Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სასმისში ჩაბუდებული სიკვდილი

კაცობრიობის ისტორიაში ღვინო სიხარულთან, მხიარულებასა და გახსნილობასთან ასოცირდებოდა, საწამლავი კი დანაშაულის, ბოროტი ზრახვებისა და ვერაგობის სიმბოლო იყო. დღეს მოგითხრობთ, რა საერთოა მათ შორის და როგორ თანაარსებობდნენ ისინი საუკუნეების განმავლობაში.

შხამები უძველეს დროში აღმოაჩინეს. პრიმიტიული ტომები მათ მტაცებელი ცხოველების ან მტრის სწრაფად მოსაკლავად იყენებდნენ. დროთა განმავლობაში ასეთი საშუალებების გამოყენება სულ უფრო დაიხვეწა და ძველმა ხალხებმა სპეციალური მომაკვდინებელი ნაზავების შექმნაც კი დაიწყეს.

ადამიანების მიერ სხვა ადამიანთა მოწამვლა თითქმის ყოველთვის საიდუმლოდ და წინასწარი განზრახვით ხდებოდა. ეს არ გახლდათ სპონტანური, იმპულსური დანაშაული. სამყაროში, სადაც ძლიერი ყოველთვის ჩაგრავდა სუსტს, შხამი მხარეთა შანსებს ათანაბრებდა.

ძველ რომში საწამლავი ეპიდემიასავით დაატყდა თავს ცნობილ პატრიციებს და ბევრი მათგანის სიცოცხლე შეიწირა. წყაროების ცნობით, მომწამლავ ნივთიერებებს საკვებსა და სასმელში (ღვინოში) ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 331 წელს ურევდნენ. ისტორია მოგვითხრობს, რომ ერთმა მონამ პატრიციების ორი წარმომადგენელი სხვადასხვა საწამლავის შენახვაში დაადანაშაულა. საქმე სენატს გადაეცა. ეჭვმიტანილები ირწმუნებოდნენ, რომ ხელთ მხოლოდ ჩვეულებრივი წამლები ჰქონდათ, მაგრამ როდესაც მოსამართლემ უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამ სითხის დალევა მოსთხოვა, ისინი დაიღუპნენ. იმავე პერიოდში გამოძიებამ სიკვდილით თანამოძმეთა მოწამვლაში ეჭვმიტანილი 100 ქალი დასაჯა. ცნობას ამის შესახებ ტიტუს ლივიუსი გვაწვდის.

ადამიანები, რომლებიც სხვათა მოწამვლას ცდილობდნენ, ნებისმიერ ეპოქაში სასტიკად ისჯებოდნენ, მაგრამ შხამი მაინც რჩებოდა არასასურველ პირთა თავიდან მოცილების ყველაზე ეფექტურ და "უსაფრთხო" მეთოდად. მით უფრო, რომ გამუდმებით ხდებოდა მათი სრულყოფა, თუმცა იხვეწებოდა თავდაცვის საშუალებებიც.

მინა, რქა და ქვები

ძველი ავტორები თავიანთ ტექსტებში სტუმრად ყოფნისას მოწამვლისგან თავის არიდების საშუალებებზე საუბრობენ. ბევრი მათგანი რელიგიურ რწმენასა და მითებს ეფუძნება. ამ საქმის "მცოდნენი" ღვინის დალევას "ვენეციური" მინით დამზადებული სასმისიდან ურჩევდნენ, რომელიც, ლეგენდის თანახმად, შხამის მოხვედრისთანავე სკდება. ამავე მიზნით გამოიყენებოდა მარტორქის რქისგან დამზადებული თასიც. ამ რქას მაგიურ ძალას მიაწერდნენ: ის ვერანაირ უწმინდურობას ვერ იტანდა, მათ შორის შხამს, რომელიც რქას "ოფლის წვეთებით ფარავდა".

ისტორია მოგვითხრობს, რომ ყირიმის ხანმა მენგლი-გირეიმ ივანე III-ს ბეჭედი გაუგზავნა, რომელშიც "ინდუსტანიდან" ჩამოტანილი ველური ცხოველის რქის ნაწილი იყო მოთავსებული. მიიჩნევდნენ, რომ ტრაპეზის დაწყებამდე ტუჩებით შეხება მის მფლობელს შხამის ზემოქმედებას აარიდებდა. შემთხვევითი არ იყო, რომ გერმანიაში სასმისებს მთის ბროლისგან ამზადებდნენ. მიიჩნევდნენ, რომ ეს მინერალი საწამლავთან შეხებისას მუქდებოდა და ორთქლით იფარებოდა. გადმოცემით,Mმოწამლული ღვინის ამოცნობა ქარვის მძივითაც შეიძლებოდა, რომელიც ამ დროს თეთრ ფერს იღებდა. ფართოდ იყო გავრცელებული სპილოს ეშვისგან დამზადებული სასმისები, რომელთაც ვერცხლში სვამდნენ და ძვირფასი ქვებით რთავდნენ. ასეთ სასმისს რიტონი ერქვა.

შხამის გასანეიტრალებლად იყენებდნენ ძვირფას, ასევე ბეზოარის ან გომბეშოს ქვებს. ბეზოარის ქვას (არაბული სიტყვისგან "ბეზოდარ" - "ქარი", ანუ ნივთიერება, რომელიც შხამს აუვნებელყოფს) სხვადასხვა ცხოველის კუჭიდან იღებდნენ: ოდესღაც გადაყლაპული კენჭი, თმა, ბეწვი და სხვა საგნები, რომელთაც კუჭი ვერ ამუშავებდა, ქოლესტერინის გარსს იკრავდა და მყარ სახეს იძენდა. მას ოქროს ფასი ჰქონდა და ზოგჯერ უფრო ძვირიც ღირდა. ასეთი ქვა ინგლისის მეფე ელისაბედ I-ს ჰქონდა. XIX საუკუნის დასაწყისში სპარსეთის შაჰმა ბეზოარის ქვა ნაპოლეონსაც გაუგზავნა, მაგრამ იმპერატორმა მისი მაგიური ძალა არ ირწმუნა და ცეცხლში ჩააგდებინა. მისგან განსხვავებით, საზოგადოების დიდ ნაწილს ასეთი ქვების სამკურნალო ძალის იმდენად სჯეროდა, რომ საფრანგეთის მეფის, კარლოს IX-ის პირადმა ექიმმა ამბრუაზ პარემ მისი გამოცდა სამეფო კარის სიკვდილმისჯილ მზარეულზე გადაწყვიტა. მზარეულმა შხამი დალია და მოკვდა.

მოწამვლისგან თავდაცვის კიდევ ერთ "უებარ" საშუალებად გომბეშოს ქვის (ნუშისებრი ფორმის ბაზალტის ნატეხი) გამოყენება მიიჩნეოდა. ლეგენდის თანახმად, თუ ამ ქვისგან დამზადებულ ბეჭედს მისი მფლობელი საჭმელს შემოატარებდა ან ღვინით სავსე ჭიქაში ჩადებდა, შხამი განეიტრალდებოდა. ასეთივე მაგიური თვისებები მიეწერებოდა ზურმუხტსა და ამეთვისტოს. შხამის პროფილაქტიკისათვის შესაძლებელი იყო ასევე ნებისმიერი ამ ქვის დაფქვა და მცირე დოზებით საკვებსა და სასმელში შერევა.

ხშირად დიდი ზომის ძვირფას ქვებს სასმისებზე წინასწარ ამაგრებდნენ, რათა მათი მფლობელები საწამლავის ზემოქმედებისგან ეხსნათ.

ღვინო და შხამი

ღვინო ყველა ეპოქაში მიიჩნეოდა ადამიანის მოწამვლის იდეალურ საშუალებად. სმის დროს საწამლავი არ ჩანდა, ამასთან, სასმელი ძირითადად სიამოვნებასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამ მიზეზთა გამო ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად ყველაზე ხშირად სწორედ ღვინოს იყენებდნენ.

ძველი ბერძნებისა და რომაელების გამოცდილება შუა საუკუნეების მეცნიერებმაც გაიზიარეს და შხამით მოწამვლა ყველაზე საიმედო მომაკვდინებელ მეთოდად აღიარეს. ასე მაგალითად, XII საუკუნეში მოღვაწე ექიმი, მოსე მაიმონიდი ურჩევდა ადამიანებს, შხამი ცხარე, სანელებლიან საჭმელში ან ღვინის ჭიქაში ჩაეყარათ. სასმელის მკვეთრი არომატი და გემო, ასევე ტექსტურა კარგად ნიღბავდა საწამლავის სიმწარესა და კონსისტენციას.

ღვინო საწამლავის "დამცველ" ყველაზე ეფექტურ საშუალებადაა მიჩნეული 1590 წელს გამოქვეყებულ ტრაქტატში Neopoliani Magioe Naturalis, სადაც დეტალურადაა აღწერილი საწამლავის გამოყენების ხელოვნება. "ღვინო, მით უმეტეს, წითელი, საწამლავის გემოს ნიღბავს, ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ მის სწრაფ შეწოვას" -ნათქვამი იყო ამ ტრაქტატში.

პიტერ მალკინინსი წიგნში - "ჩუმი მკვლელები" შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე პონტოს სამეფოზე მოგვითხრობს, რომელმაც მცირე აზიის ელინისტურ სახელმწიფოებს შორის სახელი ყველაზე მეტად გაითქვა. ჩვ.წ. აღ-მდე 114-63 წლებში მას მითრიდატე VI ევპატორი მართავდა, რომელიც სხვადასხვა ტიპის შხამს სიკვდილმისჯილებზე ცდიდა. ამავე დროს, შხამსაწინააღმდეგო საშუალებებსაც ამოწმებდა, რომელთაც ამ ადამიანებს საწამლავის დალევამდე ან მისი მიღებისთანავე აძლევდნენ. მოწამლული მამის ხვედრი რომ აერიდებინა, მითრიდატე მცირე დოზით სისტემატურად იღებდა მცენარეულ შხამებს. ამ გზით ორგანიზმს მათ ზემოქმედებას აჩვევდა. სხვათა შორის, საწამლავთან შეჩვევას ტოქსიკოლოგები დღემდე მითრიდატიზმს უწოდებენ, შხამის საწინააღმდეგო რეცეპტი კი "მითრიდატუმად" მოიხსენიება.

მეფე ყველანაირად ცდილობდა ამ საიდუმლოს დამალვას, ვიდრე პონტოში შეჭრილმა პომპეუსმა სასახლეში მისი ხელით დაწერილი ფურცლები არ აღმოაჩინა. მოგვიანებით ეს ხელნაწერი პლინიუსმა გამოაქვეყნა. მასში მოცემულია საწამლავის რეცეპტი, რომელიც 54 სახეობის ინგრედიენტს შეიცავს. ლეგენდის თანახმად, როდესაც პომპეუსი პონტოში შეიჭრა და გამარჯვება მოიპოვა, მითრიდატემ საწამლავი დალია, მაგრამ მან არ იმოქმედა, შესაძლოა, შხამსაწინააღმდეგო საშუალებების ზემოქმედებით, რომელთაც მეფე წლების განმავლობაში იღებდა. მაშინ მითრიდატემ თავის მცველს ხმლით მოკვდინება სთხოვა.

მოწამვლის საოცარმა ტალღამ, რომელმაც გვიან შუასაუკუნეებში მთელი ევროპა მოიცვა, ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ნდობა დაუკარგა. ისინი ყველანაირ საშუალებას ეძებდნენ შხამის ზემოქმედების გასანეიტრალებლად. უძველესი "მეთოდი" იყო დეგუსტატორი, რომელიც სასმელ-საჭმელს სინჯავდა. ისინი ყველა ევროპელ დიდგვაროვანს და სასულიერო პირს ჰყავდა, თუმცა, როგორც ფაქტები გვიჩვენებს, არც ეს იყო პანაცეა.

ჩვეულებები და რჩევები

ჩვ.წ.აღ-მდე VI საუკუნეში ძველ საბერძნეთში ღვინის სმისას სასმისების მიჭახუნებისა და სადღეგრძელოს თქმის ტრადიცია გაჩნდა. ამას ძალზე პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა: ერთი ჭურჭლიდან ჩამოსხმული ღვინის მიჭახუნებისას მისი შხეფები სხვადასხვა სასმისში ხვდებოდა, რაც მასში საწამლავის არარსებობაზე მიანიშნებდა. დროთა განმავლობაში ამ ჟესტმა სახე იცვალა და მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.

რაც შეეხება საწამლავის საწინააღმდეგო რჩევებს, მთავარი რეკომენდაცია ღვინის მხოლოდ იქ დალევას ითვალისწინებდა, სადაც მისი სანდოობა გარანტირებული იქნებოდა. მიღებული იყო ამულეტებისა და თილისმების გამოყენებაც. სხვათა შორის, მათ ჯერ კიდევ ძველი იუდეველები მიმართავდნენ, როგორც უამრავი საფრთხის და ხიფათის, მათ შორის შხამებისგან თავდაცვის საშუალებას. ძველი ავტორების აზრით, ეფექტური იყო ლოცვები და შელოცვა.

ლეგენდის თანახმად, როცა იოანე ღვთისმეტყველს მოწამლული ღვინით სავსე თასი გადასცეს, მან სასმისი აკურთხა, რის შემდეგაც შხამმა გველის ფორმა მიიღო და თასიდან ამოვიდა.

შხამების ისტორია ხანგრძლივია და მას საერთო არაფერი აქვს ღირსებასა და კეთილშობილებასთან. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები მათ მათივე მსგავსთა გასანადგურებლად იყენებდნენ. ისტორია არაერთი ცნობილი პიროვნების მოწამვლის ფაქტს იცნობს, რომელიც ღვინის გამოყენებით განხორციელებულა. ისინი ადამიანის, როგორც სამყაროს ყველაზე გონიერი და ჰუმანური ქმნილების სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს, მაგრამ რას ვიზამთ, სამწუხაროდ, ასეთია მისი ბუნება.

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული