Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო ვაზის სამშობლო და ღვინის აკვანია

ბატონო რედაქტორო! ა.წ 2 დეკემბრის N36 გაზეთ „მარანში“ გამოქვეყნდა ჩვენთვის უცნობი პიროვნების, ვინმე ეკჰარდ ზუპის სტატია „არა, საქართველო არ არის ვაზის აკვანი...“
მე, როგორც ქართველი მეღვინე, ჩემი კოლეგების სახელით გამოვთქვამ აღშფოთებას ეკჰარდ ზუპის ამ ყოვლად გაუმართლებელი სტატიის გამო და მინდა ჩემი შენიშვნები მოგაწოდოთ წერილობით. წინასწარ გიხდით მადლობას და გთხოვთ წერილი არ შეამოკლოთ. 
 
საქართველო ვაზის კულტურის უძველესი კერაა, რასაც ადასტურებს როგორც ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მასალები, ასევე ლიტერატურული ძეგლებიც. ქართველები საუკუნეების მანძილზე სისტემატიურად აუმჯობესებდნენ ვაზის ჯიშურ ასორტიმენტს და გამოჰყავდათ ისეთი ძვირფასი ჯიშები, როგორიცაა რქაწითელი, მწვანე, ქისი, კახური მცვივანი, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ალექსანდროული, ხიხვი, ოჯალეში, საფერავი, ოცხანური საფერე და სხვა. დღემდე შემონახული ყურძნის წიპწები, თიხის საღვინე ჭურჭელი, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს თასები, ღვინის საწყაოები და სხვა ნივთები ნათლად მეტყველებს, რომ მეღვინეობა ძველ საქართველოში საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა.
        გარედან შემოსულ მტერთა ურდოებს არაერთი გზით გაუნადგურებინათ მოვლილი ზვრები, რასაც თან ერთვოდა ვაზის ავადმყოფობების და მავნებლების პერიოდული გავრცელება და სხვა უარყოფითი მოვლენები, რასაც ღრმა კრიზისამდე და სრულ დაცემამდე მიჰყავდა ეს ძვირფასი დარგი. ყოველივე ამას დაემატა 1801 წლიდან რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია, 1905, 1914 და 1917 წლები, შემდგომი სტლინური ხუთწლედები და ბოლოს XX საუკუნის 90-იანი წლების ცნობილი მოვლენები.
         მაგრამ შრომისმოყვარე ქართველ ხალხს არაერთხელ გამოუჩენია ვაზისა და ღვინის სიყვარული, შეუპოვრობით გადაულახავს სიძნელეები, დაბრკოლებები და შემოუნახავს საუკუნეთა ქარცეცხლში ქართული ვაზი, მევენახეობა და მეღვინეობა.
         საქართველო უხსოვარი დროიდან წარმოადგენდა უცხოელების ინტერესის სფეროს. უძველესი კულტურა, ისტორიული წარსული, ადგილმდებარეობა, სარწმუნოება, თვითმყოფადობა, ფოლკლორი, სუფრა, სტუმარმასპინძლობა იყო ის ანდამატი, რომელიც ასე მისაბაძად იზიდავდა ბევრ გამოჩენილ მკვლევარს, ისტორიკოსს, მეცნიერსა და ენთუზიასმის მქონე პირებს, რომლებიც მოდიოდნენ საქართველოში როგორც კეთილი სურვილებით, ასევე მის დასაპყრობად და ასაოხრებლად.
         ქართულ ვაზსა და ღვინოს ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის ავტორები, უცხოელი მეგზურები და მკვლევარები მოიხსენიებდნენ ქება-დიდებით.
         სად არის ვაზის სამშობლო, სად და როდის ნახეს პირველად მოშინაურებული, გაკულტურებული ვაზის ჯიშები და სად გავრცელდა იგი შემდგომში?
         ამ კითხვის ახსნას ბევრი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და მკვლევარი ცდილობდა, მათ შორის გერმანელი მეცნიერი ვიქტორ ჰენი 1890 წელს თავის ნაშრომში - „კულტურული მცენარეები და შინაური ფრინველები.“ შრომის პირველ ნაწილში გამოქვეყნებული იყო სტატია: “Der Weinstock”, სადაც იგი წერს:
        „ღვინო რომ სემიტების კულტურის სამფლობელოდან გადავიდა საბერძნეთში - ეს ჩანს ღვინის სახელწოდების ერთგვარობიდან: ბერძნული - Binas, ებრაული - Vain, ეთიოპიური - Wain”. საწინააღმდეგო შეხედულების იყო მეცნიერი რენანსი, ვითომ სემიტებმა ეს სიტყვა ასირიელებისაგან ისესხეს და არ უნდა ჩაითვალოს სარწმუნოდ. მეცნიერებმა მოიშველიეს ძველინდური - სანსკრიტული ენა და მისი მეოხებით ცდილობდნენ, ღვინო ეღიარებინათ ინდო-ევროპული ტომების პირვანდელ საერთო კუთვნილებად. ეს აზრიც არ გამართლდა. ვაზის ნამდვილი სამშობლო, - კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ქვეყნებია, რომლებიც განთქმულია მცენარეების მდიდარი დასახლებით და წარმოადგენს სემიტური ტომების პირვანდელ საბინადრო ადგილებს. ისტორიული წყაროებიდან ცნობილი, რომ იქ გაუვალ ტყეებში მკლავის სიმსხო ვაზი გარსს შემოხვევია ცამდე აღმართულ ხეებს, გადახლართულია წვეროდან - წვეროზე და ადამიანის ყურადღება მიუქცევია თავისი მძიმე მტევნებით. იქ, კოლხიდაში - ფაზისში, პროვინციებში - კახეთში, სამეგრელოში, იმერეთში მორის ვაგნერისა და ვოლენტის ცნობით, დღემდე იხმარება სრულიად პირვანდელი წესები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ ბერძნული და რომაული წყაროებიდან. სავენახე ბაღების გაშენება, ამფორების გაფისვა და გაკირვა, მიწაში მათი დამარხვა და სხვა. აქ მოდის ქარვასავით მეტისმეტად კეთილსურნელოვანი ყურძენი და უკეთილშობილესი კახური ვაზი, რომელიც იძლევა ისეთ ძლიერ წითელი ფერის წვენს, რომ ქალები წერილების დასაწერად ხმარობენ მელნის ნაცვლად. ამ ქვეყნებიდან ვაზი თან მოსდევდა იმ სემიტურ ტომებს, რომლებიც სახლდებოდნენ მდინარ ევფრატის დაბლობზე, სამხრეთ - დასავლეთის სამოთხესა და უდაბნოებში, სადაც მათ შექმნეს თავიანთი კულტურა ისე, როგორც ეს მოსდევდა ეგვიპტელებს.”
        ალბათ ბატონი ეკჰარდ ზუპი გერმანელი მეცნიერის მიერ მოყვანილ სტატიის მიხედვით მიიღებს პასუხს თუ სად არის ვაზის სამშობლო, რომ საქართველოში ხარობდა სურნელოვანი ჯიშები: რქაწითელი, მწვანე და საფერავი და რომ ქვევრების გაფისვას, ანუ ცვილის წასმის ტექნოლოგიას უძველესი დროიდან იყენებდა ქართველი გლეხი.
       ასირიულ წყაროებიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნის დასაწყისში აპოლონიოს როდოსელი, ქსენოფონტე, ჰეროდოტე, სტრაბონი, პროკოფი კესარიელი, ჰომეროსი - გვაწვდიან მასალებს, რომ საქართველოში უძველესი დროიდან ხარობდა ვაზი და ადგილობრივი მოსახლეობა შესანიშნავ სუფრის თეთრ და წითელ ღვინოებს ამზადებდა. აქ ვამახვილებ ეკჰარდ ზუპის ყურადღებას და ვაცხადებ - საქართველო ვაზის სამშობლოა!
       შემდგომში ეს აზრი კიდევ უფრო მეტად გავრცობილად აქვთ აღწერილი თავიანთ ნაშრომებში ჟ.შარდენს, ა.პეტჰოლდტს, ა.ლამბერტის, ჯ.ჯუდიჩეს, ი.გიულდენშტედს, ე.რეკლიუს, კ.კოხს, გამბას, მიულერ-ტურგაუს, ამერინს, ჰიუ ჯონსონს, რობინ დეისს - რომლებიც სხვადასხვა დროს ეცნობოდნენ საქართველოს რეგიონებს, ქებით მოიხსნეიბდნენ ქართულ სუფრას, სტუმარ მასპინძლობას. წეს-ჩვეულებებს, რიტუალებს, ღვინის ხარისხს და ქებით აღნიშნავდნენ - საქართველო უძველესი ტრადიციულ მეღვინეების ქვეყანაა და ქართული ღვინო საუკეთესოა.
      „საქართველო ღვინის აკვანია“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ბატონ ჰიუ ჯონსონს, ცნობილ ინგლისელ მწერალსა და პუბლიცისტს, რომლის უშუალო თაოსნობით 1999 წლის 23 ივლისს ლონდონში, ქალაქის ძველ უბანში ასი ათასი ფუტი ფართობის ტერიტორიაზე გაიხსნა მუდმივმოქმედი ქალაქი „ვინოპოლისი“, რომელიც ამ მასშტაბისა და შინაარსის პირველი გამოფენაა მსოფლიოში და ეძღვნება ვაზისა და ღვინის ისტორიას.
        „ვინოპოლისი“, რომელსაც ღვინის ოდისეას უწოდებენ, წარმოადგენს ჰიუ ჯონსონის წიგნის, „The Story Of Wine”-ს საფუძველზე შექმნილ ექსპოზიციებს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი არქეოლოგიური და ისტორიული მასალების საფუძველზეა შექმნილი. ოდისეა იწყება საქართველოს პავილიონით, სახელწოდებით „საქართველო - ღვინის აკვანი”, სადაც წარმოდგენილია უძველესი ხანის წიპწები, თასები, თიხის ჭურჭელი და სასმისები, ქვევრები. იქვე მნახველები ეცნობიან ვიდეორგოლს ქართულ ვენახზე და ღვინოზე, რომელიც ქართული პოლიფონიური სიმღერების ფონზე მიდის.
         1999 წელს ლონდონის „ვინოპოლისის“ გახსნის შემდეგ საქართველოს მსოფლიოში ცნობილი ჟურნალებისა და გაზეთების რედაქტორები და ჟურნალისტები ესტუმრნენ ინგლისიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ავსტრალიიდან, რომლებმაც საქართველო მოინახულეს როგორც ღვინის აკვანი, და შემდგომ ნანახის შესახებ სტატიები გამოაქვეყნეს თავიანთ ჟურნალ-გაზეთებში. გაკეთდა სატელევიზიო სიუჟეტებიც
        დიახ, საქართველო არის ვაზის სამშობლო და ღვინის აკვანი. ეს ისტორიულად დადასტურებულია და ყველას ჯერა, გარდა ავადსახსენებელი ავაგ არუთუნიანისა და ეკჰარდ ზუპისა.
         საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ღვინო მხოლოდ ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშებისგან მზადდება და შენარჩუნებულია ერთადერთი ტექნოლოგია ღვინის კახური წესით, ქვევრში დაყენებისა.
          როდესაც ცნობილი ავსტრალიელი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო კლასის მეღვინე ბატონი რობინ დეი საქართველოს ეწვია და ქარხნები, ვენახები მოინახულა და ღვინო დააჭაშნიკა, ასეთი ჩანაწერი დაგვიტოვა.
          „საქართველოში, ძირითადად კახეთის რეგიონში, ორი ჯიშის ყურძენი დომინირებს, თეთრი რქაწითელი და ძალიან კარგი წითელი საფერავი. ღვინის ქარხნებში განსაცვიფრებლად კარგად იციან მეღვინეობა და ღვინის ქიმია. მიკვირს ასეთ ტექნოლოგიურ ხაზებზე როგორ ამზადებენ შესანიშნავ სუფრის ღვინოებს. ჩემი აზრით, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე ადვილი იქნება მუშაობა მეღვინეობის დარგში, რადგან აქ ღვინის დამზადების და სტუმართმასპინძლობის კულტურა  საუკეთესოა. ქართველი ხალხი აჩვენებს მაღალ ეთნიკურ სტანდარტებს, რაც დაფუძნებულია ძლიერი ქრისტიანული ოჯახების გავლენაზე.“ ეს სიტყვები მან წარმოთქვა 2003 წელს, როდესაც ჯერ კიდევ რუსული დანადგარებით იყო ქარხნები აღჭურვილი. ბატონი რობინ დეი ისე მოიხიბლა ქართული საფერავით, რომ იგი მან თავის სამშობლოში, ავსტრალიაში, ქალაქ ადელაიდაში, საკუთარ მამულში გააშენა და ყოველწლიურად ამზადებს ღვინოს.
      სწორედ მაღალ ეთნიკურ სტანდარტებზე და ძლიერ ქრისტიანულ ოჯახის გავლენაზე დაყრდნობით აღიზარდნენ საქართველოში ამ დარგში მოღვაწეთა მთელი პლეადა, რომელთაც დარეგისტრირებული ჰქონდათ ფირმები, ქმნიდნენ პროდუქციას და ეწეოდნენ მის რეალიზაციას ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ევროპასა და რუსეთის იმპერიაში არსებულ ცნობილი კომპანიები.
       მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ღირსეული ქართველი თავადიშვილები, ქართული არისტოკრატიის ბრწყინვალე წარმომადგენლები, რომლებმაც სწავლა განათლება მიიღეს რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, იტალიის, უნგრეთის, საბერძნეთისა და სხვა ევროპულ ქვეყნების საუკეთესო სასწავლებლებში: ჯორჯაძეები, ჩოლოყაშვილები, ვაჩნაძეები, ჯანდიერები, ჭავჭავაძეები, სუმბათაშვილები, ანდრონიკაშვილები, ვახვახიშვილები, ორბელიანები, ბაგრატიონ-მუხრანელები, სარაჯიშვილები, ბოლქვაძეები, ზუბალაშვილები, ფორაქიშვილები, ციციშვილები და სხვა, რომელთაც მამულები და ქარხნები ჰქონდათ წინანდალში, ენისელში, საბუეში. თელავში, მუკუზანში, ვარციხეში, სოხუმში, ბათუმში, თბილისში.
            დღეს თუ არცერთ მათგანს მემკვიდრე არ ჰყავს და საგვარეულო დინასტია შეწყდა, ამის მიზეზი იყო საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლა, ქონების ჩამორთმევა და მათი გაკოტრებაა, რაც მათ უცხოელ კოლეგებს არ შეხებიათ და იმიტომ არის დღემდე ისეთი საოჯახო ფირმები, როგორიც არის: კამიუ, როტშილდი, ჩინზანო, მარტინი, ბაკარდი, ტორესი, ანტინორი და სხვა.
           დიახ,საქართველო არის ვაზის სამშობლო და ღვინის აკვანი.
           ბატონი ზუპი აცხადებს: ყველაზე მნიშვნელოვანი ახლავე უნდა ითქვას: „საქართველო არც ვაზის კულტივირებული ფორმის აკვანია და არც მეღვინეობის“, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე მეცნიერების პატრიკ ე, მაკგოვერნის და ხოსე ვილამოზის დასკვნებს და იგი არ იცნობს ჰიუ ჯონსონის ისეთ ფუნდამენტალურ ნაშრომებს როგორიც არის - „ღვინის ისტორია“, „ღვინის მსოფლიო ატლასი“ და სხვა, სადაც ავტორს ღრმა ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით გაშუქებული აქვს ღვინის მწარმოებელი ყველა ქვეყანა და პირადად არის იქ ნამყოფი, მათ შორის საქართველოშიც და ამ მასალების მიხედვით შეიძლება თამამად ითქვას, დიახ საქართველო არის ვაზის სამშობლო და ღვინის აკვანი.
         მოყვანილი მასალების გარდა არსებობს უამრავი უტყუარი საბუთი, რომელიც ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, მაგრამ ეს მასალები საგაზეთო სტატიას არ ეყოფა, ამიტომ დავჯერდებით მოყვანილს.
 
პატივისცემით, მეღვინე ბონდო კალანდაძე
 
© ღვინის კლუბი/Weekend


ყველას დიდი მადლობა ვინც ამ საკითხის გარკვევას და საფუძვლიანად კვლევას ემსახურება შინ თუ გარეთ. როცა ასეთ შორეულ ისტორიას იკვლევ ცდომილებები სავსებით დასაშვებია და მტკიცებაც ძნელია რომ უეჭველად ესა თუ ის ქვეყანაა აკვანი, მაგრამ საქართველოს როლის ასეთი ხელაღებით უარყოფა არ ეკადრებოდ ბატონ ზუპის. თან დასაბუთებაზეც რომ არ აიტკია თავი _ ორ "არრა"-ს ვიტყვი და დამიჯერებენო? კი დაიმსახურა არასერიოზული და დილეტანტი კაცის სახელი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული