სოფლები: ალვანი, ხორბალო, ფიჩხოვანი, არგოხი და ბაბანეური. აქ ზოგიერთ ადგილას ღებულობენ ხარისხოვან ღვინოებს რქაწითლიდან და კაბერნედან, წესიერი რწყვის პირობებში ზედა ზონაში (400-560მ ზღვის დონიდან) ამ მიკრორაიონში შეიძლება ხარისხოვანი ღვინოების მიღება, მაგრამ გადაჭარბებული რწყვის გამო პროდუქცია დაბალი ღირსების მიიღება, ქვედა ზონა კი (350-400მ ზღვის დონიდან) იძლევა მასობრივი მოხმარების პროდუქციას.
ნაფარეულის მიკრორაიონი, რომელიც მდებარეობს მდ. სტორსა და სოფ. შაქრიანს შორის, ალვანის მიკრორაიონის გაგრძელებაა. აქ მზადდება ხარისხოვანი ევროპული ტიპის ნაზი ღვინოები, ზოგიერთ უბანში კი საკმაოდ შინაარსიანი მაგარი ღვინოებიც.
ზედა ზონის (480-600მ ზღვის დონიდან) სოფლებში: სანიორეში, ჯუგაანში, სანავარდოში და ართანაში ღებულობენ მაღალხარისხოვან ევროპული ტიპის სუფრის თეთრ და წითელ ღვინოებს.
ქვედა ზონაში (350-480მ ზღვის დონიდან) განსაკუთრებით სოფ. ნაფარეულში მიიღება მაღალხარისხოვანი ღვინოები; განსაკუთრებით აქ მნიშვნელოვანია ევროპული ტიპის სუფრის თეთრი და წითელი ღვინოები. ამჟამად სამტრესტი უშვებს სოფ. ნაფარეულიდან მიღებულ ღვინომასალებიდან მარკას "ქართული ღვინო №27 - ნაფარეული"-ს სახელწოდებით, რომელმაც საკმაო მოწონება დაიმსახურა მომხმარებელთა შორის.
შილდა-ენისელის ზონაში ვენახები ძირითადად გაშენებულია 300-640მ-ზე ზღვის დონიდან.
ზედა ზონის (400-640მ ზღვის დონიდან) სოფლებში: ალმატი, საბუე, ენისელი და შილდაში მიიღება მეტად სახელგანთქმული ნაზი სუფრის ღვინოები. აქვე ამზადებენ საკონიაკე სპირტის გამოსახდელად ღვინომასალებს, რომლებიდანაც ამზადებენ ცნობილ კონიაკს "ენისელი"-ს სახელწოდებით.
ამავე მიკრორაიონის ქვედა ზონაში მიიღება ხარისხოვანი მასალა ევროპული ტიპის სუფრის თეთრი და წითელი ღვინოების დასაყენებლად.
ყვარლის მიკრორაიონი იძლევა საკმაოდ ცნობილ მაღალხარისხოვან წითელ ღვინოებს, მეტადრე გუნაშაურის, ქინძმარაულის, წოურების, ქალიაყვანასა და ზოგიერთ სხვა ადგილიდან. ამ მიკრორაიონიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნახევრად ტკბილი ღვინო "ქინძმარაული"-ს სახელწოდებით, რომელიც საკმაო რეპუტაციით სარგებლობს მომხმარებელთა შორის.
ყვარლის მიკრორაიონში მეტწილად მაღალი ღირსების ღვინოები დგება ზედა ზონაში (400-500მ ზღვის დონიდან).
ქვედა ზონა (350-400მ ზღვის დონიდან) კი, მცირე გამონაკლისის გარდა (სოფლები სანავარდო და კუჭატანი), ძირითადად იძლევა მასობრივი მოხმარების პროდუქციას.
ამ მხარის დანარჩენი მიკრორაიონები: გავაზი, ვარდისუბანი და ლაგოდეხი ზოგიერთ უბანში იძლევა ხარისხოვანი ევროპული ტიპის სუფრის თეთრ და წითელ ღვინოებს, მაგრამ ძირითადად აქ მიიღება ორდინარული თვისებების პროდუქცია.
ბ) გარე კახეთი. შიდა კახეთიდან გარე კახეთი გამოყოფილია ცივგომბორის მთით. აღმოსავლეთით მას აკრავს ცივ-გომბორის მთა, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ქართლის მთები, დანარჩენი მიმართულებით კი ის გაშლილია.
გარე კახეთის ტერიტორია წარმოადგენს ბრტყელ მთაგორიან ადგილს. მისი უმეტესი ნაწილი იორის ხეობაშია მოქცეული. შიგა კახეთისაგან განსხვავებით კლიმატი აქ მეტი კონტინენტალობით ხასიათდება, აქ წლიური ნალექების რაოდენობა 640 მმ უდრის, ჰაერის წლიური საშუალო დღეღამის ტემპერატურა უდრის 11,4o, ზამთრის თვეებში შესამჩნევია დაბალი აბსოლუტური მინიმუმი (-17,1o-18,1o-მდე).
 
გარე კახეთში ვენახები გაშენებულია ძირითადად მდ. იორის ხეობის შუა წელში, და უმთავრესად მარჯვენა მხარეზე ვიწრო ზოლით სართიჭალიდან კაკაბეთამდე. მარცხენა მხარიდან კი იწყება სადგურ იორიდან და ცივ-გომბორის მთის კალთებამდე აღწევს.
მევენახეობის ზონის მარჯვენა მხარეზე ალუვიური ნიადაგებია 1,8%-დან 3,7%-მდე ჰუმუსის შემცველობით და 0,8%-დან 34,2%-მდე კალციუმის კარბონატებით, რომელსაც აკუთვნებენ მძიმე თიხნარ და თიხნარ ნიადაგებს. ამ ზონის ქვედა ნაწილში კი მუქ-წაბლა ნიადაგებია უფრო მეტი ჰუმუსით (2,75%-დან 4,7%-მდე) და ნაკლები კალციუმის კარბონატებით (7,8%-მდე). საგარეჯოს მიდამოებში გვხვდება ალუვიური-კარბონატული ნიადაგები თიხის ქვედა შრეებით, ზოგან კი საკმაოდ ჩონჩხიანი; ისინი მსუბუქ თიხიან ან ქვიშიან ნიადაგებს წარმოადგენენ. ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები გვხვდება ცივგომბორის მთის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. მდინარის ნაპირებთან ახლოს ნიადაგების დაჭაობებასაც აქვს ადგილი.
მევენახეობა-მეღვინეობის მხრივ გარე კახეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება შიგა კახეთს, როგორც ვაზის ნარგაობით, ისე მიღებული ღვინის ღირსებით. აქ ვენახების დიდი ნაწილი ირწყვება, ზოგჯერ გადიდებული ნორმებით და არასასურველ დროში, რაც პროდუქციაზე უარყოფითად მოქმედებს.
ამრიგად, საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ გარე კახეთი იძლევა უმთავრესად მასობრივი მოხმარების კახური და ევროპული ტიპის სუფრის ღვინოებს, მაგრამ აქაც გამოირჩევა ზოგიერთი მიკრორაიონი, სადაც სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია მივიღოთ საკმაოდ მაღალხარისხოვანი ღვინოები, როგორიცაა, მაგალითად: მანავი, ჩაილური, თობლიაური, კაკაბეთი, ხაშმი და სხვ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მანავი, თავისი ისტორიულად ცნობილი დედოფლის და ბერების ზვრებით, სადაც ძლიერ ნაზი და არაჩვეულებრივად სასიამოვნო არომატის მქონე ევროპული ტიპის ღვინო დგება კახური მწვანედან.
ამ უკანასკნელ ხანებში გარე კახეთში ფართოდ მოკიდა ხელი მოსახლეობამ ვენახების გაშენებას. აქ კიდევ უფრო მეტი პერსპექტივებია ვენახების ფართობის ზრდისათვის სამგორის სარწყავი ქსელის გაყვანასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ამ რაიონში ბრწყინვალე მომავალია დასახული სუფრის ყურძნის წარმოებისათვის.
 
კახეთში გავრცელებული ადგილობრივი ვაზის ძირითადი ჯიშები
 
თეთრყურძნიანი ჯიშები
 
რქაწითელი. აქაურ ბუნებრივ პირობებში ეს ჯიში თავის ინდივიდუალურ თვისებებს მაქსიმალურად ივითარებს და იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს, ამის გამო მას დამსახურებული რეპუტაცია აქვს მოპოვებული. მთელი რიგი დადებითი თვისებების გამო ის გამოიყენება აგრეთვე სუფრის ყურძნადაც. გარემო პირობებისადმი შედარებით კარგად შეგუების გამო მას დიდი გავრცელების არეალი აქვს და წარმატებით ვრცელდება მევენახეობის სხვა რაიონებშიც.
კახური მწვანე. მეორე მეტად მნიშვნელოვანი თეთრი საღვინე ჯიშია. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტი გამძლეობის გამო მისი გავრცელება შეზღუდულია. ევროპული წესით მისი ყურძნიდან მიიღება მეტად მაღალი ღირსების ნაზი, იდეალური ჰარმონიის პროდუქტი, რომელიც სიძველეში ძლიერ შინაარსიანს, ძვირფასსა და ფაქიზს ბუკეტს ივითარებს. ამის გამო ამ ვაზის ჯიშიდან მიღებულ ღვინოებს რქაწითელის გამაკეთილშობილებლადაც კი იყენებენ კუპაჟში.
ხიხვი. ცნობილია აგრეთვე ჯანანურას სახელწოდებით. ეს ჯიში ძველად კახეთში საკმაოდ ყოფილა გავრცელებული; მას ამჟამად ვხვდებით ძირითადად კარდანახის მიკრორაიონში. იგი იძლევა თავისებური სპეციფიკური გემოსი და არომატის მქონე მაღალხარისხოვან ღვინოს. აღნიშნულ მიკრორაიონში ის შაქრის დიდ რაოდენობას აგროვებს. ამ თვისებათა გამო – აღნიშნავს პროფ. კ. მოდებაძე – ხიხვი სჯობს გამოყენებულ იქნეს ტოკაის ტიპის ტკბილი ღვინის მისაღებად, დამახასიათებელი ძვირფასი ბუკეტით, სპეციფიკური გემოთი და მეტად სასიამოვნო სირბილით.
 
წითელყურძნიანი ჯიში
 
საფერავი. წითელი ღვინის დასაყენებლად საფერავი საუკეთესო ვაზის ჯიშად ითვლება. იგი მაღალხარისხოვანი საღვინე ვაზის ჯიშია, რომლის მეტოქე წითელყურძნიან ვაზის ჯიშებში ძლიერ იშვიათია. საფერავი საბჭოთა კავშირის თითქმის მევენახეობის ყველა რაიონში გვხვდება, მაგრამ არსად ისეთი მაღალი ღირსების პროდუქტს არ იძლევა, როგორც თავის ნამდვილ სამშობლოში – კახეთში. რკინით მდიდარი გამოღმა კახეთის ნიადაგები, ნალექების შედარებით მცირე რაოდენობა, მზის სხივების სიუხვე და სხვ. ოპტიმალურ პირობებს უქმნიან მას, მეტადრე ქვემო მხარის მიკრორაიონებში პიგმენტისა და ექსტრაქტის მაქსიმალურად დაგროვებისათვის.
კახეთში ზემოაღნიშნულის გარდა, გვხვდება მრავალი სხვა ადგილობრივი ვაზის ჯიში ერთეული ძირების სახით, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არასაკმარისი გავრცელებისა და სათანადო შეუსწავლელობის გამო სამეურნეო თვალსაზრისით ინტერესმოკლებულნი არიან.
შემოტანილი თეთრყურძნიანი ჯიშებიდან კახეთში აქა-იქ გვხვდება რისლინგი, ალიგოტე და პინო, უმთავრესად საბჭოთა მეურნეობებში, მაგრამ აქაურ პირობებში ვერ გამოამჟღავნეს თავისი სპეციფიკური თვისებები, რომლებიც მათ შეეძლოთ მოეცათ მათთვის ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში.
გამონაკლისს შეადგენს წითელყურძნიანი ვაზის ჯიში კაბერნე, რომელმაც წინანდალში, თელიანის მიკროუბანში მეორე თავისი სამშობლო ჰპოვა. კაბერნედან მიღებული ღვინო მაღალხარისხოვანია, რომელიც სიძველეში სპეციფიკურ, მეტად სასიამოვნო თვისებებს ამჟღავნებს, რამაც მას სახელი გაუთქვა მომხმარებელთა შორის.
 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში


ახმეტაში როსტომაანთეულთ ადგილი ხომ ვერ მეტყვით სად არის..?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული