Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“მეგრული ყურძნის ჯიშები - შავი და წითელი”

ერმილე ნაკაშიძე, მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში. სახელგამი, 1929

ავტორის მართლწერა შენარჩუნებულია (რედ.)

1. სვანური ანუ შონური - ვაზი ღონიერია, ნაკლებ მოსავლიანი, ნორჩი რქის სიგრძე ხშირად 3 არშინამდე უწევს. მტევანი აქვს მრგვალად გრძელი, პატარა და მკვრივი. მარცვალი საშვალო სიდიდის, მრგვალი, შავი ფერის; კანი საკმაოდ სქელი; მარცვლის სირბილე ხორციანი, გემრიელი, სასიამოვნო გემოსი. ძალიან გვიან მწიფდება, ხანდახან ნოემბრის ბოლო რიცხვამდე. ძალიან იჩაგრება ნაცრისგან, ჭრაქი (ობი) და ანტრაკნოზი ნაკლებად ეკიდება. ეს ჯიში იძლევა მშვენიერ ღვინოს, რომელიც მთელ სამეგრელოში ცნობილია "ოჯალეშად"; ის არის წითელი ფერის, ძლიერ მაგარი, სასიამოვნო არომატით.

ჯიში სვანური მეტად გავრცელებული იყო მდინარე ტეხურის ხეობაში. სალხინო, ჩაჩხური, თამაკონი, ვახა, თარგამეული და მათ მეზობელ სოფლებში. ეხლა მაღლარად მისი გავრცელების არე ნაცრის გამო მეტად შევიწროვდა. თუმცა ამ რაონის ზეგან სოფლებში აქა იქ დარჩა კიდევ ამ ჯიშის ნარგავები, ძლიერ მცირე რაოდენობის; დაბლარად გაშენებული კი ბევრ ადგილასაა.

2. გოდაათური - ვაზი ღონიერი, მცირე მოსავლიანი. მტევანი საშუალო სიდიდის, მეჩხერი ტოტებიანი; კანი აქვს თხელი, მუქი წაბლის ფერი; სირბილის ხორცი მკვრივი, ტკბილი სასიამოვნო გემოსი. მწიფდება გვიან, უწინ კრეფდნენ დეკემბერში ან იანვარშიც. ღვინო უდგება მაგარი, მუქ-წითელი ფერის, სასიამოვნო არომატის, თავისი თვისებით ოჯალეშზე არა ნაკლებია. მისი გავრცელების რაიონია მდ. ტეხურის და ხოპის შვა სოფლები: აბედათი, ჟოლევი, ფოცხო, ლესეჭინო, ახუთი, უშაფათი, უფალიკარი, ხორში, ეკი, ნოქალაქევი, სენაკი და ამ სოფლების მიდამოები.

3. პუმპულა ანუ პუმპულაში - ვაზი საკმაოდ ღონიერი, ნაკლებ მოსავლიანი. მტევანი მოგრძო-მრგვალი და მკვრივი. მარცვალი წვრილი, მრგვალი; კანი მოელვარე, შავი, სქელი და მაგარი; ხორცი კვრივი, ერთობ ტკბილი, სასიამოვნო გემოსი. მწიფდება გვიან. ღვინოს იძლევა საკმაოდ მაგარს, მკრთალ ვარდისფერს, სუფრის ღვინოა სასიამოვნო არომატით. ეს ჯიში იყო საერთოდ გავრცელებული სამეგრელოს ვაკე ნაწილში მდ. ცხენის-წყალის და ცივს შუა, სოფელ ბანძიდან დაწყებული მთელ საჭყონდიდლო და საჭილაოში*) და მომიჯნავე სოფლებში. ნაცრის გავრცელების შემდეგ პუმპულა თითქმის ყოველგან შესცვალეს ადესაზე და ძალიან საეჭვოა, სამწუხაროდ, რომ ეს ჯიში კიდევ სადმე იშოვებოდეს.

*)საჭყონდიდლო ერქვა ჭყონდიდელის (მარტვილის მიტროპოლიტი) სამფლობელოს, რომელსაც შეადგენდა სოფლები მოქცეული ეხლანდელ თემებში: სუჯუნა, ნაესაკოვო, გულეიკარი, ქვათანა, აბაშა, ონტოფო და სეფიეთი. საჭილაოში შედის ილორის და მარანის თემები.

4. ხარდანი - ვაზი მეტად ღონიერი, მოსავლიანი, მტევანი დიდი, მეჩხერი, წვეტიანი და ტოტებიანი. მარცვალი მრგვალი, წოწოლა; კანი თხელი, ხორცი მკვრივი, ტკბილი. მწიფდება ძალიან ადრე, ამიტომ მას მაჭრად აყენებენ; ღვინო უდგება შედარებით მდარე. ნაცარი ნაკლებ ეკიდება. ეს ჯიში მცირე რაოდენობით სამეგრელოში ყოველგან იყო გავრცელებული.

5. ტოროკუჩხი - ძალიან გავრცელებული იყო ეს ჯიში სოფლებში: ჯვარი, საჩინო, ლია, ჯგალი, ჭკადუაში და ხიბულა, აგრეთვე საჭყონდიდლოშიც. ღვინოს კარგს იძლევა.

6. პანეში - მეტად გავრცელებული ჯიში იყო სამეგრელოს მაღლოს ზეგან სოფლებში მდ. ინგურის და ტეხურის შუა; ღვინო მდარე უდგება.

7. კიკაჩა - სოფ. ზანა, საჯიჯაო, ხორში და მათ მეზობელ სოფლებში; კარგ ღვინოს იძლევა.

8. კოლოში -  ამ ჯიშის გავრცელების არეა სოფ. პახულანი მდ. ინგურის გაღმა და მისი მიდამო; მშვენიერ ღვინოს იძლევა წითელ ვარდისფერისას.

9. აკიდო - ეს ჯიში გავრცელებული იყო სოფლებში: კინჩხა, გორდი*) მარტვილი, ნახუნევო, თამაკონი და სხვა.

10. გრეხი - მეტად გავრცელებული ჯიში იყო მაღლობ ზეგან სოფლებში.

11. დღუდღუში - მცირე რაოდენობით აშენებდნენ ყოველგან მთელ სამეგრელოში.

*) კინჩხა და გორდი 1922 წლამდე სენაკის მაზრაზე იყო მიწერილი და სამეგრელოს ტერიტორიას შეადგენდა.

12. მაჭკვატური - სოფ. გორდი, კინჩხა, აბედათი და მათი მოდამოები.

13. ტოვანი - მეტად გავრცელებული ჯიში იყო შუა და ვაკე სამეგრელოში მდ. ხოპს და აბაშის წყლის შუა.

14. ჩხოროკუნი - ამ ჯიშს აშენებდნენ სოფ. ხიბულაში, თეკლათში და მათ მეზობელ სოფლებში.

15. ჭიტაში - ძალიან გავრცელებული იყო ვაკე სამეგრელოში, საჭყონდიდლოსა და საჭილაოში.

16. სამჭაჭა - ესეც გავრცლებული იყო ამ რაიონში.

17. მაბრა -  ამ ჯიშს აშენებდნენ სოფლებში: ლეიხაინდრე, ონოღია და მათ მეზობელ სოფლებში.

18. დედოფლის კიტი - სოფ. ხორში, ნოქლაქევი, გეჯეთი, ნაესაკოუ, გულიეკარი და სხვა.

19. კეთილური - სოფ. თეკლათი, სენაკი, ნოსირი და სხვა.

20. ჩხერი - (ეს ალბათ გურული ჩხავერია) გავრცელებული იყო ვაკე სამეგრელოში, გურიის მომიჯნავე სოფლებში.

21. სამანჭრო - მცირე რაოდენობით გვხვდებოდა სამეგრელოს ყველა მღვინეობის რაიონის სოფლებში, ამ ჯიშის თეთრიც არის.

22. ვერნახი - სოფელ თეკლათში და მის მიდამოებში.

23. მახვატელი - სოფ. ეკი, სენაკი, ნოქალაქევი, ნოსირი, გეჯეთი, გულეიკარი და სხვა.

24. ოქონა,

25. კერთოლი,

26. კუტალა,

27. ტუტაში - ეს ოთხი ჯიში გავრცელებული იყო სოფლებში: სენაკი, ნოქლაქევი, გეჯეთი და მათ გარშემო.

ფოტოზე: პანეში. © გურამ წიბახაშვილი

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ვაზის დასახელება ,,შონურს" არავითარი კავშირი არ აქვს სვანურთან. შონა მეგრულად შავს ნიშნავს. https://www.youtube.com/watch?v=ueLwN32TE70 ასევე არაა სწორი დღუდღუში. მისი სახელია დუდღუში–ბუსთავა. დუდი–თავი, ღუ–ბუ. ის ფორმით მომცროა და მტებანი მრგვალი ბუს თავივით. ჭიტაშიც არაა სწორი– მისი დასახელებაა ჭითაში. ჭითა წითელს ნიშნავს. ჩამონათვალში არ არის ხემხუ შავი. სამეგრელოში მასზე არსებობს სიმღერა ხემხვაია ხვავრიელი(კ.სამუშია)


ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ერმილე ნაკაშიძის ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძნელი მისახვედრი ყოფილა :)

თან წერია, რომ ავტორის მართლწერა შენარჩუნებულია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობა გამოხმაურებისთვის :) 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული