Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აპოლონ კერესელიძე - „ღვინის სოფელი“ და მეღვინე სოფელ ძირაგეულიდან

აპოლონ კერესელიძე: რაჭაში, თუკი კაცი არ იზარმაცებს, გაჭირვებაში ნამდვილად არ იქნება

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტის პატარა სოფელ ძირაგეულში მცხოვრები მევენახე-მეღვინე აპოლონ კერესელიძე ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით, „ღვინის კლუბისგანხორციელებულ პროექტღვინის სოფელსრაჭიდან შეურთდა. აპოლონს უკვე აქვს ჰექტარნახევარი მოცულობის მამაპიპისეული მსხმოიარე ვენახი, სადაც გაშენებულია: ალექსანდროული, რაჭული თეთრა და მწვანე. ასევე მის მფლობელობაშია 2 ათასი კვადრატულ მეტრზე გაშენებული ახალშენი რაჭული მწვანე და პარტნიორ მეღვინე ილია მენაბდესთან ერთად სამომავლო გეგმებიც დიდი აქვს.

მევენახე-მეღვინე ღვინოს უკვე ასხამს, თუმცა ჯერჯერობით მაინც ყურძნის გაყიდვაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომაც იმედი აქვს, რომ პროექტ „ღვინის სოფელში“ ჩართვა მას დაეხმარება მთელი მოსავალი ღვინოდ აქციოს. ბატონ აპოლონს ასევე გადაწყვეტილი აქვს ააშენოს ახალი მარანი, სადაც ღვინოს ძველი (დაახლოებით 200 წლის) თხილის საწნახელის და უჟანგავი ფოლადის ავზების გარდა, ტრადიციულ ქართულ ქვევრებშიც დააყენებს.

აპოლონ კერესელიძე, მევენახე-მეღვინე, „კერესელიძეების მარანი“: „კერესელიძეების გვარში ჩვენს შტოს „მიკიტნებს“ ეძახდნენ. მიკიტანი ალბათ ყველამ იცის რაც არის და შეიძლება ითქვას, რომ მუდამ ღვინოსთან ვიყავით დაკავშირებული. ძველები ამბობდნენ, რომ სოფელ ძირაგეულში ვენახები სულ ოთხ ოჯახს ჰქონდა და მათ შორის მუდამ იყვნენ ჩემი წინაპრები. ჩვენი ძველი საწნახელი ორ საუკუნეს მოითვლის და ის ახლაც მუშა მდგომარეობაშია. როდესაც ამ საწნახელს ვუყურებ, ვგრძნობ რას ნიშნავს აგრძელებდე წინაპრის საქმეს. რაც მახსოვრობა მაქვს, სულ ვენახში ვარ და სულ ვენახში ვტრიალებ. ასე იყო მამაჩემიც, ბაბუაჩემიც და იმის ბაბუაც...

- თქვენს ღვინოზე და ზოგადად რაჭულ ღვინოზე რას გვეტყით?

- ყველას თავის კუთხის ღვინო მოსწონს და ეს გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ რაჭული მაინც გამორჩეული და განსაკუთრებულია. ამას გარდა რაჭული ღვინო საერთო მიცულობით ძალიან ცოტაა (თუნდაც კახური ღვინისგან განსხვავებით) და რაც ცოტაა, ყველას აინტერესებს. მე, როგორც რაჭველს, ცხადია ჩვენებური ღვინო მიყვარს, თუმცა ბევრი ქართველის მსგავსად ნახევრადტკბილს (ჩვენში როგორც წესი ასეთ ღვინოს აყენებენ) მაინც მშრალი მირჩევნია.

- როგორც ვიცით, მევენახეობა-მეღვინეობას ათწლეულებია მისდევთ. რაჭაში დაფასებულია თქვენნაირი კაცის შრომა?

- ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, როდესაც აქ, რაჭაში, დიდ ღვინის ქარხანაში დავიწყე მუშაობა. ღვინის ქარხანას თავისი ვენახებიც ბევრი ჰქონდა და კოლმეურნეობებიდანაც ბევრ ყურძენს იბარებდნენ. ზოგიერთი კი იძახის, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში რიგითი ადამიანები უკეთ ცხოვრობდნენო, მაგრამ რაჭის მაგალითზე ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას. წარმოიდგინეთ, ადამიანი მუშაობდა კოლმეურნეობაში ან ღვინის ქარხანაში, მოჰყავდა ყურძენი ან აყენებდა უნიკალურ ღვინოს და მხოლოდ კაპიკებს უხდიდა სახელმწიფო. დღეს რა შედარებაა?! ჩვენს ყურძენს მშვენიერი ფასი აქვს და თუკი კაცი არ იზარმაცებს, გაჭირვებაში ნამდვილად არ იქნება. სხვა კუთხეებში არ ვიცი როგორაა, მაგრამ რაჭაში გლეხი მევენახეობა-მეღვინეობით შეიძლება მილიონერი ვერ გახდეს, თუმცა ღარიბი არ იქნება და შეძლებული ადამიანი ნამდვილად შეუძლია იყოს. ეს არაა უმნიშვნელო ამბავი.

- ბოლო წლებში მთელს მსოფლიოში სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილებამ ძალიან შეცვალა ყურძნის მოსავლისა და ღვინის ხარისხი. რაჭაშიც ასეა?

- კლიმატის ცვლილება რეალური პრობლემაა და ამას მევენახეები ყველაზე კარგად ვხედავთ. აი მაგალითად, რთველი რომ ავიღოთ. ადრე არ არსებობდა რაჭაში რთველი 20-25 ოქტომბერზე ადრე დაწყებულიყო, ახლა კი 1-5 ოქტომბერს რთველი ტარდება და ეს არავის უკვირს. თუმცა ვფიქრობ ყურძნის და შესაბამისად, ღვინის ხარისხზე კლიმატის ცვლილებებს დიდი გავლენა არ მოუხდენია.

- რაჭველი მევენახეებისთვის დღეს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?

- საბჭოთა კავშირის პერიოდში ყურძნის ხარისხს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. მთავარი იყო რაოდენობა. სამწუხაროდ, ეს ცუდი ტრადიცია ახლაც გრძელდება. ბევრი დიდი კომპანია არის ყურძნის დატაცებაზე ორიენტირებული. მათთვის მთავარია ყურძენი იყიდონ, ამის ამსახველი საბუთი ჰქონდეთ, მერე დიდი რაოდენობით დაწურონ და გაყიდონ. ხარისხი არავის ადარდებს. ეს ძალიან აფუჭებს საქმეს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ჩააბარა ერთი ტონა ყურძენი და მიიტანა სამი ტონის ჩაბარების ცნობა. ეს იწვევს შემდეგში ფალსიფიკაციას და აგდებს ღვინის ხარისხს, რაც პატიოსან მევენახე-მეღვინეებს გვაზარალებს და ვფიქრობ ამ პრობლემას დროულად ჭირდება მიხედვა.

- ისევ თქვენს ვენახებს და ჭურ-მარანს რომ დავუბრუნდეთ, ამჟამად რა რაოდენობის ყურძენს აწარმოებთ და რამდენ ღვინოს აყენებთ?

- ამ ეტაპზე ჯერჯერობით სულ მომყავს 10 ტონა ყურძენი. როგორც ვატყობ, თეთრ ყურძნზე ძალიან იზრდება მოთხოვნა და ვაპირებ რომ გავაშენო ახალი ვენახი. ვფიქრობ სულ 2.5 ჰექარი მსხმოიარე ვენახი რომ მქონდეს, შევძლებ მის სათანადოდ მოვლას. წითლებიდან სულ დაახლოებით 7 ტონა ალექსანდროული მომდის, რაც არაა ცოტა და თუკი გარემოებებმა არ შემიშალა ხელი, რაჭული თეთრას ვენახების გაშენებაც უნდა დავიწყო.

ჩემი ვენახები ძირითადად დაბლარია. მათ შორის ალექსანდრული არის 60%, რაჭული მწვანე 25%, დანარჩენი 15% რაჭული თეთრაა. ჩემს მარანში თეთრი ყურძენი დუღდება თხილის საწნახელში, წითელი კი უჟანგავი ფოლადის ავზებში. წელს დაგეგმილი მაქვს 1600 ბოთლი ღვინის ჩამოსხმა, თუმცა მეტის პოტენციალი გვაქვს და ვფიქრობთ მეღვინეობის კუთხით განვითარებას. შარშან 5 ტონა ალექსანდროულის ჯიშის ყურძენი ჩავაბარეთ (კილო 7 ლარად).

- რატომ ჩაერთეთ და რას მოელით პროექტღვინის სოფელი“-სგან?

- ცოდნა, რასაც „ღვინის სოფლის“ შეხვედრებით და ტრენინგებით ვიღებთ - შეუფასებლად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რაჭველებს არა გვაქვს ისეთ ხალხთან ხშირი ურთიერთობის ფუფუნება, როგორ ექსპერტებსაც ეს პროექტი გვთავაზობს და ვფიქრობ ეს ყველასთვის გამოსაყენებელი რესურსია. სწორედ „ღვინის სოფლის“ რჩევებით და დახმარებთ ვაპირებთ მომავალში სხვადასხვა მასტერკლასების გაკეთებას. გეგმაში გვაქვს ახალი მარნის აშენება და ძალიან გვინდა სულ მალე სტუმრები ახალ მარანში მივიღოთ“.

პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა ორი ტური სამიზნე სამ რეგიონში (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული