Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამხრეთაფრიკული ღვინო გლობალურობისკენ ისწრაფვის

ოქტომბრის თვეში ლონდონში დიდი წარმატებით ჩაიარა სამხრეთაფრიკული ღვინის ფესტივალმა - Cape Wine Europe,  რომელიც WOSA-ს მიერაა ორგანიზებული. მან კარგად წარმოაჩინა ამ ქვეყნის მეღვინეობაში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვა მისი განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციებს.

ფესტივალი არა მხოლოდ შინაარსობრივად გამოდგა დატვირთული, არამედ - სასწავლოც, ბევრი თვალსაზრისით. სხვების რა მოგახსენოთ, ჩვენ კი ბევრი რამ შეიძლება გავიზიაროთ სამხრეთაფრიკელებისგან, თუნდაც ის, როგორ შეიძლება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში მაღალ დონეზე წარმოადგინო შენი ქვეყნის ღვინო. წარმოადგინო ისე, რომ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. ოფიციალური ინფორმაციით, ფესტივალი რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოინახულა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ღვინის კომპანიების, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები, სომელიეები, ჟურნალისტები, ღვინის კრიტიკოსები და წამყვანი ექსპერტები. მათ შორის იყო  ჯენსის რობინსონი, რომლის მონაწილეობამ ირიბად დაადასტურა ღონისძიების მაღალი სტატუსი.

ლონდონური ფესტივალის პერიპეტიები

ლონდონის მოედანზე საკუთარი პროდუქცია 125-მა სამხრეთაფრიკელმა მწარმოებელმა გამოფინა. გამომდინარე იქედან, რომ ისინი ქვეყნის სვადასხვა მევენახეობით ზონას წარმოადგენდნენ, სურათი მრავლისმომცველი იყო. ორგანიზატორებმა ღვინოები სხვადასხვა თემატურ სექციებად დაანაწილეს, რაც მათ გაცნობასა და დაგემოვნებას უფრო მოსახერხებელს ხდიდა. ცალკეულ მაგიდებზე შესაძლებელი იყო ჯიშურ ღვინოთა გასინჯვა (პინოტაჟი, შირაზი, კაბერნე, შენენ ბლანი, სოვინიონი და შარდონე). ცალკე იყო წარმოდგენილი ტკბილი ღვინოები, რომლებიც სამხრეთაფრიკელმა ღვინის ოსტატებმა შეარჩიეს; ღვინოები, რომელთაც მაღალი რეიტინგი უჩვენეს ყოველწლიურ Cape Winemakers Guild Auction-ზე, ასევე ღვინოები, რომელთაც ავტორიტეტულ გიდ Platter-ში ხუთი ვარსკვლავი მიენიჭათ.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა დეგუსტაცია-სემინარები სპეციალისტთათვის. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სემინარებმა, რომლებიც სამხრეთაფრიკულ ტოპ-ღვინოებს, ტერუარულ სოვინიონებს და პინოტაჟების დეგუსტაციას ეხებოდა.

მთლიანობაში სამხრეთაფრიკულმა ღვინოებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. უპირველესად, აღსანიშნავია მნიშვნელოვანი პროგრესი შენენ ბლანთან მიმართებაში, რომელიც დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული თეთრი ჯიშია. ბევრი მწარმოებელი აკეთებს აქცენტს მის მსუყე ციტრუსოვან არომატზე, რომელსაც ფრთხილად უზრდიან სხეულიანობას მუხაში დაძველების ხარჯზე. შედეგად, შენენების გასტრონომიული პოტენციალი მნიშვნელოვნად იზრდება, თავად ისინი კი ნელ-ნელა თავისუფლდებიან უბრალო და მარტივ ღვინოთა იმიჯისგან. ძალიან საინტერესო ნიმუშებს ამზადებენ Mulderbosch, Radford Dale და ზოგიერთი სხვა მეურნეობა.

სოვინიონებს შორის ორი ძირითადი ტენდენცია იკვეთება: ერთი მკვეთრად იხრება ახალზელანდიური სტილისტიკისკენ, მეორე – ბორდოულისკენ. პირველი გაცილებით დამაჯერებელია, ამასთან, სამხრეთაფრიკული ღვინოები ახალგაზრდა ასაკში გაცილებით დელიკატურია, ვიდრე მათი ახალზელანდიელი თანამოძმენი. მეორე საკითხი ჯერჯერობით სადავოა. ბევრი მწარმოებელი მეტისმეტად არის გატაცებული მუხის კასრით, რომელსაც სოვინიონი ყოველთვის კარგად ვერ იტანს. ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს Springfield Estate, David Nieuwoudt, Eagle`s Cliff-ისა დაFlagstone-ის ღვინოები.

ეს ყველაფერი გარკვეულწილად სამხრეთაფრიკულ შარდონესაც ეხება, რომელსაც ვანილის მომეტებული არომატი და მწარე გემო აქვს, თუმცა ტიპიურ ახალი სამყაროს ღვინოებს შორის, რომლებიც ძირითადად უხეში და სწორხაზოვანია, კლასიკურ ბურგუნდიულ სტილში დამზადებული, ჭეშმარიტად დახვეწილი ნიმუშებიც გვხვდება. კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ღვინოები Sumaridge-სა და Bouchard Finlayson-სგან.

არანაკლებ საინტერესო ვითარებაა წითელ ღვინოებთან მიმართებაში. უკანასკნელ წლებში მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მუშაობა საერთაშორისო ჯიშებზე. დღეს ბევრი მათგანის აქტივში არის მსუყე, ფაქტურული, კარგად სტრუქტურირებული კაბერნე, აბრეშუმისებრი ტექსტურის შირაზი – სანელებლებისა და ხილის გემოთი; დახვეწილი სტილისა და გამომსახველობის მქონე კუპაჟები, რომლებიც მერლოს, მურვედრის, გრენაშის, მალბეკის, სანჯოვეზესა და ნებიოლოსგან შედგება. ცალკეულ მწარმოებლებთან შეიძლება შეხვდეთ არაჩვეულებრივ პინო ნუარს, რომელსაც ბევრ ბურგუნდიულ ღვინოსთან შეუძლია შეჯიბრება. შესანიშნავი სასმელი აქვს Boekenhoutskloof, Ernie Els, Thunderchild, La Motte, Neil Ellis-სა დაCastro Bonae Spei-ს მარნებს. თუმცა აფრიკელ მეღვინეთა მთავარ პერსონაჟად, რასაკვირველია, პინოტაჟი რჩება. ამ ჯიშთან მუშაობის თანამედროვე ტენდენციის გათვალისწინებით, მეღვინეები ამზადებენ ძალზე გასტრონომიულ, საშუალოსხეულიან, არცთუ ძლიერად ტანინიან ღვინოებს,  გამოკვეთილი ხილის გემოთი და დელიკატური მჟავიანობით. პინოტაჟისთვის დამახასიათებელი აცეტონისა და დამწვარი რეზინის გემო საერთო გამაში არ დომინირებს. საერთოდაც, ეს ღვინო მოკლებულია აგრესიულობას და უფრო მეტად მიწისა და გუდრონის ტონებისკენ იხრება. ამ არცთუ მარტივ ჯიშთან მიმართებაში დიდ წარმატებას მიაღწიეს Kanonkop, Simonsig, Fairview, Windmeul, Morkel, Stellenzicht, Rijk`s, Meerendal. საერთოდ, სხვა წითელ ღვინოებთან შედარებით პინოტაჟი თანაბარ, ჰარმონიულ და პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს. სწორად ორგანიზებული მარკეტინგული სტრატეგიის ფონზე მას დიდი მომავალი ელის.

ეს ყველაფერი დღევანდელობაა, მაგრამ რა იყო მანამდე? როგორია სამხრეთაფრიკული ღვინის ისტორია, როგორ ვითარდებოდა ადგილობრივი მეღვინეობა, როგორია ვაზის ჯიშური განაწილება, რა ტიპის სასმელს ანიჭებენ უპრატესობას იქაურები, რა პრობლემები აქვთ სამხრეთაფრიკელ მეღვინეებს? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს შემდეგ ქვეთავში შეიტყობთ.

სამხრეთაფრიკული მეღვინეობის სათავეებთან

სამხრეთ აფრიკაშიმეღვინეობის განვითარება XVII საუკუნიდან დაიწყო, როდესაც ევროპიდან წამოსულმა გერმანელებმა და ჰოლანდიელებმა ყურძნის მოშენება დაიწყეს. 1659 წელს აქ პირველი ადგილობრივი Eღვინო დააყენეს, 1685-ში კი კაპშტადტის ახლოს პირველი კერძო მეღვინეობის კომპანია დაარსდა. მალე ტკბილმა სადესერტო ღვინო კონსტანციამ (Constantia)  ნამდვილი ფურორი მოახდინა და ფართოდ გადახდა ცნობილი მსოფლიოში. და მაინც, სამი საუკუნე დაჭირდა იმას, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიო "ღვინის კლუბის" სრულუფლებიანი და საპატიო წევრი გამხდარიყო.

დღეს აქაური ვენახები 110 ათას ჰექტარზეა გადაჭიმული. ადგილობრივნი 9 მლნ. ჰექტოლიტრამდე ყურძენს აწარმოებენ, რითაც მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებენ. ასეთი წარმატება შემთხვევითი არ არის. პირველ რიგში, ამას ხელს უწყობს შესანიშნავი ბუნებრივი პირობები. კლიმატი ხმელთაშუაზღვისპირულს უალოვდება: ზაფხული ცხელია და ხანგრძლივი, შემოდგომა - მშრალი და თბილი. ზამთარიც შედარებით თბილია (0-10გრადუსი ცელსიუსით), ამასთან, ნალექიანი. ყინვები, ფაქტობრივად, არ იცის. ვეგეტატიური პერიოდი რვა თვემდე გრძელდება; ამას გარდა, ბევრია თავისუფალი მიწაც, რაც ვენახების გაშენებას უწყობს ხელს. მსხვილი საერთაშორისო კომპანიები ბიზნესის სხვადასხვა სფეროდან დიდ თანხებს დებენ ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებაში. შედეგად, სახეზეა მძლავრი მატერიალური ბაზა. ღვინის დასაყენებლად ადგილობრივები თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ, რაც სასმელის ხარისხს კიდევ უფრო აუმჯობესებს.

გასული საუკუნის 50-იან წლებში მეღვინეებმა პრაქტიკაში ცივი ფერმენტაცია დანერგეს, რის შემდეგაც გაჩნდა არომატული მშრალი ღვინოები.

1973 წელს მთავრობამ ღვინის წარმოშობის განმსაზღვრელი სისტემა (Wine of Origin) შემოიღო, ფრანგული სისტემის ანალოგი. მას შემდეგ მომხმარებელი უპირატესობას ოფიციალურად სერთიფიცირებულ ღვინოებს ანიჭებს.

1985 წელს პირველად აწარმოეს კასრში ფერმენტირებული ღვინო. ეს იყო კომპანია Backsberg Estate-ს შარდონე. დღეს სამხრეთ აფრიკის საუკეთესო მეღვინეები წითელი და თეთრი ღვინოების დასაყენებლად ფრანგულ და ამერიკულ მუხის კასრებს იყენებენ.  

1980-იან წლებში საერთაშორისო სანქციები კრძალავდა სამხრეთაფრიკულ ღვინოთა გატანას სხვა ქვეყნის ბაზრებზე. 90-იან წლებში ემბარგოს მოხსნის შემდეგ, არაერთი პრობლემის მიუხედავად, აქაურმა ღვინოებმა შეძლო ჰარმონიულად ჩაწერილიყო მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. უკვე 1993 წელს სამხრეთ აფრიკამ დიდ ბრიტანეთში მეტი ღვინო გაიტანა, ვიდრე ახალმა ზელანდიამ და ჩილემ.

ღვინის წარმოშობის სისტემის თანახმად, სამხრეთ აფრიკაში 13 მეღვინეობის რეგიონია. ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი სასმელი იწარმოება აღმოსავლეთში, კეიპტაუნთან ახლოს, ქალაქების: სტოლენბოსის, პაარლისა და რობერტსონის მიდამოებში. აქ გრილი კლიმატია და ნალექიც გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ადგილებში.

ქვეყანაში ღვინის მწარმოებელთა ძირითადი ტიპები ასე გამოიყურება: კერძო მეურნეობები, ანუ Estate, რომლებიც ღვინოს მხოლოდ საკუთარ ვენახში მოყვანილი ღვინისგან ამზადებენ (სულ 82 მეურნეობა). Estate-თი მარკირებული ღვინო ფრანგული Chateau-ს ან  Domaine-ს სამხრეთაფრიკული ანალოგია. კერძო მეურნეობათა ღვინოები ადგილობრივი მეღვინეობის ელიტას წარმოადგენს და ქვეყანაში ღვინის წარმოების საერთო მოცულობის 10%-ია.

მწარმოებელთა კიდევ ერთი ფორმაა კოოპერატივები, რომელთა ღვინო ამ კოოპერატივში შემავალი ფერმერების ვენახებიდანაა დაწურული. დღესდღეობით სამხრეთ აფრიკაში 70-მდე კოოპერატივია.

რაც შეეხება ჯიშთა გადანაწილებას: თეთრი ჯიშები მთელი წარმოების 80%-ს შეადგენს. შენენ ბლანი ვენახების 30%-ს იკავებს, სოვინიონ ბლანი და შარდონე – 6%-ს. შედარებით პოპულარული წითელი ჯიშებია კაბერნე სოვინიონი და მერლო, ასევე - შირაზი და პინო ნუარი. განსაკუთრებული წითელი ჯიში, რომელსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით, არის პინოტაჟი, რომელიც სამხრეთაფრიკული მეღვინეობის სიმბოლოდ იქცა. პინოტაჟი 1926 წელს ორი ფრანგული ჯიშის – პინო ნუარისა და სინსოს შეჯვარებით მიიღეს. მისგან დამზადებული ღვინოები მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებულად ფასობს.

ადგილობრივ ღვინოთა ერთადერთი "ნაკლი" მათი მაღალი ფასია,Mთუმცა ეს სავსებით გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში მეღვინეობას თითქმის მთლიანად თეთრკანიანი მოსახლეობა აკონტროლებს. დარგი არ იღებს არანაირ სახელმწიფო დოტაციას და მთლიანად გაყიდვებზეა დამოკიდებული. გაყიდვების თვალსაზრისით კი ურიგო ვითარება არ არის. სამხრეთაფრიკულ ღვინოებზე მსოფლიოში მოთხოვნა არცთუ დაბალია და მწარმოებლებიც მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი ქვეყნისა და სასმელის პოპულარიზაციას. როგორც ლონდონური ფესტივალიდან გამოჩნდა, არცთუ ურიგოდ.

ადგილობრივ მეღვინეთა სწრაფვას გლობალიზაციისკენ მსოფლიოს ღვინის მოყვარულები სათანადოდ აფასებენ და სამხრეთაფრიკულ ღვინოს კარს კიდევ უფრო ფართოდ უღებენ. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ისინი აიმას ნამდვილად იმსახურებენ.  

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.