Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოჯალეში დამფასებლებს ელის

ლევან სეფისკვერაძე

მიუხედავად იმისა, რომ ქართული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშის - ოჯალეშის სამშობლოდ ფაქტობრივად მთელი სამეგრელო ითვლება, ეს ჯიში განსაკუთრებულად კარგად მარტვილის რაიონში ხარობს. სოფლები: სალხინო, თამაკონი და თარგამეული ოჯალეშისათვის საუკეთესო მიკროზონადაა მიჩნეული და იმის მიუხედავად, რომ დღეს ამ სოფლებში არსებული ოჯალეშის რაოდენობა სასურველზე ბევრად მცირეა, ჯიშის ხელახლა აღორძინება სასურველია, რომ სწორედ მარტვილის რიაონიდან (მდინარე ტეხურას ხეობა) დაიწყოს.

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ოჯალეშის სახელწოდება ვაზის მაღლარობის გამომხატველი ტერმინია. “ჯა” მეგრულად ხეს ნიშნავს, “ო-ჯა-ლეში” კი ხეზე ასულ ვაზს. ჯავახიშვილი ასევე ფიქრობდა, რომ ამ სახელწოდებით თავიდან არა კონკრეტულ ვაზის ჯიშს, არამედ ზოგადად ხეზე ასულ ვაზს მოიხსენიებდნენ. ამპელოგრაფ ერმილე ნაკაშიძის მოსაზრება მკვეთრად განსხვავებულია ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებისაგან. ერმილე ნაკაშიძეს მიაჩნდა, რომ ტერმინი “ოჯალეში” წარმოებული უნდა იყოს ვენახის ნაკვეთის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ სიტყვასთან – “ბჟა”, რაც მეგრულად მზეს ნიშნავს. აქედან, “ობჟალეში”, ანუ მზიანი ადგილი. კამათს არ იწვევს ის ფაქტი, რომ საუკუნეების განმავლობაში, სამეგრელოში ჩამოყალიბებულ ვაზის ჯიშებს შორის ოჯალეში ყოველთვის წამყვანი ჯიში იყო და მას მეგრული მევენახეობა-მეღვინეობაში ერთგვარად დომინანტური ადგილი ეკავა.

ქართველი ამპელოგრაფების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ სამეგრელოში დაბლარი სახით გაშენებული ოჯალეშის ვაზი ვერ აღწევს ამ ჯიშისათვის დამახასაითებელ მძლავრ ზრდა-განვითარებას და ამავე დროს, მცირე მოსავალსა და უფრო მდარე ღირსების ღვინოს იძლევა. ეს საკმაოდ საკამათო თემაა, რადგან სამეგრელოში ღვინის კლუბის ერთ-ერთი ვიზიტის დროს, მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში მცხოვრებმა ადგილობრივმა გლეხებმა სრულიად საპირისპირო რამ გვითხრეს. თარგამეულელების უმეტესობა ფიქრობს, რომ ოჯალეში დაბლარად გახარების შემთხვევაში უფრო კარგი ხარისხის მოსავალს იძლევა და ოლიხნარის ერთადერთი უპირატესობა მათი აზრით, არა ხარისხის, არამედ მხოლოდ მოსავლიანობის გაზრდაა.

საინტერესოა სამაგრელოში გავრცელებული ოჯალეშის სინონიმი – შონური, ანუ სვანური. თუკი ამ ტერმინს ზერელედ შევხედავთ, რა თქმა უნდა ვიფიქრებთ, რომ “შონური” ჯიშის წარმომავლობისა და კუთხურობის აღმნიშვნელი სიტყვა უნდა იყოს. მაგრამ არც ისტორიული წყაროებით და არც რაიმე სახის სამეცნიერო კვლევით არ დასტურდება ოჯალეშის სვანურობა. პირიქით, თითქმის ყველა აგრობიოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ოჯალეში მკვიდრი მეგრული ჯიშია და მას ჩვენი წინაპრები შავიზღვისპირეთში ასეულობით წლების წინ აშენებდნენ.

გურიაში და ლეჩხუმში (ცაგერის რიონში) სამეგრელოს მსგავსად, ასევე გავრცელებულია “ოჯალეშის” სახელწოდებით ცნობილი წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. ქართველმა მეცნიერებმა ათწლეულების მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ გურულსა და ლეჩხუმურ (ორბელურ) ოჯალეშს მეგრულ ოჯალეშთან არანაირიი კავშირი არა აქვს და გურულ-ლეჩხუმური ოჯალეში სრულიად სხვა ჯიშია და ღვინოც განსხვავებული დგება.

დავით მაღრაძ, ამპელოგრაფი: “ოჯალეში ქართული ვაზის  გენოფონდის საუკეთესო წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ ოჯალეში ჩხავერისა და ოცხანური საფერეს მსგავსად, გვიან შემოდგომაზე იკრიფება, რაც ჯიშის უნიკალურობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. მთელს დასავლეთ საქართველოში დიდი ისტორია შექმნა ამ ჯიშმა და მისგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წითელი ღვინო დგებოდა. ოჯალეშს მხოლოდ მეგრელები არ აშენებდნენ. ცნობილი ამბავია, რომ ეს ჯიში გურიაში და იმერეთშიც საკმაოდ იყო გავრცელებული. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯალეში ზოგადად დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯიშია. სამწუხაროდ, ქართული ღვინის კომპანიები ოჯალეშს ბოთლირებული სახით თითქმის არ აწარმოებენ. სამეგრელოში, მარტვილის რიაონის სოფელ სალხინოში ადგილობრივ მონასტერში მაქვს გასინჯული იქაური ბერების მიერ დაყენებული შესანიშნავი ოჯალეში, მაგრამ ეს ღვინო ეკლესიის არის და ალბათ არ იყიდება.

ამ ბოლო დროს, საქართველოს მევენახობაში დასავლეთ საქართველოს ხვედრითი წილი ნელ-ნელა იკლებს. ანუ, დასავლეთში ვენახები თანდათან მცირდება, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. ბოლო პერიოდში გურიაში შეინიშნება ჩხავერის ვენახების ფართობის მცირეოდენი ზრდის ტენდენცია, რასაც სამეგრელოზე სამწუხაროდ ჯერ ვერ ვიტყვით. სასურველი იქნება, თუკი მეგრელი გლეხები არ დაივიწყებენ ძველ ტრადიციებს და ოჯალეშს – ამ მართლაც უნიკალურ ჯიშს კვლავ დიდ ფართობებზე გააშენებენ.”

სანამ სოკოვანი დაავადებები და ფილოქსერა მე-19 საუკუნეში მთელს საქართველოს მოედებოდა, ოჯალეშის საკმაოდ დიდი ვენახები იყო გაშენებული აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში. გავრცელებული აზრის მიუხედავად, რომ ოჯალეში ძირითადად მხოლოდ მთისპირა მეგრულ სოფლებში ხარობს, ეს ჯიში ზუგდიდისა და გალის ე.წ. დაბალი ზონის სოფლებშიც იყო გაშენებული. კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთიდან (ზუგდიდის რაიონი) ისტორიული სამურზაყანოს (გალის რაიონი) ტერიტორიამდე.

მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად ოჯალეში მივიწყებას გადაურჩა და ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა.

ჩვენამდე მეგრული ყურძნის ჯიშის ძალიან ბევრმა სახელმა მოაღწია. დღეს ამ ჯიშებიდან ნაწილი უბრალოდ გამქრალია და მათ სათანადო კვლევა ესაჭიროება. ძველ ტექსტებში სხვა ჯიშებზეც ბევრს წერენ, როგორც განსაკუთრებულ, მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელ და ამ მხრივ ორიგინალურ ჯიშებზე. მაგალითად, სამეგრელოში საუკუნეების მანძილზე ხარობდა ისეთი ჯიშები, რომელთა დიდი ნაწილის დღეს მხოლოდ სახელიღაა შემორჩენილი: კეთილური, კერთოლი, კოლოში, კუტალა, მაჭყვატური, მუხიშხა, ეგურძგული, ზერდაგი, თეთრიშა, თხურთხუ, კვაწახურა, ჩეჭიფეში... ეს მხოლოდ ნაწილია იმ შთამბეჭდავი ჩამონათვალისა, რისი ჩამოთვლაც მეგრული ვაზის ძველი ჯიშების გახსენებისას შეიძლება. თუმცა, ამ ჯიშებს შორის ოჯალეში ყოველთვის განსაკუთრებული და გამორჩეული იყო.

მიუხედავად ჯიშის ისტორულობის და სიძველისა, მარტვილის რიაონის სოფელ სალხინოში გასული საუკუნის 60-იანი წლებისათვის ფილოქსერგამძლე საძირეზე დამყნობილი ოჯალეში მხოლოდ 14 ჰექტარზე იყო გაშენებული. ამ დროს, თითქმის მთელს სამეგრელოში, მიურატის ჩაყრილი ვაზი გლეხების მიერ უკვე აჩეხილი იყო და ნავენახრები სიმინდის ყანებად იყო ქცეული. გასული საუკუნის 50-იან წლებამდე, ოჯალეში გურიასა და აფხაზეთშიც გააშენეს. საბჭოთა კოლმეურნეობები ლამის მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამალებით აშენებდნენ ამ ძველ მეგრულ ჯიშს. თუმცა, ყველგან ის შედეგები არ მიუღიათ, რასაც თავიდან ვარაუდობდნენ. აფხაზეთსა და გურიაში სამეგრელოდან ჩატანილი ნერგებით გაშენებული ოჯალეშის ვენახები, გაშენებიდან რამდენიმე წელიწადში გაიჩეხა და სხვა ჯიშებითYჩანაცვლდა. ბევრგან ოჯალეში ბუნებრივია ვერ ახერხებდა საუკეთესო თვისებების გამომჟღავნებას, რაც სულაც არ არის გასაკვირი.

მეგრელი მევენახე–მეღვინე გლეხების ერთი ნაწილი დღეს გეტყვით, რომ ოჯალეშისაგან წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო მზადდება და ეს ჯიში სწორედ ტკბილი ღვინის დაყენებისათვის არის ზედგამოჭრილი. ამ აზრს საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ბევრი მეღვინე და ღვინის სპეციალისტი იზიარებდა. ცნობილი ამბავია რუსების განსაკუთრებული სიყვარული ტკბილი ღვინოების მიმართ და იმის გამო, რომ მთელი ორი საუკუნის მანძოლზე საქართველო რუსეთის სხვადასხვა სახით ფორმირებული იმპერიების ნაწილი იყო, ქართული მეღვინეობაც იმპერიის მოსახლეობის გემოვნებაზე იყო ორიენტირებული. დღეს ბევრი მეღვინე ამბობს, რომ ოჯალეშისაგან მაღალი ხარისხის წითელი მშრალი ღვინის დაყენება შეიძლება და ოჯალეშის ყურძნისგან პირველ რიგში სწორედ წითელი მშრალი ღვინო ყენდება. ამ არგუმენტებს ის ფაქტიც ამყარებს, რომ ჩვენ ფაქტობრივად არ გაგვაჩნია არანაირი ისტორიული წყარო, რომლითაც მცირეოდენი გამონაკლისების გარდა, სამეგრელოში და ზოგადად საქართველოში ტკბილი ღვინის დაყენების განსაკუთრებულ დიდ ტრადიციებს გაგვახსენებს.

ნიკა ფარცვანია, მევენახე-მეღვინე, თარგამეული: “ოჯალეში გამოირჩეული ჯიშია და სამეგრელოში ამ ჯიშს ძალიან აფასებენ. ბოლო დროს ოჯალეშის ვენახები ძალიან შემცირდა. მეც ძალიან პატარა ფართობზე მაქვს ოჯალეში გაშენებული. თუმცა ახლა ვაპირებ ახალი ვენახის ჩაყრას. ამ საქმეში “ეკოტურიზმის ცენტრი” და “ღვინის კლუბიც” გვეხმარება და იმედია ეს საქმე სულ მალე განხორციელდება.

როგორც მე ვიცი, ოჯალეშისგან სამეგრელოში ტრადიციულად მშრალ ღვინოს აყენებდნენ. კომუნისტებმა კი დაამკვირდეს აზრი, რომ ოჯალეშისგან აუცილებლად ტკბილი ღვინო უნდა დაყენდეს. ეს არასწორი შეხედულებაა. დღეს ფაქტობრივად ვერსად იყიდით მშრალ ოჯალეშს. თუმცა, ჩვენ ვაპირებთ ამ ღვინის წარმოებას და ქართველი ღვინის მოყვარულები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ მშრალად დაყენებული ოჯალეში მართლა განსაკუთრებული ღვინოა!”

1953 წლის აღწერით, ოჯალეშის ვენახები მთელს სამეგრელოში დაახლოებით 51 ჰექტარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე არანაირი სტატისტიკური მონაცემები არ გაგვაჩნია, ადგილობრივ გლეხებზე და მათ ვენახებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დღეს მთელს სამეგრელოში 50-იან წლებში არსებული ვენახების დიდი ნაწილი აღარ არის შემორჩენილი. ვენახების მასობრივი გაკაფვა და მათ ადგილზე მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების გაშენება გასული საუკუნის 90-იანი წლების ეკონომიკურმა სიდუხჭირემ განაპირობა. იქიდან გამომდინარე, რომ გლეხების უმეტესობას ელემენტარულად ოჯახის გამოკვების პრობლემა ჰქონდათ მოსაგვარებელი, ვენახებსა და ხარისხიანი ღვინით ტკბობას, სიმინდი და ლობიო არჩიეს.

სულ ცოტა ხნის წინ, სამეგრელოში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ოჯალეშის გაშენებით და ამ ჯიშის აღდგენით არიან დაინტერესებულნი. მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში იგეგმება “ბიო” მეთოდებით ახალი ვენახების გაშენება და აქედან ნატურალური ღვინის წარმოებაც. გარდა ამისა, “ღვინის კლუბის” შვილობილი ორგანიზაციის, “ქართული ვაზის ფონდის” ინიციატივით, მარტვილის რაიონში იგეგმება საკოლექციო ვენახის გაშენებაც, სადაც ყველა მეგრული ჯიში იქნება დაცული. იმედია სიტყვა საქმედ სულ მალე იქცევა.  

© ღვინის კლუბი/Weekend



მარტვილის რაიონში, 2004 წელს დარეგისტრირდა შ.პ.ს. West Wines - ი, რომელსაც გააჩნია 15 ჰა-ზე გაშენებული ოჯალეშის ვენახები სოფ. ბანძაში. ღვინოს აწარმოებენ Tamakoni-ს ბრენდით. 2006 წლის მოსავალი, რომელიც მოიკრიფა 3 სოფელში (ბანძა, სალხინო, თამაკონი) ჩამოსხმულია მშრალი წესით. ეს ისე... ინფორმაციისთვის

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული