Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული პარადოქსი - სუფრაზე ღვინის ”მოტეხვა”

გიორგი იორამაშვილი, ლევან სეფისკვერაძე

ქეიფი და ღვინის უზომო რაოდენობით სმა, თანამედროვე ქართულ სინამდვილეშიც მამაკაცთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ითვლება. ამიტომაცაა, რომ დიდი რაოდენობით ღვინის დამლევი და სხვების დამთრობი კაცი, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და იგი ნაწილობრივ შურსაც კი იწვევს სხვებში.
 
ჩვენ შევეცადეთ გამოგვერკვია ყველა ის, მეტ-ნაკლებად ცნობილი თრობის საწინააღმდეგო მეთოდები, რომელთაც ”მაგარი” მსმელების უმეტესობა იყენებს. ამ მეთოდებს, უფრო საინტერესო რომ გახდეს, ცალკეული შემთხვევბის სახით შემოგთავაზებთ.
 
ჩია თამადის წამალი
 
ამ ხუთიოდე წლის წინ თიანეთის რაიონში, ბავშვის ნათლობის აღსანიშნავად დიდი, ასე 100 კაციანი სუფრა გაიშალა. სტუმრების უმეტესობა თბილისიდან იყო ჩასული. მოგეხსენებათ, რაიონებში წესად აქვთ, ვიდრე ყველა სტუმარ მამაკაცს უკლებლივ არ დაათრობენ და სათითაოდ არ ”გაიტანენ” სუფრიდან, არ მოეშვებიან. ამ შემთხვევაშიც ასე გადაწყვიტეს მასპინძლებმა. თამადად კი, ყველა იქ მყოფის გასაკვირად აირჩიეს ჩია კაცი, რომლის დანახვაზე იფიქრებდით, ამან რომ დამათროს, თავი მექნება მოსაკლავიო. ამით, ცოტა არ იყოს, გაიხარეს კიდეც სტუმრებმა - ამ კაცს დავათრობთ და მერე კი გვექნება სატრაბახო, თამადა ამოვუყირავეთ თიანელებსო.
 
გახურდა სმა, ჭიქა ჭიქაზე იცლებოდა, ყანწი ყანწზე, თამადა კი იჯდა ჯიუტად თავის ადგილზე, არც კი ინძრეოდა და სიმთვრალის ნატამალსაც კი ვერავინ ამჩნევდა. მოქეიფეებმა იმ საღამოს, რომ იტყვიან, გატყვრომამდე სვევს. ბევრი გაიპარა კიდეც, ზოგმა თეფშებში ჩაჰყო თავი და მაშინღა დაანება თამადამ თავი მისი დათრობის მოსურნე სტუმრებს.
 
თავისი გმირულად სმის საიდუმლო თამადამ მხოლოდ მეორე დღეს გაამხილა, როცა ყველაფერი უკვე ჩავლილი იყო და თავადაც კარგად იცოდა მის მიერ გამოყენებულ პატარა ეშმაკობას ცუდ საქციელად აღარავინ ჩაუთვლიდა. საიდუმლო კი, არც ისე რთული და აუხსნელი გამოდგა. ყველაფრის თავი და თავი, ხაშლამის წვენი ყოფილა.
 
როდესაც ხაშლამა იხარშება, მთელი ცხიმი ზევით ამოდის და მომწვანო-მოყვითალოდ ლიპლიპებს ზედაპირზე. მას, როგორც წესი მოხდიან და ღვრიან, რადგან საკმაოდ ბინძურია. მაგრამ, ქეიფის დაწყებამდე 2-3 საათით ადრე ის კაცი, რომელსაც სხვების დათრობა სურს, თუ გარისკავს და იმ ხაშლამის ცხიმს დალევს, ღვინო ვერაფერს დააკლებს. სწორედ ასე მოქცეულა ქეიფის დღეს თამადა და ამიტომაც იყო, რომ ჩია კაცმა სულ ერთმანეთზე ”დააწყო” მასზე ზორბა და ღვინის მეტად მსმელი სტუმრები.
 
ორი ჭიქის ფოკუსი
ალბათ ყველას გინახავთ ისეთი თამადა, რომელიც ღვინოს ”იპარავს” და არ სვამს, სხვებს კი დალევისკენ მოუწოდებს. ამის გამო ჩხუბი და აყალ-მაყალიც ხშირად მომხდარა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თამადა ფაქტზე დაუჭერიათ, ღვინოს ჩუმად დაბლა რომ ღვრიდა, ანდა საკუთარ ცარიელ ჭიქას რომ ხელს აფარებდა,-აქაოდა სავსეაო. ასეთ დროს ძნელია თქვა, რომელია მართალი-ღვინის მომპარავი თამადა თუ მისი მოტყუებული თანამეინახე. თუმცა ერთი რამ აშკარაა, ღვინის ”მოპარვასა” და თანამეინახეების გაბითურებას საკმაო ეშმაკობა ნამდვილად სჭირდება. ამ მხრივ ერთი ყველაზე ეშმაკური და კარგად ჩაფიქრებული ხერხის შესახებ გიამბობთ.
 
ხერხი შემდეგში მდგომარეობს: ახლად არჩეული თამადა, ქეიფის დაწყებისთანავე გვერდით ისვამს ერთ თავის თანამზრახველ მეგობარს. მეგობარი, როგორც წესი თავად ასხამს ღვინოს ჭიქებში და მერიქიფეობასაც სწევს. როდესაც თამადა გავსებულ ჭიქა იღებს და სადღეგრძელოს ამბობს, მის მეგობარს უკვე გამზადებული აქვს ერთი ცარიელი ჭიქა. თამადა, სადღეგრძელოს სმისას, ვითომ შემთხვევით, სავეს ჭიქიან ხელს მაგიდაზე დებს. აი, სწორედ მაშინ რაღაც წამების მეათედებში მერიქიფე თამადას ართმევს სავსე ჭიქას და ცარიელს აჩეჩებს.
 
სუფრაზე თავიდან რა თქმა უნდა ყველამ დაინახა, რომ თამადას ღვინო უსხია და შემდეგ უკვე ხედავენ, რომ ჭიქა ცარიელია. რა უნდა თქვა? გამოდის რომ ღვინო თამადამ დალია. მერიქიფეზე კი (რომელიც სხვა სადღეგრძელოს თქმის დროს თამადას ისევ ძველ ჭიქას უბრუნებს) ეჭვის აღება ცოტათი ძნელია, რადგან ხალხი იმასაც ხედავს, რომ მერიქიფე ღვინის დასხმისას არ იტყუება და ყველას თანაბრად უვსებს სასმისებს. თუმცა, ამ დროს მოქეიფე ადამიანებისთვის ერთი რამ მაინც გაუგებარი რჩება, რატომ სვამს თამადა ასე მალ-მალე სადღეგრძელოებს და ოდნავ მაინც რატომ არ ეტყობა სიმთვრალე, მან ხომ თითქმის ”ყველაზე მეტი” დალია.
 
განსხვავებული ”განსხვავებული”
 
ამბობენ, ვისაც სურს ქართულ სუფრაზე ყველაფერი მალე დაამთავროს, დიდი, განსხვავეული სასმისი უნდა შესთავაზოს სხვებს და რამდენიმე წუთში ყველაფერი მოთავდებაო. ეს, რა თქმა უნდა ნაწილობრივ მართალიცაა, მაგრამ არც უდავო ჭეშმარიტებაა და აი რატომ: ქეიფის დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, თუ რამდენს დალევ, არამედ იმასაც თუ რითი და როგორ დალევ. ამაში პირველ როგში, სასმისის ნაირსახეობა იგულისხმება. არსებობს სასმისები, რომელშიც ბევრი ღვინო სულაც არ ჩადის და შეიძლება ერთ ჭიქა ღვინოზე მეტი სულაც არ ეტეოდეს, მაგრამ მისი დალევა იმდენად რთულია, რომ რამდენიმე ყლუპის მოსმაც კი გაუჭირდეს კაცს.
 
ასეთი სასმისები ძირითადად სქელპირიანი ყანწებია, რომელთა უმეტესობა სპეციალურად იმ მიზნითაა დამზადებული, რომ მასში ჩასხმული სითხის სიმცირემ მოგატყუოს. მოგეხსენებათ, ასეთი სასმისით სმის დროს, იძულებული ხარ ღვინო ყლუპ-ყლუპით, ნელა და დაგემოვნებით დალიო. ასეთი სმა ძალიან სასიამოვნოა მაშინ, როდესაც შინ, თითო-ოროლა მეგობართან ქეიფობთ და რამდენიმე ჭიქას სასიამოვნო თრობისთვის სვამთ. მაგრამ, დიდი სუფრაზე ასე სმა არამც და არამც არ გამოგადგებათ, რადგან, როგორც წესი წრუპ-წრუპით სმის დროს ადამიანი 50%-ით უფრო ადრე თვრება, ვიდრე ერთი ამოსუნთქვით დალევისას. ამიტომ, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს დააკვირდეთ იმას, თუ როგორ სასმისს გთავაზობთ თანამესუფრე და თავად რითი სვამს.
 
ერთხელ, ამ ამბავთან დაკავშირებული ერთი ამბის მომსწრე თავად გავხდი. დაბადების დღეზე, როგორც წესი იუბილარის დასალოცად მამაკაცებმა განსხვავებული სასმისები მოითხოვეს. იუბილარი ამ თხოვნაზე ადგა და რამდენიმე ყანწი გადმოიღო.
 
ყაწებიდან სამი ერთნაირი იყო, ერთი კი დანარჩენ სამზე ოდნავ დიდი, თუმცა თხელყელიანი. იუბილარმა, მორიდებით მაგრამ დაჟინებით ითხოვა: ბიჭებო, წესად გვაქვს ოჯახში, ამ ყანწით მარტო მე ვსვამ და ახლაც ასე ვიზამ, არ გეგონოთ რომ ცოტა ღვინო ისხმება შიგო. ამის დასტურად ყველას გვაჩვენა, რომ მის ყანწში სხვებზე არანაკლები ღვინო ჩადიოდა. მოქეიფეები ვერ მიუხვდნენ ეშმაკობას და დაუჯერეს.
 
იმ საღამოს მასპინძლებს რამდენიმე ტაქსის გაჩერება და ცოცხალ-მკვდარი მთვრალი მოქეიფეების სახლამდე მიცილებაც კი დასჭირდათ. ფხიზელი არც იუბილარი იყო, მაგრამ მისი სიმთვრალე რა სახსენებელია, სხვებთან შედარებით. ასე, რომ სასმისებსაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ და შეეცადეთ თქვენც არ მოგატყუონ იმ ბიჭებსავით.
 
ჩინური თავდაყირა
 
სიმთვრალის დამარცხების ეს მეთოდი ქართული ნამდვილად არაა, მაგრამ პირველად, როდესაც ქართველმა მოქეიფე კაცებმა ამის შესახებ შეიტყვეს, ძალზე მოეწონათ და თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს საქართველოში რამდენიმე ადამიანი მას ხშირად იყენებს.
 
ეს ხერხი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სამი ქართველი ბიზნესმენი ორ ჩინელ კოლეგესთან ერთად ქეიფობდა რესტორანში. სუფრა ქართული იყო და შესაბამისად, მის ყველა წესს ზედმიწევნით იცავდნენ. ქართველებს სურდათ ჩინელებისთვის თავი მოეწონებინათ, ბევრი ღვინის სმა შეგვიძლიაო და სულ დიდ-დიდ ჭიქებით ასმევდნენ სტუმრებს. ჩინელები მართლაც მალე დათვრნენ. მათ ქართველებს სთხოვეს, სულ ერთი წუთით გავალთ გარეთ და მალევე დავბრუნდებითო. გავიდნენ მთვრალები და შემოვიდნენ ფხიზლები.
 
ამან ქართველები ცოტათი კი გააკვირვა, მაგრამ იფიქრეს ალბათ ბევრი ჯერ კიდევ არ დაულევიათო და უფრო მეტი და მეტი სასმელი დააძალეს სტუმრებს. ჩინელები კი, ოდნავ შეთვრებოდნენ თუ არა, გადიოდნენ და ფხიზლები შემოდიოდნენ. სამივე ქართველი ბიზნესმენი ძალზე დათვრა, მაგრამ ის კი მაინც მოისაზრეს, რომ გარეთ გასულ სტუმრებს ერთ-ერთი ჩუმად გაჰყოლოდა, რათა ბოლოს და ბოლოს გაეგოთ, თუ რა იყო იმ სასწაულის მიზეზი, რომ ჩინელები ყოველთვის ფხიზლები ბრუნდებოდნენ უკან.
 
ჩუმად ადევნებული ქართველი, ასეთი სურათის მომსწრე გახდა: გარეთ გასული სტუმრები, მიადგნენ ერთ მაღალ კედელს, რომელიც რესტორნის დარბაზს სამზარეულოსგან ჰყოფდა, შემდეგ ყირაზე დადგნენ და ასე გაჩერდნენ 3-4 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ, როდესაც წამოდგენენ და წელში გაიმართნენ, უკვე ფხიზლები იყვნენ.
 
მერე კი აუხსნეს ჩინელებმა ჩვენებს, რომ ასეთ პოზაში დგომის შემდეგ, თურმე მთელი ალკოჰოლი, რაც კი ორგანიზმშია, ნეიტრალდება. ეს როგორ ხდება და რანაირად, ვერ გატყვით, მაგრამ თუკი ამ მეთოდს თქვენც სცდით, დამერწმუნეთ რომ ნამდვილად გამოფხიზლდებით.
 
presa.ge

 

თემა:


french paradox-თან კაი პარალელია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული