Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამაგალითო მარანი კახეთში

სტატია გამოქვეყნდა: გუთნის დედა. - ტფილისი, -  1863 - N 14 - გვ. 2

            აგერ ოთხი წელიწადი მოდის, რაც მთავრობამ დაიწყო შენება კახეთში ევროპიული მარნისა, სარდაფისა და სხვა შენობაებისა სასწავლებლისათვის, რომლის გამართვა ეწადა შემდგომში. ამ შენობებისთვის აარჩია ჩობახური ძველი ნასოფლარი კონდოლის და კისის ხევის შუა, შარაგზის პირზედ, სადაც ადრე იყო ზოგან უხმარი და უსარგებლო ჯაგნარი, ზოგან რიყე და ზოგან მცირე ადგილს სახნავი მიწა. ვისაც დიდი ხანი არ უნახავს ეს უდაბური ადგილი, ახლა რომ გაიაროს, ვგონებთ სიამოვნებით დააკვირვოთ თვალი უცხო წესზედ აშენებულს სახლებსა, მშვენიერი ყვავილებით სავსე ბაღსა და სხვა და სხვა ხეებსა, რომელთაც თავის დღეში არ უნახავთ კახეთის მიწა-წყალი. უეჭველია რომ ისიამოვნებს გამვლელი, მაგრამ სხვა თვალით უყურებს ამ შენობაებს გამოცდილი, საქმიანი, გამზნე კახელი, რომელსაც დიდი ხანია შეუტყვია ვინ იცის ვისგან მიზეზი ამ მოწყობილობის დაფუძნებისა და იცის, რა ერთი ფული დაფანტულა შენობაებზედა. სახლები და მარანი აგვიშენეს, ღვინის დაყენება უნდა გასწავლოთ, იტყვის დაცინვითა ჩვენი მეგობარი; „საბრალო კახელებს,  ღვინის დაყენებაც დაგვვიწყებიაო. იქნება ახალი რამ სწადიანთ გვიჩვენონ სასარგებლო. უეჭველია, უეჭველი; ხვალვე წავალ და შაგირდად მივებარები, და მინამ არ ვისწავლი თავით ბოლომდინ მაგათ საკვირველ ხელოვნებასა, მანამ ხელს არ ვახლებ ჩემს ვენახებსა თუნდ ყურძენიც ზედ ჩამოლპეს და ვაზი ღიჭივით გადაეხლართოს ერთმანეთსა. ბატონო, კახელ კაცს რა ღვინის გაკეთება ესწავლება, სხვა რაღა ვიცით მაგის მეტი; შენ არ მამიკვდე, რომ მაგათ, საიდამაც უნდა იყვნენ მოსულნი, ვერც ჩემსავით ღვინო დააყენონ, ვერც ჩემსავით გაკეთონ ვენახი. ღვინოც კარგი მაქვს, პურიც კარგი მომდის, საქონელიც ჩინებული მყავს. სხვა რასმეში თორე, ამისთანაებში ვერავინ მაჯობებს; რა დაუკარგავთ, რას ეძებენ.“

            მძიმეა ჩვენთვის შერყევა კახური ოცნებისა, იმისთვის უფრო, რომ წყარო ამ გვარი სიქადულისა არ არის არც გადარეული, არც გაუტეხელი სიამაყე, არც გამოანგარიშებული შური უმჯობესია [უმჯობესისა]; ბევრი მართლაც არი ამ სიტყვებში და თუ კიცხვა და სიქადული სრულად უსაფუძვლოდ მიგვაჩნია, სხვა არაფერია მიზეზი, გარდა იმისა, რომ მკიცხავს კარგა ვერ დაუნახავს და არ გამოუკითხავს დაწვრილებით საქმე, რომელზედაც აცდენს მახვილ სიტყვებსა, დიდის სიხარულით დავეთანხმებით კახელსა, რომ კარგი ღვინოც აქვს, პურიც და საქონელიც, თუმცა ეს სიკეთე უნდა მიეწეროს უფრო ბუნებასა, მინამ ხელოვნებასა; მაგრა ვინ ეცილება, ვინ გამოსულა მძაგებელი იმის მამულის მოსავლისა, რომ გაუმაგრდეს ეს უზომო დაცინება და სიქადული. თვით ევროპიული მარნის დამფუძნებელიც მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ კახეთმა ჩინებული ღვინოები იცის და კახელებმა საკმაოდ იციან თავიანთი ხელოვნება, დარჩომილი სამკვიდროთ მამა პაპისაგან. ამასაც უარს ვერავინა ჰყოფს, რომ თუ კახელები სრულიად კმაყოფილნი არიან თავიანთ ვენახების გამოსავლითა და სარფითა, როგორც გემოთი, საჭირო არ არის იმათთვის მომატებული სწავლა, არც დარიგება. მაშ რიღასთვის აუშენებიათ კახეთში სამაგალითო მარანი, რაღა საჭიროა სასწავლებელი ღვინის კეთებისა იმ ქვეყანაში სადაც დიდით პატარამდინ ყველანი ოსტატებათ გამოდგებიან ამ სასწავლებლისა? რა უნდა გააკეთოს კახეთის სასწავლებელმა?

            მინამ დავეთანხმებოდეთ ამგვარ საბუთებსა, შევიტყოთ დარწმუნებით, თუ მართლა კახელები სრულად კმაყოფილნი არიან ღვინის კეთებისგან და არა აქვთ ამ საქმეში არაფერი ნაკლებულება. ძნელი არ არის ამის შეტყობა. დაელაპარაკეთ, რომელსაც გსურდეთ მამულის პატრონსა მოსავალზედ, გამორჩომაზედ, ცხოვრებაზედ და ყური დაუგდეთ რას იტყვის. პირველი იმისი პასუხი ყოველთვის ჩივილია, რომ ღვინოს ჯეროვანი ფასი არა აქვსო, ქალაქელი სირაჯების ხელში ვართ და იმათ ქეიფზე ჰკიდიაო ჩვენი სარფა და სარგებლობა. უეჭველია რომ კახელებს არა აქვს ის შემატება ვენახებისგან, რომელიც უნდა ჰქონდეთ, თუ ღვინის ვაჭრობა ყოფილიყო  მიმართული ბუნებითს და ჯეროვან წესზედ. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? სირაჯმა სრულიად იცის მდგომარეობა ღვინის გამსყიდავისა, იცის რა დროს ვისთან მივიდეს, სად რა წუნი დასდოს ღვინოსა, სად რა ფასი შეაძლიოს. სრულიად დარწმუნებულია, რომ ღვინის გამსყიდავი მოუთმენლად ათვალიერებს იმის მოძრაობასა და შიშით ელოდება იმის გადაწყვეტილებასა; დარწმუნებულია, რომ რაც არ უნდა იყოს, ვაჭარს არ გაუშვებს ხელიდგან. ბევრჯერ მთელი სოფლობით შეუკრავთ პირობა გამსყიდველებს, რომ დადებულ ფასს არავინ გადასცილდეს, მაგრამ ბოლოს ისევ გატეხილან დაჭირვებისაგან. რა დაჭირვება აქვთ მამულის პატრონებსა და რათ ეშურებიან ღვინის გასყიდვასა, ეს ყველამ იცის. ორში ერთი უნდა აირჩიოს მამულის პატრონმა: ან უნდა ვენახები სხვას ჩააბაროს და თითონ ვაჭრობას შეუდგეს, ან ისევ დარჩეს სოფელში და ღვინოები აძლიოს სირაჯსა. ორივე საქმის კისრვა არავის შეუძლიან. ჩვენი ქვეყანა ჯერ საიმისოდ არ არის განათლებული, რომ ამ გვარი ანგარიშები ადვილად გასწორდეს და ან არ მოატყუოს მონაწილე ნდობამ, რომელიც საჭიროა საქმეში საერთო სამუშაოთ, ამასთან ყველა ქვეყანაში ღვინის დამყენებელი სხვაა და სირაჯი სხვა. ფრანციაში სადაც ვენახებს ოთხი და ხუთი ჩვენტოლა სარგებლობა აქვს, არამც თუ ღვინის დაყენება და ვაჭრობა გაყოფილია სხვა და სხვა პირის შუა, თვით ვენახის მოვლაც და ყურძნის მოყვანაც სხვა განსაკუთრებელი ხელობაა.

            ამასთან კახეთს გაუჩნდა ძლიერი მოცილე განჯის უეზდი და ბორჩალო, ვაჭრობას ისეთი ხასიათი აქვს, თუ ერთ გზას მიეჩვია, მერე ძნელადღა დაანებებს თავსა და იმიტომ ქვემო მხრის ღვინოები კიდევაც მოუწყვეტლად მოდის ქალაქში, დაჩვევაც რომ არ იყოს, სირაჯებისთვის რა სარგებლობაა, რომ ხელი აიღონ განჯის და ბორჩალოს ღვინოებიდამ. ზამთარში და გაზაფხულში ისინიც კარგად იყიდებიან თბილისში, კახურის სახელის დარქმევის მეტი არ უნდათ, რომ თავი მოაწონონ უმეტეს წელს ქალაქის ცხოვრებისას. ფასის გარჩევა უფრო ადვილი თვალსაჩინარია იმათთვისა და სიაფეში ყველამ იცის ქვემოური ღვინოები ჰსჯობნის კახურსა, რადგან იქით იაფია სარჩოცა და მუშაცა. ეს იაფი ღვინოები უმაგრებენ ზურგს სირაჯებსა და აძლევენ მიზეზს იმ აუჩქარებლის და წყნარის ვაჭრობისას, რომელიცა სდის მორჩილად ჩვენს მამულის პატრონებსა. აი ნამდვილი მიზეზი ნაკლულევანობისა, რომელზედაც ჩივიან კახური მამულის პატრონები გამოჩენა მოცილეებისა არიან იმისთანა გარემოებანი, რომელითაც მიუცილებლად უნდა დაეცათ უპირველესი გამოსავალი კახეთისა. გამოცვლა ამ გარემოებისა შეუძლებელია, თუ ღვინოს არ მოემატა მუშტარი. რაც უნდა კარგი შემთხვევა დაესწრას, მაშინაც ხალხი საიმისოდ ვერ გამრავლდება, რომ დაეტყოს რამე ბაზარსა; მაშასადამე ეს მუშტრები უნდა ვეძებოთ გარეთ, როგორც ეძებს და ჰპოულობს ღვინო ფრანციისა, ისპანიისა და ღერმანისა. ჩვენი უპირველესი და ბუნებითი მუშტარი უნდა იყოს რუსეთი, რომ გზა გაეხსნას საქართველოს ღვინოებსა, არამც თუ ახლანდელი სიუხვე მოსავლისა და ამისგან წარმომდგარი დაბრკოლება განქარვდება და გადაიქცევა გამორჩომის წყაროდ, ერთი ათად რომ გამრავლდეს მოსავალი, მაშინაც არ მოაკლდება მუშტარი. რუსეთში ზიდვა და გასყიდვა აქაური ღვინოებისა ძველადგანვე უნდა მოსვლოდათ ფიქრში ჩვენი ქვეყნის აღებმიცემის კაცებსა; ეს იმისთანა სარფიანი საქმეა, რომ დიდხანს ვერ დარჩებოდა საიდუმლოთ ვერავისთვის მას შემდეგ, რაც საქართველო შეიქმნა ნაწილი რუსის იმპერიისა. მაგრამ ამ სამოცდა სამ წელიწადში საქმე ვერაფრით ვერ წადგა წინა; ახლა როგორც ადრე მიდის წვრილად ღვინოები რუსეთში და რადგანაც გზაზე იმღვრევა და ჰკარგავს სრულიად სიკეთესა, ვერავის გაუბედია, გამართოს რუსეთში კახური ღვინის დუქანი და დაიწყოს მოუწყეტელი ვაჭრობა, სტავროპოლის იქით ვერ მიდის აქაური ღვინო დიდრონი პარტიებითა, საიდამაც უნდა იყოს გამოსული; ავი და კარგი ერთგვარათ ხდება ასე, რომ ვეღარაც კი იცნობს კაცი: ღვინოა თუ სხვა გვარი სასმელი, წვრილ წვრილად წაღებულს ღვინოს მოსკოვში და პეტერბურღში ხან ქვიშაში სდგამენ, ხან სარდაფში, ხან სწურავენ ტილოში, რომ რასმე დაემსაგავსოს. შარშან ლონდონში გაგზავნეს კახური თავი ღვინოები ვისტავკაში წარმოსადგენათ და თუმცა ეს ღვინოები ბუთილკებში იყო ჩასხმული და მოფისული ისე წამხდარიყო ადგილს მისვლამდინა, რომ ფერის მეტი აღარაფერი თვისება არ დარჩენოდა მსგავსი კახური ღვინისა. ამის მცოდნე, ვხედავთ, მეორე მხრივ, რომ სხვა ქვეყნის ღვინოები იტანენ შეუცვლელად დიდ გზების გავლასა და დაყოვნა დიდის ხნისა არამც თუ ახდენს, ბევრათ აკეთებს და უმატებს ფასსა. თბილისში შეგვიძლიან ვიპოვნოდ ფრანციის ღვინო ათის წლის ჩასხმული ბუთილკაში, სრულებით შეუცვლელი და რომელშიაც ვერ ვიპოვნით ერთიბეწვა სიმღვრიესა. ევროპაში იპოება ღვინო დაწურვილი რამდენიმე საუკუნეს უწინ.

 

         სამაგალითო მარანი კახეთში [გაგრძელება]  // გუთნის დედა. - თბილისი, -  1863 - N 15 - გვ. 1.

            ვინც კი იცის როგორ აკეთებენ ღვინოს ევროპაში და უნახავს აქაური გაკეთებაცა, იმას არ იქნება არ მოუვიდეს ფიქრად, რომ ზემოთ ჩვენებულის გარჩევის მიზეზი მდგომარებს ღვინის დაყენებაში და ვენახის მოვლაში. შორს გასაგზავნს და დიდხან შესანახს ღვინოს ევროპაელები აკეთებენ სხვა წესითა, რომელიც არ იციან ჩვენ ქვეყანაში. თუ ჩვენი ხალხი ყოფილიყო საკმაოდ გაღვიძებული და ჰქონოდა ჯეროვანი ზრუნვა თავის სარგებლობაზედ, თვითონვე ეცდებოდა, რომ შეესწავლა ეს წესი და გამოეცადა აქაურ ღვინოებზე: მაგრამ აქამდდინ ფიქრათაც არავის მოსვლია ხელის მიყოფა ამ საზოგადო სასარგებლო საქმისათვის და უეჭველია კიდევაც ბევრი ხანი გაივლიდა ამის მზრუნველის გამოჩენამდინ, თუ თვით მთავრობას არ ეკისრა ეს ზრუნვა. აი რა საჭიროებისათვის ააშენებინა თავადმა ბარათინსკიმ სამაგალითო მარანი და დააპირა სასწავლებლის გამართვა. მგონია, ცხადად დავამტკიცეთ, რომ ამ სასწავლებელს ექნება საქმე ახალი, გამოსადეგი და სასარგებლო კახელებისათვის. კახელებმა არ იციან ის წესი, რომელიც საჭიროა ვენახის მოვლისათვის და ღვინის დაყენებისათვის, როცა ღვინო უნდათ შორს გასაგზავნათ ანუ დიდხანს შესანახავათ; ამის წინააღმდეგის თქმა ვერავის შეუძლიან. კახეთის სასწავლებელმან უნდა აჩვენოს ეს წესი და მაშასადამე უსაფუძვლოა გულგრილობა ანუ კიცხვა ვისგანმე ამ სასწავლებელზედ, უსაფუძვლოა ამასთანავე სურვილი ზოგიერთის მამულის პატრონისა გაგონილი ჩვენგან; რომ მე მაცენ ეგ მომართულება, მე დავაყენებ კარგ ღვინოებსაო. ჩვენ დავარწმუნებთ პატივცემულ მამულს პატრონებსა, რომ თუ მთავრობას სდომებოდა კახურათ ღვინის გაკეთება და საკმარი ყოფილიყო ხელოვნება და გამოცდილება ჩვენის მამულის პატრონებისა, ორ ქვასაც არ დასდებდა ჩობახურში. კახეთის სამაგალითო მარანს აქვს თვით ბრძნული და მადლიანი საფუძველი და დიდი ლიტონი იქნება ვისაც ამაში დარჩება ეჭვი ზემოთ ნათქვამის შემდეგ.

            ჩვენ აქამდინ გავშინჯეთ მხოლოდ ერთი მხარე კახურის მომართულებისა, სახელდობრივ გაკეთება ღვინისა გასაგზავნელად და დიდხანს შესანახად; სხვა ადგილას გავშინჯავთ, რა მნიშვნელობა ექმნება ამ მომართულებას საზოგადოთ ჩვენის უპირველესის ხელობისათვის. კახელებს აქამდინ არა ჰქონიათ არც საჭიროება და არც შემთხვევა, რომ სხვა ქვეყნებში ეტარებინათ გასასყიდათ თავიანთი ღვინო: ამიტომ არცა ჰსცოდნიათ იმ გვარად ღვინის შემზადება. ღვინოს ჰქონია გასავალი ადგილობრივ დახარჯვისათვის ანუ ახლო ადგილს გაგზავნისათვის. თუმცა ამგვარის ხმარებისათვის ძალიან კარგად არის შერჩეული კახური ღვინის დაყენება, მაგრამ იმედი მაქვს შემდგომში დავამტკიცოთ, რომ ამ საქმეშიაც არ ავსულვარ უმაღლეს ხარისხში და ჯერ ბევრი დაგვრჩომია სასწავლებელი და დასათვალიერებელი. დასასრულად უნდა ვაცნობოთ ჩვენს მკითხველებსა, რომ წლეულ დასრულდა და ჩაებარა მამულის პატრონობის გამგებლობასა კახური სამაგალითო მარანი თავის შენობაებითა და წლეულვე აპირებენ მიჰყონ ხელი ღვინის კეთებასა ევროპიულ წესზედ.“

მასალა მოგვაწოდა ორგანიზაცია Nova societas–მა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.