Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"გლეხს არც ბაზარი აქვს, არც - პირობები, ღვინო რომ გაყიდოს". რეპორტაჟი თელავიდან

რეპორტაჟი მოამზადა ქეთო ნინიძემ

დაახლოებით, ორი კვირაა, რაც რთველმა კახეთის ყველა სოფელი მოიცვა. მევენახეები საკუთარი ძალებით თუ დაქირავებულ მუშახელთან ერთად, ადრიანი დილიდან ყურძნის კრეფაში ერთვებიან. ნაშუადღევს კი, დაახლოებით, 15:00-16:00 საათიდან, თავინთი მოსავლით იმ საწარმოებისკენ იღებენ გეზს, სადაც, წინასწარ არიან მორიგებულნი, რომ ყურძენს ჩააბარებენ. მოსავლის რაოდენობიდან და რთვლის ინტენსიური პერიოდიდან გამომდინარე, საწარმოებთან რიგებია. ზოგჯერ მევენახეს ათ- და თორმეტსაათიან რიგში დგომის შემდეგ სხვა საწარმოში გზავნიან, რაც, ცხადია, მათი უკმაყოფილების მიზეზი ხდება. 

შაბათი საღამოა. 26 სექტემბერი. ახმეტიდან თელავის მიმართულებით მივდივართ. გზად ვხვდებით უამრავ სატვირთო მანქანას, ან ტრაქტორს, საბარგულიანი მისაბმელით, რომლებზედაც ტონობით დატვირთულ ყურძენს საწვავის ნაკლებად კეთილსურნელოვან კვამლში ძნელად გაარჩევთ. 

ამჯერადაც, შემთხვევითი შერჩევით,  ღვინის გზის პირველივე ნიშნულს გავყევით, საითაც სატვირთო მანქანები მიემართებოდნენ. 

გრძელ რიგში, მისვლისთანავე, მხოლოდ საწარმოს გარეთ,  25 სატვირთო მანქანა დავთვალეთ, დაახლოებით, 5 ეზოშია შესული. რიგს ყურძნის ჩაბარების მსურველი ახალი მანქანები ემატება და ნაკადი არ ილევა. მევენახეები უკმაყოფილონი არიან, რადგან საწარმოს ეზოდან ხმა გამოვიდა, რომ გადამამუშავებელი დანადგარი შეფერხებით მუშაობს. შესაბამისად, პროცესი ძალიან ნელა მიიწევს წინ. 

რიგში ვრჩებით და ვესაუბრებით ადგილობრივ მევენახეებს.  

საუბარი საკმაოდ ლოგიკურად წარიმართა. ნათლად გამოიკვეთა მეღვინეობისა და მევენახეობის წინაშე არსებული გამოწვევები, დარგობრივი  საჭიროებები. თითოეული დიალოგი, პირდაპირ თუ ლატენტურად, ერთსა და იმავე პრობლემებზე მიანიშნებს. 

ბუნებრივია, რომ მევენახეების, როგორც პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოს მოქალაქეების, დიდი ნაწილი პრობლემების (მათ შორის, თვით, ტექნიკური ხასიათის პრობლემების) მართვას ცენტრალიზებულად მოელის, თუმცა, ეს, ალბათ, საშუალო განათლების საფეხურზე გადასაჭრელი პრობლემაა, რაც, იმედია, მათი შვილიშვილებისა და უფრო მომდევნო თაობების რეფორმირებულ სკოლაში დაიძლევა, უნარ-ჩვევებსა და პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალებით.

გარდა ამისა, იკვეთება რამდენიმე, საკმაოდ კონკრეტული პრობლემა. მაგალითად, მევენახეები თვლიან, რომ მათ არ აქვთ მატერიალური რესურსები (თანხა / ინფრასტრუქტურა), რომ თავად აწარმოონ საკუთარი ღვინო. ასევე, ცხადად ჩანს, რომ მათი  ცოდნა ბიზნესში საკმაოდ მწირია და ბიზნესისთვის აუცილებელი უნარებიც არ აქვთ სათანადოდ განვითარებული, რომ შექმნან და გაყიდონ პროდუქტი. 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ზოგიერთი მათგანი კარგად არ არის გარკვეული დარგობრივ კონიუნქტურაში - ერთმანეთისგან ვერ მიჯნავს სახელმწიფოს მიერ ნარჩენი ყურძნის ჩაბარებასა და ყურძნის სუბსიდირებას, მათი შეხედულება ბაზარზე, პოტენციურ კლიენტურაზე, სახელმწიფო პროგრამებზე (აგროდაზღვევა, იაფი კრედიტი და სხვ) - საკმაოდ ბუნდოვანია; ბევრ მათგანს არ სმენია ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკაზე და არ აქვს ადეკვატური წარმოდგენა მცირე მარნისთვის საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით.

მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ჩვენი საუბრის ჩანაწერებს. 

ლექსო ფანჯალიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ართანა

-    რას ფიქრობთ ყურძნის წლევანდელ ფასებზე?
-    ფასები დაბალია და ამით კმაყოფილი არავინ არ არის. გლეხების მოსავალს ფასი არ ედება. ამბობენ, ვითომ არ გადის ყურძენიო... გადის თუ არ გადის ყურძენი, გლეხები ზარალში არიან. ჩემი აზრით დაბალი ფასები მთავრობამ უნდა დაარეგულიროს. 
-    დაარეგულიროს - რა ფორმით? ბიუჯეტიდან გამოყოს დამატებითი თანხა?
-    ბიუჯეტიდანაც და ქარხანამაც უნდა დაარეგულიროს.
-    ანუ, ხელისუფლება უნდა ჩაერიოს, რომ ამა თუ იმ კომპანიამ ყურძენი მაღალ ფასში შეიძინოს?
-    რა თქმა უნდა. 
-    თქვენი აზრით, გაითვალისწინებენ თქვენს აზრს სამომავლოდ?
-    არა მგონია, ვინმემ გაითვალისწინოს.
-    რას ფიქრობთ, 2016 წლის სეზონზე რა ბედი ეწევა ჭარბ ყურძენს?
-    ერთი ვიცი, მე ვაზს არანაირად არ ავჩეხავ. ჩემი ხელით მაქვს გაშენებული და რაც უნდა მოხდეს, ერთი კილოც რომ ვერ მოვიტანო აქ, მე ვაზს მაინც არ ავჩეხავ. ყველას თავისი აზრი აქვს. ჩემი აზრი ესაა. 
-    დიდი ვენახი გაქვთ?
-    დიდი ვენახი არა მაქვს, დაახლოებით, 5 ტ.-მდე რქაწითელი მაქვს წელს და 2.800-3 ტონამდე ჩავაბარე საფერავი. 
-    გაისად თუ რაიმე არ შეიცვალა, თქვენი ყურძნით თქვენსავე ღვინოს ხომ არ აწარმოებთ?
-    მე გამიჭირდება. ცოტა უჭირს გლეხს. რეალიზაციის პრობლემაა. მე მიცდია 90-იან წლებში. თბილისშიც ჩამიტანია და ძალიან ძნელად იყიდებოდა. ნავთლუღის ბაზარში ვყიდდით მე და დედაჩემი. 
-    რესტორნებისთვის გიცდიათ ღვინის შეთავაზება?
-    არა. არა. მე არც გამოცდილება მაქვს სამაგისო და არც მაინცა და მაინც - დრო. ჩვენ აქ მარტო მევენახეობას არ ვეწევით. 
-    რა საქმიანობას ეწევით - სხვას? ალტერნატიული კულტურები გაქვთ?
-    დიახ, რა თქმა უნდა, სოფელში ყველას აქვს... მეცხოველეობასაც მივდევთ. მე ქვევრის ღვინო მაქვს, მაგრამ მაქედან მოგება არა მქონია. მე პირადად, რომ ყურძენი  ვაწარმოო და აქ ჩავაბარო, ის მირჩევნია. მართალია, წლევანდელი არაფრად არა ღირს, მაგრამ მაინც იმ 5 000 და 6 000 ლარით რაღაცას ვაკეთებ სახლში. ახალი კურსით ეს ფული რომ არაფერი არ არის, ეს თქვენც კარგად იცით.

 

კობა ხუციშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჯუღაანი

-    ყურძნის წლევანდელ ფასებზე რას ფიქრობთ?
-    არ მომწონს, რა თქმა უნდა.
-    თქვენი აზრით, საიდან მოდის პრობლემა და როგორ უნდა გადაიჭრას?
-    პრობლემა სისტემურია და კონკრეტულად არავის არ უნდა დაბრალდეს. ალბათ, მსოფლიოს კრიზისები, რუსეთში რუბლის ცვალებადობა - ეს ყველაფერი აისახებოდა ამ პროცესებზე. ჩვენი ყურძენი და ღვინო, ძირითადად, რუსეთში გადის. ეს ყველაფერი, ძირითადად, ალბათ, ამასაც უკავშირდება... კონკრეტულად ვერავის დააბრალებ, უბრალოდ, ამ კრიზისს კიდევ ლარის გაუფასურება დაემატა.  
-    ლარის დაცემამ ვენახის ხარჯი გაგიზარდათ? მაგალითად, შეწამლვის ხარჯები...
-    რა თქმა უნდა. თან მე ძალიან დიდი ვენახები მაქვს, 3 ჰა-მდე. ცოტა საფერავი და ძირითადად, რქაწითელი - 35 ტ. ჩავაბარე უკვე. 
-    რა უნდა მოხდეს, რომ 2016 წლის სეზონზე მევენახე არ დარჩეს უკმაყოფილო?
-    უნდა უფრო და უფრო განვითარდეს ღვინის ბიზნესი. უნდა უფრო და უფრო გაფართოვდეს ბაზრები სხვადასხვა ქვეყნებში. რომ კომპანიებმა ექსპორტი გაზარდონ და გლეხების ყურძენი ჩაიბარონ. 
-    ოჯახური მარნები რომ განვითარდეს, ამაზე რას ფიქრობთ?
-    ოჯახური მარნებიც კარგი შემოთავაზებაა, მარა ზოგს არ აქვს ამის საშუალება, ამიტომ ჯობია, რუსეთში, ჩინეთში, თუ ევროპაში გაყიდვებზე იზრუნონ. 
-    სახელმწიფოს როლი რა არის ამ პროცესში?
-    რომ დაარეგულიროს რუსეთთან ურთიერთობა. 
-    თავად აღნიშნეთ, რომ რუსეთში კრიზისია...
-    მაინც შეიძლება ფასების დარეგულირება. წელს თუ ამ ფასად ჩაიბარეს, მომავალ წელს სხვა ფასი იქნება. იაფად ჩაიბარეს, იაფად გაყიდიან. ხომ ასეა?
-    რა უშლის ხელს საოჯახო მარნების განვითარებას?
-    გასაღების ბაზარი არ აქვთ. 

 

ზურა იგრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ართანა 

-    რა ჯიშის ყურძენს აბარებთ და სულ - რამდენს?
-    10 ტონამდე რქაწითელს და 2 ტონამდე საფერავს.
-    ფასით კმაყოფილი ხართ?
-    რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი. 
-    როგორ უნდა მოგვარდეს, თქვენი აზრით, ფასების საკითხი?
-    პრობლემა სერიოზულია. რეალურად რომ შევხედოთ, ეს ხალხის დაცინვაა მთავრობის მხრიდან. 
-    რას ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ პრობლემის გადასაჭრელად? პირდაპირ გლეხებს გაუზარდონ თანხა, თუ კომპანიების მუშაობაში ჩაერიონ?
-    ნუ, ახლა, მთავრობა პირდაპირ ყველა გლეხს დევნას ხომ არ დაუწყებს და ფულის რიგებას. ისევ და ისევ უნდა გაკეთდეს ქარხნები იმ დონეზე, რომ უნდა  იმუშაონ კარგად. ეს ხომ მუშაობა არ არის. წვალობს ხალხი და თვითონაც წვალობენ. გააკეთონ ქარხნის რეაბილიტაცია, დააყენონ ნორმალური პრესები, რომ შეიძლებოდეს მუშაობა. გადამამუშავებელი მექანიზმი არ მუშაობს იმ დონეზე როგორც უნდა მუშაობდეს. 
-    ისევ იმ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, როგორ უნდა გადაჭრას სახელმწიფომ ფასების პრობლემა?
-    აი, ახლა რომ ამბობენ - „სახელმწიფო იღებს“, ვინ იღებს ამ ყურძენს? რომ ამბობენ, სახელმწიფოო, გამეცით თქვენ ამ კითხვაზე პასუხი. 
-    თქვენ რას ფიქრობთ, ვინ იღებს?
-    დავუშვათ, ქარხანა რომ იხდის 25 კაპიკს და სახელმწიფო იხდის 35 კაპიკს, ვინ ყიდულობს, ვისია ეს ყურძენი?
-    კომპანია ყიდულობს ყურძენს იმ ფასად, რაც მას უღირს. სახელმწიფო კი მევენახეს, უბრალოდ, აძლევს ამ თანხას.
-    და საიდან ხდება ფინანსირება?
-    ქვეყნის ბიუჯეტიდან. 
-    ...და საიდან ღებულობს, საიდან იბრუნებს სახელმწიფო ამ თანხას? ნებისმიერი ქარხნისთვის ეს 25 კაპიკი არარეალობაა. ეს დაცინვაა ამ ხალხის, ყველას დაცინვაა. როგორ შეიძლება, 25 კაპიკი ღირდეს ყურძენი. და რატომ ხდება დაფინანსება ესე, აი, ამ დონეზე, გაურკვეველია. 25 კაპიკი არარეალობაა... მე უკრაინაში ვიცხოვრე დიდი ხანი, საქართველოს მოქალაქე არ ვარ, მაგრამ მუდმივი ბინადრობა მაქვს. იქ მაქვს ჩემი სატრანსპორტო კომპანია. 
-    თქვენი აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რას უნდა მოაკლდეს თანხა, რომ მევენახეების სუბსიდია გაიზარდოს?
-    მე მგონი, ბიუჯეტიდან ისედაც დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა. ეს 35 კაპიკი მაინც რომ იყოს მუდმივად. მარა თვითონ ქარხანამ...
-    ანუ, ფასები კომპანიამ უნდა ასწიოს?
-    1 კგ. ყურძენი 35 კაპიკად ბარდება, სად მიაქვთ ეს ამდენი ყურძენი? რომ ამბობენ, რუსეთში არ გადისო... გუშინ შეიძლება ცოტა მეტი გადიოდა, დღეს ცოტა ნაკლები გადის, მაგრამ მაინც გადის... ვისაც უნდა გატანა, გადის. რუსეთი რომ შიგადაშიგ ბრაკავს ამ ღვინოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხდება ფალსიფიკაცია. 
-    თქვენი აზრით მევენახეების უკმაყოფილებას გაითვალისწინებენ?
-    ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობაზე. რთული საკითხია, შევხედოთ. როგორც არ უნდა იყოს, უნდა გვჯეროდეს იმის, რომ უკეთესი სახელმწიფო გვექნება. 
-    თუ 2016 წელიც მოსავლიანი იქნება, რა ბედი უნდა ეწიოს ჭარბ ყურძენს?
-    უნდა გავხსნათ რუსეთის საზღვარი. ისეთი დიდი ბაზარია, ისეთი დიდი მოთხოვნილება აქვს რუსეთს, რომ საერთოდ საზღვარი რომ არ იყოს... საბჭოთა კავშირის დროს საქართველოსთვის რა დონე იყო? 
დღეს რაზე მუშაობს საქართველო, ძირითადად - ტურიზმი და სოფლის მეურნეობა... ორი კვირის წინ გერმანიაში ვიყავი და იქ 1 ბოთლი ღვინო ღირს 59 ცენტი, ყველაზე კარგი ღვინო ღირს 1 ევრო და 99 ცენტი. რომ ამბობენ, ქართული ღვინო ევროპაში უნდა გავიტანოთო, როგორ უნდა წაიღონ, ვის უნდა წაუღონ? ტრანსპორტირება დაუჯდებათ მარტო ეგ თანხა. ანუ, ხალხს ატყუებენ...
-    თქვენ ბიზნესმენი ბრძანდებით...
-    დიახ.
-    ბიზნესის ოქროს წესია მოთხოვნა-მიწოდება. თუკი რუსეთის ბაზარზე დაიკლო მოთხოვნამ, როგორ უნდა შეძლონ ბიზნესმენებმა, რომ თქვენთვის მისაღებ, მაღალ ფასად ყურძენი შეიძინონ?
-    როგორც ვთქვი, საზღვარი უნდა გაიხსნას, რომ გასავალი ჰქონდეს. მარა თბილისშიც, ღვინის მაღაზიაში რა ღირს ბოთლი ღვინო? 
-    დაახლოებით, 6 ლარიდან იწყება.
-    ჰო, ეგეც ისეთი ღვინო, რომ არ გაეკარები. რა უფლებით ყიდულობენ 25 კაპიკში და ყიდიან ასე ძვირად? რატომ არ აკეთებენ ისე, რომ ხალხმა ცოტა ამოისუნთქოს? რატომ უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები ამაზე? მე რომ საქართველოში ჩამოვედი, პირველად ვიკითხე, თუ შეიძლება ღვინის ქარხნის გაკეთება-მეთქი. მითხრეს, არ არის პრობლემაო. მე თუ 25 კაპიკად მივიღებ ყურძენს და 6 ლარად, მინიმუმ, გავყიდი, კარგით, რა...
-    ანუ, შემოსავლიანია მეღვინეობა?
-    თქვენ თვითონ გამოთვალეთ. 
-    გაისად ხომ არ დააყენებდით ღვინოს და ღვინის ბიზნესს ხომ არ ამჯობინებდით?
-    არ ვიქნებოდი წინააღმდეგი... მე როგორც მითხრეს, დაახლოებით, 2 მლნ უნდა, რომ დიდი ქარხანა არ იყოს და ის რაიონი რომ დაკმაყოფილდეს. ხომ იყო ნაფარეულის ქარხანა... რატომ არ შეიძლება, დაიდგას ისევ და იყოს სახელმწიფო ქარხანა. იყოს იმის დირექტორი, ან წარმომადგენელი, რომელიც ამას მიაქცევს ყურადღებას და პასუხისმგებლობა ექნება. 

 

შოთა ხიზანიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბუშეტი

-    რას ფიქრობთ ყურძნის ფასებზე?
-    რას უნდა ვფიქრობდეთ, დაბალი ფასებია. 
-    რას ფიქრობთ, სად არის პრობლემა?
-    პრობლემა, როგორც აცხადებენ, მაგაში არის, რომ მოსავალი მოვიდა ძალიან უხვიო. ხომ შეიძლება, კარგი მოსავალი ყოველ წელს მოვიდეს და ყოველ წელს დაბალი უნდა იყოს ფასები? ეკითხებოდნენ ტელევიზიაში, ერთი ბოთლი ღვინო რა გიჯდებათო და არავინ პასუხი არ გასცა გლეხს. მევენახეს დაუთვალეს - 30 თეთრი გიჯდებათ ერთი კგ ყურძნის მოყვანა და კიდევ 30 თეთრი - გრჩებათო, 100 % მოგებაში ხართო. აბა, გვნახონ, რამდენია ხარჯი. ტრანსპორტის ხარჯი, მუშის ხარჯი, შხამ-ქიმიკატების ხარჯი. ძალიან ბევრი ხალხია, ვინც ამბობს, რომ ან გავყიდი ვენახს, ან გავჯაგავო.
-    გამოსავალი რა არის აქედან, თქვენ რას ფიქრობთ?
-    უნდა დასხდნენ სპეციალისტები და მოილაპარაკონ საშუალო ფასზე. იმაზე, რაც არის რეალური ფასი, აგერ, გამოსვლები იყო გურჯაანის რაიონში. არავინ არ მიაქცია ყურადღება და რა ქნას ხალხმა, გაჩერდნენ. ნახეთ ყურძნის ხარისხი! 60 თეთრად აბარებენ! 60 კაპიკი ჩემს ბავშვობაში იყო, მე მახსოვს. 
-    თუკი თქვენ ამბობთ, რომ ყურძნის ბიზნესი იმდენად შემოსავლიანი აღარ არის, როგორ მოიქცევა მევენახე, თქვენი აზრით? აჩეხავს ვაზს, სხვა კულტურებით ჩანაცვლებს, მეღვინეობას დაიწყებს, თუ რას იზამს?
-    უბედურებაც მაგაშია, რომ წინასწარ ვერ გაიგებ, რას უნდა მიჰყო ხელი. საზამთროს დათესავ და მოიყვან, პირველ წელიწადს შეიძლება, იმდენი ფული იშოვო, აყვავდები. მეორე წელიწადს შენი შემხედვარე სხვებიც დათესავენ და ჩავარდება! დარჩები ისე. თანაც, ყურძენი ესე ადვილად კი არა, მეხუთე წელიწადს გაძლევს მოსავალს. რამდენი შრომა უნდა ჩაყარო, მოიყვანო ვაზი, მართლა, შვილივით ზარდო და აღარ მოგცემენ ფულს, მიდგე, გაკაფო და მოსპო... ადვილი ხომ არ არის?!
-    რა უშლის ხელს მევენახეებს, რომ ყურძენი ღვინოდ დაწურონ, ღვინოდ გაყიდონ?
-    გლეხს არც ბაზარი არა აქვს, არც პირობები არა აქვს, იმიტომ, რომ ხარისხიანი ღვინო რომ დაამზადო, ის რკინას არ უნდა შეეხოს, უჟანგავში უნდა იყოს და ეს გლეხკაცს არ გააჩნია. ის რომ იყიდო და ბაზა შექმნა, 1 მლნ ალბათ, პირს არ მოგწმენდს. 1 მლნ რომ დააბანდო, მერე ამათი ფასებით როდის გაისტუმრებ იმას...
-    ხომ არ გისარგებლიათ რომელიმე სახელმწიფო პროგრამით? მაგალითად, აგროდაზღვევით, იაფი კრედიტებით...
-    იაფი კრედიტებით 36 %-დან დაიწყებენ, 39-მდე აგიყვანენ და მერე უნდა ინანო მთელი ცხოვრება, თუ კრედიტი აიღე, დარჩები უსახლკაროდ.
-    სახელმწიფომ განაცხადა, რომ დააფინანსებს კოოპერატივებს, თქვენი აზრით, გაამართლებს თქვენში ეს პროექტი?
-    არ გაამართლებს. იმიტომ, რომ ამ ქარხნებს ინფრასტრუქტურა უკვე აქვთ, შენ სანამ შექმნი, წაგართმევენ... ამათ რაოდენობა, ტევადობა მეტი აქვთ. ეს შენი მცირე სად უნდა გაიტანო? 
-    ღვინის გაყიდვა გიცდიათ?
-    მიცდია. ბათუმში მეგობარი მყავს და ვუთხარი, ფართი იშოვე და საუკეთესო ღვინით მოგამარაგებ-მეთქი. არ გაიყიდებაო, ისევ დაბალი ხარისხის, გაკეთებული ღვინო ურჩევნიათო - ასე მითხრა. 

 

ილო სვიმონიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნაფარეული

-    ღვინის დაყენება 1994 წელს დავიწყე. მაშინ მარტო ერთი თურქული ლუდი იყო, „ასტიკა“. 30 ტ. ღვინოს ვყიდიდი შინ, სახლიდან გარეთ არ გავსულვარ. 1994-დან 2003 წლამდე. სააკაშვილის დროს შემოვიდა ლუდი და იმის მერე ჩემთან ღვინო აღარ გაყიდულა.

---------------------------------------------------------------------------------------------

როგორც აღვნიშნეთ, მოცემული დიალოგები დარგობრივი პრობლემების საკმაოდ ზუსტი  რეპრეზენტაციაა. თითოეულ პრობლემას საკმაოდ რთული აგებულება შეიძლება ჰქონდეს, სხვადასხვა მხარეს (მევენახე, კომპანია, სახელმწიფო) მდგომი ინდივიდებისა და უწყებების პასუხისმგებლობებით, თუმცა პირველ რიგში, ეს არის ერთგვარი მოცემულობა, გამოწვევა, რომელიც 2016 წლის რთველის დადგომამდე სათანადო შეფასებასა და მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



გერმანიაში ვცხოვრობ ცხრა წელია და ღვინო 59 ცენტად არსად მინახია. აქ კაი ღვინის ფასი 6 ევროდანაა და ზევით. ჩემის აზრით სახელმწიფოს ბრალია და ბრალი იმაშია რომ სამეურნეო განათლებაში უნდა ჩადოს ფული და არა სუბსიდირებაში. ასწავლონ გლეხს ის როგორ უღირს გერმანელ, იტალიელ მეღვინეს ღვინის წარმოება. ჩაუტარონ ტრეინინგები. კონკრეტული საქმეები გვჭირდება და არა გლობალური რუსეთი და საქართველოს ბიუჯეტი...


ალექსანდრე მადლობთ რომ ეგ კომენტარი დაწერეთ. სამწუხაროდ გერმანელებთან ახლოსაც ვერ მივალთ, არა ჩვენი ტრადიციით და კულტრით არამედ მთავრობის შეგნებით, თუ რა ფუნქცია აქვთ მათ ქვეყნის წინაშე. ჩამოყალიბებულია აზროვნებითი ტრადიცია რომ საკუთარ მოსახლეობას უნდა ავნონ, უნდა უგულვებელყონ. ეს ისეთ ჩვევადაა ქცეული მისი ამოძირკვა ვერ ხერხდება. ეხლა შევხედოთ რას წერს თვითონ ამ სტატიის ავტორიც: "ბუნებრივია, რომ მევენახეების, როგორც პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოს მოქალაქეების, დიდი ნაწილი პრობლემების (მათ შორის, თვით, ტექნიკური ხასიათის პრობლემების) მართვას ცენტრალიზებულად მოელის, თუმცა, ეს, ალბათ, საშუალო განათლების საფეხურზე გადასაჭრელი პრობლემაა, რაც, იმედია, მათი შვილიშვილებისა და უფრო მომდევნო თაობების რეფორმირებულ სკოლაში დაიძლევა, უნარ-ჩვევებსა და პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალებით." ეს ხომ აბსოლუტური უვიცობაა. ჟურნალისტია ამ აზრის თუ უაზრობის ავტორი თუ ვინ არის? მეღვინე? ვაი ჩვენს პატრონს. რამდენი საქმეა საქართველოში და რამდენი დაუსაქმებელი!


Anonimous - მე გახლავარ ქეთო ნინიძე, განათლებით, ფილოლოგი, ამჟამად, ღვინის ჟურნალისტი. თქვენი კომენტარი კიდევ ერთი მტკიცებულებაა მიერ მოყვანილი ამონარიდის ჭეშმარიტებისა. :):)


ვთავაზობდით და ვთავაზობთ თანამშრომლობას ყველა გლეხს ვისაც კარგი ხარისხის ყურძენი მოყავს და უნდა ხარისხიანი ღვინო აწარმოოს და გაყიდოს, თანამონაწილეობას, პარტნიორობას - რაც გინდათ ის დაარქვით. თუ გსურთ ხარისხიანი ღვინო აწარმოოთ და თვლით რომ თქვენი ყურძენი 60 თეთრზე მეტს იმსახურებს, 1 მილიონი არაა საჭირო, ვითანამშრომლოთ და ერთად ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო, ერთად გავყიდოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე და ძმურად გავიყოთ მოგება. შატო თელავის დირექტორი: დავით კორახაშვილი ჩემი მეილია: datokora@gmail.com ტელ: 2184848


shato telavi bio yurdzensac chaibarebt?tu bio vino errata vawarmoot?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული