Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხელოვნება ღვინისათვის

ნინა ახლოური

     იღებ სპეციალურად ამისათვის განკუთვნილ ქაღალდს. სწორად აფასებ საკუთარ მხატვრულ შესაძლებლობებს. შემდეგ იღებ ფანქარს და ხატვისთვის განკუთვნილ სხვადასხვა ნივთს და იწყებ მის შექმნას, ან ყიდულობ პროგრამას ინტერნეტში, რომელიც ამას შენს მაგივრად გააკეთებს. მას შემდეგ, რაც კომპიუტერი თავის საქმეს მორჩება, ნამუშევარს ბეჭდავ, მაკრატლით სწორ ზომაზე ჭრი და ბოთლზე აკრავ. ასეთია ინსტრუქცია მათთვის, ვისაც საკუთარი ღვინისთვის ეტიკეტის შექმნა უნდა. თუმცა მასში მთავარი არ არის ნათქვამი – ეტიკეტის შექმნის საქმეში გადამწყვეტიაარა ტექნიკა, არამედ გემოვნება და რა თქმა უნდა, იდეები.

     თითოეულ ჩვენთაგანს კარგად მოეხსენება ის ფაქტი, რომ ადამიანები პირველი შეხვედრისას მთავარ შთაბეჭდილებას ერთმანეთის ჩაცმულობისგან იღებენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სანამ ადამიანს გაესაუბრებოდე, ერთადერთი, რაც მასზე ამბავს "ჰყვება", გარეგნობაა. სწორედ ასეა ღვინის შემთხვევაშიც. სანამ ბოთლს გახსნიდე და სასმელის არომატს თუ გემოს შეიცნობდე, მისი გარეგანი დიზაინი ერთადერთია, რომელსაც ღვინოზე რაიმეს თქმა შეუძლია.  შესაბამისად, ეტიკეტი ღვინის "სამოსია", რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლის არჩევანზე, შეიძინოს კონკრეტული ღვინო. რა თქმა უნდა, გარეგნობა ყოველთვის უტყუარ ინფორმაციას არ იძლევა, თუმცა კომერციული თვალსაზრისით მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. ღვინის კომპანიებმა და დიზაინერებმა ეს შესანიშნავად იციან და ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ პროდუქტის ეტიკეტი ესთეტიკური თვალსაზრისით რაც შეიძლება მიმზიდველი გახადონ.

     რა თქმა უნდა, იყო დრო, როდესაც ღვინის ეტიკეტი საერთოდ არ არსებობდა. საინტერესოა, რომ ის საკმაოდ გვიან გაჩნდა, როგორც ვარაუდობენ, მეთვრამეტე საუკუნეში. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეტიკეტი პირველად დომ პერინიონმა გამოიგონა, სხვები ამტკიცებენ, რომ ეს ნიკოლ კლიკო-პონსარდენის, კლიკოს ქვრივის დამსახურებაა. ასეა თუ ისე, იმ პერიოდში ეტიკეტს მხოლოდ იმისთვის იყენებდნენ, რომ ინფორმაცია პროდუქტის შესახებ თვალსაჩინო ყოფილიყო. ღვინის ეტიკეტი კი, იმ სახით, როგორითაც ჩვენ მას ვიცნობთ, ნამდვილად მეთვრამეტე საუკუნეში გაჩნდა, რაც ბოთლების ხმარებაში შემოღებასთან იყო დაკავშირებული. მანამდე ღვინოს კასრებით ჰყიდიდნენ, რომლებზეც მწარმოებლის ბეჭედი იყო დასმული, წარწერის ფერი კი სასმელის ხარისხზე მიუთითებდა. ერთი საუკუნით გვიან იარლიყზე გაჩნდა ინფორმაცია სასმელების კლასიფიკაციის შესახებ. კიდევ ერთი საუკუნე გახდა საჭირო იმისათვის, რომ ღვინის ეტიკეტის მიმართ ვინმეს არასტანდარტული დამოკიდებულება გასჩენოდა. ეს ვინმე ფილიპ დე როტშილდი გახლდათ, ნიჭიერი კომერსანტი და უბრალოდ, ხელოვნების მოყვარული, რომელმაც თავისი ღვინისთვის კუბისტ ჟან კარლს ეტიკეტის მოხატვა შეუკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრები მაშინვე არ დაინტერესებულან ამ ახალი წამოწყებით, ეს იყო მთავარი მოვლენა, რომელმაც ზუსტად ასახა ღვინის ეტიკეტის არსი შემდგომ პერიოდში. როტშილდმა გადაწყვიტა, რომ იარლიყი არის ნიმუში, რომელზეც კომერცია და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება და წარმატებულ სინთეზს შეუძლია კიდევ უფრო დიდი წარმატების მოტანა მისი შემქმნელისთვის და განსაკუთრებით კი ღვინის მწარმოებლისთვის.

     სწორედ ამაზე მიუთითებს ბოლო ხანებში ჩატარებული კვლევები, რომელთა შედეგადაც გაირკვა, რომ სწორად შერჩეული ეტიკეტი 25%-ით ზრდის ღვინის გაყიდვების რიცხვს. ამასთან, როდესაც საუბარია 20-დან 30 წლამდე მომხმარებელზე, ეს ციფრი შესამჩნევად იზრდება. ეს ძირითადად იარლიყის მიმართ შემოქმედებითი მიდგომის დამსახურებაა და არა იმ ტრადიციული ინფორმაციის, რომელსაც ეტიკეტი იძლევა. აქ უფრო კონტრეტიკეტის შემადგენლობა მაქვს მხედველობაში, რომელშიც შედის ღვინის შემადგენლობა, შენახვის პირობები, კალორიულობა... თურმე საშუალო მომხმარებელი იშვიათად აქცევს ყურადღებას ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა ყურძნის ჯიში, მისი ტერიტორიული წარმოშობა და ჩამოსხმის ადგილი. ის, რაც მარკეტინგული კუთხით მთავარ ყურადღებას იქცევს, ღვინის სახელი, ეტიკეტის ვიზუალური გაფორმება და ღვინის ტიპია.

     როგორც უკვე აღვნიშნე ზემოთ, ფერწერული ნამუშევრებით ღვინის ეტიკეტის გაფორმება უძველესი და დღემდე პოპულარული მეთოდია. როტშილდამდე ეტიკეტის გასაფორმებლად მას იყენებდა გრაფინია დე ტულუზ-ლოტრეკი, რომელიც იარლიყებს შვილის, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის ნახატებით აფორმებდა. მოგვიანებით, ადრიან მაემ, გალერეის მფლობელმა პარიზში და ამასთან, მხატვრობის დიდმა თაყვანისმცემელმა მეგობარი ფერმწერების ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით საკუთარი ღვინოების Le Mas Bernardჩამოსხმა დაიწყო. ეს სახელი ღვინის კონტრეტიკეტზე იწერებოდა, მაშინ როდესაც წინა მხარე მთლიანად ნახატს ჰქონდა დათმობილი. ეს საგრძნობლად ეხმარებოდა ნაკლებად ცნობილ მხატვრებს მათი შემოქმედების გავრცელებაში.

     დღეს ღვინის ეტიკეტების გაფორმებაზე არა მხოლოდ ცნობილი მხატვრები, არამედ განთქმული დიზაინერებიც მუშაობენ. მაგალითად, რობერტო კავალლიმ ღვინის ორი ხაზი ჩამოაყალიბა: Cavalli Selectionდა Cavalli Collection.დიზაინერს ეკუთვნის ვენახები Tenuta Degli Deiტოსკანის მახლობლად, ღვინის ჩამოსხმის იდეა კი თავში მის შვილს მოუვიდა. გარდა იმისა, რომ კავალლის ღვინო კარგი იტალიური ყურძნისგან მზადდება, დიზაინერმა სასმელის გაკეთილშობილებაზე სხვანაირადაც იზრუნა და საქმეში თავისი მოდის სახლის ნიჭიერი ადამიანები ჩართო. ყველა ბოთლი, რომელშიც კავალლის ღვინო ჩამოისხა, ელეგანტური და თამამი დიზაინისაა, რაც პროდუქტის სასარგებლოდ დამატებით ქულებს წერს.

     რაც შეეხება ჩვეულებრივ კომპანიებს, ისინი სულ უფრო ინტენსიურად ცდილობენ მომხმარებლის მოზიდვას როგორც ორიგინალური დიზაინით, ასევე არასტანდარტული სახელებითაც. დღეს დახლებზე შეიძლება წააწყდეთ ღვინოებს ისეთი სახელებით, როგორებიცაა: (Oops), Moral Compass(მორალური კომპასი), Horse’s Ass(ცხენის საჯდომი), Fat Bastard (მსუქანი ნაბიჭვარი), B FRANK, (I’M ONLY DRINKING WITH YOU BECAUSE I’m about to fire you and you don’t know it yet) (იყავი გულახდილი, იქვე წარწერით: შენთან მხოლოდ იმიტომ სვამ, რომ შენს გაგდებას ვაპირებ და შენ ეს ჯერ არ იცი), Mad Housewife (გიჟი დიასახლისი)...

       და ეს ყველაფერი არ არის. ღვინის ბოთლზე შეიძლება შეხვდეთ ეტიკეტს თვითმფრინავის ბილეთის დიზაინით, ასევე მოხატულ ჭურჭელზე ტანსაცმლის იარლიყივით ჩამოკიდებულს, ფერადოვნებაზე ხომ უკვე ლაპარაკიც ზედმეტია. უნდა ითქვას, რომ ასეთ მყვირალა ეტიკეტებს თავიანთი უპირატესობა ნამდვილად გააჩნიათ. ისინი ადვილად შესამჩნევია, ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, ადვილად დასამახსოვრებელიც, ასე რომ, მეორე ჯერზე მისი დახლებს შორის პოვნა ადვილი საქმეა. ახალგაზრდა მომხმარებელი 20-დან 30 წლამდე ღვინოს იმის მიხედვით ირჩევს, თუ რამდენად მხიარული და ორიგინალურია გაფორმება, არ უღრმავდება რა თავად სასმელის მონაცემებს. სხვა რომ არაფერი, ზოგიერთი ღვინის ბოთლი თუ ეტიკეტი იმდენად ლამაზია, რომ ყიდულობენ არა როგორც სასმელს, არამედ ხელოვნების ნიმუშს პირადი კოლექციისთვის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სად იყიდება ღვინო და რა კატეგორიის მომხმარებელზეა ის გათვლილი. ასე მაგალითად, ავსტრალიაში და შეერთებულ შტატებში მყიდველი ნაკლებად აფასებს კონსერვატიზმს და სულ უფრო მეტად ყიდულობს ხალისიან, თვალშისაცემ და შემოქმედებითი დიზაინის მქონე ღვინოს. მეღვინეობის უძველეს ქვეყნებში კი ის, რაც კარგი ტონის და გემოვნების ფარგლებს არ სცდება, შესაძლოა იყოს შაგალის ან პიკასოს შედევრით გაფორმებული ეტიკეტი. ვულგარული სახელები და უადგილო ფორმები კი დახვეწილი ფრანგისთვის შესაძლოა იმის მინიშნებადაც იქცეს, რომ ღვინო იაფფასიანია და თავის გამოჩენას მყვირალა დიზაინით ცდილობს.

     საბოლოოდ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ჰარმონიულად ერწყმის ღვინის კომპანია, მისი პროდუქტი და ბოთლის დიზაინი ერთმანეთს. ხშირად, ორიგინალურობის მაძიებელი დიზაინერები ივიწყებენ იმას, რომ ბოთლის თუ მისი ეტიკეტის გაფორმება ღვინის ბრენდსა და კომპანიის პოლიტიკასთან კარგად შეთავსებადი უნდა იყოს და მათგან განცალკევებით არ არსებობდეს. ელიტური, ძველი ღვინოების ეტიკეტის გაფორმება ფერადი სპილოებით და გამომწვევად ჩაცმული ქალების პორტრეტებით მართლაც შემაცბუნებელი იქნებოდა. ასევე არ არის მიღებული თამამი დიზაინი მშრალი ღვინოებისთვის. ამ შემთხვევაში ეტიკეტი, როგორც წესი, მკაცრ, ფრანგულ სტილში მზადდება, დახვეწილი წარწერებით და მინიმალური გაფორმებით. გასათვალისწინებელია, რომ კვლევების შედეგად ასევე დასტურდება შემდეგი: მომხმარებელთა 25%-ზე მეტი არჩევანის გაკეთების დროს უშუალოდ დიზაინითა და ეტიკეტით ხელმძღვანელობს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ამ პარამეტრებმა შესაძლოა ძალიან ცუდი როლიც ითამაშონ და შესანიშნავი ღვინო უგემოვნო დიზაინის გამო აღმოჩნდეს დაწუნებული. ეს სრულიადაც არ მიუთითებს იმაზე, რომ უსახური და ზედმეტად უბრალო ეტიკეტი ოპტიმალური გამოსავალია. მარკეტინგული კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ კრეატივი ოცდამეერთე საუკუნეში გადამწყვეტ როლს თამაშობს, უბრალოდ, სანამ ეტიკეტის დამზადებას გადაწყვეტდეთ და ხელში "ფანქარს და მაკრატელს" მოიმარჯვებდეთ, გახსოვდეთ, ბოთლის დიზაინი თქვენი ღვინის საუკეთესო, უფასო რეკლამაა და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ იმუშავებს ის - თქვენი პროდუქტის თუ მისი კონკურენტების სასარგებლოდ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული