Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როჭოს ვენახები - მცირე მარნების ანთოლოგია (91)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- ღვინის გაკეთების იდეა დიდი ხანი მწიფდებოდა, სავენახესაც წლობით ვეძებდით. 2016 წელს ვიპოვეთ ჩვენი მიწა და 2017 წელს გავაშენეთ ვენახი. ვენახი ყვარელში, დურუჯის მარჯვენა ნაპირზე, ქინძარაულის მეორე კარში მდებარეობს და  სულ 2,3 ჰექტარია. რაც შეეხება მარანს, ერთი ძველი და საინტერესო  სახლი შევიძინეთ ყვარელში, 4 წელი რესტავრაციას ვუტარებდით სახლსაც და მარანსაც და დღეს იქ ვაყენებთ ჩვენს ღვინოებს.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ერთ ჰექტარზე მთლიანად საფერავია გაშენებული, კიდევ ერთზეც ხიხვი, რქაწითელი და კახური მწვანე. ვენახი და შესაბამისად მოსავალიც სერტიფიცირებლია „კავკასცერტის“ მიერ. ვენახის მოვლას დიდი ყურადღება და დრო უნდა, ბიო ყურძნის მოყვანას კი უფრო მეტი. ეს  საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. ამ ეტაპზე სხვა ჯიშის დამატებას და ვენახის გაშენებას არ ვაპარებთ. თუმცა მომავალში ვნახოთ.

-  რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ოთხ ღვინოს ვაწარმოებთ - საფერავს, ხიხვს, რქაწითელს და კახურ მწვანეს. ყველა მშრალი ღვინოა, ქვევრში სრულ ჭაჭაზე დადუღებული და დავარგებული. მოსავალს  2 წელზე ადრე არ ვასხამთ ბოთლში, ღვინოს დრო აქვს დავარგდეს და თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს. ღვინოც, როგორც ვენახი, სერტიფიცირებლია და ბიო ნიშანდადება აქვს ეტიკეტზე. სინამდვილეში კი რითაა გამორჩეული? - ვენახიდან მოყოლებული მათი ყოველი ნაბიჯი ვიცი. ვიცი რა ულხინს და რა უჭირს ამა თუ იმ ჯიშს ვენახში, როგორ იქცევა უკვე ქვევრში ჩაწურული, როდის გაზარმაცდება, ან როდის მომიწყობს ამბოხს. ბავშვებივით არიან - დიდი სიყვარული, მზრუნველობა და მოთმინება სჭირდებათ, რომ დაღვინდნენ. ვფიქრობ ეს ყველაფერი იგრძნობა ჩვენს ღვინოში.  

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჩვენი პირველი, 2020 წლის მოსავალი, 2022 წლის შემოდგომაზე ჩამოვასხით და მთაწმინდაზე „ახალი მცირე მარნები”-ს ფესტივალზე გავიტანეთ, ფესტივალზეც და  შემდეგ დღეებშიც რამდენიმე მაღაზია და ბარი დაგვიკავშირდა. პირველი  8000 მოსავალი იყო, მერე ვაინ პოინთი. დღეს  ღვინის 5 მაღაზია - ბარში და 3 რესტორანში შეიძლება ჩვენი ღვინის პოვნა.

-  გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჯერ- ჯერობით არ გადის.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ბევრი სირთულეა - დაბალი კვალიფიკაციის მუშახელი, ბაზარზე  ბიომევენახეობისთვის განკუთვნილი პრეპარატების სიმწირე, დამხარე მასალების არასტაბილური მოწოდება, სააგენტოსთან პირდაპირი კომუნიკაციის არარსებობა. დახვეწას რაც შეეხება, იმდენი რამეა გასაკეთებელი - კანონმდებლობაა დასახვეწი,  არ უნდა გვეშინოდეს ცვლილებების, არც ხარისხის კონტროლის.  

-  თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- პირველი და უმთავრესი რაც გვჭირდება, ესაა ცოდნა. ენთუზიაზმი და სიყვარული კარგია, მაგრამ რაც არ უნდა ვამტკიცოთ და ერთმანეთს საარაკო ამბები მოვუყვეთ, ყურძენი და ღვინო შრომის და მონდომების გარდა, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების შედეგია. თუ ამ აკადემიურ ცოდნას უგულვებელვყოფთ, წინ ვერ წავალთ. მეორე - ჩვენ გვჭირდება მაღალი ხარისხი, რადგან ღვინო გვაქვს ცოტა. საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე თუ გავაშენებთ ვაზს,  ყოველ გოჯზე, მისგან მიღებული ღვინის რაოდენობით და დაბალი ფასით, მაინც ვერ გავუწევს კონკურენციას საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სხვა  მასიური წარმოების  ღვინოებს. ამიტომ ჩვენ ჩვენი ნიშა გვჭირდება - მაღალი ხარისხი, კარგი ფასი, რეალური რაოდენობა და განსაკუთრებული ხელწერა. ეს ხელწერა კი გვაქვს, ქვევრის და ქარვისფერი ღვინის სახით. ვფიქრობ საკუთარი ნიშის დაჭერის ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, მთავარია გვქონდეს ამის სურვილი და ბევრი ვიშრომოთ ცოდნაზე დაყრდნობით.  

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- სანამ დაიწყებთ და დაგეგმავთ, რაც შეიძლება მეტი ისწავლეთ. აკეთეთ ისეთი ღვინო, რომელიც თქვენ მოგწონთ, რადგან ეს ყველაზე კარგად გამოგივათ. გასინჯეთ სხვა მეღვინეების ღვინოებიც და არ მოგერიდოთ კითხვების დასმა.

როჭოს ვენახები
მარნის მისამართი: უორდროპების ქ. 4 - ყვარელი
ტელეფონი: 577464413
ელფოსტა: info@rotcho.ge
ვებ/ფეისბუკ გვერდი: www.rotcho.ge
https://www.facebook.com/profile.php?id=100088009735572

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული