Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლუის ბუნუელი - ჩვეულებრივი სიამტკბილობანი

ნაწყვეტები მოგონებათა წიგნიდან
 
ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ბარებში მაქვს გატარებული. ბარი - ის ადგილია, სადაც შეიძლება მიეცე ფიქრს, მოიკრიბო სულიერი ენერგია, აღივსო ახალი შთაბეჭდილებებით... ახლა, ამ საუკუნესავით ბებერი, სახლიდან აღარ გამოვდივარ, ვზივარ ჩემ პატარა ოთახში და ვიგონებ საყვარელ ბარებს.
ახლავე უნდა ვთქვა, რომ ბარი განსხვავდება კაფესაგან. ვთქვათ, პარიზში კარგ ბარს ვერ იპოვით, სამაგიეროდ ეს ქალაქი სავსეა შესანიშნავი კაფეებით. კაფეები, ტერასები და თამბაქოს კიოსკები რომ არა, პარიზი ატომისაგან განადგურებულ ქალაქს დაემგვანებოდა.
სიურეალისტები უმეტესად კაფე “სირანოში” იკრიბებოდნენ. ასევე მიყვარდა “სელექტი” ელისეს მინდვრებზე. მონპარნასის ბულვარზე “ლა კუპოლის” გახსნაზეც ვიყავი მიწვეული მან რეისთან და არაგონთან ერთად. ყველას ვერ ჩამოვთვლი, უბრალოდ, ვიტყვი, რომ კაფე ჩემში იწვევს დისკუსიების, ხმაურიანი გარჩევების, ლამაზის ქალების ასოციაციას.
ბარი კი პირიქით, მარტოობის სავარჯიშოა. პირველ რიგში, ის უნდა იყოს წყნარი, საკმაოდ ჩაბნელებული და მყუდრო ადგილი, სადაც შორიდან მომავალი ნელი მუსიკის ჰანგებიც კი შეიძლება აღაკვეთინო (დღეს გავრცელებული ჩვევებისაგან განსხვავებით).
მადრიდში მომწონდა სასტუმრო “პლასასთან” მდებარე ბარი, ასევე ბარი “ჩიკოტე”, რომელთანაც ბევრი მოგონება მაკავშირებს. თბილად მახსენდება ნიუ-იორკისა და მეხიკოს ბარებიც...
ახლა დროა, სასმელზე გადავიდეთ. თუმცა, ამ თემაზე ისე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, ვშიშობ, თავი არ მოგაწყინოთ.
ყველაზე უფრო ღვინო მიყვარს, განსაკუთრებით წითელი. საფრანგეთში ნახავთ როგორც კარგ, ისე ცუდ ღვინოსაც. ძალიან ვაფასებ ესპანურ “ვალდეპენიასს” და “იეპესს”. იტალიური ღვინოები არანატურალური მეჩვენება.
ამერიკაში გთავაზობენ კარგ კალიფორნიულ ღვინოებს - კაბერნეს და სხვებს. ზოგჯერ ვსვამ ჩილესა და მექსიკის ღვინოსაც და, ალბათ, სულ ეს არის. რა თქმა უნდა, არასოდეს ვსვამ ღვინოს ბარში. ღვინო გვანიჭებს ფიზიკურ სიამოვნებას, მაგრამ ვერ ანვითარებს წარმოსახვას.
წარმოსახვის თამაშს ხელს უწყობს ინგლისური ჯინი. ჩემი საყვარელი სასმელია - “დრაი-მარტინი”. როგორც ყველა კოქტეილი, ესეც ამერიკული აღმოჩენაა, მიიღება ჯინისა და რამდენიმე წვეთი ვერმუტისაგან. “დრაი-მარტინთან” ერთად ხშირად ვსვამ კოქტეილს, რომელიც თვითონ გამოვიგონე და “ბუნუელონი” დავარქვი. კაცმა რომ თქვას, ეს ცნობილი “ნეგრონის” ჩვეულებრივი პლაგიატია მცირეოდენი განსხვავებით.
ვიმედოვნებ, ლოთი არავის ვეგონები. რა თქმა უნდა, მქონდა პერიოდები, როცა უგონოდ ვილეშებოდი, თუმცა, სმა ჩემთვის მაინც რიტუალია, რომელიც მსუბუქ თრობას, თავბრუხვევას და სიმშვიდეს იწვევს. სასმელი მეხმარება ცხოვრებაშიც და მუშაობაშიც. არ მახსოვს, ერთი დღე მაინც გამეტარებინოს ალკოჰოლის გარეშე...
შეუძლებელია სვამდე და არ ეწეოდე. თექვსმეტი წლისამ დავიწყე წევა და დღემდე არ მიმიტოვებია. თუმცა, დღეში ოც ღერ სიგარეტზე მეტი არ მომიწევია. რას ვეწეოდი? ყველაფერს, რაც მომხვდებოდა. ძირითადად, შავთუთუნიან ესპანურ სიგარეტებს. ბოლო ოცი წელია, ფრანგულ “ჟიტანს” და “სელტიკს” მივეჩვიე, ჩემი აზრით, საუკეთესო სიგარეტებს.
თამბაქო შესანიშნავად ერწყმის ალკოჰოლს (თუ ალკოჰოლი დედოფალია, თამბაქო - მეფეა) და ცხოვრების იდეალური თანამგზავრია. სიგარეტი მეგობარია სიხარულშიც და მწუხარებაშიც, მარტოობაშიც და ხალხმრავლობაშიც. თამბაქოს მრავალგვარი სიამოვნება მოაქვს, როგორც ვიზუალურად (რა სჯობს ლამაზად გაფორმებული სიგარეტის ყუთების ცქერას), ისე სურნელით და შეხებით. ჩემთვის თვალი რომ აეხვიათ და ისე ჩაედოთ პირში სიგარეტი, არ მოვწევდი. სიგარეტს მაშინ აქვს გემო, როცა შენი ხელით გახსნი, თითებში მოსრისავ, ცეცხლს მოუკიდებ, მოქაჩავ და იგრძნობ, როგორ გეღვრება ტანში სითბო.
ერთი ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი ნაცნობი, ბასკი დორონსორო ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ჟანგბადის ბალიში მიუტანეს, მაგრამ მან ნიღაბი მოიცილა და სიგარეტი მოითხოვა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უერთგულა იმ სიამოვნებას, რომელმაც ბოლო მოუღო.
ალკოჰოლსა და თამბაქოზე საუბრის დასასრულს მინდა მოგმართოთ ყველას და ორმაგი რჩევა მოგცეთ: არ დალიოთ და არ მოსწიოთ, ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია.
იმასაც დავამატებ, რომ ალკოჰოლი და თამბაქო სიყვარულსაც ალამაზებს. ჩვეულებრივ, ყველაფერი ალკოჰოლით იწყება და თამბაქოთი მთავრდება. ნუ ელოდებით ჩემგან რაიმე ეროტიულ აღსარებას, ჩემი თაობის ადამიანები, განსაკუთრებით კი ესპანელები, ქალებთან ტრადიციული მორცხვობით და, ალბათ, დუნიაზე ყველაზე ძლიერი ტემპერამენტით გამოირჩევიან.
ეს, ალბათ კათოლიკური ეკლესიის დამსახურებაა. ქორწინების გარეშე სასიყვარულო ურთიერთობების აკრძალვამ განსაკუთრებული სექსუალური ლტოლვა გამოიწვია. აკრძალული ხილისა არ იყოს, შეფარული ხორციელი ტკბობაც უფრო გემრიელია. ეჭვი არ მეპარება, ესპანელი უფრო დიდ ტკბობას განიცდის სიყვარულში, ვიდრე ჩინელი ან ესკიმოსი.
ჩემ ბავშვობაში ესპანეთში მხოლოდ ორი სახის სასიყვარულო ურთიერთობა იყო - ბორდელი და საქორწინო სარეცელი. პირველად რომ ჩავედი საფრანგეთში, დაუჯერებელი და შემზარავი სანახაობა ვიხილე, როცა ქალი და კაცი ერთმანეთს კოცნიდა ქუჩაში. ასევე ძალიან მიკვირდა, როცა გავიგებდი, რომ ახალგაზრდა ქალ-ვაჟი დაუქორწინებლად ცხოვრობდა ერთმანეთთან, ეს ყოველივე უზნეობად მეჩვენებოდა.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბოლოხანს ვამჩნევ, რომ მთლიანად გამიქრა სექსუალური ლტოლვა. ეროტიკული ხილვები სიზმარშიაც არ მაწუხებს, რაც ძალზე მახარებს, თითქოს ტირანისგან გავთავისუფლდი. მეფისტოფელი რომ გამომეცხადოს და კვლავ იმ უნარით აღვსება შემომთავაზოს, რასაც პოტენცია ჰქვია, მივუგებდი: “გმადლობთ, არ მინდა, ღვიძლი და ფილტვები გამიმაგრე, კიბო და ციროზი რომ არ დამემართოს”.
ყოველგვარი გულისწყრომისა და სინანულის გარეშე ვიხსენებ მადრიდელ მეძავებს, პარიზულ ბორდელებსა და ნიუ-იორკელ “ტაქსიგერლსებს”. პარიზის რამდენიმე “ცოცხალი სურათის” გამოკლებით მხოლოდ ერთი პორნო-ფილმი მაქვს ნანახი უცნაური სათაურით “ვაზელინის და”. მასში შიშვლად იყო ნაჩვენები, როგორ სიყვარულობენ მონასტერში ბერი, მებაღე და მონაზონი.
ასევე მინდა მოვყვე არშემდგარ ორგიებზეც. ასეთი საღამოები ძალზე გვაღელვებდა და გვიტაცებდა. ერთხელ ჰოლივუდში ჩარლი ჩაპლინმა სცადა ასეთი შეხვედრის მოწყობა, პასადენადან სამი უმშვენიერესი გოგონაც ჩამოიყვანა, მაგრამ რად გინდა, გოგონები ვერ შეთანხმდნენ, რადგან ყველას ჩაპლინთან უნდოდა ყოფნა, იჩხუბეს და წავიდნენ.
ერთხელაც, ლოს-ანჯელესში მე და ჩემმა მეგობარმა უგარტემ ორი მსახიობი მოვიწვიეთ. ყველაფერი მზად იყო - ყვავილები, შამპანური, მაგრამ კვლავ წარუმატებლობა: გოგონებმა ერთი საათი დაჰყვეს და გაიქცნენ.
პარიზში ჩამოსულმა ერთმა საბჭოთა რეჟისორმა, რომლის გვარიც არ მახსოვს, მთხოვა მისთვის მოგვეწყო პატარა “პარიზული ორგია”. ამის თაობაზე არაგონს მივმართე, მან კი არ დააყოვნა: “ესე იგი, გინდა, რომ შენ...?” და ისეთი სიტყვა იხმარა, რომელსაც ვერ გავიმეორებ. არაფერი ისე არ მაღიზიანებს, როგორც ბოლო დროს ჩვენს ლიტერატურაში ასე გავრცელებული უხამსი გამოთქმები. ზნე-ჩვეულებათაგან ასეთი მოჩვენებითი გათავისუფლება - ნამდვილი თავისუფლების მხოლოდ საცოდავი პაროდიაა და მეტი არაფერი. ამიტომაც ვერ ვიტან ამგვარ სექსუალურ კადნიერებას და სიტყვიერ ექსჰიბიციონიზმს.
 
თარგმნა  უჩა შერაზადიშვილმა
 
© “24 საათი


მარცხნივ, ბაკენბარდებში მილოშ ფოლმანია :)



ბუნუელი ყველაფერში რომ ბუნიელია რა :)))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული