Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პროფესიული განათლება ქართული მეღვინეობის სექტორში

ლევან სეფისკვერაძე

2011 წლის 8 ნოემბერს, კახეთში, თელავის რაიონის სოფელი კისისხევში, შტაინბაისის ინოვაციის ცენტრის ორგანიზებით, ქართულ მეღვინოეობასთან დაკავშირებული ქართულ-გერმანული სემინარი გაიმართა. სემინარის პირობითი სახელი იყო: ”პროფესიული განათლება ქართული მეღვინეობის სექტორში”. სემინარის ორგანიზატორები შტაინბაისის ინოვაციის ინსტიტუტთან ერთად, ჰაილბრონის უნივერსიტეტის და გერმანიის მდგრადი განვითარების ინსტიტუტიც იყო. ხოლო ეს ღონისძიება გერმანიის ბადენ-ვურტემბერგის ფედერაციული მიწის ფონდმა და საქართველოში მოქმედმა გერმანულმა ღვინის კომპანიამ, ”შუხმან ვაინს ჯორჯიამ” დააფინანსეს.

სემინარს როგორც საქართველოდან, ასევე ევროპიდან, სხვადასხვა ღვინის კომპანიის წარმომადგენლების, ღვინის ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისა და ჟურნალისტების გარდა, რიგითი ღვინის მოყვარულებიც ესწრებოდნენ. ეს ღონისძიება განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც თავისი პროფესიული განათლების საწყის ეტაპზე დგას, ასევე მათთვის, ვინც თავის თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას სხვებს გადასცემს და, რა თქმა უნდა, მათთვისაც, ვინც პროფესიული განათლების პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს და პასუხისმგებლობას იღებს.

სემინარი ერთ-ერთმა მასპინძელმა, “შუხმან ვაინს ჯორჯიას” დამფუძნებელმა, ბურკჰარდ შუხმანმა გახსნა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა დღეს ქართულ მეღვინეობაში არსებული ვითარება და გარკვეულ დადებით ძვრებს გაუსვა ხაზი. ამის გარდა, ბატონმა ბურკარდმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის, გერმანელისათვის, საქართველოში გამართულ ასეთ ღონისძიებაზე მასპინძლის ამპლუაში ყოფნა განსაკუთრებით ბევრ რამეს ნიშნავს და იმედი გამოთქვა, რომ ის პროექტები, რომელიც კომპანია ”შუხმანმა” წამოიწყო, ქართული მეღვინეობისათვის დადებითად და საჭიროდ განხორციელდება.  

შემდეგ, შტაინბაისის-ინოვაციის ცენტრის წარმომადგენელმა, სოფი ღვანიძემ წაიკითხა მოხსენება: ”დუალური პროფესიული განათლება ქართულ მეღვინეობაში”, სადაც ისაუბრა კომპანია ”შუხმანისა” და ”ვინოტერას” მიერ განხორციელებულ მეტად საჭირო პროექტებზე, რაც ქართველი ახალგაზრდა მეღვინეების მომზადება-გადამზადებას ეხებოდა. ზემოთაღნიშნულმა კომპანიებმა (კომპანია ”ვინოტერა” და კომპანია ”შუხმან ვაინს ჯორჯია” დღეს ფაქტობროვად ერთ კომპანიას წარმოადგენენ) საკუთარი ფინანსური ხარჯით ხელი შეუწყვეს თელავს და კაჭრეთში მდებარე სასწავლებლებში ორ ათეულზე მეტი ახალგაზრდა მეღვინის მომზადებას, რომლებსაც მეღვინეობისათვის საჭირო ცოდნას ცნობილი ქართველი სპეცილისტების გარდა, ევროპელი მეღვინეებიც აძლევდნენ. ხოლო ის სტუდენტები, რომლებმაც მეღვინისათვის საჭირო უნარ-ჩვევების პარალელურად, გერმანული ენაც კარგად შეისწავლეს, გერმანიაში არსებულ სხვადასხვა ცნობილ ღვინის ქარხანაში გააგზავნეს გადასამზადებლად. როგორც ქალბატონმა სოფიმ აღნიშნა, დღეს ეს ახალგაზრდა მეღვინეები თავისუფლად შეიძლება დასაქმდნენ ნებისმიერ ღვინის ქარხანაში და მათ ღვინის კომპანიის მფლობელებმა თავისუფლად შეუძლიათ ანდონ ღვინის დაყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესის ხელმძღვანელობა.

საქართველოს დღესდღეობით შესწევს უნარი ვაზის ადგილობრივი ჯიშებისგან აწარმოოს თავისებური, დამახასიათებელი ღვინო. ამჟამად ქართული ღვინო თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე აღიარებულია საერთაშორისო ბაზარზე. ევროპაში ქართული ღვინის გატანა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ რამდენიმე ქართველმა მეღვინემ ევროპისაკენ ბილიკები უკვე გაჭრა და ეს იმედს ტოვებს, რომ ამ ”ბილიკებზე” ჩვენი თანამემამულე სხვა მეღვინეებიც შეძლებენ გავლას. კისისხევში გამართულ სემინარზე გამოკვეთილად ითქვა, რომ ყოველთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლდათ ღვინის დაყენების ქართული ტრადიციისა და ხარისხის დასავლური სტანდარტის ერთმანეთთან შერწყმა. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლადშექმნილ ფაკულტეტზე, სახელწოდებით "ეკოლოგიური მევენახეობა-მეღვინეობა", ჰაილბრონის უმაღლესი სასწავლებლის ხელშეწყობითა და დახმარებით, სოფი ღვანაძის თქმით, უმაღლესი განათლება საერთაშორისო დონეზე იქნა აყვანილი და ეს მომავლის საკმაოდ დიდ იმედებს იძლევა.

სემინარზე ასევე აღინიშნა, რომ გერმანული მხარე საჭირო ფინანსური სახსრების მოზიდვის პარალელურად მომავალში იმ სტუდენტების რაოდენობის გაზრდას გეგმავს, რომლებიც ევროპელი მეღვინეებისაგან ღვინოსთან დაკავშირებულ ცოდნას შეიძენენ. სასიხარულოა, რომ ღვინოსთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავების მსურველი ახალგაზრდების რაოდენობა საქართველოში საკმაოდ დიდია. მიუხედავად იმისა, რომ შტაინბაისის ინოვაციის ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატები ევროპის ღვინის ქარხნებში საბოლოო დასაქმების გარანტიას არ იძლევა (თუნდაც სტუდენტს პრაქტიკული სამუშაოების გერმანიის ღვინის ქარხნებში ჰქონდეს ჩატარებული), გერმანელი ტრენერების განმარტებით, ევროპის ღვინის ქარხნები კონკრეტულ სერთიფიკატებზე მეტად ამათუიმ სტუდენტის რეალურ ცოდნას ანიჭებენ უპირატებობას.

ამ ცოდნას კი ყველა ის ქართველი ახალგაზრდა მიიღებს, რომელიც თავს არამხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ სწავლებაშიც გამოიჩენს. ჯერ სოფი ღვანიძემ, შემდეგ კი გერმანელმა პროფესორმა არმინ გემრიხმა აღნიშნეს რომ თანამედროვე მსოფლიოში ღვინოსთან დაკავშირებული ცოდნის 60% პრაქტიკულ, 40% კი თეორიულ მუშაობას მოიცავს, რაც ძირეულად განსხვავდება ადრე არსებულ ე.წ. საბჭოთა განათლების სისტემასთან, რომელიც პრაქტიკოსი მეღვინეების ნაცვლად, ხშირად თეორეტიკოსებს ზრდიდა და ასეთი ”კაბინეტის მეღვინეები” ხშირად ღვინის დაყენების პრაქტიკულ პროცესებში საერთოდ ვერ ერკვეოდნენ.

მოხსენების დროს ასევე აღინიშნა, რომ კარგი პროფესიული განათლება ყოველი დარგის გრძელვადიანი წარმატების საფუძველია. ის მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, დუალური პროფესიული განათლება თანაბრად ასრულებს ამ ორივე მოთხოვნას. გარდა ამისა, თავიდანვე უყრის საფუძველს ღირებულ პარტნიორულ ურთიერთობებს საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ღვინის კერძო კომპანიებს შორის. მუდმივი ცვლილებები საბაზისო ცოდნის გაფართოების საჭიროებას მოითხოვს. ისევე როგორც სხვა პროფესიებში, ამ პროფესიაშიც სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზეა აუცილებელი.

სემინარის მიმდინარეობის დროს განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გერმანელი ცნობილი პროფესორის, დოქტორ არმინ რ.Gემრიხის მოხსენებამ “მდგრადი ღვინის ტურიზმი – სარგებელი მეღვინეების, გასტრონომებისა და კომუნებისათვის“. გერმანელმა სტუმარმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რაოდენ დიდი როლი შეიძლება შეასრულოს ღვინის ტურიზმმა ქვეყანაში ზოგადად ტურიზმის განვითარებაზე და მაგალითად მოიყვანა ცენტრალური ევროპის (იტალია, გერმანია, საფრანგეთი და სხვა...) ქვეყნები, სადაც დღეს ჩასული ტურისტების ზოგადი წილის სოლიდური ნაწილი ე.წ. ღვინის ტურისტები არიან და ამ სფეროს თანდათან უფრო დიდი პერსპექტივები აქვს.

საქართველოს ღვინის ტურიზმის მხრივ რომ დიდი პოტენციალი აქვს, ეს ახალი ამბავი არაა და გერმანელმა პროფესორმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოში ღვინის ტურიზმის შესაძლებლობებს. სემინარზე ასევე გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ კახეთში, სოფელ კისისიხევში, ”შატო ვინოტერაში” (ანუ იქ, სადაც ზემოთაღნიშნული სემინარი ტარდებოდა), ერთ-ერთი ყველაზე კარგი პირობებია შექმნილი ღვინის ტურისტებისთვის და კარგი იქნება, თუკი საქართველოში მოქმედი სხვა ღვინის კომპანიებიც სწორედ კომპანია “შუხმანისგან” და “ვინოტერასგან” აიღებენ მაგალითს.

ამჟამად ამ კომპანიის ძალისხმევით სოფელ კისისიხევში არსებობს ევროპული ტიპის შატო და საკმაოდ ლამაზი სასტუმრო, სადაც ღვინით დაინტერესებულ ადამიანს დასვენება, ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნება, ყურძნის კრეფა-დაწურვაში მონაწილეობა და ღვინის დეგუსტაციებში მონაწილეობაც კი შეუძლია. დოქტორ არმინ რ.Gემრიხმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთი შატოები საქართველოში მომავალში ძალიან ბევრი იქნება და ეს ძალზედ დიდ როლს ითამაშებს არამხოლოდ ტურისტების მოზიდვაში, არამედ ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში პოპულარიზაციის საქმეშიც.

სემინარის დასკვნით ნაწილში კიდევ ერთმა გერმანელმა პროფესორმა და ღვინის სპეციალისტმა ისაუბრა. პროფესორმა რუთ ფლოიჰაუზმა თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის ბრენდის შესახებ ცოდნას და ევროპული გამოცდილებიდან რა შეიძლება ისწავლოს ქართულმა ღვინის სექტორმა ამ საკითხთან დაკავშირებით. ქალბატონ ჰლოიჰაუზის თქმით, ქართული ღვინის ბრენდირების საკითხი დიდ ყურადღებას იმსახურებს და თუკი ქართულ ღვინოს ევროპის ბაზარზე გასვლის პრეტენზიები გააჩნია, ერთ-ერთი პირველი რაც გასაკეთებელია, ეს ბრენდების ზუსტი და ლოგიკური განსაზღვრაა. ცნობილი ამბავია, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი კონკრეტული ღვინის შეძენის დროს ყურძნის ჯიშებზე, ღვინის დაყენების ტექნოლოგიებსა და სხვა ნიუანსებზე მეტად, ყურადღებას სწორედ ბრენდებს აქცევს, რაც ბუნებრივია. სწორედ ამიტომაც, კონკრეტული ღვინის ბრენდირება და შეფუთვა ისე უნდა მოხდეს, რომ მყიდველიც არ დაიბნეს და ღვინის მწარმოებელმაც ზუსტად იცოდეს, თუ რა სჭირდება მისი ღვინის პოტენციურ შემძენს.

აღსანიშნავია, რომ სემინარი თავიდან ბოლომდე გერმანულ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა ამით ღონისძიების ქართველ მონაწილეებს დისკომფორტი ნაკლებად ექმნებოდათ, რადგან თარჯიმანი მოხსენებების პარალელურ რეჟიმში თარგმნის გარდა, გერმანელი მომხსენებლების ტექსტების ლოკალურ განმარტებებსაც ქართულ ენაზე იძლეოდა. ბოლო პერიოდში ”შატო ვინოტერას” საპრესკოფერენციო დარბაზი საკმაოდ ხშირად მასპინძლობს სემინარებსა და კონფერენციებს, რომელთა მიზანიც საქართველოში ღვინოსთან დაკავშირებული ზოგადი ცოდნის ამაღლებაა. სემინარის ორგანიზატორებმა და განსაკუთრებით კი კომპანია “შუხმან ვაინს ჯორჯიას” მფლობელმა, ბატონმა ბურკარდ შუხმანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები მომავალში კიდევ უფრო ხშირად გამართება და შემდგომში მეღვინეობის სპეციალისტები გერმანიის გარდა, შესაძლებელია ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოიყვანონ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული