Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ყურძენი გამიყიდეს“ ანუ ღვინის ეთიკის შესავალი - მალხაზ ხარბედიას ბლოგი

„ყურძენი გამიყიდეს“. ასეთი შინაარსის სტატუსი წელს არაერთხელ შემხვდა ფეისბუკზე.

ბოლო წლებში ხშირად ჩივიან, მეგობრებიც, ნაცნობებიც და უცნობებიც, რომ შეთანხმების მიუხედავად, მევენახემ (ვენახის მეპატრონემ) ყურძენი გაუყიდა და მშრალზე დატოვა.

წელს პირველად მეც დამემართა ეს. სამი წელი ვემზადებოდი გორული მწვანის დასაყენებლად, ხან რთული წელი იყო, ხან კარგ ვენახს ვერ მივაგენი მთელი წლის განმავლობაში, ხან სხვა ჯიშზე გადავიტანე ყურადღება... წელს როგორც იქნა ვიპოვე შესაფერისი ვენახი და ზაფხულში შევთანხმდით კიდეც, რომ ერთი მოზრდილი ქვევრის გადასავსებ ყურძენს, დაახლ. 1200 კგ.-ს შევიძენდი. შიგადაშიგ კონტაქტი გვქონდა, რა თქმა უნდა ადგილზეც ჩავედი, ვენახიც კარგად დავათვალიერე, ფოტოები, რიგებში სიარული, დაკვირვება, ადგილის თავისებურებების გამოკითხვა. ბოლოს თარიღზეც შევთანხმდით, 11 ან 12 ოქტომბერს უნდა დაგვეკრიფა ყურძენი, შაქრიანობაზეც ბევრი ვილაპარაკეთ - წინა დღის მონაცემები, მეორე დღის მონაცემები, ამინდის პროგნოზს სამ სხვადასხვა საიტზე ვამოწმებდი, როგორც ყოველთვის. მაგრამ ზუსტად მეორე დღეს, ვენახის მეპატრონემ დამირეკა და მითხრა, რომ ცუდი ამბავი აქვს, რომ რაოდენობა აღარ იყო და ძალიან წუხდა, რომ ასე მოხდა. ისე განიცდიდა, რომ თავიდან ხმა ვერ ამოვიღე, შემდეგ პირიქით, ვამშვიდებდი, ვეუბნებოდი, რომ სანერვიულო არაფერია, რომ ერთი დიდი თავის ტკივილი მომაკლდებოდა და სხვა საქმეებისთვის მოვიცლიდი, ვის არ მოსვლია, მერე რა, რომ გეგმები შემეცვალა, მერე რა, რომ ტყუილად გავრეცხე ქვევრები, სამაგიეროდ ახლა გარეცხილი ქვევრები მაქვს. აქ გავჩერდი როგორც მახსოვს და შევწყვიტეთ საუბარი. აზრი არ ჰქონდა გაგარძელებას, ვინ იცის ამ ჩამონათვალში სად შევტოპავდი.

რა თქმა უნდა გაოგნებული ვიყავი, მაგრამ მაინც მეცინებოდა. ღამის 9-10 საათი იყო და ეზოში გავედი ბოლთის საცემად და თავის დასაცინად. შემდეგ ერთი ჭიქა შარშანდელი ღვინოც დავლიე. გამახსენდა ჩემი მეგობრების და ნაცნობების თავს გადამხდარი ამბები ბოლო წლებში (ქვემოთ მოგიყვებით). რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, რომ მორჩა, წელს ღვინოს ალბათ ვეღარ დავწურავდი. წელს ხომ პირველ რიგში გორული მწვანეს დაყენება მინდოდა. სადღა ვნახავდი ოქტომბრის 10 რიცხვში შესაფერის ვენახს?! რთველი დასასრულს უახლოვდება მთელს ქართლში და ასეთ დროს აზრი არა აქვს ახალი ვენახის ძებნას, სახელდახელოდ „ნაპოვნი“, რაღაცა ადგილას მოწეული რაღაც ყურძენი არ მინდოდა რა თქმა უნდა. შემდეგ დავფიქრდი, იქნებ ის არ იყო ერთად-ერთი მეპატრონე ვენახისა, იქნებ ოჯახის წევრმა გაუყიდა დაუკითხავად ჩემი ჩასაწური გორული მწვანე?! ან ძმამ, ან მამამ. იქნებ ყველაზე მსხვილმა მყიდველმა დამატება ითხოვა? შაქრიანობის ან რაოდენობის კორექტირებისთვის. მალე ამ ფიქრსაც დავანებე თავი და ჩემი მუშაობის პრინციპებზე დავფიქრდი. იქნებ რამეს არასწორად ვაკეთებდი? იქნებ ჩემი ბრალია.

ღვინის დაყენება 2010 წელს დავიწყე. ჯერ მეგობრების მარნებში ვაყენებდი, მათი წყალობით, მათ მიერ დათმობილ ქვევრებში დადგა ჩემი პირველი ღვინოები, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ მათი. 2015 წლამდე ასე იყო, შემდეგ კი ჩარდახში, ჩემს სახლში გავაგრძელე ღვინის დაყენება უჟანგავ ცისტერნაში. 2018-ში მარნის მშენებლობა დავიწყე (დღესაც გრძელდება მშენებლობა, მოპირკეთება და ა.შ.) და იმავე წელს ღია ცის ქვეშ ახალ ქვევრებში ჩავწურე ოთხი ღვინო, საფერავი, რაჭული ძელშავი და ორნაირი ჩინური. მარანი 2019 წელს გადავხურე.

ამ ამბებზე თვალის გადავლებისას კიდევ ერთხელ დავფიქრდი, იქნებ ჯობდა თავიდანვე სავენახე ადგილი შემეძინა? და საკუთარ თავს მაშინვე ვუპასუხე: არ ჯობდა! ადრეც ასე ვპასუხობდი თავს და ახლაც ამ აზრზე ვარ. ათას კვადრატულ მეტრში 10 000 დოლარი უნდა გადამეხადა (ჩარდახში ასეთი ფასებია), შემდეგ ნერგები, 4-5 წელი სრულიად უშემოსავლოდ მუშაობა, მუშა-ხელის ძიება, ტექნიკა, ხარჯი, ხარჯი, ხარჯი! მარანი კი იმის საშუალებას მომცემდა, რომ ეს 4-5 წელი არ დამეკარგა და ჩემი ჩანაფიქრი ნელ-ნელა ამესრულებინა. ჩანაფიქრი კი შემდეგში მდგომარეობდა: ნაბიჯ-ნაბიჯ შემესწავლა სხვადასხვა ჯიში, მათთან მემუშავა, წელიწადში რამდენიმე ან ერთი ჯიში მაინც დამეყენებინა (შარშან მაგ. მხოლოდ ხიხვი დავაყენე), თითო ტონიანი ან ტონანახევრიანი ქვევრი მაინც ჩამეწურა ეს „უცნობი“ ჯიში. გავცნობოდი მის თავისებურებებს ვენახში, დუღილისას, დაძველებისას. ბოლო წლების მანძილზე ვმუშაობდი რქაწითელთან, საფერავთან, რაჭულ ძელშავთან, ჩინურთან, ქისთან (ამ ჯიშების რამდენიმე ვინტაჟი მაქვს), მწვანე კახურთან, კრახუნასთან, ხიხვთან. წელს გორული მწვანე მინდოდა შემესწავლა, მინდოდა გამეგო როგორი იყო გორულ მწვანესთან მუშაობა. არ გამოვიდა ეგ ამბავი.

ვენახს ახლაც არ ვჩქარობ. ამის არანაირი საშუალება და რაც მთავარია შესაძლებლობა, გნებავთ ძალა, არა მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა მოზრდილი ვენახი, 1 ჰექტარზე, მთავარი ქართლური ჯიშებით - ჩინური, თეთრი ბუდეშური, გორული მწვანე, შავკაპიტო, თავკვერი და დანახარული. ყველა ეს ჯიში ეზოში გავაშენე 2018 წელს, გულის გასახარებლად, სულ 100 ძირი იქნება, 2 წლის წინაც შევავსე, წელსაც. საცდელი ვენახია, საკოლექციო, სასწავლო და სასიამოვნო. მათგან ღვინოს არც ვაყენებ, სექტემბრიდან მოყოლებული დავდივარ და ვსინჯავ, ნოემბრის პირველ და ან შუა რიცხვებამდე ვტოვებ ხოლმე რამდენიმე მტევანს, ვაკვირდები როგორია ჯიშებს შორის განსხვავება შაქრის დაგროვების, გამძლეობის მხრივ. ალპობს თუ არა გვიანი ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი. სადამდე შეიძლება მიაღწიოს.

ძალიან მოკლედ ესაა ჩემი ახლანდელი ღვინის „ფილოსოფია“. ასე ვუყურებ მე ამ საქმეს, უფრო შემეცნების, სწავლის მხრიდან. თან ყველა ამ ჯიშზე ვრცლად ვწერ დროდადრო, არამხოლოდ პირად დღიურებში, არამედ ვაქვეყნებ კიდეც წერილებს. ამაში ჯიშებთან უშუალო მუშაობა ძალიან მეხმარება. აუარება კრახუნა მქონდა გასინჯული და დალეული, მაგრამ სანამ თავად არ დავაყენე კოვიდიან 2020 წელს მისგან ღვინო, მანამდე ვერ მივხვდი ბევრ რამეს. ასეთი მიდგომის და კიდევ რაღაცეების გამოა, რომ ჩემი ვენახი არა მაქვს და წლებია სხვადასხვა მევენახესთან ვთანამშრომლობ. ყველაზე დიდხანს ერთთან „გავქაჩე“ 4 წელი. ბოლო წელს არასწორად მოიქცა, ცუდად გასხლა, ძალიან დატვირთა ვენახი. იმ ვენახზე, რომელიც მომწონდა და მიყვარდა, გული ავიცრუე.

2020 და 2021 ყველამ ვიცით როგორი წელი იყო. ერთი მხრივ კოვიდის და მეორე მხრივ კი კლიმატური პირობების გამო. რთული წლები იყო. მარტივი არც წლევანდელი იყო, თუმცა წელს მაინც უფრო იმედიანად ვიყავი და ამ იმედიან მოლოდინში, შემოდგომაზე, გამოჩნდა პირველი სტატუსი პირობითი სახელწოდებით „ყურძენი გამიყიდეს“, ჯერ კახეთზე, შემდეგ ქვემო ქართლზე, შემდეგ შიდა ქართლზე და ა.შ. რამდენიმე დღეში მეც იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდი.

გამახსენდა ძველი ამბები, როცა მაგ. ქისი იშვიათობა იყო და უპირობის გამო ბევრმა დაკარგა შეპირებული ყურძენი, იგივე შეიძლება ითქვას ხიხვზე: გამოჩნდებოდა ვინმე „ხელგაშლილი“ და მოხვევდა ამ თავის გაშლილ ხელს მთელს მოსავალს, ანდა სამეგრელოში მთელი ოჯალეშის შესყიდვას მოინდომებდა რომელიმე რუს-მეგრელი ოლიგარქი, ან მთელი უსახელოურისას - ლეჩხუმში. რაჭაში ცოტა სხვა სიტუაცია იყო, იქ დიდი საწარმოები ინაწილებდნენ ტერიტორიებს, თუმცა ნელ-ნელა ჩნდებოდნენ მარნები, რომლებიც თავად აყენებდნენ ღვინოს საკუთარი ყურძნიდან.

შარშან ჩემი მეგობარი კახეთში ორი მანქანითა და ყუთებით დატვირთული ჩავიდა მწვანე კახურის საყიდლად და ნახა, როგორ უკრეფდა სხვებს ვენახის მეპატრონე მისთვის დატოვებულ ყურძენს, ადამიანი, რომლისგანაც წლების განმავლობაში მოჰქონდა ყურძენი. რა თქმა უნდა, იქ ცუდი ამბები დატრიალდა. რამდენიმე წლის წინ იგივე მოხდა ქართლში - შეთანხმდნენ ტონანახევარ ყურძენზე, ჩავიდა ჩემი მეგობარი ადგილზე, გასინჯა ყურძენი, შემდეგ რამდენიმეჯერ ტელეფონითაც ისაუბრეს, დღეც დათქვეს და მანქანითა და ყუთებით რომ მივიდა დასაკრეფად, არავინ დახვდა, ვენახი კი გაკრეფილი იყო. ის ადამიანი კარგა ხანი ვერსად იპოვა. ტელეფონზეც არავინ პასუხობდა, სოფელმაც მოხერხებულად დამალა „მევენახე“.

წელს 70-იან წლებში გაშენებულ ბებერ თავკვერს მიაგნო ჩემმა ახლობელმა, მცირე მარნის მფლობელმა (კონკრეტულ ადგილებს და მევენახეეებს არ ვასახელებ, როგორც ხედავთ). ადგილზე სანახავად ჩასულს დიდი კომპანიების სატვირთოები დახვდათ, უკვე კრეფდნენ დაუმწიფებელ თავკვერს. ალბათ ცქრიალა ღვინისთვის. ფასი მოსალოდნელზე 50 თეთრით ძვირი დახვდა, მაგრამ მაინც მორიგდნენ, პირობაც დაიდო, რომ ვინც არ უნდა მისულიყო, არ გაეყიდა სხვაზე ყურძენი. მევენახემ მეორე დღესვე გადაურეკა მცირე მარნის მფლობელს: „თავკვერის ფასი აწეულია“-ო, კიდევ 50 თეთრით მოიმატაო. აი რა მომწერა ამაზე ხსენებულმა ახლობელმა: „ჩვენი შეთანხმებ-მეთქი?! რა ვქნა, ჩამოდით, დავილაპარაკოთო, აქა და აქ ასეთ ფასად იყიდებაო, დამისახელა მაგალითები. ამხელა გზის გავლა და დამატებითი ხარჯების გაწევა ადვილია?! მევენახის მიერ ხსენებული მაგალითები კი უკავშირდება იმ ძლიერ და მდიდარ ღვინის საწარმოებს, რომლებიც ჩვენს შემდეგ მიდიან ვენახში, ნახავენ  რა „დაბევებულ“ ყურძენს, იგებენ ფასს, შემდეგ ამ ფასს ზრდიან და მეტის გადახდას ჰპირდებიან მევენახეს, რომელიც მზადაა უნამუსოდ ჩაშალოს შეთანხმება, დამატებითი თანხის სანაცვლოდ. აქ ვხედავთ ორ მანკიერებას: მდიდარ კომპანიას, რომელსაც ფული აქვს და საფასო პოლიტიკაზე თამაშის წესებს თავად ადგენს და მევენახეს, რომელიც ყურძენს იმას გაატანს, ვინც მეტს გადაუხდის. პატარა მარანი, რომელიც მთელი წელი ელოდება კონკრეტულ მოსავალს, რომელმაც არტიზანული, ხელნაკეთი ღვინო უნდა აწარმოოს, რომელსაც ბოთლის თვითღირებულება ისედაც ორჯერ მეტი უჯდება მცირე რაოდენობების შესყიდვის გამო, არავის აინტერესებს“.

ხშირად აზრი ეკარგება შეთანხმებას ყურძნის დამწიფების შესახებ, რადგან მყიდველის გამოჩენისთანავე შეიძლება გაყიდოს მევენახემ გადანახული მოსავალი. საუკეთესო შემთხვევაში დაგირეკავს და გეტყვის, რა ვქნა, კლიენტია მოსული, აწყობს 20 შაქრიანობაზე ყურძნის ყიდვა და გავყიდო? რო არ გავყიდო რა ვქნა? თან მეტს იხდის... ასეთი და მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია, ეგ კიარა, წვიმაშიც კი კრეფენ, კოკისპირულში. ხანდახან მევენახესაც კი, აი იმას, ყველაფრის მკადრებელ მევენახესაც კი უკვირს, ამბობს, გადაიღოს და მერე დავკრიფოთო. მყიდველს არ აინტერესებს, მთავარია ყურძენი წაიღოს. ბოლოს გულის სიღრმეში იმ მევენახესაც უხარია. მოკლედ, ორივე მოშორებაზეა, საქმის მოთავება ყველაფერზე მაღლა უდგათ, ნებისმიერ ფასად გეგმის შესრულება.

ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ ბევრის შეიძლება. წლების მანძილზე აუარება შემთხვევა დაგროვდა, როდესაც მევენახემ პირობა დაარღვია. გასაგებია, რომ მევენახეს პირველ რიგში თავისი პრობლემები უდგას, დაწყებული წლის განმავლობაში გაწეული ხარჯებით, საშემოდგომო სტრესით დასრულებული, რომელიც ამინდების გაუარესებას, მოსავლის გადამწიფებას, დაზიანებას და წონის კლებას უკავშირდება. ისიც ვიცით, რომ ზოგიერთი მცირე მარნის მოთხოვნები ძალიან მკაცრი და ხშირ შემთხვევაში არარეალურიცაა. ამ ბლოგში არ მინდა ასეთი რადიკალური შემთხვევები განვიხილო. აქ საუბარია უბრალო ეთიკაზე, დავარქვათ მას ღვინის ეთიკა. საუბარია ადამიანურ ურთიერთობებზე, ზომიერებაზე, ურთიერთპატივისცემაზე და იმის გაცნობიერებაზე, რომ ჩვენ, ყველანი თანამებრძოლები ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ. ეს უპატივცემულობა თუ გულგრილობა, გნებავთ ეთიკის დეფიციტი (მხოლოდ ყურძნის გამყიდველები არ იგულისხმებიან, არამედ ის ე.წ. „ხელგაშლილი“, როგორც წესი ახალბედა მყიდველებიც) ძალიან აზარალებს ჩვენს საქმეს, პირველ რიგში კი იმ ღვინის მწარმოებლებს, რომლებიც ცდილობენ სუფთა ღვინო დააყენონ სუფთა ვენახიდან. ისინი სწავლობენ, ერკვევიან სხვადასხვა ჯიშის თავისებურებაში, საშუალება არ აქვთ თავისი ვენახი ჰქონდეთ და ამიტომ ეძებენ. ეძებენ ახალ ვენახებს, ეძებენ მომავალს.  

ეს ბლოგი შეიძლება ზოგმა ირონიითაც ჩაიკითხოს, განსაკუთრებით მათ, ვისაც არც თავისი ვენახი აქვს და არც თავისი მარანი გააჩნია, მაგრამ იცის, რომ საკუთარი ვენახი ყველაზე კარგი გამოსავალია. შემხვდა კიდეც ეგეთი ზერელე, ირონიული და როყიო კომენტარები: „მერე ვენახს რატო არ ყიდულობ?“, „შენი ვენახი რატომ არ გაქვს?“, „გააშენე ვენახი და დაისვენებ!“. ისეთებიც ვიცი, აგდებით რომ უყურებენ ასეთ მოხეტიალე მეღვინეობას, არადა ბევრი მათგანი თავადაც ასე იწყებდა. სხვათა შორის, მცირე მარნების უმრავლესობა, ვისაც თავისი ვენახები აქვს, დღეს სხვაგანაც ეძებს ყურძენს, სხვა ჯიშებით გაშენებული ვენახების აღმოსაჩენად რეგიონებში დადის. ვერსად გაექცევი ცნობისწადილს.

და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩიტებისთვისაც კი ტოვებენ ვენახში ყურძენს, ჩიტებისთვის, არათუ მონდომებული მცირე მარნებისთვის!

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ჩვეულებრივი მოვლენაა, გამოსავალი ისაა,რომ იჯარით აიღო ვენახი და შენვე მოუარო გასხვლიდან დაწყებული დაკრეფით დამთავრებული,გეცოდინება მაინც რა წამლებით შეწამლე და რა სასუქები შეიტანე, თუ კარგი ყურძენი გინდა დასაწურად ასეა.


ყველაფერში გეთანხმები ჩემო კარგო ძმაო, მტკივნეულია ამის წაკითხვა ყველა წესიერი ადამიანისთვის. იგივე მდგომარეობაა თითქმის ყველა სხვა სფეროში, მარტო ყურძენი და ღვინო არ არის გამონაკლისი. საერთოდ ეთიკაა პრობლემა, თავისუფლება და არაეთიკურობა გაიგივებულია!!. აქ აღზრდა-შეგონება აღარ შველის, არც "ღვინის ეთიკის" საუკეთესოდ ჩამოწერილი პრინციპები და არც ეს სტატია! აქ რადიკალური ზომებია მისაღები: შეთანხმების (კონტრაქტის) დარღვევისთვის 100 მათრახი, სოფლიდან გაძევება, დიდი ჯარიმა.... არსებობს მარკეტინგის ეთიკური ნორმები, სხვათაშორის, ეხლა გამახსენდა, ჰარვარდის ერთი ნარკვევია. რაღაც მსგავსსს ასწავლის ვინმე ვინმეს სკოლაში ან ინსტიტუტში?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული