გამოქვეყნებულია: 8 ივნისი, 2010 - 12:23
ნიკო რეხვიაშვილი
ღვინო ქართული პურობის დამახასიათებლი თავისებურებაა. "უღვინოდ პურის ჭამა გაჭირვებისაა” – ამბობს ჩვენი ხალხი. ლხინსა და ჭირში ღვინო ამკობდა და შნოს აძლევდა ქართველი კაცის სუფრას. "ახალწლის შემოლოცვისას” მეკვლე, პირვეყოვლისა, პურ-ღვინის სიუხვეს უსურვებდა ოჯახს: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ წმ. ბასილი. იმისი მადლით იყავით პურითა და ღვინით აღვსილი”. ასევე, შიოობას, ყველიერის ხუთშაბათს, ქართველი კაცის ოჯახი, თუ მეტი არა, ერთ ჭიქა ღვინოს მაინც მიაგებებდა წმ. შიოს მობრძანებას, რომელიც ხალხის ძველი რწმენით, სათითაოდ ჩამოუვლიდა ხოლმე ყველა მარანს და სადაც ცარიელს ნახავდა საღვინე ქვევრებსა და ჭურჭელს შერისხავდა ოჯახს უბარაქობისა და ღვინის მოუსავლელობით. ხალხური დღეობისას, მეალილოენი კარდაკარ ჩამოივლიდნენ და გალობდნენ: "აგაშენოთ, დაგამშვენოთ, როგორც შიოს მარანი: პური, ღვინო ბევრი მოგცეთ, სალეწავი მრავალი”.
საერთოდ, ღვინო ქართველი ხალხის ცხოვრებაში უბრალო მოსახასიათებელი სასმელი კი არ იყო, არამედ ერთ-ერთ ძირითად საკვებს წარმოადგენდა. შემრგეც იყო და საამოც. ამით აიხსნება ქართველი კაცის მოკრძალებული სიყვარული ღვინის მომცემი ვაზისადმი: "ვაზის ჭირიმე, ვაზისა, უფლისგან კურთხეულისა. წითელი ღვინის დედაა, გამხარებელი გულისა”, ან კიდევ: "შენ აჭმევ პურსა ცოცხალ კაცს, დამმარხველი ხარ მკვდრისაო”.
ღვინის მნიშვნელობის ამგვარი გაგებით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ პურ-ღვინობის ძველი ქართული სუფრის წესები მკვეთრად იყო ჩამოყალიბებული და მტკიცედ დანერგილი ყოფა-ცხოვრებაში, ლხინსა თუ ჭირში. პურის ჭამასა და ღვინის დალევას თავისი გარკვეული წესები გააჩნდა და დაკანონებული იყო ტრადიციით. ქართული პურობის "დაწყობილება” თავისებური სკოლა და ჭკუის სასწავლებელი იყო. კერძო და საზოგადო საქმე ხშირად სუფრაზე წყდებოდა ხოლმე. უბრალოდ კი არ ამბობდნენ: "ადამიანის კაცურ-კაცობა სმა-ჭამაში გამოჩნდებაო”. ამ მხრივ, თითოეული სადღეგრძელო მოითხოვდა გარკვეულ თანრიგსა და მიზნად ისახავდა კონკრეტულ ამოცანას. სააუგოდ ითვლებოდა "უგა-მაგა” ლაპარაკი და უჯეროდ ღვინის დალევა. განსაკუთრებით ქორწილისა და რომელიმე მთავარი დღეობისას. დიდი ყურადება ექცეოდა აღნიშნული წესების დაცვას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, რიცხვმრავალ თანამესუფრეთაგან უმეტესობა ჩაბმული იყო სალაღობო-სამხიარულო "საძლეველ სმაში”. აქ "ძლევა” უფრო ღვინის შერგებაში გამოიხატებოდა და არა მეტის დალევაში. გამორიცხული და მიუღებელი იყო თვითნებურად სუფრიდან ადგომა "ღვინის მოსაქარვებლად”, ან რაიმე სხვა საჭიროებისათვის. ამ შემთხვევაში წესის დამრღვევს ევალებოდა საჯარიმო სასმისის - "სატალახოს” დალევა. (სატალახო სასმისი – კათხა 1-2 ბოთლ ღვინოს იტევდა). იგი კარებთან ეკიდა და შემობრუნებული პირი გვერდს ვერ აუვლიდა.
ღვინის სმას ჯერ მცირე სასმისებით იწყებდნენ, შემდეგ მოდიდოს მოაყოლებდნენ. ყოველ სადღეგრძელოს შესაფერისი სიმღერა მოსდევდა: "აგვიშენდეს მასპინელი, სუფრას მოუმართოს ხელი” – დალევდნენ და გადულოცავდნენ სადღეგრძელოს ერთმანეთს. სულ ბოლოს მოითხოვდნენ "სარიოშს”; სარიოში ეწოდებოდა დიდ კართხას, რომელსაც "ასარეკსაც” უძახდნენ.
დროთა განმავლობაში ღვინის მრავალმხრივი გამოყენებისა და "მიღების” კულტურამ განაპირობა ნაირსახისა და ხასიათის ღვინის სასმურთა და საწდეთა შემოღება. მათგან, პირველყოვლისა, აღსანიშნავია "ტალიაქი” და "მარანი”. ორივე მათგანი თავისებური აღნაგობისა და ხასიათის სასმურია. "ტალიაქი”, არსებითად, იგივე "მარანია”, ოღონდ მასზე უბრალო და პრიმიტიული ჩანს. მარანი, უფრო ტალიაქის განვითარებულ სახეს უნდა წარმოადგენდეს, რომელიც თანდათანობით დამშვენდა და რთული კომპოზიციის მხატვრულ სასმურად ჩამოყალიბდა. ტალიაქი შედგება "თვალედი საძირისა” ანუ "შთასადებლისა” და მასში მოძრავად განლაგებული შვიდი მცირე სასმურისაგან.
"შვიდთვლიანი” ტალიაქი შვიდი ღვთაებისადმი სადიდებელ სადღეგრძელოთათვის იყო განკუთვნილი. პირველი ჭიქით ადიდებდნენ მამაღმერთს (მაღალ ღმერთს), მეორეთი – მაცხოვარს, მესამეთი – წმ. გიორგის, მეოთხეთი კვირაცხოველს, მეხუთეთი – მთავარანგელოზს, მეექვსეთი – ღვთისმშობელს, მეშვიდეთი - "ჯვარცმას”. (ღვთაებათა თანმიმდევრობა და დასახელება, საქ-ს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა იყო და ბოლოს 7 სამთავროს ერთობას ასახავდა იგი სიმბოლურად).
მარანი, ქართულ საღვინე სასმისთაგან, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. "მარანი” შედგება რამდენიმე მცირე ჭინჭილისა, ანუ "ჭურჭლისაგან”. ისინი მობმით, წრიულადაა განლაგებული და ერთიანი მასრა-სადინარითაა გაერთიანებული. მარნისათვის დამახასიათებელია კენტი რიცხვის "თვლები”, უმთავრესად "შვიდეული” ან "ცხრაეული”. იგი, ჩვეულებრივად, ქორედი აღნაგობისაა და ამ მიმართებით თითქოს ფერხისას, "ზემყნურს”, განასახიერებს. მარანი ნივთიერად კეცისაა, აშენებულია ორიგინალურად, დამშვენებულია სხვადასხვა ქანდაკებებით. მთავარი თვალი ანუ "ჭურულა”, რომელიც აწესრიგებს ღვინით მარნის ავსება დაცლას, შედარებით მოზრდილია და რომელიმე ცხოველის (უფრო კი ირმის) "თავრელის” სახე აქვს. ამ შემთხვევაში, გამოქანდაკებული ცხოველის "ტუჩი” გამოყენებულია სასმელ პირად.
ასევე საყურადღებოა "ყარყარა”.
იგი მიმზიდველი და სანდომიანი შეხედულებისაა. ფურცელი ვერცხლისა კეთდება ცივი კვერვით. ახასიათებს მაღალი, ვიწრო და მრუდე ყელი, რომელიც შუა ადგილას "სამპირადაა” გაყოფილი და მოგრეხილი. თავდება "ფარფლიანი”, "პირგადაშლილი” პატარა "ღარტუჩით”, რომელიც შიგნით გატიხრულია და სამი მცირე სადინარი ხვრელი აქვს დატანებული. ამ ხვრელ-სადინარით წარმოებს მასში ჩასხმა-გადმოსხმა ღვინისა. ყარყარა გავრცელებულია უფრო აღმოსავლეთ საქართველოში. შედარებით იშვიათია დასავლეთ საქართველოში. სამეგრელოში მას "ყარყალია” ეწოდება.
ყარყარა და მისი მსგავსი ხასიათის ჭურჭელი: "კულა”, "ჭინჭილა” და სხვა თავისი ფორმა-შინაარსით, ესთეტურ, საამებელ ღვინის სასმურად წარმოგვიდგება. ისინი იყო "სამსახურებელნი, ტაბლათანი, ტურფანი და სანადიმონი”, როგორც ამას აღნიშნავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოს. "ყარყარა”, საბას მიხედვით, "სარწყულია სმაში ხმის-მცემელი”. ხალხური ახსნით სახელი - "ყარყარა”, სმის დროს მისი ხმიანობიდან - "კო-კო-კოს”-გან წარმოსდგება, ხოლო მისი მოყვანილობის თავისებურების შემდეგ გადმოცემას უკავშირებს: - ყარყარა პირველად სწორ ყელიანი სურა იყო. ერთხელ როდესაც, მეფე ერეკლე ნადიმად იჯდა და წინ სუფრაზე ღვინით სავსე სწორ ყელიანი სურა ედგა, მოახსენეს: - მტერი კარს მოგვადგა და ქვეყანა საფრთხეშია-ო. განრისხებულმა მეფემ მის წინ მდგარ სურას ხელი წაავლო, ყელი მოუგრიხა და შესძახა: "ასე მოუგრეხ მტერს კისერს”-ო. ამის შემდეგ სურას ყელმოგრეხილი სახე შერჩა. ასე გაჩნდა "ყარყარა”.
ასევე, სასმისის თავისებური და საყურადღებო ტიპია კ უ ლ ა, რომელიც საყოველთაოდაა გავრცელებული მთელ საქართველოში. კულა კეთდება ხისა, ვერცხლისა, სპილენძისა, აყიროსი და სხვა მასალისა. იგი ნაირი სახისაა და მორთულობისა. ყველა მათგანის ნიშანდობლივი და საერთო თვისებაა – სმის დროს "რაკ-რაკის” გამოღება, ყარყარას მსგავსად, რაც ერთობ საამოსა ხდის მით ღვინის დალევას. ამიტომ უთქვამთ: "კახელი კაცის ჭირიმე, ჩაარაკრაკებს კულასა”-ო. ასევე სამეგრელოში კულით ღვინის დალევას თან ახლდა სიმღერა: "ეკური კულა რე, ით ღვინს მითი გეშუნს, კოჩი თინა რე! ეკური კულა ხარკალე აშო მომიჩაკალე! (ეკური კულა-ა ვინც ღვინოს მით დალევს კაციც ისაა, ეკური კულა "ხირგინე” აქეთ "მომიჯლიგინე”).
ხის კულა ჩვეულებრივად შემოსილია ვერცხლის სახიანი ფირფიტებით. ახასიათებს ნახევარსფერული ჩიბი (მუცელი), გრძელი და ვიწრო ყელი, ჩახეული პირ-ტუჩი. ხისა და აყიროს კულა "კუტი” კეთდება, ლითონისა კი ფეხზე მდგომი. აყიროს კულა და ხრიკას გაწყობა იცოდნენ გიშრის სადაფებით, რაც მათ შნოიანსა და სასიამოვნო გარეგნობას აძლევდა.
ხმიანი სასმისების წყებას განეკუთვნება აგრეთვე - "ჭინჭილა”. იგი ხასიათდება "მორჩილი” და მწყაზარი ტანით, მოხდენული "შერიგისი” ყელით. ნივთიერად იგი კეთდება სხვადასხვა მასალის, უმთავრესად, კეცისა და ლითონის. მის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს, ტანის სიპატარავესთან ერთად, ყელის სივიწროვისაგან წარმომდგარი ხმიანობა, სმის დროს. ამ მიმართებით იგი, ყარყარასა და კულასთან ერთად, განეკუთვნება იმ სასმისებს, რომელთაც საფუძვლად უდევთ ხალხური ცოდნა-გამოცდილება, რომლის მიზანია საჭმელ-სასმელის მიღება თანაზომიერად და მისი შერგება უკეთესად. ქართული სუფრის ძველი წესების დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ამ მხრივ ზოგიერთი გონივრული მონაპოვრის განმტკიცება სასარგებლო იქნება ჩვენი ახალი ყოფისათვისაც.
ამგვარად, ნაირსახისა და ხასიათის სრულყოფილი საღვინე სასმისების არსებობა ღვინის მოხმარებისა და გამოყენების კულტურის ღრმა ტრადიციებზე მიგვითითებს.
საღვინე ჯამ-თასის წყებას განეკუთვნება ბადია, თასი, ფიალა, ბაკანი და "ფარფალა”. მათგან უდიდესია "ბადია”, უმცირესი - "ფარფალა”.
ბადია ეწოდება საკმაოდ დიდი ზომის საღვინე სასმისს, რომელიც ლოთონისიცაა და კეცისაც. ერთი ასეთი ვერცხლის ბადია სამეგრელოს მთავარს დავით დადიანს უთავაზებია თავისი ერთგული აზნაურის ერმალოზ გელოვანისათვის, რასაც მასზე მოცემული შემდეგი მხედრული წარწერა გვიჩვენებს: "მე დავით დადიანმა გითავაზე შენ ჩემ ერთგულ აზნაურს, ერმალოზ გელოვანს, ეს ჯამი სახსოვრად, მრავალნი რბიან ასპარეზსა ზედა და ერთმან მიიღოს ნიჭი”. აღნიშნული ჯამი (ბადია ნ.რ.) ყურადღებას იქცევს არა მარტო სიდიდით, არამედ სილამაზითა და მოყვანილობით. იგი მაღალ ფეხიანია და "რჭალებითაა” შემოვლებული. მნიშნველოვანი ლხინისა და ნადიმის ჟამს, როდსაც რიცხვმრავალი სუფრის წევრები დასხდებოდნენ პურობად, თანამესუფრეთა შორის ღვინის მიღება ჯგუფური წესით მიმდინარეობდა. ოთხი კაცი, მეორე ოთხ კაცს დაულევდა და გადაულოცავდა ამ ბადიით. მეორე ოთხეული, თავის მხრივ, მესამე ოთხეულს და ასე გრძელდებოდა სადღეგრძელოების შესმა. ბადიაში მოთავსებულ სადღეგრძელო ღვინოს ოთხივე "მომლხენი” თანაბარი რაოდენობით სვამდნენ – ტაფაკით (აზარფეშათი). "ტაფაკი” იგივე მცირე ტაფაა, რომელიც ჩვეულებრივად ოქრო-ვერცხლისა კეთდებოდა. ასეთი ტაფაკებით ღვინის სმა უფრო აღმოსავლეთ საქართველოში იყო მიღებული. საინტერესოა, რომ პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილს აზარფეშისათვის დაუწერია: "ამავსებ ღვინით, აგავსებ ლხინით, შესვი! გაამოს! (ნ. ბარათაშვილი, ლექსები, 1945 წ.). უნდა ითქვას, რომ ბადიიდან ღვინის ამოღება და სადღეგრძელოს დალევა სხვა სასმისებითაც იცოდნენ. ამისათვის ყველაზე მოხერხებული და ხელმარჯვე იყო ხრიკა "ხელქოთანა”. ერთი ხალხური ლექსი ამას ნათელს ხდის: " ... ბზობა მოვა, ხარება, ქალებს გაეხარება, ყურიანა, "ხელქოთანა”, ხრიკას ჩაეხმარება”... ხრიკა კეთდება აყიროსი. მის სახესხვაობას წარმოადგენს "ორშიმო”. იგი ამავე მასალისა კეთდება. მით ღვინის ამოღება იციან დიდი ჭურებისა და ქვევრებიდან. ღვინის ერთ-ერთ ძველ კუთხეში – ლეჩხუმში ვენახის შემოლოცვისას იცოდნენ წართქმა: " ... აგუნამ ჩამეიარა – ილითა და მილითა, ორშიმო და ხრიკითა. ჩვენს ვენახში ფეხი ჩაეტეხა, დია ისხი, ისხი!”
ზომით, ჯამთასის, ანუ ბადიის შემდეგ თასი დგას. თასი, როგორც ითქვა, ბადიაზე მცირეა, მაგრამ მოყვანილობითა და სილამაზით მას ჰგავს. "თასი” ჭურჭლეულად იხსენიება ბარათაშვილების გაყრილობის წიგნში (1523 წ.) "თასები, ჭიქები, ჩინურები, ქვაბები, თეფშები, ბარქაშები” (ქრონიკები, 11, 350). საბას მიხედვით, თასი წარმოადენს სასმისს. ასევეა იგი გაგებული ხალხურშიაც: "დალიე და დადგი თასი, ჩვენ ვინა გვყავს შენი ფასი” და სხვა. თასი ნივთიერად უფრო ლითონისა იყო მოღებული, თუმცა კეცისასაც კარგად ხმარობდნენ. თასის მომდევნოა "ბაკანა”, ანუ "ფიალა”. იგი თასზე პატარა და ფრიალაა. ახასიათებს თხელი და მჩატე ტანი, გადაშლილი, ფარფლიანი პირი და დაბალი ფეხი. მით ღვინოს მიღება უფრო საამებლად, გემოს ჩასაყოლებლად იცოდნენ. სახელი "ბაკანი” იხსენიება ადრეულ წერილობით ძეგლებში: " ... მოგვცემდეს ბაკნითა ძმარსა და კუტლითა წყალსა”-ო. (ათონის კრებული, საეკლესიო მუზ-ს საიუბილეო გამოც. 1901, გვ. 129). ბაკანის, ანუ ფიალას ერთ-ერთ სახესხვაობას წარმოადგენს "კვანჩხა” (ხელიანი ბაკანა), რომელიც ცნობილია ნაირი სახელწოდებით: "ქვიშინა” (რაჭა), "კვანჩხა” (ლეჩხუმი, იმერეთი), "კვატუში” (დას. საქ-ს მთიანეთი), "სირჩა” (გუდამაყარი), "ჩაყვა” (აფხაზეთი, სამეგრელო) და სხვა. საბას მიხედვით "კვანჩხი” მცირე სასმისი იყისა (რახისა და არაყის).
"ფარფალა” აღნიშნული წყების მეოთხე წარმომადგენელია. იგი სავსებით პატარა სასმისია. მით ღვინის დალევით, კაცი ძნელად თუ "გაჯერდება”. ალბად, ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ხალხური ლექსის მიხედვით ფარფალათი ღვინის დალევა შედარებულია "ზიარებასთან” სადაც ხაზგასმულია ამ სასმისის სიმცირე და უკმარობა: " ...ზემოთა კარსა ჩამოდგა, შავი სვანისა ჯარია; მათ რომ აბჯარი ჩაიცვეს არ მოშორდება თვალია; მათ რომ ფერხული დაიბეს მიწას, დაასხეს ზარია, თითო ფარფალა დალიეს, მით იზიარეს თავია”... აქედან ნათლად ჩანს, რომ "ფარფალა” ფრიალა და მცირე სასმისია, რომლითაც უფრო საამებლად, ნება-ნებად სვამდნენ დასალევს.
ფეხიან სასმისთა საყოველთაოდ გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს კათხა, ანუ ბარძიმი. იგი სხვადასხვა სიდიდის და მასალისაა. ამის კვალობაზე სახელი "კათხა” ზოგადი მნიშვნელობით იხმარება. როცა იგი ხისაა "კათხა” ეწოდება, ხოლო დიდსა - "სარიოში”; ანუ "ამრეკელა”. სარიოშის ჩამორიგება ლხინის დროს ბოლოს იცოდნენ. მით იტყოდნენ საბოლოო სადღეგრძელოს, სახლის დასალოცს. ეს კათხა ორ-სამ ბოთლ ღვინოს იტევდა და მისი დაცლა არც თუ ისე ადვილი იყო. ვინც ამ უკანასკნელს პირწმინდად დაცლიდა და სუფრას ბოლომდე შერჩებოდა, სახელი იყო. თუ გავითვალისწინებთ პურ-ღვინობის დროის ხანგრძლივობას (5-6 საათს) აღნიშნული სადღეგრძელოების დალევა არც ისე შეუძლებლად მოგვეჩვენება. საერთოდ, "პურ-ღვინოს” ქართულ სუფრაზე ერთობ ამშვენებდა და საამოს ხდიდა ტურფა თვალად-ტანადობის სასმური და საწდე საღვინე ჭურჭელი, რომელთა საერთო დამახასიათებელი თვისებაა – სახმარ და სამშვენ მხარეთა ერთობლიობა. ასეთია, მაგ. ხელმარჯვე და სანდომიანი გარეგნობის მქონე საღვინე დოქები, ლიტრები, სურები, ორკოლები და სხვა. "თვალი სვამს და თვალი ჭამს”-ო, ამბობდნენ და დიდ მნიშნველობას აკუთვნებდნენ შნოიანსა და ხემლარჯვე ჭურჭელს.
ამგვარად, ქართველი ხალხის ყოფაში ღვინის მიღებისა და მოხმარების ხანგრძლივი გამოცდილების ნიადაგზე გამომუშავდა და შეიქმნა ნაირი სახის და ხასიათის სასმური და საწდე საღვინე ჭურჭლის სრულყოფილი ფორმები.
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
„ძეგლის მეგობარი“, N16, 1968
თქვენი კომენტარი