Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რა გავლენა აქვს ინტერნეტს ტერუარზე

ერიკ აზიმოვი, The Times-ის ღვინის კრიტიკოსი, აქვეყნებს სტატიას, რომელიც ეხება ინტერნეტის ტერუარზე გავლენას.

იგი ხშირად წერდა, რომ მაღალი ხარისხის ღვინო კულტურის გამოხატულებაა. ამის გაგება საკმაოდ მარტივია ღვინის ისტორიულ რეგიონებში, სადაც მრავალსაუკუნოვანი ადგილობრივი ტრადიციები მის იდენტობას განსაზღვრავს.

რაც შეეხება ახალი ღვინის მწარმოებელ რეგიონებს, როგორიცაა კალიფორნია და ავსტრალია, მათი პროდუქტის ხასიათს კომერციული მოთხოვნები, ან პირადად მევენახის სურვილები განსაზღვრავს. ამგვარ რეგიონებში ღვინის კულტურას დიდი ისტორია და მემკვიდრეობითობა არ ჰყავს.

თუმცა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ინტერნეტმა და სოციალურმა მედიამ ადამიანები ძალიან დააახლოვა, შეიქმნა ღვინის ახალი კულტურები, მიუხედავად ფიზიკური სიშორისა. მევენახეებსა და მწარმოებლებს, რომლებიც მანამდე იზოლირებული იყვნენ, უკვე შეუძლიათ უფრო დიდი ერთობის ნაწილი გახდნენ და თავიანთი ტერუარი მათთვისაც ნაცნობი გახადონ.

ამგვარ გაერთიანებათა წევრებს ერთმანეთისთვის აზრებისა და იდეების ონლაინ გაზიარება შეუძლიათ. მაგალითად, ადელაიდას შტატის (ავსტრალია) მეღვინეებს ფრანგი და იტალიელი მეღვინეებისგან რჩევების მიღება შეუძლიათ, აქვთ შესაძლებლობა თავიანთ ბიზნეს პარტნიორებს ყოველკვირეულად კითხვები დაუსვან.

ასეთი ურთიერთობის მთავარი სარგებელი წახალისება, რჩევების მიცემა და იდეების გაზიარებაა, რაც ინტერნეტით კომუნიკაციის გარეშე გაცილებით რთული იქნებოდა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ გამორჩეული სტილების ჩამოყალიბებასაც. ამგვარად საერთო ღირებულებების მქონე მეღვინეები ერთიანდებიან, რაც ღვინის მრავალფეროვნებაზე დიდ გავლენას ახდენს.

ფრანგული ტერმინი ტერუარი საუკუნის წინ ადგილის უცვლელ ფიზიკურ მახასიათებლებს აღნიშნავდა, რომლებიც ღვინის იდენტობას განსაზღვრავდა. ტერუარი ნიადაგს, კლიმატსა და სხვა ფაქტორებს აერთიანებდა.

მეცნიერების განვითარებასთან ერთად, ტერუარის მნიშვნელობა გაფართოვდა. ახლა ვენახის, ნიადაგის, ჰავისა და ვენახში გავრცელებული მიკროორგანიზმების გარდა ტერუარის განსაზღვრებაში თავად მევენახეც მნიშვნელოვანი გახდა, განსაკუთრებით თუ ის ადგილობრივი, საერთო კულტურის ნაწილია.

ეს კულტურა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალს, ადგილობრივ ვაზის ჯიშს, ღვინის დაყენების მეთოდსა და სხვა ტრადიციებს აერთიანებს, რასაც ღვინისადმი საერთო დამოკიდებულება ემატება. ამის მაგალითია ისიც, რომ ღვინის მწარმოებელ ისტორიულ რეგიონებში სახელწოდებაში ვაზის ჯიშზე მეტად, მისი გეოგრაფიული მდებარეობის აღნიშვნა გვხვდება. ასეთ ღვინოში მეღვინის ხასიათიც გამოიხატება, რაც ადგილობრივ კულტურაზეც მიგვანიშნებს.

ღვინის კულტურა კონკრეტულ ადგილებში ვითარდებოდა და შემდეგ გავრცელდა. ასე გააცნეს ძველმა ბერძნებმა ღვინო ყველას, სადაც ცავიდნენ, თავის ისინიც ვიღაცისგან სწავლობდნენ. შუა საუკუნეების ევროპაში საეკლესიო ორდენებიც იმავეს აკეთებდნენ.

ტერუარი არსად ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, როგორც ბურგუნდიაში. ეს ყველაფერი კარგადაა ნაცნობი სხვა ტრადიციული რეგიონებისთვის, მაგრამ რა შეიძლება ითქვას ახალ მეღვინეობებზე, რომლებსაც წინა თაობების მიერ გადმოცემული ხანგრძლივი ისტორია არ აქვთ?

კოლონიზატორმა მისიონერებმა ვაზი და ღვინო სამხრეთ ამერიკაში მეჩვიდმეტე საუკუნეში შეიტანეს. რაც შეეხება კალიფორნიას, აქ ვენახი მეცხრამეტე საუკუნეში იმიგრანტებმა გააშენეს, რომლებიც ცდილობდნენ იმ ქვეყნების ტრადიციები აღედგინათ, საიდანაც თავად იყვნენ.

თანამედროვე ამერიკული ღვინის ინდუსტრია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა, დაფუძნებულია კომერციასა და მეწარმეობაზე და მათთვის ღვინის წარმოება არა ცხოვრების წესის ბუნებრივი ევოლუციის შედეგი, არამედ მეღვინეობისადმი საქმიანი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს - წერს ერიკ აზიმოვი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ინტერნეტის წყალობით, მევენახეებსა და მწარმოებლებს გლობალური ქსელის ნაწილად ყოფნის საშუალება აქვთ, რაც მათ განვითარებას ხელს უწყობს. 1970-80-იანი წლებიდან მოყოლებული, მეღვინეებს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის კულტურის გაცნობისა და განათლების მიღების საშუალება მიეცათ, რაც საბოლოოდ მათ პროდუქტში აისახა. ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი იყო ფესტივალები თუ სხვა ღონისძიებები, ინტერნეტმა კი ეს პროცესი კიდევ უფრო გააადვილა და დააჩქარა.

გლობალიზაციამ ღვინის სამყაროში შიში გააჩინა, რომ ჰომოგენიზაციის გამო, ყურძნისა და ღვინის მრავალფეროვნება გაქრებოდა, მსოფლიო კი შარდონესა და კაბერნე სოვინიონის ზღვაში ჩაიძირებოდა.

საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. მსოფლიო ახალი ვაზის ჯიშების პოტენციალის ათვისებასა და შესწავლას აგრძელებს. ეს ხდება როგორც ახალ, ისე ძველ, დიდი ხნის ტრადიციის მქონე რეგიონებში.

ახლანდელი ღვინის მრავალფეროვნებაზე ენოლოგიის განვითარება, ადგილობრივი ტრადიციების დაფასება და მომხმარებლის ცნობისმოყვარეობის ზრდა დადებითად მოქმედებს. სრულიად ახალი ტენდენციები კი უფრო მეტ საშუალებას იძლევა ამისთვის, ხშირად კი კრიტიკულ შეფასებასაც იმსახურებს.

ერიკ აზიმოვი წერს, „როდესაც, ავსტრალიელ მეღვინეებზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ თანაბარი შანსია მათი პროდუქტი ძალიან დაფასდეს, ან პირიქით, ვერ მოახერხონ სრული პოტენციალის გამოვლენა, არასაკმარისი მხარდაჭერის გამო“.

ახლა ინტერნეტი სწორედ ამგვარი მხარდაჭერის შანსს იძლევა. შედეგი კი არა მსოფლიოსთვის უკვე ნაცნობი ჯიშების პოპულარიზება, არამედ ისეთი ღვინოების წარმოჩენაა, რომელსაც გამორჩეული თვისებები აქვთ, რითაც ისინი თავიანთ ტერუარს გამოხატავენ. ეს ერთდროულად კომერციაცაა და ახალი ღვინის კულტურაც.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



აზიმოვის ადგილას უფრო კარგად გავშლიდი თემას. მითუმეტეს, ბევრი კარგი ტერუარი ჩამოყალიბდა ახალ სამყაროში, დიდი ტრადიციის მიუხედავად. თანაც ინტერნეტის როლიც ალბათ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.