Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ერეკლეს ღვინის“ წარმატების საიდუმლო ინტერვიუ მარან „კასრელის“ წარმომადგენელ მიხეილ დოლიძესთან

ლევან სეფისკვერაძე

გასულ კვირას (13 ოქტომბერი) საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) გაიმართა. ეს 50 წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება ლონდონში და მისი არსებობის ისტორიაში მეორედ და ევროპაში პირველად სხვა ქვეყანაში, ამჯერად საქართველოში,  მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის ჩატარდა.

კონკურსის ფარგლებში IWSC-ის ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, სომელიეები და ბაიერები იყვნენ. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ კონკურსის ჟიურის ქართველ წევრებს, ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს ერთ-ერთი გამარჯვებული მარნის, მარან „კასრელის“ წარმომადგენელ მიხეილ დოლიძესთან. ამ მარნის 2020 წლის მოსავლის ქვევრის ღვინომ სახელწოდებით „ერეკლეს ღვინო“ ოქროს მედალი დაიმსახურა.

მიხეილ დოლიძე, მარან „კასრელის“ წარმომადგენელი: „მართლაც დიდი გამარჯვება იყო. თუმცა, როდესაც რაიმე კონკურსში ვიღებთ მონაწილეობას, ვცდილობთ ხოლმე, რომ წინასწარი განწყობები არ ჩამოვიყალიბოთ და თუ შემდეგ გამარჯვება დადგება, ეს ძალიან გვაბედნიერებს. მაგრამ თუ ვერ გავიმარჯვეთ, ამასაც არანაკლებად ვაფასებთ, იმიტომ, რომ ამას თავისი შედეგი აქვს. მერე უნდა დაჯდე, გადახედო შენს ნაშრომს, რომ გაიგო რა გააკეთე სწორად და არასწორად.

- რას ნიშნავს ეს აღიარება თქვენთვის?

- ამას არ ვუყურებ როგორც აღიარებას. ვუყურებ როგორც ერთგვარ ხარისხის კონტროლს. მსგავს ღონისძიებებში მონაწილება ჩემთვის არის სწორედ ხარისხის გაკონტროლება. ვფიქრობ მეღვინეობის სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს ხარისხის კონტროლის ჯანსაღი მექანიზმები. ამიტომ, ყველა საერთაშორისო კონკურში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია. მიღებულმა ოქროს მედალმა თვითშეფასება ძალიან აგვიმაღლა და განამტკიცა რწმენა იმისა, რომ ეს საქმე ცუდად არ გამოგვდის. ჩვენ არ ვართ პროფესიონალი მეღვინეები, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენს შექმნილ პროდუქტს ადამიანები ყიდულობენ, მიირთმევენ (რისთვისაც მათ დიდი მადლობა) და აგერ საერთაშორისო აღიარებაც მოხდა.

- საინტერესოა თქვენ როგორ დაახასიათებდით გამარჯვებულ ღვინის ნიმუშს და რით განსხვავდება ის თუნდაც თქვენი სხვა ღვინოებისგან?

- გამარჯვებულ ღვინოს,  რომელსაც „ერეკლეს ღვინოს“ ვეძახით, აქვს თავისი ისტორია. ერთხელ მოცალეობის ჟამს ვკითხულობდით „ყვითელ პრესას“, სადაც იყო სტატია იმაზე, რომ ჩვენს დიდ მეფე ერეკლეს ყვარებია ღვინო,  რომელიც შედგებოდა ოთხი ჯიშისგან: რქაწითელი, ქისი, ხიხვი და მწვანე. პუბლიკაცია ცხადია არ იყო სამეცნიერო და იყო მხოლოდ „ყვითელი პრესის“ მოსაზრება, მითი და ლეგენდა. თუმცა ჩვენ ეს ლეგენდა ძალიან მოგვეწონა და გადავწყვიტეთ მცირედი მოდიფიკაციით, ამ ფორმულით შეგვექმნა მსგავსი ღვინო. აღნიშნულ ღვინოში რქაწითელი და ქისი 35-35% არის და ქისი და ხიხვი კი 15-15% -ია. პირველადი ინფორმაციის მიწოდების დონეზე ბევრმა ჩვენმა კოლეგამ და პარტნიორმა გვითხრა, რომ სავარაუდოდ ეს ღვინო იქნებოდა სახალისო, თუმცა ამას დიდი შედეგი არ მოჰყვებოდა. მაგრამ მერე „ერეკლეს ღვინო“ ბოთლში ჩამოვასხით (მაშინ სულ 300 ბოთლი გვქონდა) და შემდეგ ამ ღვინომ მომხმარებლებში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა საქართველოს გარეთ რამდენიმე ქვეყანაში. ამის შემდეგ ერთი წელი გამოვტოვეთ და „ერეკლეს ღვინო“ აღარ დავამზადეთ. მერე ისევ და ისევ ჩვენი პარტნიორების მოთხოვნით ხელახლა ჩამოვასხით და როგორც ჩანს ეს ჩამოსხმა ძალიან კარგი გამოგვივიდა.

ამ ღვინოს ახასიათებს საკმაოდ კარგად წარმოდგენილი ნარინჯისფერი, ხილის და მათი ჩირების არომატები, ზოგ შემთხვევაში ცოტა თაფლის და კარამელის ტონებიც შეიძლება შეამჩნიო. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ღვინო იყოს სუფთა. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჰიგიენას და სულ იმის ცდაში ვართ, ღვინოს ავაცილოთ ზადები და დაავადებები. როგორც ჩანს შედეგს იღებს ჩვენი შრომა. როგორც ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა თქვა, ეს ისეთი ღვინოა, რომელიც შეგიძლია საჭმლის გარეშეც მიირთვაო. სხვათაშორის, „ერეკლეს ღვინის“ სხვადასხვა წლის ნიმუშები ერთმანეთს გავს, ანუ ზოგიერთი სხვა ღვინისგან განსხვავებით, გემოვნურ თვისებებში გარკვეული სტაბილურობა ახასიათებს.

- გვიამბეთ მარან „კასრელის“ შესახებ. როგორ შეიქმნა ეს მარანი, სად გაქვთ ვენახები და გაგვაცანით გამარჯვებული ღვინის ავტორები...

- „კასრელი“ შეიქმნა ისე, როგორც ხშირად იქმნება ხოლმე მცირე მარნები. რამდენიმე მეგობარს გვინდოდა რომ გვქონოდა ჩვენი საკუთარი ხარისხიანი ღვინო. ჩვენ ექიმები ვართ და მოგეხსენებათ, ექიმებს ღვინო არ სძულთ. ჩვენი ცხოვრების მანძილზე ამ საოცრებასთან შეხება საკმაოდ ხშირად გვქონდა და ძალიან გვიყვარდა. ერთ მშვენიერ დღეს კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში შევიძინეთ მიწა, გავაშენეთ ვაზი და მერე უკვე როცა საქმის ეშხში შევედით,  მიწის რაოდენობაც გავზარდეთ, ჯიშებისაც და ნარგაობისაც.
თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ გვინდოდა ბუნებრივი ღვინო, თუმცა მაშინ ამ ტერმინების შესახებ წარმოდგენაც არ გვქონდა. არ ვიცოდით რას ნიშნავდა „ორგანული, „ბუნებრივი“, „ბიოდინამიკური“ ღვინო და რა განსხვავება იყო მათ შორის. უბრალოდ გვინდოდა იშვიათი ჯიშებისგან დაგვემზადებინა შეძლებისდაგვარად მაღალი ხარისხის სუფთა ღვინო.

ეს ყველაფერი დაიწყო 2015 წელს. 2017 წელს გაგვიჩნდა სურვილი ჩვენი თავი დიდ ასპარეზზე გამოგვეცადა და ღვინოები გაგვეტანა სხვადასხვა კონკურსზე. ერთია როცა შენ მოგწონს საკუთარი ნახელავი, მაგრამ ამაში ცხადია ვერ იქნები ობიექტური. ამიტომ გვსურდა ჩვენი ღვინო ბევრ ადამიანს გაესინჯა და გაგვეზიარებინა მათი აზრი. ამის ბრწყინვალე შესაძლებლობა მოგვცა „ახალი ღვინის ფესტივალმა“ და შემდეგ უკვე „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსმა“. სწორედ ამ კონკურსზე ჩვენმა ღვინოებმა აიღეს ბრინჯაოც, ვერცხლიც და ოქროც. ეს ჩვენთვის დადებითი შოკი იყო და დიდი ზეიმიც მოვიწყეთ ამ აღიარების შემდეგ. მაგრამ მერე უკვე დავფიქრდით და დავასკვენით, რომ შეიძლებოდა ღვინო პროფესიონალურად გვეკეთებინა და გადავწყვიტეთ დაგვეწყო ბევრი სწავლა, სხვადასხვა სემინარზე სიარული, ლიტერატურის კითხვა, კოლეგების რჩევების გაზიარება და როგორც იტყვიან, საქმეს მართლა სერიოზულად მოვკიდეთ ხელი.ჩვენს საქმიანობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია იმან, რომ ცხოვრების გზაზე შეგვხვდა ბევრი კარგი ადამიანი, ვინც გაგვიზიარა თავისი ცოდნა. მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ, გავიზარდეთ და განვვითარდით.

- ღვინოებს სად ყიდით და ეს წარმატება თქვენი აზრით რამდენად კარგად აისახება „კასრელის“ ღვინის რეალიზაციაზე?

- გაყიდვები ძირითადად საქართველოს გარეთ გვაქვს. ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში სამწუხაროდ არაა დიდი ბაზარი და სათანადო მოთხოვნა. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში გაყიდული ღვინიდან საკმაოდ მსხვილად იბეგრება კომპანია, რაც არ ხდება ექსპორტის შემთხვევაში. ცხადია მხოლოდ ამის გამო არ ვეწევით ექსპორტს და მხოლოდ ეს არაა ექსპორტის მიზანი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ნამდვილადაა. ღვინოს ვყიდით ევროკავშირის 7 ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი ღვინის შემფასებლებს და
დამფასებლებს. განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ ღვინის დიდ ბრიტანეთში ექსპორტით და რაკი კონკურს IWSC-ის სამშობლო სწორედ დიდი ბრიტანეთია, ვფიქრობთ იქაურ ბაზარზე გასვლაში ეს ჯილდოც დაგვეხმარება.

- რას გვეტყვით ბოლო წლებში ქართულ მეღვინეობაში არსებულ სიტუაციაზე? თქვენი აზრით, რამდენად პროგრესირებს ეს დარგი?

- ღვინის მწარმოებლების რაოდენობის ზრდა არის კარგი, რადგან ეს ხელს უწყობს კონკურენციის ზრდას და სწორედ კონკურენციაა ხარისხის ზრდის მამოძრავებელი ძალა. მეორე გარემოება ისაა, რომ იზრდება ჩემს მიერ უკვე ხსენებული გარე ხარისხის კონტროლი. თუმცა, ძალიან რთული იქნება დაყრდნობა მხოლოდ ფესტივალებზე და კონკურსებზე. ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ ვისურვებდი სახელმწიფო რეგულაციები და ჩარევები (როგორიც მაგალითად არის რთველის სუბსიდირება) იყოს მაქსიმალურად ნაკლები, რადგან ეს ნამდვილად არ ეხმარება ამ დარგის განვითარებას“.
IWSC-ის კონკურსის საქართველოში ჩატარების ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული