Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მნიშვნელოვანი მოვლენები ქართულ მეღვინეობაში 2013 წელს

ლევან სეფისკვერაძე

ქართული მეღვინეობისათვის 2013 წელი მნიშვნელოვანი მოვლენებითა და ამბებით დატვირთული წელი იყო. როგორც იცით, დიდი მასშტაბებით სწორედ წელს გავიდა ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე და მთელი წლის მანძილზე ქართველი და არამხოლოდ ქართველი ღვინის ექსპერტები, “მოდარაჯე კაცის თვალით“ აკვირდეოდნენ რუსეთში ქართული ღვინის დიდი პარტიების შესვლას. საბედნიეროდ საგანგაშო მოვლენები რუსეთში ქართული ღვინის შესავლას ჯერჯერობით არ მოჰყოლია, მაგრამ კვლავ დიდია ფალსიფიცირებისა და ღვინის გაყალბების საფრთხე, რაც რუსულ ბაზარზე სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩვეული მოვლენაა. 

მსოფლიოში ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება

2013 წელს უქმად არც ნატურალური ღვინის მწარმოებელი ქართველი მეღვინეები ყოფილან. პირიქით – ამ ადამიანებმა არაერთი ცნობილი ნატურალური ღვინის გამოფენა და ფესტივალი მოიარეს მთელს მსოფლიოში და სასიხარულოა, რომ ქართული ნატურალური ღვინის პატივისმცემლები და დამფასებლები ჩვენი პლანეტის ყველა კუთხეში მომრავლდა. უცხოეთში გამართული ღონისძიებებიდან, ლონდონის ღვინის გამოფენა უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც ამ გაზაფხულზე გაიმართა. ლონდონის ნატურალური ღვინის გამოფენა - The Real Wine Fair - ნატურალური ღვინის კუთხით, ევროპაში ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა.

17-18 მარტს გამართულ ორდღიან გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული ნატურალური ღვინოები. ღონისძიების ერთი დღე დაეთმო ღვინის მოყვარულებს, მეორე დღეს კი გამოფენაში მონაწილეობა მხოლოდ პროფესიონალებმა მიიღეს. გამოფენაზე მოხვედრა ნებისმიერ მსურველს სპეციალური ბილეთების საშუალებით შეეძლო. ეს ღონისძიება ლონდონში ტრადიციულად ჩატარდა და ქართველმა მეღვინეებმა მასში საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა.

შარშან The Real Wine Fair-ში მხოლოდ სამი ქართული ღვინის მწარმოებელი მარანი მონაწილეობდა ("იაგოს მარანი", "ხოხბის ცრემლები" და "ალავერდის მონასტრის მარანი"), წელს კი გამოფენაზე უკვე ქართული ღვინის 12 მცირე კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი - "ხოხბის ცრემლები", "ალავერდის მონასტრის მარანი", "იაგოს ღვინო", "ჯაყელების ღვინოები", "ნიკოლოზ ანთაძის მარანი", "კახა ბერიშვილის მარანი", "ჩვენი ღვინო", "გაიოზ სოფრომაძის მარანი", "ნიკოლაძეების მარანი", "მარანი ნიკა", "თელედა" და "ტყუპების საღვინე სახლი". ამ მარნებმა ლონდონის გამოფენაზე საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს და როგორც უკვე ვთქვით, ქართულმა ღვინომ ამ გამოფენაზეც დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.

აღარ შევჩერდებით ღვინის კლუბის მიერ უკვე მეოთხედ გამართულ “ახალი ღვინის ფესტივალზე“, რომელზეც ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვრცლად ვისაუბრეთ და ეს ღონისძიება სამართლიანად ითვლება ქართულ მეღვინეობაში წლის უმთავრეს ღვინოსთან დაკავშირებულ მოვლენად. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ტრადიციად ქცეული ეს ფესტივალი წლიდან–წლამდე უფრო მეტ ადამიანს იზიდავს და 2013 წელი ამის დადასტურება იყო. ახალი ღვინის გასასინჯად კუს ტბის გზაზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში წელს 20 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი,

2013 წლის ასევე უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შორის იყო, წერეთლის გამზირზე, “ექსპო ჯორჯიაში“ გამართული, ასევე ტრადიციად ქცეული, ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიება, “ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა“. ამ ღონისძიების ფარგლებში, ქვევრის ღვინის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმიც გაიმართა. სიმპოზიუმს დაესწრო 40-მდე უცხოელი სტუმარი - ქვევრის ღვინის ექსპერტები, სომელიეები, ღვინის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები, ასევე რესტორნების, სასტუმროებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები. 

“ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში ასევე ჩატარდა პანელური განხილვები და დისკუსიები, რომელსაც უძღვებოდნენ ცნობილი სომელიეები: ლინდა მილაგროსი (დანია), ჰაიდი ნამი (ბრიტანეთი), ფილიპ ეშომი (აშშ), ჯეფ ბერლინი (კანადა) და ვილიამ ფიჩი (აშშ). დისკუსიაში მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ღვინის შთამბეჭდავი მენიუს შექმნის ხელოვნება, როგორ დაიმკვიდრა ადგილი ჭაჭაზე დაყენებულმა ქვევრის ღვინომ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების ღვინის მენიუში, რა არის მაღალი კლასის სარესტორნო ბიზნესის მიმდინარე ტენდენციები. ასევე ისაუბრეს ნატურალური ღვინის როლზე და როგორ შეიცვალა ღვინის მენიუ 10 წლის განმავლობაში. საქართველოში ჩამოსულმა სტუმრებმა გამოთქვეს მოსაზრებები, თუ როგორ წარმოუდგენიათ საუკეთესო ღვინის მენიუ ტრადიციულ ქართულ რესტორნებში, ასევე ქართული სამზარეულოსა და ღვინის შეთავსება.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების (საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) ქვევრის ღვინის დეგუსტაცია. საქართველოს მხრიდან წარმოდგენილი იყო რაჭის, იმერეთის, კახეთის და ქართლის ქვევრის ღვინის ნიმუშები. გამოფენისა და სიმპოზიუმის სტუმრებისთვის მოეწყო ღვინის ტურები კახეთსა და იმერეთში.

2013 წლინ დასაწყისში, ნატურალური ღვინოების ბარ "ღვინო ანდარგრაუნდ"-ში ჩატარდა ქართული, ფრანგული და იტალიური ნატურალური ღვინოების შედარებითი დეგუსტაცია. ამ შედარებითმა დეგუსტაციამ აჩვენა, რომ ქართული ნატურალური ღვინოები ხარისხით ფრანგულ და იტალიურ ნატურალურ ღვინოებს უთანაბრდება. ამას ხაზი დეგუსტაციის მონაწილე უცხოელმა სტუმრებმაც გაუსვეს. მათ აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ქართული ღვინოების პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოვლენილი და კარგია, რომ ამის მიუხედავად, მათი ხარისხი უკვე ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. შეკრება ნატურალური ღვინის მწარმოებელი ქართველი მეღვინეების საფრანგეთიდან დაბრუნებას დაემთხვა და მონაწილეებმა იქაური თავგადასავლებიც მოისმინეს.

ზაფხული და რთველი ციფრებში

წლევანდელი წლის ზაფხულში, განსაკუთრებით ჩვენს მიერ უკევ ხსენებული ღვინის ბარი: ”ღვინო ანდერგაუნდი“ გააქტიურდა. ბარის მფლობელებმა, ნატურალისტმა ქართველმა მეღვინეებმა, ღვინის მოყვარულებს კონკრეტულ დღეებში სხვადასხვა ქართული ღვინის დეგუსტაციები მოუწყვეს. მაგალითად; 26 ივლისს ღვინის მოყვარულებს “ნიკოლაძეების მარანმა“ უმასპინძლა და იმერული ღვინის გამორჩეული ნიმუშები შესთავაზა, 2 აგვისტოს ხაშმელი ჯაყელები დახვდნან სტუმრებს და ასე შემდეგ... ამ ღონისძიებებმა ცხელი თბილისური ზაფხული ღვინის მოყვარულებისათვის მართლაც მშვენივრად გაახალისა.

წლევანდელი რთველი წინა წლების რთველთაგან პირველ რიგში იმით გამოირჩეოდა, რომ წელს ორგანიზაციული კუთხით სიტუაცია ბევრად გაუმჯობესებული იყო და კახელ გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს პრობლემები ნაკლებად ჰქონდათ. თუმცა, ღვინის ექსპერტებს შორის კვლავ კითხვებს ბადებს რთველის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების საკითხი (საერთოდ წაადგება კი ასეთი სახის სუბსიდირება ქართულ მევენახეობას?!) და ასევე პრობლემურია ის საკითხიც, რომ რთველის დროს სახელმწიფო ფოკუსირებას ძირითადად კახეთის რეგიონში მცხოვრებ მევენახეებზე აკეთებს.  ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებში მცხოვრები მევენახე გლეხები კი ყურადღების მიღმა რჩებიან.

საქართველოს სოფლის მიურნეობის სამინისტროს მონაცემებით, "რთველი 2013-ის" ფარგლებში, კახეთის რეგიონში 84 კომპანიის მიერ მიღებული და გადამუშავებულია ბოლო ათეული წლების მანძილზე რეკორდული რაოდენობის ყურძენი - 91052,3 ტონა (შარშან სულ გადამუშავდა 52 000 ტონა). მხოლოდ ყვარლის რაიონში, 57-მა კომპანიამ მიიღო და გადაამუშავა 17784,6 ყურძენი. მთლიანად კახეთის რეგიონის მოსახლეობამ ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის სახით მიიღო დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი (გასულ წელს ვაუჩერებით გაცემული იყო 15,000000 ლარი).

წელს რთველში პირდაპირი დახმარება მიიღო დაახლოებით 17 ათასმა (16885) ოჯახმა. ყურძნის ყველაზე დიდი რაოდენობა სოფელ დიდ ჩაილურში ჩააბარა ერთმა ფერმერმა და 200,000 ლარამდე ანაზღაურება მიიღო. ჩაბარების საშუალო მაჩვენებელი 5 ტონა ყურძენი იყო და ოჯახები 7000 ლარამდე ანაზღაურებას იღებდნენ.

ქართული ქვევრი იუნესკომაც აღიარა!

ოქტომბრის ბოლოს სიღნაღში, “ხოხბის ცრემლების” ღვინის სალონში, ძალიან საინტერესო დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტაციას “ხოხბის ცრემლების“ მფლობელი, ჯონი ვურდემანი მასპინძლობდა და მასში მონაწილეობა არაერთმა ქართველმა ღვინის სპეციალისტმა მიიღო. დეგუსტაციაზე ცნობილი ევროპული ნატურალური ღვინის გამორჩეული ნიმუშები გაისინჯა.

2013 წლის ერთ–ერთი ბოლო და ალბათ უმთავრესი მოვლენა მაინც ის იყო, რომ დეკემბერში ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდის ნომინაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, ღვინის სპეცილისტებს იმედი აქვთ, რომ ეს აღიარება ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. ეს ახალი ნომინაცია აამაღლებს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით, რომელმაც არა მხოლოდ შემოინახა ქვევრის ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია, არამედ დღესაც აცოცხლებს მას.

იმედია ქვევრის ღვინის ტრადიციული მეთოდის შეტანა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში, ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. ამ მოვლენასთან დაკავშირებით 17 დეკემბერს “ღვინის კლუბში” საზეიმო მიღებაც გაიმართა, რომელსაც ღვინის სპეციალისტების და მოყვარულების გარდა ის ადამიანებიც დაესწრნენ, ვინც უშუალოდ მუშაობდა იუნესკოს ნომინაციაზე.

გასულ წელს გამართული ღვინის ყველა ღონისძიება ერთ სტატიაში რასაკვირველია ვერ ჩაეტეოდა. მით უმეტეს, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში უფრო ხშირად ტარდება დიდი თუ მცირე მასშტაბის ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებები, დეგუსტაციები და სხვა... დასკვნის სახით კი ალბათ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული მეღვინეობისათვის 2013 წელი ნამდვილად იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. 2014 წელი კიდევ უფრო მეტ საინტერესო ამბავს გვპირდება.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.