Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლეჩხუმი - ჩხიროდი, ხემამული, სალასტო, შარები

მთხრობლები: თომა სიმონის ძე ყურაშვილი, 84 წ., ელიზბარ მერაბის ძე მამარდაშვილი, 65 წ. (სოფ. ოყურეში).

მცხოვრებისთვინ ღვინო პირველ რიგში შემოსავალია, გლეხიკაცის გულის გამხარებელი! ლეჩხუმი ღვინით იყო სადიდებულო. ვა, შე კაცო! ისე იყო ყოლიფერი ყურძნით დაგუდული, რომ ღორები-რაა, ისინიც თვრალი დაბანცალობდნენ ყურძნობაზე.

ვენახს მამულს ვეტყვით. ვენახი ორი წყებაა: ერთი თეთრი, მეორე შავი. უფრო ნამყენია ახლა. ჩვენ თავათ ვამყნით, მარგატელი, დანა და სახვევი, მეტი კი არა უნდა რა. მწარე ლერწზე ვამყნიდით, როგორც ახლა იციან ვაზური მყნობა. ძველათ ახლო-ახლო იყო ძირები. შუა შარები არ ქონდა. ახლა რომაა პლანზე, ესე არ ვიცოდით. წამალი სულ ვის გაუგონია. ქვე-კი არაფერი უჩნდებოდა, და რა ვიცით.

სარებმისმულ, დაბალ მამულს ჩხიროდს ვეტყვით. მაღლა თუა ხეზე, იმას ხემამული ქვია. სთვლობა რომ დეიწყებოდა, იმას არაფერი არ ჯობდა: ყოლი კაცის ოჯახში ერთი ღაღადი და ამბავი იყო. დავკლავდით საკლავს, მოვიწევდით ნადს და ვაკრეფიებდით. იმ ღამეს, წყალობა გვქონდეს, ჩვენ მოულხენდით.

ხემამულის კრეფა გიდლით ვიცოდით და იმას თოკით ძირს ჩამოუშვებდით. ძირს ერთი კაცი იდგა და გადაცლიდა სალასტოში. სალასტოთი მივიტანდით და ჩავყრიდით ძარში, რომელიც ურემზე გვედგა, ან ჩრჭილაში ჩაუცლიდით. მოვიტანდით და გავტენიდით ხორგოს; რომ კაა ჩატეულიყო, ხის საჩეჩქველათი ჩავჩეჩქავდით. ხორგოს ხმალას გაუმაგრებდით სოლებით, შიში იყო. ახლა დეიბანდენ ბიჭები ფეხებს და გადი-გამოდიოდენ იმაზე. ხორგოს მიგებული აქვს ღარი, ქვეშ რამეს შეუდგამთ და მითი ვასხამთ ჭურში. სულ რომ შევზელამთ ხორგოში ყურძენს, ავდგებით და დავაბრუნებთ ისევე ღვინოს ხორგოში. შვიდი დღე-ღამე ამაში იქნება, იდუღებს და ისევ ჭურში დავაბრუნებთ. ჭაჭიდან არაყს გამოვხდით, თუ არადა ჯერ საწბერავში დავწბერავთ - სამუშაო ღვინოს გამევიყვანთ და მერე მოვადუღებთ არაყათ.

პირველში გამოვკრეფდით ცოტას სამაჭროთ, მერე საძველოს გავაკეთებდით.

პირველგამოსულ ღინოს შუმს ვეტყვით. მერე დამაჭრდება, რომ დაიდუღებს - გახდება ღვინო. სამუშაო ღვინოს ცოტა დარეს ვაკეთებდით, გასაყიდელს და სასტუმროს - უკეთესს.

ჭურების დარგვა ვიცოდით მარანში. მარანი სახლთან იყო მოკეთებული. იქვე იყო მოწყობილობა: ხორგო, ჩარჭილა, სალასტო, გიდლები, ბალის ქექი, დასახურავი ქვები, სარცხი და სხვა.

ჭურები ჩაკირული ვიცოდით. ღვინოს კაა ეს ინახავს. ნახევარ სილას და ნახევარ კირს შევზელდით, ავიღებდით და იმით ჩავკირებდით. უკვდავი იყო იცოდე. ჭური სახურავს სარქველი ეწოდება. დავხურავდით და მერე ნაცრით და მიწით კაა დავგოზავდით.

დიდხუთშაფათს და ამაღლობას ვიცოდით ყანაში და მამულში წრა ბალის (მწარე ბალის) ჯოხის დასმა. ზედ ჩამოკიდებული ქონდა ბალისვე კანი. წვერზე დაცმული ქონდა ჯვარი და რგოლივით შემოვლებული მისივე ტოტი. ამას მიტომ ვიკეთებდით, რომ არ გათვალულიყო მღალავებისგან (გლახა თვალი რომ ვინმეა, იმისი გვეშინია). ორი პატარა სალოცავი ჭურის დარგვა ვიცოდით. ორივეს ერთათ მოვხდიდით ექვს იანვარს. საშობოთ რომ ღორს დაკლამდით, იმისი თავი შენახული გვქონდა. ამას წავიღებდით, უმფროსი კაცი წავიჩოქებდით, დავილოცავდით. ვაჟიშვილების წაყვანაც ვიცოდით და სანთელს შემოვავლებდით ჭურთან.

ვენახისთვის კარგია თირიანი, მჩლატე მიწა. იმაში ვაზი კარქა მიდის. ერთი წყება მიწაა, ლაგაზს ეტყვიან; ძალიან მძიმეა და მაგარი მიწაა. ეს სავენახეთ არ ვარგა. თირიანი მიწის მერე კარგია ხრიშიანი, შავი მიწა. ხრიშიანს ვეტყვით ქვიშანაირს. მიწას გადავაბრუნებთ, დავსანჯავთ, დავაპალოებთ და დავრგავთ ლერწს სამი არშინი სიშორეზე. რიგებ შუა ცარიელ ადგილს ვეტყვით შარებს. ახალდარგულს ახალშენი ქვია.

შუმათ ჩასხმულ უდუღარ ღვინოს სასულეს დაუტოვებთ, კანაფის მასრას დაუგებთ, სანემ დადუღდებოდეს. პირველი წვენი თუ ისევე არ დააბრუნე ხორგოში ჭაჭასთან შვიდი დღე და ისე თუ დატოვე შუმი, ეს იქნება ფეთქი. ფეთქი ეთქმის ამას.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული