Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩხავერი მეწყერის წინააღმდეგ

ალეკო ცქიტიშვილი


სოფლის მეურნეობაში ერთწლიანი კულტურების მასობრივი გამოყენება – ნიადაგის ეროზიას, მთიან რაიონებში კი მეწყრული მოვლენების განვითარებას უწყობს ხელს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) გადაწყვიტა, ბუნებრივ კატასტროფებს მრავალწლიანი კულტურების გაშენებით ებრძოლოს. ამ მიზნით, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში საპილოტე პროექტები ხორციელდება. აჭარაში, კერძოდ – ქედის მუნიციპალიტეტში, CENN–მა ვაზის უნიკალური ქართული ჯიშის, ჩხავერის გაშენება გადაწყვიტა. ამ კონკრეტულ პროექტში ღვინის კლუბი და ქართული ვაზის ფონდიც მონაწილეობს.
29-31 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოეწყო ექსპედიცია, CENN-ის ღვინის კლუბისა და ქართული ვაზის ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ექსპედიციის მიზანი იყო ისეთი სოფლის შერჩევა, სადაც ერთი მხრივ, მეწყრული მოვლენების განვითარების რისკი არსებობს, მეორე მხრივ, კი ხალხი დაინტერესებულია მევენახეობა–მეღვინეობით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ უნდა მოგვეძებნა ისეთი ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ნაკვეთებში ჩხავერის გაშენების სურვილი ექნებოდათ.

რატომ მაინცდამაინც ჩხავერი?

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის კოორდინატორის, ღვინის კლუბის წევრის, რეზო გეთიაშვილის თქმით, ბოლო წლებში ჩხავერი აჭარაში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვაზის ჯიში გახდა. 1 კგ ჩხავერის ყურძენი შემოდგომაზე 4–5 ლარად იყიდება. ჩხავერის ბუმი რეგიონში შპს „აჭარული ღვინის სახლის“ მიერ ჩხავერის ღვინის წარმოებამ გამოიწვია. შეიძლება ითქვას, ეს კომპანია ყოველ შემოდგომაზე კარდაკარ ეძებს ჩხავერის ყურძენს და ფაქტობრივად, მთლიანად იბარებს იმ რაოდენობას, რასაც გლეხები ჩასაბარებლად იმეტებენ.
„ჩხავერის ყურძენი არც ისე ბევრია, რის გამოც „აჭარული ღვინის სახლი“ ღვინოს შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს. ჩვენი პროექტით გვინდა, ვაზის ამ უნიკალურ ჯიშს გავუწიოთ რეკომენდაცია და გავზარდოთ მისი ვენახების ფართობები. ამ გზით, ვაზის ერთი კონკრეტული იშვიათი ქართული ჯიში გამრავლდება და გადაშენების საფრთხე აღარ დაემუქრება. მეორე მხრივ კი, პროექტის მთავარი მიზანია, გლეხებს ავუხსნათ, რომ ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონაში ფერდობებზე ვენახის გაშენება საუკეთესო გამოსავალია მათი საცხოვრებელი გარემოს დასაცავად“, – ამბობს რეზო გეთიაშვილი.
ექსპედიცია 29 მარტს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დონარა სურმანიძესთან სამუშაო შეხვედრით დაიწყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ჩხავერის ჯიშის ნერგები სანდო სანერგედან იყოს წამოღებული, რათა სამი წლის შემდეგ, როცა ვაზი ნაყოფს დაისხამს, მევენახეებს ხელში გაურკვეველი ჯიში არ შერჩეთ. დონარა სურმანიძის თქმით, სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობების შექმნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ–ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით დაარსდა აგროსერვისცენტრი, რომლის ბაზაზეც რამდენიმე თვეში ვაზის, ციტრუსებისა და ხილ–კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობები მოეწყობა. ამის შემდეგ სამინისტრო უფრო აქტიურად შეძლებს დაეხმაროს მოსახლეობას არა მარტო ჩხავერის, არამედ ნებისმიერი ვაზის ჯიშის გაშენებასა თუ მოვლა–პატრონობაში.
ვინაიდან აჭარაში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობები ჯერჯერობით  არ არსებობს, ექსპედიციის გრაფიკში შედიოდა რამდენიმე კერძო მყნობელის ნახვა, მათი სანდოობის შესწავლა და კონკრეტულ პროექტში მონაწილეობაზე მოლაპარაკება. CENN–ის რეგიონალურ წარმომადგენელს, ილია გუჩმანიძეს ქედის მუნიციპალიტეტში უკვე ჰქონდა წინასწარი დაზვერვითი სამუშაო ჩატარებული. მან იცოდა ერთი–ორი კერძო მყნობელის ვინაობა, რომლებსაც ოჯახის სათბურის პირობებში ჩხავერის ჯიში გამოჰყავთ და მეტ–ნაკლებად სანდო სახელი აქვთ. თუმცა, მათთან საუბრისას საბოლოოდ დავადგინეთ, რომ 1000–1500 ძირი ჩხავერის ნერგის გადმოცემას ამ გაზაფხულისთვის ვერ მოახერხებდნენ.

მერისი – აჭარის მევენახეობის ოაზისი

პარალელურად ვეძებდით სოფელს, სადაც მეწყერსაშიშ ადგილებში ჩხავერის გაშენება და შემდგომში მევენახეობის განვითარება იქნებოდა შესაძლებელი. ამ დროს, ვხელმძღვანელობდით ცნობილი ამპელოგრაფის მაქსიმე რამიშვილის წიგნით „გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები“, სადაც მევენახეობის თვალსაზრისით, პერსპექტიულად არის მიჩნეული ქედა-ზვარეს, დანდალო-ცხმორისის, ქედა-პირველი მაისისა და მერისის ზონები. ძირითად მიკრორაიონებად გამოყოფილია: აჭარისწყლის ხეობაში - პირველი მაისი, აგარა, ზენდიდი, ქედა, ზესოფელი, ვაიო, ზვარე, ცხმორისი, დანდალო; მერისის ხეობაში - ალიქოღლები, სიხალიძეები, მეძიბნა.
შერჩევის პროცესში გამოიკვეთა, რომ აჭარაში ჩხავერი საკმაოდ კარგად არის გავრცელებული. შესაძლოა, ამდენი რაოდენობით ჩხავერი დღესდღეობით გურიაშიც კი არ იყოს. ყველა ავტორიტეტული ამპელოგრაფი ჩხავერს გურიის ჯიშად თვლის. თუმცა, აჭარაში ბევრგან გეტყვიან, რომ „ნამდვილი ჩხავერი აჭარულია და გურულებმა აქედან წაიღეს“. სხვადასხვა სოფლებში თითქმის ყველა ოჯახში ვნახეთ რამდენიმე ძირი ჩხავერი. სოფელ მერისში კი ჩხავერის მივიწყებული ოაზისი აღმოვაჩინეთ.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი მერისი ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს. იგი მერისის თემის ცენტრია. თემში კიდევ რამდენიმე პატარა სოფელია გაერთიანებული: გუნდაური, სილიბაური, ინაშარიძეები, გარეტყე, ნამონასტრევი, სიხალიძეები. CENN–ის, ღვინის კლუბისა და ქართული ვაზის ფონდის გადაწყვეტილებით, ჩხავერის გასაშენებლად სწორედ მერისის თემი შეირჩა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მერისში კარდაკარ ვიარეთ და ვესაუბრეთ მევენახეებს, რომლებსაც ვაზის მოვლის დიდი გამოცდილება აქვთ. დავადგინეთ, თითოეული მათგანი რამდენი ნერგის გახარებას და გაზრდას შეძლებდა. საბოლოოდ, ორდღიანი მუშაობის შემდეგ, 40–კაციანი სია შევადგინეთ. ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარა მერისის თემის რწმუნებული, როლანდ წითელაძე. მან პირადად გაგვიწია მეგზურობა და სათითაოდ გაგვაცნო ის ადამიანები, რომლებიც მევენახეობას მისდევენ და ვაზის განსაკუთრებული სიყვარული აქვთ. ზოგიერთ მათგანს „მარანის“ შემდეგ ნომრებშიც გაგაცნობთ, როცა აჭარის მევენახეობა–მეღვინეობის პერსპექტივებზე ვისაუბრებთ.   
მერისელებს ძირითადად ჩხავერი და ცოლიკოური აქვთ გაშენებული. მხოლოდ ერთ გლეხთან, ემზარ დოლიძესთან აღმოვაჩინეთ წარსულში საკმაოდ კარგად გავრცელებული აჭარის აბორიგენული ვაზის ჯიში, საწური. ნუგზარ შარაძესთან კი ვიპოვეთ ერთი ძირი პოვნილი. ადგილობრივების გადმოცემით, მერისში ასევე შესაძლებელია შეგხვდეთ ხოფათური და ცხენისძუძუ. ხოლო ისეთი აჭარული ჯიშების შესახებ, როგორიცაა ბროლა, ბუტკო, მისკიეთა, ჭიპაკური, ალმურა, მეკრენჩხი და სხვა, მერისელებს არაფერი სმენიათ.
 საბჭოთა პერიოდში მერისი აჭარის მევენახეობა–მეღვინეობის ერთ–ერთი ძლიერი ცენტრი იყო. სოფლის ფერდობებზე თითქმის ყველგან საკოლმეურნეო ზვრები იყო შეფენილი. გამოიყენებოდა სამი ძირითადი ჯიში: ჩხავერი, ცოლიკოური და ალიგოტე. აჭარის აბორიგენულ ჯიშებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამპელოგრაფები თავიანთ შრომებში მათ გამრავლებას საშურ საქმედ მიიჩნევდნენ. ამჟამად, ყოფილი საკოლმეურნეო ვენახები თითქმის მთლიანად განადგურებულია. მათ ნაცვლად ფერდობებზე სიმინდი ითესება, ზოგან კი – ბოსტნეული. ერთწლიანმა კულტურებმა მერისში მეწყრული მოვლენების პროვოცირება გამოიწვია, რადგან სიმინდისა და ბოსტნეულის არამდგრადი ფესვები ნიადაგის შემაკავებელ ფუნქციას ვერ ასრულებს. ამავე დროს, ბოსტნეულის ხშირი რწყვა ნიადაგში წლის ჩადგომას და მეწყრის გაჩენას იწვევს.
ეროზირებული ნიადაგები და მეწყრული პროცესები განსაკუთრებით თვალსაჩინოა მერისის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკოლის დირექტორმა ბეჟან ბეჟანიძემ სკოლის ეზოში გასაშენებლად 50 ძირი ჩხავერის გამოყოფა გვთხოვა. აქვე აღვნიშნავთ, რომ მერისში და თითქმის ყველგან, სადაც კი ვენახები ვნახეთ, ჩხავერი ოლიხნარზე ან მაღლარზე აქვთ ფორმირებული. შესაბამისად, 50 ძირი ჩხავერი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს და მოსავალსაც ბევრს იძლევა. მაგალითისთვის, დანდალოს მკვიდრი, მერაბ ხალვაში 27 ძირ ჩხავერზე 1,5 ტონა ყურძენს კრეფს. ეს იმ პირობებში, როცა ვაზის ასაკი 8 წელს არ აღემატება. ასაკთან ერთად მოსავლის რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

ნერგები

ექსპედიციის ბოლო დღეს, როცა უკვე ვიცოდით, რამდენი ნერგი გვჭირდებოდა პროექტისთვის, „აჭარული ღვინის სახლის“ დირექტორის, მალხაზ მახარაძის რჩევას მივენდეთ და სოფელ ვაიოში აგრობიოლოგ თეიმურაზ გორგილაძეს ვესტუმრეთ. იგი ვაიოს მკვიდრის, ლადო შავიშვილის სანიმუშოდ მოვლილ ვენახში გავიცანით, სადაც ჩხავერის ნერგების გამოსაყვანად საკვირტე მასალას საკუთარი ხელით აგროვებდა. როგორც გვითხრა, ამ საქმეში იგი არავის ენდობა.
„ბედად, ერთ–ერთმა კომპანიამ სწორედ ახლა შემიკვეთა ჩხავერის 10 000 ნერგი. საკვირტე მასალა იმდენი მაქვს შეგროვებული, რომ თქვენთვის გარანტირებულად შემიძლია კიდევ 1500 ნერგის დამზადება. მეტს ვერ შეგპირდებით“, – გვითხრა თეიმურაზ გორგილაძემ, რომელსაც ჩხავერის ნერგები „მწვანე ნერგის“ მეთოდით გამოჰყავს. ასე დამზადებული ნერგები ზაფხულში ირგვება და ზრდაში მალევე ეწევა ტრადიციული მყნობის მეთოდით გამოყვანილ ერთი წლის ნერგებს.
თეიმურაზ გორგილაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელია და ძირითადად, ამპელოგრაფიის მიმართულებით მუშაობს. ვაზის ჯიშების მცოდნე კომპეტენტური მეცნიერები – ამპელოგრაფები საქართველოში ბევრნი არ არიან. მათ წრეში თეიმურაზ გორგილაძეს კარგად იცნობენ. სწორედ მის მიერ არის გაშენებული „აჭარული ღვინის სახლის“ ჩხავერის სადემონსტრაციო ვენახი. მევენახეობის გარდა, მეღვინეობაშიც წარმატებული ნაბიჯები გადადგა. 2010 წელს ბათუმის ოჯახური ღვინოების ფესტივალზე სამნაირი „ჩხავერი“ წარადგინა და ნამდვილი სენსაცია მოახდინა – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები სწორედ მისმა ღვინოებმა მიიღეს.
თეიმურაზ გორგილაძე დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო CENN–ის პროექტში და დაგვპირდა, რომ გლეხებს პირადად გაუწევს კონსულტაციებს ნერგების დარგვის, გახარებისა და ვენახის მოწყობის წესების შესახებ. ვინაიდან ჩხავერის გაშენება და მოვლა სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს, პროექტის ფარგლებში მცირე საინფორმაციო მასალების დაბეჭდვა და მევენახებისთვის დარიგებაც გადაწყდა.


© ღვინის კლუბი/Weekend



შუახევის მატყუარებზე თუ მოიძიე რამე


გარკვეული ინფორმაცია მოვიძიე. როგორც გავიგე, შუახევში ეგ სანერგე შეიქმნა ერთ-ერთი ტენდერის საფუძველზე. ტენდერის პირობა იყო, რომ შექმნილიყო ჯანსაღი და უვირუსო სერტიფიცირებული ნერგების გამოსაყვანი სანერგე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული