Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზი ხალხურ სიტყვიერებაში

ნიკო კეცხოველი

სტუმარი ქართველი კაცისათვის არა მარტო სასურველი იყო, არამედ საამაყოც, წმინდად თვლიდნენ მას. "სტუმარი ხვთისააო” სწამდათ, და ისე ექცეოდნენ როგორც ღვთის მოვლენილს, "ღვთის კაცს”, მისთვის არაფერი არ დაიშურებოდა. ეხლანდელი ენით რომ ვილაპარაკოთ, ლოზუნგი არსებობდა: "ყველაფერი სტუმრისათვის”. ეს ასეც იყო, მაგრამ თუ სტუმარს ღვინოს არ დაალევინებდი, "ყველაფერი” ამაოდ ჩაივლიდა.
 
კაცსა სტუმარი ეწვიოს,
სტუმარი არ ნახულისა,
დააპოს ურმისა მორგვი
ზაფხულის შენახულისა,
დასწვას ფიწალი, ორთითი,
ცეცხლი დაანთოს გულისა,
ოთხკუთხივ ბოლი ავიდეს,
დასვას და ანადიმოსა,
ატლასის კაბა ჩააცვას
და ცხენსაც შესვას პილოსა,
ყველა ტყუილად ჩაუვლის,
თუ კი არ ასმევს ღვინოსა (ვ. კოტეტიშვილი. ხალხური პოეზია. 1934.).
 
ასეთივე მოტივი სჭვივის მეორე ლექსშიც:
 
ეჰეი შენ ჩემო ვენახო, გარ სოფელი შემოგდებოდეს,
გცემდნენ და გიბაჟუნებდნენ, ცვარი არ გადმოგდენოდეს.
მოგსვლოდეს გულის სტუმარი, სირცხვილის ოფლი გდენოდეს.
 
ამავე დროს ღვინო ღვთის შესაწირავი იყოს. როდესაც მეზვრე ვენახს მოკრეფდა და დაწურავდა, ერთ ქვევრ თავანკარ ღვინოს ზედაშედ დათქვამდა რომელიმე წმინდანის სახელზე, უფრო ხშირად წმინდა გიორგის სახელზე. ჩვეულებრივად საზედაშე ქვევრს საყდრის ეზოში ჩააგდებდნენ ხოლმე.
ზედაშეს ხელს ვერავინ ახლებდა დრომდე. მხოლოდ ხატობაში მოიხდებოდა და ამ ღვინით ადიდებდა იმ წმინდანს, ვის სახელზეც იყო ზედაშე ჩასხმული. ამ ღვინით შესთხოვდნენ წყალობას და "მადლიანი თვალით გადმოხედვას”.
ღვინო და ყურძნის პროდუქტი (ჩურჩხელა, ტკბილის კვერი, ჩამიჩი, ბადაგი) ყოველი დიდი დღის ატრიბუტი იყო. საახალწლოდ ტაბლა და აბრამიანი ღვინის გარეშე არ შეიძლებოდა. ღვინოსთან ერთად ელაგა ვენახის სხვა პროდუქტიც. მთაშიც კი, ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონის მოწმობით (ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით. 1941.), ტკბილი ბარიდან მოჰქონდათ, ასხამდნენ ქვევრებში და ღვინო დგებოდა "შემრგო, კეთილი, მსუბუქი”. ასე მიჰქონდათ ღვინო თრიალეთში, მთიულეთში და სხვაგან.
"და არს მოზღუდვილი მთიულეთი მთითა; ამის გამო მაგარი და შეუალი არს, უვენახო, უხილო, მცირე მოსავლიანი. არამედ მოიღებენ ბარიდან ტკბილსა, შთაასხამენ აქა და ლომისას, და დადგების ღვინო კეთილი, თეთრი და ტკბილი”.
"თრიალეთი... მოსავლით ვითარცა ტაშირი... ვენახი, ხილნი და მტილოვანნი არარაი არს აქა, და მთის ხილნი მრავალნი. ტკბილს მოიტანენ ბარიდამ, ჩაასხამენ აქა, და დადგების ღვინო კეთილი და გემოიანი”.
ნაზი სიყვარულით უყვარს ჩვენ ხალხს ვაზი, მიუხედავად მისი ზრდის სიმრუდისა, დაგრეხილობისა.
 
"ხე მრუდო და ხე მართალო, ხეო მაგრამ კარგო ხეო,
მეფეთა და ხელმწიფეთა მასპინძელო, კარგო ხეო,
ამ სოფლისა სალხინოო, საუკუნოს სამოთხეო,
მასპინძელო მხიარულო, გავიხარე რო გნახეო”(პ. უმიკაშვილი. ხალხური სიტყვიერება, 1937)
 
 
ამ ლექსის მრავალი ვარიანტი არსებობს, აი, თუნდაც ერთი-ორი:
 
1.ხე მრუდო და ხე მართალო, ხეო მაგრამ როგორ ხეო,
 სააქაოს ცხოვრება ხარ, საიქიოს სამოთხეო”.
 
2.ყოველ ხეში უკეთესო, ვარდ-მართალო, მაგრამ ხეო,
 ამ სოფლისა სიამოვნე და იმ სოფლის სამოთხეო,
 მეფეთა და დედოფალთა, ყოვლის სულის შემაქცევო,
 მასპინძელთა სიამოვნე, გამიკვირდა რო გნახეო”.
 
მაგრამ ხალხმა იცის ის ნაკლიც, რომელიც მას აქვს, თუ წესიერად არ გამოიყენებ.
 
"ხე მრუდო და ხე მართალო, ხეო, როგორ სწორე ხეო,
ამხანაგსა შემაძულებ, საყელოსა დამახეო”
 
იგივე გამოსჭვივის გამოცანებშიც:
 
მამა დაბრეცილი, დედა მარგალიტი, შვილი გადარეული.
 
ავი მეურნე და ავი მუშაც აუგად სახსენებელია:
 
ვაზის მრგველთან ის არ აქო,
ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო.
 
ვაზს უბრალოდ არაფერს შეჰკადრებენ, იგი ღირსია წმინდა გიორგის კარზე რომ იყოს ამოსული:
 
წმინდის გიორგის კარზედა ხე-ალვა ამოსულაო,
ზედ გამოსხმია ყურძენი, საჭმელათ შემოსულაო,
ჩვენი ბატონის ქალების საკრეფლად წამოსულაო (პ. უმიკაშვილი. ხალხური სიტყივერება, 1937.).
წმინდა გიორგის კარზე ამოსულ ალვის ხესაც კი ყურძენი მოასხმევინეს, იგია მისი ღირსიო.
ყველაზე ძვირფასი ადამიანის სურვილს მიჯნური ასე გამოთქვამს:
 
ვერცხლისამც თასად მაქცია, რო ღვინით აგივსებოდე,
დაფერილი მქნა წითლადა, შამსვამდე, შაგერგებოდი.
 
ამ ტაეპებზე ნაკლები არაა შემდეგი ლექსიც:
 
წითელ ღვინოს მიგამგვანე ჭიქაში მდგომიარესა,
სასუფეველი რად უნდა შენს მკლავზე მწოლიარესა.
 
მევენახეობა და მეღვინეობა იყო ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობისა. არის ცნობები, რომ ღვინო საქართველოდან სხვა ქვეყნებშიც გაჰქონდათ და საქართველოშიც ხომ უხვად იყო, წყლის ნაცვლად მწყურვალს ღვინოს აწვდიდნენ. იმ დროინდელ საფრანგეთის ღვინოებზე უმჯობესი იყო, როგორც ამას მოგზაური შარდენი ადასტურებს.
ნასყიდობის წიგნებიც ადასტურებენ, რომ იგი ჩვენი ეკონომიკის ბურჯი იყო: "მოგყიდეთ მარანი.... თავის სამოცდაათის ქვევრითა...” (ე. თაყაიშვილი. საქართველოს სიძველენი, ტ. II, 1909.).
ვენახის ასეთი მნიშვნელობა გამოსჭვივის სასიძოს მიერ თქმულ ლექსშიც:
 
სიდედრო შავგვრემანობით
არ დაიწუნო სიძია,
სოფელში, მოდი, იკითხე:
გრძელი ვენახი ვისია.
 
როგორც ჩანს შავგვრემანობა, ჩვენში მოწონებაში არ იყო. ხორბლის ფერია ჩვენი ხალხის ფერი და ალბად იმიტომ.
 
სიძისა შავგვრემანობა: სიდედრს უმძიმდა, ნაღვლობდა...
ქალი ცხენს შესვეს, მიჰყავდათ...რაღას უშველის ნანობდა.
 
არის ამ ლექსის მეორე ვარიანტიც:
 
სიძისა შავგვრემანობა: სიდედრს უმძიმდა ნანობდა,
ის არ იცოდა, რომ სიძე უფრო მეტადა ნანობდა.
 
სწორედ ამიტომ შესძახა სიდედრს: შავგვრემანი ვარ, მაგრამ სამაგიეროდ გრძელი ვენახის პატრონი ვარო. ეს ახდენდა კომპენსაციას.
სწორედ ამიტომ ვაზს შვილივით უვლიდა. თითოეულ ძირ ვაზთან წელიწადში ასჯერ უნდა მისულიყო, გამოესარა, გადაეწიდნა, დაებარა, გაესხლა, შეესარა, შეეყელა, შეეფურჩქნა 10-15-ჯერ, ცა გაეხსნა, მტევანი გამოეჩინა, მოეკრიფა, დაეწურა, ყური ეგდო დუღილისათვის, ღვინო გადაეღო რამოდენიმეჯერ. როცა გადაღების დრო დადგებოდა, მარტო არ გადაიღებდა. მეზობლებისათვის უნდა დაეძახა, ერთად დაეჭაშნიკებინათ, ერთმანეთი ედღეგრძელებინათ, ტკბილი სიტყვა ეთქვათ.
ხალხურ პოეზიაში კარგად ჩანს, რომ ხალხმა ფრიად კარგად იცის ვაზის ბიოლოგია:
 
"ვაზს უთქვამს: ნეტავ მე რომ ყვავილში შევალ
ჩემი პატრონი ავად გახდეს: ვერც თვითონ შემოვიდეს
ვენახში და ვერც სხვა შემოიყვანოსო”.
 
საქმე იმაშია, რომ ვაზის ყვავილობის დროს ვაზის რქა მეტად მაღალია, ადვილად იმტვრევა, მტევანიც ზიანდება. არ შეიძლება აქ სრულად არ მოვიტანოთ ერთი ხალხური ლექსი, რომელსაც მართალია ერთგვარი, ხალხურისათვის ჩვეული ლექსის სურნელება აკლია, მაგრამ, სამაგიეროდ, მასში კარგადაა გამონახული ნიადაგის დამუშავების აგროტექნიკური ხერხები:
 
დავთოხნოთ ძმებო, ვენახი, ლამაზად შეკაზმულია,
ღრმათაც ჩაუშვათ თოხები, სიმღერები ვთქვათ ძმურია,
ჩქარა ეს სვე გავიტანოთ, ბიჭებო, ღვინო მწყურია,
ტიკით ღვინო მეგულება გრილოში შენახულია,
დავკრათ და მიწა ვაბრუნოთ, როგორც ნანგრევი ციხისა,
დასხდნენ და ღვინო დაასხეს, მოსდევს სხვილ-სხვილი ჯამითა,
ერთმანეთს ეუბნებიან: ასე აივსე ჯანითა,
ადექ ბიჭებო წავიდეთ, თავში ღვინო შემომიჯდა,
ვენახის სათოხნელადა ძაან გული გამიგიჟდა
ერთი ჯამი მეც დამისხი საყველაწმინდო გადავკრა.
მაშინ გაჩვენებ სეირსა შენთან თოხი როგორ დავკრა.
ვენახი კარგი იქნება თოხით ღრმათ გათოხნილია,
ყოველთვის დაკრეფის დროსა მას მტევანი აქვს მსხვილია,
გათოხნილი ვენახისა ღარში გამოდის მსხვილია,
გაუთოხნავ ვენახისა მძიმედ ჩამოდის წვრილია,
მაგრამ სწორე უნდა გითხრა: ღვინო ის უფრო ტკბილია.
 
მართლადაც, კარგად გათოხნილი ვენახის მტევნის მარცვალი მსხვილია, წვნიანია, ამიტომ შაქარიც შედარებით ნაკლებია, აქედან სიმაგრეც შედარებით მცირეა. მაშინ როდესაც, გაუთოხნავ ვენახში მარცვალი წვრილია, წვენი მცირეა, შაქრის კონცენტრაცია მაღალია, ღვინოც მაგარია. ამავე თვისებას და მოვლენას ეხმაურება: "პური და ღვინო გვალვისაო”.
პლატონ იოსელიანი გიორგი XII ცხოვრებაში მისი სუფრის აღწერისას იყენებს ქობულაშვილის ქვრივის წერილის ადგილებს. აი ეს ადგილებიც:
... "ისეთ ღვინოს მიირთმევდა, რომ ეხლა სადღა იშოვება იმისთანა ღვინო. იმათი სასმელი ღვინოს ვენახი უნდა აბეჩხარი ყოფილიყო, ესე იგი დაუბარავი და პატივ დაუყრელი ამისათვის, რომ ძალიან ცოტა გამოვიდოდა კარგი”.
" მეფის სასახლის ღვინის ქება რო დავწერე ის ღვინო იყო ზემო ხოდაშენის ზვრისა”.
და ეს ორივე დამოწმება სავსებით ემთხვევა თანამედროვე ცოდნასაც.
 
დიდ ვენახში მივდიოდი ბარითა და ნიჩბითა,
ზევით ბაგამ დამიძახა, აქ მობრძანდი მე რა გითხრა,
შენ სასუქი მომიზადე თითო ჯინი თითო ძირსა.
ისეთ მტევანს გავიკეთებ არ ჩავიდეს გოდრისპირსა.
 
ვენახის გაშენებისას სასარეს ჩაურიგებდნენ, თუ მოკლე იყო ხის ტოტი, რომელიც უნდა გაეხარებინათ, მას "მანა” ეწოდება:
 
ვენახს რომ გააშენებენ
ჩაურიგებენ მანასა,
ვინც ღვინოს დაგვალევინებს
იმას მოუმკით ყანასა.
 
მანა დაბალ შტამბს იძლეოდა, რაც ჩრდილს აგდებდა, ადვილი მოსავლელი იყო, მანას უმთავრესად პატარა ვენახს ჩაურიგებდნენ, დიდ ვენახს კი – ორ-სამ მეტრიან ჭიგოსოდენა ტოტს.
ვენახი და გაპატივება, ვენახი და მისი მოვლა ყოველთვის ასახულია სიგელ-გუჯრებშიც, როდესაც იგი ვენახის ყიდვა-გაყიდვას ან ქონებას ასახავს.
ხალხურ ხილთა ქებაში ხომ ვაზი და ყურძენი ნაქებია და ნაქები.
 
ვ ა ზ მ ა უთხრა: რასა ბოდავთ ვინ არის ჩემი დარია,
უჩემოთ ქორწილს ვინა იქს, ან ვინ დამარხა მკვდარია,
ბევრ კაცს ძაან ავაშენებ, ბევრს კი დავადე ვალია,
კაცი თავის სენით კვდება, ამბობენ ღვინის ბრალია.
ყ უ რ ძ ე ნ მ ა თქვა: მეც ხილი ვარ, ყოველ ხილზე უკეთესი,
ზამთარ ხე ვარ და ხე ფიჩხი, ზაფხულში გავყმაწვილდები,
მოვლენ და ჩამომკრეფავენ, უცეცხლოთ ამოვდუღდები,
ბრივყი დამიწყებს ლევასა, დავაწყებინებ ძგერასა,
როდესაც მოვა ცნობასა, მაშინ დამიწყებს ქებასა.
ღ ვ ი ნ ო მ თქვა სახელქებულმან: მეცა ვარ ყველას ქებული,
მცირედი კაცი არ დამლევს თუ არა მირონცხებული.
 
ხალხური სიტყვიერების გადათვალიერება ადასტურებს, რომ ჩვენმა ხალხმა იცოდა ღვინის გეოგრაფია, სად რა ღვინო მოდიოდა და როგორ მოთხოვნილებას უყენებდა მას.
 
ღვინო კი მათრობელა სჯობს, ძაღლი თეოზე მყეფარი.
ღმერთმანი ბოდბისხევური ღვინო დადგება სქელია,
ასეთი ღვინო დადგება წითელი ლალისფერია.
ვ ე ლ ი ს ც ი ხ ი ს ღვინოები შავი არი და სქელია,
იმით დამთვრალი კაცები ტკბილსა ხმაზედა მღერიან.
 
ასეც ნატრობენ:
 
კახური ღვინო წითელი, მილებით მომედინაო,
მუკუზნის ღვინით დამათრო, ახმეტად დამაძინაო,
ქალ კახეთს გაგათხოვებენ, ქალამან გინდა რკინისა,
მოგაგონდება ახმეტა, სურვილი მოგკლამს ღვინისა,
მარნეული ღვინო მისვამს, კულით მირაკრაკებია.
კახურო ღვინო წითელო, ყელმოჭედილო კულაო...
 
ასეთი ადგილების მოტანა მრავლისა შეიძლება. თუ ვენახი დაზიანდებოდა, იგი დიდ უბედურებად ითვლებოდა.
ისტორიული საბუთები ამტკიცებენ (ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი. 1909), რომ მაის-ივნისში, აპრილში რთვილი გაუგდია და ვენახები გაუნადგურებია. ეს მოვლენა ასახულია ქვემოთ მოყვანილ ლექსშიც:
 
უფალმა იესო ქრისტემ ქვეყანას ხელი დარია,
მაისში თოვლი მოვიდა, დასცა იანვრის ძალია,
თიბათვემ რთვილი გააგდო, ვაი ქვეყანას ბრალია.
ვენახები წაგვიხდინა, ლობიო ხომ დამძრალია,
სიმინდი ბევრი მოვიდა ყველას უდგია ძარია,
ამ უცოლშვილო ბიჭებსა ცეცხლზე დაუსხა წყალია,
"ახლა რიღათ ვქნათ ქორწილი, რით გავახილოთ თვალია.
 
ამგვარად, ხალხურ ზეპირ სიტყვიერებაში შესანიშნავადაა ასახული ვაზის სილამაზე, სარგებლობა, მისგან გამოწვეული სიხარული, მისდამი უსაზღვრო სიყვარული.
 
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
 
ძეგლის მეგობარი“, N16, 1968

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული